მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

17.01.2023 •
ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან.

ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ.

„გატესტა სოკარის წარმომადგენელმა და უვარგისი აღმოჩნდა გადაერთება, გაზმა გაჟონა, ჰაერით დატუმბეს და აპარატი უჩვენებდა ამას,“ – გვიყვება ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მცხოვრები ჯონი გოგიტიძე. მის სახლთანაც მიუყვანიათ გაზის მილები, დაუმონტაჟებიათ მრიცხველის კარადაც.

„მას მერე აღარავინ მოსულა ჩემს უბანში. ვიცი, რომ სოკარმა არ ჩაიბარა ეს მილები,“ – გვითხრა ჯონი გოგიტიძემ.

მოსახლეობას ამ დრომდე გაზი არ მიეწოდება ქობულეთის 10 სოფელში: მუხაესტატეში, ალამბარში, ზენითში, აჭყვისთავში, ლეღვაში, წყავროკაში, კონდიდში, კოხში, ოხტომში, ჩოლოქის ყოფილ მეურნეობაში.

გაზის მილების სისტემა ამ სოფლებში 2021 წელს ექსპერტიზის საფუძველზე ჩაიბარა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“.

პროცედურა ასეთია: რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა და სამუშაოები დამკვეთს ჩააბარა, დამკვეთმა მილები ქონების მართვის სააგენტოს უნდა გადასცეს, სააგენტო კი, გაზგაყვანილობის სისტემას ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას, ამ შემთხვევაში, „სოკარს“ გადასცემს.

დასტურდება, რომ სამუშაოების ჩაბარების მიუხედავად, 2021 წლის აპრილიდან ამ დრომდე, „გაზის ტრანპორტირების კომპანიას“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ქონების მართვის სააგენტოსთვის ქობულეთში მოწყობილი გაზგაყვანილობის სისტემა არ გადაუცია.

რის გამო შეჩერდა ეს პროცედურა და რატომ ჭიანურდება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის, როცა გაზგაყვანილობის სისტემაზე მუშაობა უკვე დარულებულია? – „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის დასრულებამდე მისი მოწოდება ვერ მოახერხეს. კომპანიის პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, როდის მოგვაწვდიან ინფორმაციას.

ქონების მართვის სააგენტოშიც ვცადეთ გარკვევა: რატომ არ გადავიდა მათ ბალანსზე გაზგაყვანილობის სისტემა, რომლის მოწყობაც 2021 წლის აპრილში დასრულდა.

„გაზის ტრანსპორტირების არის მილები, ჩვენ არ გადმოგვცემია ჯერ, ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა“, – მოგვწერეს ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრიდან. აქ აღარ უპასუხეს მორიგ შეკითხვას: რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე გადაცემა?

რატომ არ აქვს მოსახლეობას გაზი, როცა გაზგაყვანილობის სისტემა არსებობს? – „სოკარის“ პრესცენტრში განმარტეს, რომ შესაბამისი ლიცენზია ჯერ არ აქვთ, რადგან თავად გაზგაყვანლობის ინფრაქტრუქტურა ჯერ კომპანიისთვის არ გადაუციათ.

„ამ დროისთვის გრძელდება ტექნიკური საკითხის შესწავლა, რომ დასრულდეს სამუშაოები და მოსახლეობას უსაფრთხოდ მიეწოდოს ბუნებრივი აირი. უახლოეს მომავალში აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შეძლებს ამ სერვისით სარგებლობას,“ – ეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს, თუმცა ვერ გვითხრეს, ვინ რას ამოწმებს, როცა სამუშაოების შემოწმება ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება და მიღება-ჩაბარებაც 2021 წლის აპრილში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გაზგაყვანილობის სისტემის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „კავკასიონს“, რადგან მოსახლეობის ერთ-ერთი ვერსიით, გაზის მილები „სოკარმა“ გაუმართაობის გამო არ ჩაიბარა:

„ჩვენ ჩავაბარეთ სამუშაოები დამკვეთს და ამას ექსპერტიზაც ადასტურებს დასკვნით, რომ რაც გავაკეთეთ, ხარისხიანად გავაკეთეთ…სამუშაოები როცა დავასრულეთ, იქ ავტობანის სამუშაოების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას ჰქონდა რაღაც ავარია, როგორც მითხრეს და რაღაც დაზიანდა. ასევე ვიცი, რომ ისეთი არაფერი დაზიანებულა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყოს. ჩვენთვის არავის მოუმართავს,“ – გვითხრა კომპანია „კავკასიონის“ წარმომადგენელმა.

ქობულეთის 10 სოფლის გაზმომარაგების სისტემის მოსაწყობად ჯამში ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ლარია დახარჯული.

 

მთავარი ფოტო: გაზსადენი ქობულეთის სოფელ ალამბარში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: