მთავარი,სიახლეები

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

01.12.2023 • 1033
„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

„არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი ჩიხში შევიდა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის არც გაზაფხულზე ელის ფართომასშტაბიან დაპირისპირებას.

„ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და თავის დაკვირვებას გვიზიარებს, ამ ეტაპზე რუსების ამოცანაა დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს, რუსები იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს ეს გვინდოდა და მეტი არაფერიო.

ამასობაში კი, უკრაინელები აწყობენ პლაცდარმს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე:

„თუ გაიყინა დნეპრი, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს უკრაინელებს პლაცდარმის მომარაგებას. ეს პლაცდარმი მნიშვნელოვანია, თუ დნეპრის ფორსირება იგეგმება, თორემ ისე ამ ჯგუფების ნაგლეჯ-ნაგლეჯ მუდმივად ცეცხლის ქვეშ ყოფნას აზრი არ აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

რა იქნება ლოგიკური გაგრძელება, თუ ომი მართლაც ჩიხში შევა?

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემებით, რუსული ძალები ყველაზე ხშირად უტევენ ავდიივკას და კუპიანსკის მიმართულებებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები კვლავ ცდილობენ ალყაში მოაქციონ ავდიივკა, მაგრამ უკრაინის თავდაცვა მათ უმკლავდება. 30 ნოემბერს, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსები უტევდნენ 6 მიმართულებით. რის მიღწევას ცდილობენ რუსები ახლა?

ბახმუტისგან განსხვავებით, ეს უკრაინელების მიერ კარგად გამაგრებული პუნქტია და დონეცკის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრამდე მანძილითაა დაშორებული. ავდიივკა 2014 წლიდან იყო დაკავებული სეპარატისტების მიერ, შემდეგ იგი უკრაინელებმა გაათავისუფლეს და მუდმივად იცავენ. სეპარატისტები და რუსები ცდილობენ, ავდიივკიდან უკან დაახევინონ უკრაინელებს და მოაცილონ დონეცკიდან ეს საფრთხე.

ავდიივკა არის ღრმად შეჭრილი რუსების განლაგებაში, რაც საშუალებას აძლევს რუსებს, რომ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეძლონ მოკვეთა და ეცადონ მისი ალყაში მოქცევა. ამ ეტაპზე რუსებს აქვთ გარკვეული წარმატებები. მათი ერთი მხრიდან აიღეს ცნობილი ტერიკონი, რაც დამუშავებული მიწის მთაა და გაბატონებული სიმაღლე იყო.

ამჯერად ბრძოლები მიმდინარეობს უკვე კოქსის გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსები სამხრეთის მიმართულებიდან სამრეწველო ზონაში არიან შესულები, რაც ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ ადგილად მიიჩნეოდა. უკრაინელების ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება. მთავარია, რამდენად შეძლებენ რუსები საერთოდ ბლოკირებას იმ მომარაგებისა, რომელიც ავდიივკაში ხორციელდება.

  • რუსები თუ ავდიივკის ბლოკირებას შეძლებენ, დაიწყებენ შეტევას ახალი მიმართულებით? 

არა, ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა რამე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყონ ამ ეტაპზე, მათ ამის პოტენციალი აღარ გააჩნიათ, იძახიან კიდეც, რომ მათი მთავარი მიზანია დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. ეს არის ლოკალური პოზიციების გაუმჯობესების ბრძოლები.

რუსებს უნდათ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. როგორც ვიცით, მათ მხოლოდ 60 % აქვთ დაკავებული დონეცკის ოლქის და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ წარმატების წარმოჩენას ისე, რომ აი, ჩვენ თითქოს ეს გვინდოდა და მეტი არაფერი.

  • როგორ ატყობთ, გავლენ რუსები დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე? 

ჯერჯერობით ეს საფრთხე არსებობს. ახლა მთავარია უკრაინელები რას გადაწყვეტენ, თუ ეს საშიშროება შეიქმნა, გაიყვანენ დაჯგუფებას, თუ ალყაშიც განაგრძობენ ბრძოლას. დღეს რაც ჩანს, უკრაინელები ცდილობენ გორლოვკაზე მიიტანონ შეტევა. ეს არის ახლო დასახლებული პუნქტი რაიონში და თანაც იმ მანძილზე, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსულ დაჯგუფებას ავდიივკასა და გორლოვკაზე ერთიანი ძალისხმევით შეძლონ ბრძოლა. უკრაინელები ცდილობენ რუსების ძალები გაფანტონ და წნეხი ავდიივკაზე შეამცირონ.

  • დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რამდენად ახერხებენ უკრაინელები პლაცდარმის შექმნას? 

მიდის ბრძოლა დნეპრის მარცხენა ნაპირისთვის. თუ გაიყინა დნეპრი, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს უკრაინელებს პლაცდარმის მომარაგებას.

არსებობს რამდენიმე კუნძული დნეპრის დელტაში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ჯერჯერობით მცირე მასშტაბებით არის ეს პლაცდარმი დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს პლაცდარმი მნიშვნელოვანია, თუ დნეპრის ფორსირება იგეგმება, თორემ ისე ამ ჯგუფების ნაგლეჯ-ნაგლეჯ მუდმივად ცეცხლის ქვეშ ყოფნას აზრი არ აქვს.

ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის.

  • ზამთარში რას შეიძლება ველოდეთ? ზელენსკიმ „ასოშიეითედ პრესთან“  განაცხადა, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად ომი გადადის ახალ ფაზაში და უკრაინას რთული ზამთარი ელის. 

იგულისხმება ის, რომ გაიზრდება დარტყმები ენერგოობიექტებზე, რათა მთელი უკრაინა დატოვონ გადატანითი მნიშვნელობით, უშუქოდ. ერთი ზამთარი ასე უკვე გადაიტანა უკრაინამ და ახლა უფრო მძიმე იქნება ასეთი მეორე ზამთრის გადატანა. გარკვეული ზომები უკრაინას უკვე მიღებული აქვს, რომ დაიცვას ეს ობიექტები და მოსახლეობაც უფრო მომზადებული დახვდეს ენერგო პრობლემებს.

  • დღეს, პირველ დეკემბერს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევით არ იქნა მიღწეული ის შედეგი, რაც სურდა უკრაინას, მან თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ძალა იარაღის სახით და ეს ამის გამო მოხდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ იხევს უკან და ის კმაყოფილია არმიით. თქვენი დაკვირვებით, ეს მოცემულობა უკავშირდება იარაღს, თუ ჩანს სხვა მიზეზებიც? 

გათვლების საკითხია. თუ იარაღი არ გაქვს და შესაბამისი რესურსი საკმარისი რაოდენობით, მაშინ რატომ იწყებ კონტრშეტევას? მე ძალიან არ მინდა ახლა ოთახიდან, და სავარძლიდან ვაკრიტიკო უკრაინელები, რომლებიც მართლაც გმირულად იბრძვიან და ყოველი გოჯი მიწისთვის სისხლს ღვრიან, მაგრამ ომში ძალიან ბევრი მოცემულობაა, ბევრი ცვლადია: დაწყებული პოლიტიკური ფაქტორებით, დასრულებული გეოგრაფიული მოცემულობით. ზელენსკის ეს რომც არ ეთქვა, ისედაც ყველა ვხედავთ.

  • მალე ორი წელი შესრულდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. რა ჩანს ამ გადასახედიდან, საითკენ მიდის ომი – გაზაფხულზე შეძლებს უკრაინა კონტრშეტევას და ჩანს ამის ნიშნები? რუსეთი განაახლებს იერიშებს? თუ ომი ჩიხში შედის?

არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი რომ ჩიხში შევიდა, ამაზე უკვე ორი აზრი არ არსებობს.

დღევანდელი გადასახედიდან არცერთ მხარეს არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე თვეში დიდი შეტევა დაიწყოს.

  • მომავალი წლის გაზაფხულზეც არ ელოდებით მნიშვნელოვან კონტრშეტევას უკრაინის მხრიდან? 

არა, ჩემი აზრით, ეს ალბათ ვერ მოხერხდება, რადგან გაზაფხულზე მიიღებს უკრაინა პირველ თვითმფრინავებს და ამას მიიღებს ნაწილ-ნაწილ. უკრაინას საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება შეტევის განხორციელება. საგაზაფხულო წყალდიდობა ასევე დნეპრში წყლის დონის მომატებას გამოიწვევს და მისი ფორსირებაც გართულდება.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, გაიგიჟოს თავი დასავლეთმა და მიაწოდოს ყველა ის შეიარაღება უკრაინას, რაც მას სჭირდება.

  • ნატოს გენერალური მდივანი, სტოლტენბერგი ელის, რომ შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი ამის წინააღმდეგია. რამდენად შეძლებს უკრაინა აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე თავდაცვის ორგანიზებას? 

უკრაინა თავდაცვის ორგანიზებას ნამდვილად შეძლებს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ჯერჯერობით აშშ შეიარაღების კუთხით ყველაზე ნაკლები რაოდენობით ეხმარება უკრაინას, ვიდრე ევროპა და ნატო. აშშ-ს მხარდაჭერა ძირითადად ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება.

დღეს უკრაინას შეუძლია არ დამარცხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი.

  • თუ ომი ჩიხში შედის, ლოგიკური გაგრძელება რა შეიძლება იყოს? 

ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტაზე გარკვეული შეთანხმება და ორივე მხარემ გამოიყენოს ამოსუნთქვის საშუალება მომზადებისთვის. აქ არის საჭირო და აუცილებელი დასავლეთის დახმარების გააქტიურება, რომ უკრაინამ უფრო მალე შეძლოს გადახალისება თავისი შეიარაღებული ძალების, შეიარაღება შეავსოს და აღარ მისცეს რუსეთს იმის საშუალება, რომ  უპირატესობა ჰქონდეს ბრძოლის ველზე.

უკრაინა ვერ გადავა კონტრშეტევაზე არსებულ ვითარებაში საჰაერო მხარდაჭერის გარეშე. უკრაინელები აცხადებენ, რომ სჭირდებათ, მაგალითად, თვეში 30 ათასი ცალი დრონის წარმოების დაწყება და 100 ათასამდე ასვლა, რომ როგორმე გაათანაბრონ საარტილერიო უპირატესობა. საუბარია იმაზე, რომ სამხედრო – სამრეწველო კომპლექსის ამოქმედებაა საჭირო, სამხედრო ქარხნების ამუშავება და ასე შემდეგ.

ომში მყოფ უკრაინას ძალიან გაუჭირდება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა. თუ მას ექნება ამოსუნთქვის საშუალება, უკრაინამ ევროპის და მსოფლიოს მხარდაჭერით, უნდა მოახერხოს თავისი მიზნის განხორციელება, გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო მრეწველობა. ის დამოკიდებული მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერაზე არ უნდა იყოს.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლა აქვს ამ ეტაპზე უკრაინას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აქტიურობით? 

უკრაინის მიზანია, პლაცდარმი შეინარჩუნოს, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს ფორსირებისთვის. თუ მათ მოახერხეს დნეპრის ფორსირება, ხერსონის რაიონში რუსებს დიდ საფრთხეს შეუქმნიან და შეიძლება მარცხენა ფლანგიდან შემოუარონ სუროვიკინის ხაზს, რომელიც არის ძირითად მიმართულებაზე ზაპოროჟიეში.

უკრაინამ ამ კონტრშეტევის პერიოდში გათავისუფლა მხოლოდ 0.25 % რუსეთის მიერ უკრაინაში დაკავებული ტერიტორიიდან. პირველი კონტრშეტევის დროს კი, 50%-ზე მეტი გაათავისუფლეს.

  • რუსეთი პერიოდულად განაგრძობს სარაკეტო თავდასხმებს. 28 ნოემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ექვსი რაკეტა გაუშვეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ საბრძოლო მოქმედებით რა შედეგზე აქვს გათვლა რუსეთს?

ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ნადგურდება, ეს იყო საწყობი, დაჯგუფება… დაბომბვებს პერიოდულად ახორციელებს რუსეთი გარკვეულ ობიექტებზე. ორი აზრი არ არსებობს, რომ უკრაინა უნდა მოემზადოს მასიური დარტყმებისთვის და არა მხოლოდ ფრონტის შიდა რაიონებში, არამედ სიღრმეშიც.

  • გააქტიურდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაცხადდა ოჩამჩირეში რუსების მიერ ახალი ბაზის მშენებლობის დაწყება. თქვენი დაკვირვებით, რა პერსპექტივა აქვს ამ ბაზას და ნატოს კონტროლის მოპოვებას შავ ზღვაზე?

მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურად მიმდინარეობდეს ბაზის მშენებლობა, თუმცა ეს რუსებს ხელს არ შეუშლის, შემოვიდნენ  და დადგნენ აფხაზების სამოქალაქო პორტში, ან დადგნენ რეიდზე და იქიდან განახორციელონ საცეცხლე ზემოქმედება საქართველოზე, ან თუნდაც უკრაინაზე.

საყურადღებო უფრო სხვა საკითხია: ახლა რუსეთი ჩაბმულია ომში. ექსპერტების გათვლებით, როცა იქნება ომის შეწყვეტის ფაზა, რუსეთს დასჭირდება 6-დან 10 წლამდე იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოახერხოს. ვიდრე რუსეთი ამ ომშია, ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვცდილობდეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ეს გულისხმობს შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდას და სხვა ღონისძიებებს, მაგალითად, შეიარაღებული ძალების წვრთნების გააქტიურებას.

მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობაც. არ უნდა დაველოდოთ, როდის გაძლიერდება მოსკოვი. როცა საფრთხე იქნება რეალური, მაშინ უკვე ვერ მოვასწრებთ რეაგირებას.

ამგვარი მიდგომის ძალიან კარგი მაგალითია ბალტიის ზღვა, რომელიც ფაქტობრივად გახდა ნატოს ტბა. ერთი ვიწრო გასასვლელი დაუტოვეს მხოლოდ რუსეთს კალინინგრადში, დანარჩენი არის ნატოს წევრი ქვეყნების კონტროლქვეშ. შვედეთიც იმედია მალე გახდა ნატოს წევრი.

იგივე სიტუაცია გვაქვს შავ ზღვაში: თუ ე.წ. შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატი შეიქმნება, ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანა რუსეთი დარჩება. ესაა ახლა გასაკეთებელი და ამ დროს ჩვენ ვუყურებთ, ვიღაც ცეცხლთაყვანისმცემელი სექტანტი უნდა წაეყვანათ ჯარში თუ არა, ამაზე მიდის ცხარე კამათი პარლამენტში.

პარლამენტში ახლა უნდა იყოს მსჯელობა თავდაცვის გეგმებზე, ბიუჯეტის გაზრდასა და ქვეყნის გაძლიერებაზე. საქართველო უნდა გადავიდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების რელსებზე, რაღაც უნდა გაიჭირვოს კიდეც, რომ შესაბამისი რესურსები გამოვნახოთ. ჩვენ თანამეგობრობას აქტიურად უნდა ვესაუბროთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: