სიახლეები

რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

23.03.2024 • 4461
რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

ყოველ შაბათ-კვირას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, უზარმაზარი რიგები დგას. რიგებია ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პირველივე პატარა ქალაქ ქემალფაშაში მდებარე სუპერმარკეტშიც. შეიძლება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი მოგიწიოს ლოდინი მაღაზიის სალაროსთან, რადგან მარკეტები ქართველი მყიდველითაა სავსე.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სამომხმარებლო კალათაში შედის, მათ შორის კვერცხს (რომელიც ტრანსპორტირებისას ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს) და ტუალეტის ქაღალდს (რომელიც დიდ მოცულობას იკავებს).

დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon wise-ის მკვლევარი ეგნატე შამუგია ამბობს, რომ საცალო ვაჭრობა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ეწევიან, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ რეალურად რამხელა გავლენა აქვს თურქეთს საქართველოს ეკონომიკაზე.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 570.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 949.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744.5 მლნ. აშშ დოლარი).

მკვლევრის თქმით, რამდენადაც დადებითი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთს, იმდენად უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთს.

„ვაჭრობა თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ ამ ვაჭრობას ახლავს რისკები. უპირველესად, მთავრობები არ ვაჭრობენ ერთმანეთთან, ადამიანები ვაჭრობენ. მთავრობებს უბრალოდ შეუძლიათ ამ ვაჭრობებში ადამიანებს ხელი შეუშალონ.

მაგალითად, თურქეთთან რომ ვვაჭრობთ, თურქეთის მთავრობისგან ნაკლებად არის იმის საფრთხე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უარი თქვას და აუკრძალოს თავის კომპანიებს ჩვენთან ვაჭრობა ან ჩვენს კომპანიებს თურქეთიდან რამის გატანა. შეზღუდვების დაწესების რისკი ნაკლებია.

განსხვავება თურქეთსა და რუსეთს შორის არის ის, რომ რუსეთის მთავრობიდან მოდის უფრო მეტი საფრთხე, უფრო მეტი რისკი, რომ ერთ მშვენიერ დღეს რაღაც პროდუქციაზე გადაწყვეტს, რომ არ მოგყიდოს.

მაგალითად, ბენზინის გატანის აკრძალვა გადაწყვიტა ახლა [დაბალი ხარისხის ბენზინი ხომ რუსეთიდან შემოგვაქვს. ევროპაში არც კი აწარმოებენ მსგავსი ხარისხის ბენზინს], ჰოდა თქვა, აღარ გაგატანთო, მაღალი გადასახადი დააწესა. იგივე გააკეთა ხორბალთან დაკავშირებით.

თავისთავად ვაჭრობა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ უფრო მეტი რისკი აქვს. ვიღაცები ამ რისკს იღებენ, მაგალითად, ქართული ღვინის კომპანიები. მიუხედავად, იმისა, რომ ემბარგოს პერიოდი გამოიარეს, ქართული ღვინის კომპანიებისთვის მომხიბვლელია რუსეთის ბაზარი,“ – ამბობს ეგნატე შამუგია.

ეგნატე შამუგია

ეგნატე შამუგია

მკვლევრის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ თურქეთთან პოლიტიკურადაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საფრთხე არ მოდის თურქეთიდან, პირიქით. თურქეთი მუდმივად გამოხატავს პატივისცემას ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

მკვლევრის თქმით, განსხვავებით თურქეთისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეიცავს უზარმაზარ რისკს, რადგან ვაჭრობა დამოკიდებულია არა მასში ჩართული სუბიექტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არამედ მთავრობაზე, რომელიც ეკონომიკურ გავლენას სადამსჯელო ბერკეტად იყენებს.

  • რას ვყიდით თურქეთში

საქართველო თურქეთში ყიდის ელექტროენერგიას, მზა ტანსაცმელს, მათ შორის სპორტულ ტანსაცმელს, ფეროშენადნობებს, ალუმინის ნარჩენებს და ჯართს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

  • რას ვყიდულობთ თურქეთში

საქართველო თურქეთში ყიდულობს მედიკამენტებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციებს, თამბაქოს ნაწარმს, სარეცხ და საწმენდ საშუალებებს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

  • რას ვყიდით რუსეთში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, რუსეთში საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით ყიდის ღვინოს, სპირტიან სასმელებს, მსუბუქ ავტომობილებს, მინერალურ და მტკნარ წყლებს და ლიმონათს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

  • რას ვყიდულობთ რუსეთიდან

რუსეთიდან ვყიდულობთ ნავთობპროდუქტებს, ნავთობის აირებს, ხორბალს, ბოცებს, ბოთლებსა და მინის სხვა პროდუქტებს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

  • როგორ აისახება რეგიონებზე თურქეთის ეკონომიკური გავლენა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო თურქეთში სხვა პროდუქციებთან ერთად ასევე ყიდის ტრიკოტაჟის ნაწარმს, მათ შორის ტრიკოტაჟის კოსტიუმებს და კომპლექტებს მამაკაცებისთვის.

„თურქეთში გაგვაქვს სპორტული ტანსაცმელი – მაისურები, შორტები და ა.შ. რაც ძირითადად დაკავშირებულია აჭარასთან. საქართველოში მუშახელი გაცილებით იაფია, ვიდრე თურქეთში. თურქეთთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს აჭარაში, შესაბამისად, თურქული კომპანიები ხსნიან საქართველოში ტექსტილის საწარმოებს. ქართულ-თურქულ ეკონომიკურ ურთიერთობებს რეგიონული პერსპექტივით თუ შევხედავთ, გამოდის, რომ ყველაზე მჭიდრო კავშირი აჭარას აქვს,“ – ამბობს ეგნატე შამუგია.

მკვლევრის თქმით, თუკი თურქეთში გაგვაქვს რაღაც პროდუქტი და არა სხვა ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის გაყიდვა თურქეთში უფრო ძვირად შეგვიძლია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.

მკვლევრის თქმით, რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელი, ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაზე ეკონომიკური გავლენა ზუსტად გაზომო:

„მაგრამ ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი და გზავნილები – ეს ოთხი ძირითადი კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული თურქეთში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუკი თურქეთში არ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში საქართველოდან არ იქნება თურქეთში ექსპორტზე მოთხოვნა.

მაგალითად, თუ თურქეთში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პირობითად, თურქეთში ნაკლები სპორტული ტანსაცმელი გაიყიდება. უფრო ნაკლები სპორტული ტანსაცმლის გაყიდვა თურქეთში ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები სპორტული ტანსაცმელი შეიკერება. უფრო ნაკლები სპორტული ტანსაცმლის შეკერვა ნიშნავს, რომ საქართველოში სპორტული ტანსაცმლის ქარხნები, რომელსაც თურქეთში ექსპორტზე გააქვთ ეს ტანსაცმელი, ნაკლებ ტანსაცმელს შეკერავენ ან/და უფრო ნაკლები მუშახელი დასჭირდებათ.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანები ან უფრო ნაკლებს იმუშავებენ და შესაბამისად ნაკლებ ანაზღაურებას აიღებენ ან უფრო ნაკლები მუშახელი დასჭირდებათ და საერთოდ სამსახურს დაკარგავენ“, – განმარტავს ორი ქვეყნის ერთმანეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას მკვლევარი.

  • რატომ არის საფრთხე რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2023 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას განაგრძობს.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„გამჭვირვალობამ“ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცა, რომელიც ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში უნდა დახმარებოდა.

„რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს“, – ეწერა ამ რეკომენდაციებში.

თუ 2024 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებს გადავხედავთ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (79.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (53.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (43.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (408.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (313.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (173.5 მლნ. აშშ დოლარი).

_________________

ფოტოზე: რიგი სარფის საბაჟოზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: