მთავარი,სიახლეები

ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს

20.12.2022
ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს

„ვოქსის“ კორპუსში, 23-ე სართულზე ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები ფეხით ავიდნენ და „შლანგებიც თავად აჭიმეს“, როგორც ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მეხანძრისთვის ნაკლებია საფრთხე, თუ ხანძრის ქრობის დაწყება შენობის გარე პერიმეტრიდან იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, თუ მაღლივ შენობას მხოლოდ ერთი კიბე აქვს – ასეთ შემთხვევაში დაკვამლიანების რისკი მაღალია.

18 დეკემბერს „ვოქსის“ კორპუსში ხანძარი 23-ე სართულზე, რესტორანში გაჩნდა. მაღალი იყო რისკი ხანძრის ქვედა სართულებზეც გავრცელებისა. მეხანძრეები გარე პერიმეტრიდან ხანძრის კერას ვერ მისწვდნენ და ვერც სახანძრო კიბე გამოიყენეს. სცადეს, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ 40- მეტრიანი სახანძრო კიბე, რომელიც მაქსიმუმ მეთერთმეტე სართულს სწვდება, 23-ე სართულზე ხანძრის ჩასაქრობად გარე პერიმეტრიდან სამუშაოდ არ გამოდგებოდა.

რა მოხდება, თუ ხანძარი 55-ე სართულზე გაჩნდება, რა რესურსით შეძლებს სამაშველო სამსახური ხანძრის ჩაქრობას? – ჩვენი ინფორმაციით, ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი სახანძრო კიბე აქვს. ერთი ძველი – 30-მეტრიანი და 40-მეტრიანი გასაშლელი კიბე, რომელიც გასულ წელს საგანგებო სიტუაციების სამსახურს საქართველოში იაპონიის საელჩომ აჩუქა.

სახანძრო მანქანა, რომელიც ბათუმს იაპონიის საელჩომ გადასცა – საელჩოს საჩუქარი. გასაშლელი კიბე 140 000 აშშ დოლარი ღირს.

ბოლო წლებში ბათუმში ძირითადად მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, მათგან უმეტესობას არ აქვს დაცული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიც კი. მერია პროექტებზე ნებართვების გაცემისას უსაფრთხოების ნორმებს უგულებელყოფდა, რადგან არ იყო ამოქმედებული საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება, იგივე უსაფრთხოების რეგლამენტი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აწესებს.

ამაზე გუშინ, 19 დეკემბერს, ბათუმის ვიცე-მერმაც ისაუბრა.

რა რესურსია ბათუმში მაღალ სართულებზე ხანძრის ქრობისთვის და რა საჭიროებები აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბათუმში მაღალ სართულებზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის? – ამ კითხვებზე სამსახურში არ გვიპასუხეს. გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ბათუმის მერიაში კი არ გვიპასუხეს კითხვაზე, ხომ არ დაგეგმავს მუნიციპალიტეტი ბათუმისთვის 40 მეტრზე მაღალი სახანძრო კიბის შესყიდვას, რომელსაც შემდეგ სახანძრო სამსახურს გადასცემს… მსგავსი კიბის საჭიროება ორი დღის წინ დადგა მწვავედ დღის წესრიგში, მოსახლეობა კი შესაბამისი სახანძრო კიბის არქონის გამო „ვოქსზე“ მოდებული ცეცხლის გაჭიანურებით ჩაქრობაზე პასუხს სწორედ მერიისგან ითხოვდა. იმავე კითხვაზე არც ბათუმის საკრებულოში გვიპასუხეს.

სპეციალისტების განმარტებით, შესაბამისი ტექნიკის არქონა ბათუმისთვის საგანგაშოა და ამ საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მით უფრო, რომ დამატებით პრობლემას ქმნის ერთი გარემოებაც – ბათუმში, მაღლივ კორპუსებში, გათვალისწინებული არ არის უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნები, მათ შორის არ არსებობს სახანძრო მილები მაღალ სართულებზე წყლით მომარაგებისთვის: „ფეხით ასვლა ნაკლები პრობლემა იქნებოდა, სახანძრო მილი და შესაბამისი წყალმომარაგება რომ არსებობდეს“.

___

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბუნებრივი აირის მილებიც უსაფრთხოების დარღვევით არის გაყვანილი. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილმა უფროსმა, ლაშა წულუკიძემ ისაუბრა:

 

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: