მთავარი,სიახლეები

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

18.01.2022 • 7519
როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

„კურორტი რომ არა, ნამდვილი ციხე იყო და იქნებოდა კიდევ აქაურობა,“ – ამბობს ეთერ პაპიძე და შეშის ღუმლის პატარა სარქველიდან ცეცხლის ალს აყოლებს თვალს.

ღუმელზე ეთერს სტუმრებისთვის ყავა ჭიქებით შემოუდგამს. გარეთ თოვლის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, ქარბუქია, თოვს შეუჩერებლად, თუმცა მასპინძელს მზერაშიც ეტყობა, რომ ეს არ ანაღვლებს, სურსათიც აქვს და სანოვაგეც.

არც პირველი ზამთარია ასეთი, როცა ადამიანებმა სახელდახელოდ გაკვალულ გვირაბებში დაიწყეს მიმოსვლა და შეშის ღუმელთან ძველი ამბების გახსენება და შიგადაშიგ მიმდინარე პოლიტიკის შეფასებაც.

ხულოში, გოდერძის უღელტეხილთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ დანისპარაულში, წელს დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ხდება წელს კურორტ გოდერძიზე და კურორტთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში, სადაც უმრავლესობას საოჯახო სასტუმრო აქვს მოწყობილი.

ყავა ღუმელზე

ეთერ პაპიძე

სახლიდან გასასვლელი რომ გააკეთო და ბოსლამდე ან საშეშემდე მიხვიდე, რამდენიმე საათი დაგჭირდება ნიჩბით გვირაბის გასაყვანად

„მთავრობა რომ ახერხებდეს გზის მოწესრიგებას, ხალხიც ბევრი მოვიდოდა, სულ გაივსებოდა აქაურობა, ყველა ბედნიერი ვიქნებოდით. ასე, რომ მთავარი პრობლემა გზაა.

ხომ ხედავთ, დამწყვდეული ვართ ახლა, სად წახვალ? ვერსად.“ – ამბობს ეთერი ნიშნისმოგებით და მეზობლებს შეჰყურებს. ისინიც თავის დაკვრით და ღიმილით ემოწმებიან მასპინძელს.

„ბზუ-ბზუ – ასე ჰქვია ამ თამაშს,“ – ყავის დალევის შედეგ ფეხზე დგება ეთერის ქმარი, ამირან პაპიძე. ის სოფლის იმამია, თუმცა ამ დილით მეჩეთამდე კი არა, საშეშემდე გზის გასაყვანად რამდენიმე საათი დასჭირდა გათენებიდან. თოვლში კვალი ამირანს საკუთარი ხელით დამზადებული თხილამურებით გაჰყავს.

ამირან და ანრი პაპიძეები

ამირანი ბავშვებთან ერთად თამაშში დიდებსაც რთავს.

„ზურგით დადექი და მხარზე ხელს ვინმე შემოგკრავს. უნდა მიხვდე, ვინ დაგარტყა ხელი, ჩვენ კი, ვიყვირებთ: ბზუ-ბზუუუუ, რომ ვერ გამოიცნო, ვინ დაგარტყა ხელი… თუ ვერ გამოიცნობ, იდგები ასე დიდხანს,“ – მეზობლის კაცს მიმართავს ღიმილით ამირანი.

„ბზუ-ბზუუუ“ – ხმამაღლა ყვირიან ბავშვებთან ერთად დიდებიც. თოვლი თითქმის ფარავს სახლებს და აივნებს. გზაზე აღარავინ ჩანს. გაჩერებულია თხილამურების ტრასაზე ასასვლელი საბაგიროც.

ამ დროს სოფელში ინტერნეტი ჭედავს, ტელევიზორიც ჩუმდება და ზოგჯერ შუქიც მიდის.

„ფურთს ვთამაშობთ, მაგრამ რამდენი ხელი უნდა ითამაშო?“ – იცინიან ქალები.

ამირან პაპიძე ხელნაკეთ თხილამურებსაც გვაჩვენებს და იხსენებს, წლების წინ, უგზოობის და უტრანსპორტობის დროს, დაბამდე თხილამურებით რომ ჩასრიალდა.

„მაშინ მასწავლებლად ვმუშაობდი სკოლაში, ასლან აბაშიძის დრო იყო, საახალწლოდ „ბანბანერკები“ რიგდებოდა, ამოსატანად წავედი…“, – გვიყვება ამირან პაპიძე.

  • „პრობლემები მაშინ მოგვარდება, როცა ჩვენ თავად ავირჩევთ“ – რა აწუხებთ დანისპარაულში? 

გზა, რომელიც წლებია ვერ კეთდება, შეშა და ელექტროენერგია – ძირითადად ამ პრობლემებს ასახელებენ დანისპარაულელები, რომლებსაც სოფლის მეჩეთის ეზოში ვესაუბრე, ჯუმადღის ლოცვის შემდეგ.

თოვლში ჩაფლული სოფელი დანისპარაული

დანისპარაულის მეჩეთი

დანისპარაულის მეჩეთის ხის მოაჯირი

პარასკევის ლოცვა დანისპარაულის მეჩეთში

„როგორც გვითხრეს, გზა ორ წელში უნდა გაკეთდეს. ხალხი ვერ მოდის, ტურისტები თავს იკავებენ, გზის ეშინიათ, აქ ჩარჩენის… შუქიც ითიშება ხშირად ქარში. აქ უმრავლესობას საოჯახო სასტუმრო გვაქვს, შესაბამისი პირობები სჭირდება სტუმარს,“ – გვიყვება ბადრი პაქსაძე.

სოფელ დანისპარაულში სულ 102 ოჯახია. მათ უმრავლესობას საოჯახო სასტუმრო აქვს. ერთი ღამის გათევა საშუალოდ 30 ლარად შეიძლება, კვებით – 50 ლარია. საოჯახო სასტუმროებში სტუმრებს ძირითადად აჭარული სამზარეულოს კერძებით უმასპინძლდებიან. გათბობა შეშის ღუმელია.

იმ სახლებში, სადაც სტუმრებისთვის საძინებლებში ცალკე შეშის ღუმელი ან ბუხარი აქვთ, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ.

დანისპარაულის საოჯახო სასტუმროების დიდ ნაწილს აქვს სატრანსპორტო მომსახურებაც – სოფლიდან გოდერძის სათხილამურო ტრასამდე, ტყისპირას დაახლოებით 3 კილომეტრია გასავლელი. თუკი ამ გზის ფეხით ავლა და მერე ჩამოვლა გეზარებათ, ტრანსპორტით მომსახურება ორივე მიმართულებით დღეში 30 ლარია.

სოფელში ყველა ერთ აზრზეა – რომ არა კურორტის მოწყობა, დანისპარაული თითქმის დაიცლებოდა, რადგან აქ ცხოვრება განსაკუთრებით რთულია. ახლა კი, ქალაქში გადაბარგებულებიც უკან დაბრუნებულან. ეს უკვე ის ადგილია, სადაც უმუშევრობა აღარავის აწუხებს. დანისპარაულელების დიდი ნაწილი კურორტ გოდერძიზე მუშაობს – სასტუმროში, რესტორანში, საბაგიროზე, საოჯახო სასტუმროში ან იმ გზაზე, რომელიც წლებია კეთდება გოდერძისკენ და ვერ გაკეთდა.

„პრობლემაა შეშაც,“ – ამატებს ქემალ შამანაძე, „- „შეშის ბილეთს გვაძლევენ ოქტომბერში, მანამდე – არა. ოქტომბერში კი, აქ შეიძლება გათოვდეს. უნდა იჩქარო, დამატებით ფული გადაიხადო, ტყიდან შეშის გამოტანა რომ მოასწრო. ოქტომბერში თუ შეიძლება ბილეთის გამოწერა, მაისში რატომ არ უნდა შეიძლებოდეს?“ – კითხულობს ქემალი.

„პრობლემები მაშინ მოგვარდება, როცა ჩვენ თავად ავირჩევთ,“ – ხალხს უერთდება მეჩეთიდან გამოსული იმამი, ამირან პაპიძეც. „როცა ჩვენ ავირჩევთ ჩვენს დეპუტატს საკრებულოში თუ პარლამენტში, როცა ჩვენ ავირჩევთ მერს, პრეზიდენტს, პარტიას…“ – უკმაყოფილება ეტყობა იმამს. ხალხი დუმილით ხვდება იმამის ნათქვამს.

დანისპარაულელები საინტერესო ამბავსაც იხსენებენ – იმამი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“. მას რამდენიმე ხმით მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატმა აჯობა.

მაშინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმამი სამუფთო სამმართველომ თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო. არჩევნების წინა დღეს სოფელში მოსული ახალი იმამი მრევლმა მეჩეთში არ შეუშვა. არჩევნებზე კი, პოლიტიკაში წასულმა იმამმა წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.

დანისპარაულელების თქმით, სოფელში 100-დან 100 მუსლიმია და სასულიერო ლიდერი უპირობო ნდობით სარგებლობს.

რატომ ვერ გაიმარჯვა მაშინ იმამმა? – ვეკითხები შეკრებილებს.

„ხომ გაგიგიათ, ძალა აღმართს ხნავსო. ყველა სადღაც მუშაობს, გლეხს ვინ ეკითხება, ხვალ რა დღეა?… „ოცნებიდან“ ყოფილიყო, გავიდოდა,“ – ამბობს ერთი კაცი პაუზის შემდეგ.

„ჩვენ გვინდოდა იმამი შეგვენარჩუნებინა,“ – უხერხული პაუზიდან გამოსავალს პოულობს კაცი, რომელიც გაღიმებას ცდილობს და გასასვლელისკენ მიდის.

დანისპარაულელები მეჩეთის ეზოს ტოვებენ

მეჩეთიდან ისევ ცენტრალურ გზაზე ავდივართ, რომელიც კურორტ გოდერძისკენ მიდის. გზად ქალები გვხვდებიან  – ვიდრე კაცები ლოცულობდნენ, ქალებს გზის გასუფთავება დაუწყიათ.

„გზა გაგვიკეთონ, გზა. ეს გადაეცით პატივცემულ მთავრობას, მეტი კომენტარი არ იქნება,“ – მოკლე პასუხით მიშორებენ დანისპარაულელი ქალები.

ქალები, რომლებიც სოფელ დანისპარაულში ცხოვრობენ, გზის გაკეთებას ითხოვენ

„ვინც შრომობს, მას ლუკმა-პურიც არ აკლია. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. აქ სტუმრები ზაფხულშიც ამოდიან… გზა თუ გაკეთდება, შაბათ-კვირასაც ამოვა ხალხი… სამი საათია უკვე ამ გზის გაწმენდას ვცდილობ,“ – რამინ პაპიძე ხელით გვაჩვენებს რამდენად მოკლე მანძილის გაკვალვა შეძლო ნიჩბით სამეზობლოსკენ ამ დროში.

რამინ პაპიძე

ორშაბათს, 17 იანვარს, დანისპარაულში სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო. სკოლა „ბათუმელებს“ გამოკეტილი დახვდა. ბავშვებმა გვითხრეს, რომ სკოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ ისევ გათოვდა. შიდა სასოფლო გზები აქ გვიან ან საერთოდ არ იწმინდება.

ასე გამოიყურებოდა დანისპარაულის სკოლა 17 იანვარს

დანისპარაულში ბავშვები

  • რა ფასებია კურორტ „გოდერძიზე“ – რა ღირს სასტუმრო, კვება, თხილამურები, საბაგირო 

სულ სხვა ამბავია და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი, როცა გოდერძის მთებიდან თხილამურით ეშვები. შეუძლებელია ბუნების განსაკუთრებულ სილამაზეს აარიდო თვალი, რამდენჯერაც არ უნდა დაეშვა მთის ფერდობებზე. ჩანს იალაღებიც, ზამთრობით თოვლს რომ გამოუკეტავს და ზაფხულს ელიან.

საგრძნობია მშრალი თოვლის ხარისხი და თავად სათხილამურო ტრასებიც.

გოდერძის საბაგირო გზის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია და იგი ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

„კიდევ უფრო მაღლაა ჭანჭახი, იქიდან ის ეშვება, ვინც ყველაზე კარგად ცურავს,“ – მეუბნება საბაგირო კაბინაში დამგზავრებული დანისპარაულელი ბიჭი. მერე ღიმილით დასძენს, აჭარის მთაში თხილამურებით სრიალს „ცურვას“ ვეძახითო.

გოდერძიზე სულ ორი საბაგირო გზაა. მეორე, ანუ ჭანჭახისკენ მიმავალ საბაგიროზე შეგიძლია შემდეგ გადაჯდე, როცა პირველი საბაგირო გზა დასრულდება და საბაგიროს კაბინიდან დატკბები ნაძვების კენწეროების თვალიერებით, ასევე ტყის სიჩუმის, უფრო ზუსტად კი, ტყის ხმის მოსმენით.

თითოეულ საბაგიროზე ერთხელ ასვლის საფასური 5 ლარია, თუმცა არის ულიმიტო პაკეტიც – დღეში 25 ლარი.

სათხილამურო ტრასის სათავე, თუმცა სრიალი გაუკვალავ თოვლშიცაა შესაძლებელი

იალაღები, რომლებიც სათხილამურო ტრასიდან მოსჩანს. ამ ადგილებს მოიალაღეები ზაფხულობით უბრუნდებიან.

ხედი საბაგიროს კაბინიდან

თხილამურების დაქირავების საფასური დღიურად 20 ლარიდან იწყება, თუმცა გააჩნია ხარისხს. ერთი საათით თხილამურის ქირაობას 5-10 ლარად შეძლებთ.

აქვეა კვების ობიექტები და სურსათის რამდენიმე მაღაზიაც. არჩევანი დიდია. მაგალითად, ყავა შეიძლება 2 ლარადაც იყიდო და  8 ლარიც დაგიჯდეს, თუკი სათხილამურო ტრასასთან სადმე ახლოს, ტერასაზე ჩამოჯდები.

სათხილამურო ტრასასთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის, თუმცა უკვე აშენდა რამდენიმე სასტუმრო. სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი ფასი – 160 ლარი გვითხრეს ორადგილიანი ოთახი, კვების გარეშე.

სათხილამურო ტრასასთან ახლოს დაწყებულია ახალი ობიექტების მშენებლობაც.

თხილამურების გაქირავება კურორტ გოდერძიზე

ახალი მშენებლობები. საინფორმაციო დაფა, სადაც, წესით, უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია – ვინ რას აშენებს, თოვლით დაფარული დაგვხვდა

  • გზების დეპარტამენტი: გზა 2023 წელს იქნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ მომავალი ზამთრის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო.

აქ გზის რეაბილიტაციაზე 2020 წლამდე კომპანია „ტოდინი“ მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. „სინოჰიდროც,“ რომელმაც მორიგი ტენდერი მოიგო და მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, ასევე ვერ ასრულებს ვალდებულებას – სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. 5 თვის მონაცემებით მხოლოდ 199 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა, ეს კი გეგმის მხოლოდ 4.4 პროცენტია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარია.

კურორტ გოდერძისკენ მიმავალი გზა

რა ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ამჟამად

„ამჟამად დიდთოვლობის გამო ხულო-ზარზმის პროექტის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე სამუშაოები განახლდება. თავად პროექტის დასრულება ხელშეკრულების მიხედვით, დაგეგმილია 2023 წელს,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

რატომ გადაიწია ეს ვადა 2023 წლამდე? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გასაახლებელია.

გზების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ კომპანია „ტოდინს“, რომელსაც 2020 წლამდე უნდა გაეკეთებინა ბათუმი-ახალციხის გზა, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 11 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

„ტოდინს იმდენი თანხა ჰქონდა ჩარიცხული, რამდენის სამუშაოებიც ჰქონდა შესრულებული,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

ამ ეტაპზე ხულოდან კურორტ გოდერძიზე ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანებით ადიან. მოძრაობს მიკროავტობუსიც, თუმცა ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა გზა თოვლისგან კარგადაა გაწმენდილი.

შესაძლებელია ხულოს ცენტრიდან ტაქსის დაქირავებაც. ფასი შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მგზავრობა „ვილისით“, რომლითაც კურორტ გოდერძიზე ასვლა შედარებით მარტივად და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, 150 ლარი ღირს.

სოფელი დანისპარაული. აქედან გოდერძის სათხილამურო ტრასამდე 3 კილომეტრია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: