მთავარი,სიახლეები

თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

04.12.2023 • 821
თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

„საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ხელისუფლების ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

დღეს, 4 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.

რა სტრატეგიით აპირებენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ადამიანები ამომრჩევლის გულის მოგებას? – „ბათუმელებმა“ გიორგი კირთაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის თვითმმართველობის წინა არჩევნებზე ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყო.

  • ბატონო გიორგი, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღეთ?

ყველაფერი ვცადეთ. როცა სრულად ამოიწურა პარტიაში იმის რესურსი, რომ პროცესი ყოფილიყო დემოკრატიული, გადაწყვეტილებების მიღება მომხდარიყო სწორად, შენარჩუნებულიყო ერთობა, მოიჭრა ყველა გზა. ბოლო დღეებში ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა, როცა ნიკა მელიას პეტიცია ჰქონდა და მას 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ნდობის საბჭოს შექმნაზე იყო საუბარი, რომ პარიტეტული პრინციპით ყველა ჯგუფი შესულიყო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში. პასუხად მივიღეთ – „მგლის ბილეთები,“ გარიცხვა პირდაპირ ეთერში, რაც იყო სამარცხვინო და განცხადებები იმაზე, რომ პარტიის მენეჯმენტში 2025 წლამდე არაფერი შეიცვლება.

რა უნდა გვექნა, დავრჩენილიყავით პარტიაში და ლეგიტიმაცია მიგვეცა ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვებაზე? ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი, ვიბრძოლოთ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, ახალი პოლიტიკური პლატფორმა. იმედი მაქვს, ასეც მოხდება და ეს ნიჰილიზმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შანსს გაუჩენს.

ეს იმედს გააჩენს, რომ ყველა ერთნაირი არ ვართ, რომ ვიღაცები მართლა გულწრფელად და უკომპრომისოდ იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, რამ შექმნა კრიზისი ენმ-ში: ეს იყო რესურსის პრობლემა და ლიდერების ნაწილმა მინიმუმ ადეკვატურად ვერ უპასუხეს გამოწვევებს, თუ ეს პროცესი იყო მართული ივანიშვილის მხრიდან? 

ყველაფერი შეიძლება. ვიღაცას სჯერა, რომ რეალურად თავისი გავლენის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაძლოა, რომ ჩართული იყოს ივანიშვილის საცეცებით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც გულწრფელად იბრძვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მე ამ გულწრფელ ბრძოლაში ყველას ვუსურვებ წარმატებას.

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო დიდი პოლიტიკური პარტია და იგი ბევრი განსხვავებული ლიდერის ერთობას წარმოადგენდა. ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სრულად აეღო ხელში ძალაუფლება. შესაბამისად, გაჩნდა მიზანი, რომ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი გაერიყათ პარტიიდან. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ამ მოცემულობამდე.

  • ვანო მერაბიშვილს გულისხმობთ?

ამაზეც არის საუბარი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილი რომ არ წყვეტს პარტიაში მარტო არაფერს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მოვისმინეთ უკვე განცხადებები, რომ არა უშავს, ჩვენ რომ პარტიიდან წავედით….

  • ანი წითლიძე ამბობდა დღეს, სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული არ არის „ნაციონალური მოძრაობაო“…

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის „ვარდების რევოლუციის“ იდეა ჩემთვის. მგონია, რომ ამ იდეას დაშორდა პარტია. ამიტომაც წამოვედით ჩვენ ამ პარტიიდან. მგონია, რომ ნათელ მხარეს დავდექით.

რასაც ახლა ვამბობ, სადღეგრძელოდ რომ არ დარჩეს, ვიცი, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ ამისთვის.

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობდა დღეს, რომ ჩვენ თითქოს ბოლო თვეებში არანაირ აქტივობებში არ ვერთვებოდით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არის ტყუილი.

თუ ვინმე აზიანებს პარტიას, ეს არის განცხადებები „მგლის ბილეთებზე“, გარიცხვები პარტიიდან და განსხვავებული აზრის მოკვეთა.

რაც შეეხება იმას, რომ აქციებში მონაწილეობას არ ვიღებდით: ორი თუ სამი აქცია დაიგეგმა ხაბეიშვილის ორგანიზებით დედაქალაქში და საკუთარი სახსრებით მოვახერხეთ ჩასვლა. სამწუხაროა, რომ აქციების ნაცვლად, დაპირისპირებით და შიდა განხეთქილებით იყო დაკავებული ახალი მენეჯმენტი.

მიმაჩნია, რომ კოალიციური მთავრობა არის გარდაუვალი და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ვერ ამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, ეს ყველამ უკვე კარგად ვნახეთ.

ვნახეთ ისიც, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. ბათუმის არჩევნებში გამოჩნდა, რომ მოვუგეთ ქართულ ოცნებას“ არჩევნები, ოღონდ მოვუგეთ ერთობით. ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ ვახო კალოიანი იქნებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და ირაკლი კუპრაძე, რომელიც „ლელოს“ წარმოადგენს, იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის, ან მერის მოადგილე… განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ მზად ვიყავით ერთად გვემართა ქალაქი.

  • ახლა რამდენად მიღწევადი გამოდის ოპოზიციური ერთობა, როცა რაც არის, ისიც კი იშლება და სუსტდება? 

ერთობა პარტიის შიგნით ვერ შედგა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ 2024-ში სწორი კოორდინაციით ოპოზიცია ჯამში შეძლებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.

  • „სწორი კოორდინაცია“ ახსენეთ დღევანდელ ბრიფინგზეც. რას მოიაზრებთ კონკრეტულად ამ კოორდინაციაში, რა უნდა შეიცვალოს? 

ეს უნდა იყოს სწორი იდეების გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამომრჩეველს ვერ მოატყუებ. თუ გულწრფელი და უკომპრომისო არ ხარ ბრძოლაში, ისე ადამიანი არ გამოგყვება. გულწრფელ და უკომპრომისო ადამიანებს ყველა პარტიაში ვიცნობ, სწორი ორგანიზება და ერთობა მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

ჩვენ საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება. ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, რომ ხელშესახებად ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის. ხალხი ამბობს, რომ არ არის განსხვავება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციაში ყველა არ არის ისეთი, ვინც პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის, როგორც ამას აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

  • რა ნიშის დაკავებას ეცდებით? აქამდე ვინც დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა ახალი პოლიტიკური ძალა, აქვს რეიტინგის პრობლემა. 

ეს ალბათ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

მე მგონია, გულწრფელობა, ღირსების და სიმართლის გზით სიარული მიგვიყვანს გამარჯვებამდე, თუ დავარწმუნებთ ხალხს, რა განსხვავებაა ივანიშვილის რუსულ ოცნებასა და სხვა ადამიანებს შორის.

  • რაზე გაქვთ უკვე შეთანხმება ნიკა მელიასთან? დღევანდელ ბრიფინგზე თქვით, რომ მასთან ერთად განაგრძობთ პოლიტიკურ ბრძოლას. 

მე მასთან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის კომუნიკაცია მქონდა, ვიდრე პარტიის დატოვებაზე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ასევე, ვესაუბრე ამ პარტიაში მყოფ პატივსაცემ ადამიანებს. ბრიფინგზე დღეს გამოსულმა ადამიანებმა ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვებაზე. ისინი ასევე ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვისთან ერთად განაგრძობენ პოლიტიკურ ბრძოლას.

მე პირადად ჩემი თავი წარმომიდგენია ნიკა მელიასთან ერთად ბრძოლაში.

  • ამომრჩევლის დაკვეთა ბოლო წლებია არის ერთობა, თუმცა ოპოზიცია ერთობას კი არა, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნასაც ვერ ახერხებს, როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ. დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება რა გზავნილად უნდა აღიქვას საზოგადოებამ, რომელიც ითხოვს ერთობას? 

იდეების გარშემო ერთობა არის წარმატების მთავარი გასაღები. გულწრფელობა, უკომპრომისობა არის მნიშვნელოვანი, გასაგებად უნდა ვუთხრათ ხალხს, რას ვცვლით ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ქვეყანაში? როგორ ერთვება მოქალაქე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? როგორი მართლმსაჯულება იქნება? ეს არ უნდა იყოს ზედაპირული საუბარი.

2024 წლის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს მართლაც დიდი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: ბელარუსიზაციის გზას ვადგებით, ან თავს ვაღწევთ რუსულ მარწუხებს.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის გაგრძელება ენმ-თან, ელით, რომ დაპირისპირება შემცირდება? 

იმედია, რომ წავა შემცირებისკენ. ჩვენ ბათუმის საკრებულოს, უმაღლესი საბჭოს, თუ სხვა ფორმატებში ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ენმ-თან და სხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. მგონია, რომ ეს ნაწილი უფრო ნორმალიზებისკენ წავა.

_______________

ფოტოზე: გიორგი კირთაძე/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: