მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.
საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური „პოლიციის შესახებ“ კანონში, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.
მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეულის დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს „პოლიციის შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს, შინაგან საქმეთა მინისტრს კი – ბრძანების, რომლითაც საპროტესტო აქციების დროს ხელმძღვანელობს.
„…აღნიშნული ნორმა ზოგადად ავალდებულებს პოლიციელს არალეტალური ჭურვი გაისროლოს სამიზნიდან არანაკლებ 20 მეტრის დაშორებით, ეს მოთხოვნა ეხება განუსაზღვრელი რაოდენობის პოლიციელს და ეხება განუსაზღვრელი რაოდენობის დემონსტრანტს, რომელსაც 20 მეტრიდან შესაძლოა არალეტალური ჭურვი შეიძლება მოხდეს,“ – აღნიშნულია სარჩელში, – „ეს ნორმა გამოყენებული შეიძლება იქნას განუსაზღვრელი რაოდენობის დემონსტრაციაზე, სადაც არალეტალური ჭურვის სროლის აუცილებლობა წარმოიშობა. ამგვარად, სადავო ნორმა ზოგადი და მრავალჯერადი გამოყენებისაა და შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ნორმატიულ აქტად უნდა იქნეს მიჩნეული.
სადავო ნორმა, კერძოდ, კი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის სხვადასხვა სპეციალურ საშუალებას: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი [მათ შორის, არალეტალური ჭურვი], ისე, რომ არაფერს არ ამბობს იმაზე, რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ საშუალებების გამოყენება. ეს საშუალებები განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხით.
არალეტალურ ჭურვს შეუძლია სამუდამოდ დააკარგვინოს ადამიანს მხედველობა. სხვა სპეციალური საშუალებებსაც გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზიანების რისკები, თუმცა წიწაკის გაზის და აკუსტიკური საშუალებით მიყენებული დაზიანების ხარისხი უფრო მსუბუქია, ვიდრე რეზინის ტყვიით გამოწვეული დაზიანება.
სადავო ნორმა არაფერს ამბობს, რა თანამიმდევრობით უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი პოლიციას ანიჭებს იმის უფლებას, რომ, მაგალითად, წიწაკის გაზი და აკუსტიკური საშუალება რეზინის ტყვიაზე გვიან გამოიყენოს.
ამგვარად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების გამოყენება წინ არ უძღვის არალეტალური ჭურვის გამოყენებას.
სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, არალეტალური ჭურვი მაშინ გამოიყენოს, როდესაც ძალადობის აღსაკვეთად მანამდე უშედეგოდ იქნა გამოყენებული სხვა სპეციალური საშუალებები, ან ამ საშუალებების გამოყენება თავიდანვე უვარგისი იქნებოდა ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით.
ამასთან, სადავო ნორმა არ ავალდებულებს პოლიციას, რომ შეწყვიტოს რეზინის ტყვიების გამოყენება, როცა არეულობა იმგვარ კონდიციამდე მივიდა, რომ მასების მართვა ეფექტიანად არის შესაძლებელი ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებებით.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების ნორმატიულ შინაარსს, ამ ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო რეზინის ზედაპირის მქონე მეტალის ტყვიის გამოყენებას კონსტიტუციურად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამგვარი ჭურვისათვის დადგენილი იყოს სროლის არა 20-მეტრიანი მინიმალური მანძილი, არამედ უფრო მეტი – სამიზნიდან მინიმუმ 50-მეტრიანი დისტანცია.
მოსარჩელე მაკო გომური სარჩელში მიუთითებს იმასაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს სპეციალური საშუალებების კონსტიტუციურობის საკითხს და ამ საშუალებების გადამეტებული გამოყენება არღვევს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპს.
სარჩელს თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებულია: „2019 წლის აქციაზე ყოფნის დროს მაია გომურს მარცხენა თვალში მოხვდა რეზინის ტყვია, რის შედეგადაც დაკარგა მხედველობა და მიიღო თვალის კაკლის ჭრილობა…“
საქმის მასალებშია მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ინენშტადტის თვალის კლინიკის კამპუსის დირექტორის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზიგფრიდ პრიგლინგერის 2019 წლის 28 აგვისტოს დიაგნოზი, რომელშიც აღნიშნულია:„ ქ-ნ გომურს აღენიშნება რეკონსტრუქციის შემდგომი ტრავმული ფტოზი ზედა ქუთუთოს ნაწიბურით და ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა 06/2019 სასროლი იარაღით მიყენებული ტრავმის შემდგომი მდგომარეობა“.
საქმის მასალებშია ასევე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. დადგენილებაში აღნიშნულია:
„2019 წლის 20-21 ივნისს ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მაია გომურმა, რაც მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველს წარმოადგენს“.
სარჩელში ხაზგასმულია ევროსასამართლოს მიერ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები და Amnesty International-ის, ასევე Omega-ს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა იყოს საბოლოო საშუალება, მანამდე სახელმწიფო უნდა ეცადოს ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებების გამოყენებით ძალადობის აღკვეთას.
კინეტიკური ძალის ჭურვების გამოყენება ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების წინასწარი გამოყენების გარეშე, დასაშვებია მაშინ, როცა თავიდანვე ნათელია, რომ ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებები ვერ შეაჩერებს ძალადობას. პოლიციამ, პირველივე შესაძლებლობისას, რეზინის ტყვია უნდა ჩაანაცვლოს სხვა ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებით, როცა რეზინის ტყვიის გამოყენების შემდეგ ვითარება იმგვარად შეიცვალა, რომ სხვა სპეციალური საშუალება გახდა ეფექტიანი საშუალება მასების სამართავად.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ზიანის მიყენების თვალსაზრისით, არალეტალური ჭურვი გათანაბრებულია ისეთ სპეციალურ საშუალებასთან, როგორიცაა: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება. ეს უკანასკნელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, არ არის ისეთი დამაზიანებელი, როგორც რეზინის ტყვია [რეზინის ტყვიას შესაძლოა მხედველობის სამუდამო დაკარგვა მოჰყვეს].
რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის საშიშია, თუ მისი გამოყენება ხდება სამიზნისათვის, მხოლოდ მაშინ, როცა ნასროლი კაფსულა ადამიანის სხეულზე ფეთქდება. ცრემლსადენი გაზის კაფსულის მოხვედრა ადამიანის სხეულზე სიცოცხლისათვის საშიშია აფეთქების მომენტში, სანამ ბოლს გამოუშვებს. ბოლის გაშვების შემდეგ, ცრემლსადენი გაზი არალეტალური საშუალება ხდება. ამ შემთხვევაში, ცრემლსადენი გაზი არ არის ისევე საზიანო, როგორც რეზინის ტყვია. წიწაკის გაზის გამოყენება ხშირად დაკავშირებულია არა კაფსულის აფეთქებასთან, არამედ სპეციალური კონტეინერიდან სპრეის ადრესატისათვის შესხურებასთან. ამიტომ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე რეზინის ტყვია. ამის მიუხედავად, კანონმდებელმა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, არალეტალური ჭურვი გაუთანაბრა ისეთ საშუალებებს, როგორიცაა აკუსტიკური საშუალება და წიწაკის გაზი.
ამგვარად, სხვა გარანტიების არარსებობასთან ერთად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის, როგორც უკიდურესი საშუალების, გამოყენების ვალდებულებას, როცა სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალების გამოყენება აშკარად არაეფექტიანია ძალადობის აღსაკვეთად,“ – აღნიშნულია სარჩელში.
მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში გიორგი გოცირიძე [საია] იცავს.