„ბოლო პერიოდში ნარკომოხმარების პრობლემა პანდემიასავით გვაქვს ქვეყანაში“, – ამბობს პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი. „ბათუმელები“ მას ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდის პრობლემასა და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ესაუბრა.
- ქალბატონო ანა, ბოლო კვლევებით საქართველოში 51%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაული, ასევე გაზრდილია ბავშვებსა და მოზარდებში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება. თქვენი აზრით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ რეალობის შესაცვლელად?
პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მდგომარეობა არის გაცილებით მძიმე. ბოლო პერიოდში პანდემიასავით არის მოდებული ეს პრობლემა (ნარკოდამოკიდებულება). როცა ამ საკითხზე ვისაუბრე პარლამენტში, იმ მშობლებისა და იმ ოჯახის წევრების სახელით ვისაუბრე, რომლებთანაც მაქვს შეხება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომმართა იმავე წუხილით.
ამიტომ ზუსტად ვიცი მათი შიშები და წუხილები და ის, რომ ეს ხალხი დღეს მარტო დატოვა სახელმწიფომ ამ პრობლემის წინაშე. ეს არის მთავარი პრობლემა.
სახელმწიფოს არ აქვს ნარკოდამოკიდებულებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგია.
მთელი ჩვენი მოქმედება ორიენტირებულია მომხმარებლების და ასევე რეალიზატორების დასჯაზე, მაგრამ მარტო დასჯით ამას ვერ უშველი. ვინც დასასჯელია, გამოსავლენია და პასუხისგებაშია მისაცემი, პირველ რიგში, აი, ეს ხალხი და მათი მფარველები უნდა გამოვლინდნენ. ისინი, ვინც მფარველობს ნარკოტიკების შემოტანას ამ ქვეყანაში.
ზედა რგოლში რომ არ ჰყავდეთ მათ მფარველები, ყველამ ვიცით, სხვანაირად ნარკოტიკები ასე თავისუფალ ბრუნვაში ვერ იქნებოდა ქვეყანაში.
- ფიქრობთ, რომ ნარკომოვაჭრეებს ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები?
რა თქმა უნდა, ყველა ლოგიკით ასეა. მე კონკრეტული ადამიანების სახელები რომ ვიცოდე, ცხადია, დავასახელებდი, მაგრამ ვერ მეცოდინება, რადგან არანაირი საგამოძიებო კომპეტენციები არ მაქვს.
ამიტომ მივმართე შს მინისტრს – მას აქვს საგამოძიებო კომპეტენციები, მას აქვს ის ინსტრუმენტები, რომლითაც უნდა მივიდეს კვალთან, მაგრამ გასაგებია, რომ ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს.
- გამოძიება ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა ონლაინსივრცეში გადავიდა. ასევე იმაზეც, რომ ონლაინში ღიად ვრცელდება ვიდეოები ნარკოგამსაღებლებზე. შესაძლებელია, რომ ეს პროცესი მიდიოდეს შესაბამისი უწყებების მიღმა?
ეს ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან არალეგალურ სქემაში, არიან მოწყვლადი და მათი კონტროლის მექანიზმი, მათი დაშანტაჟება-გამოყენება, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის, ძალიან ადვილია. ჩვენ გვინახავს ეს არაერთხელ.
ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის სწორი პოლიტიკა და პრაქტიკა, მაგრამ მარტო ამით ვერ შეებრძოლები ნარკომოვაჭრეებს. ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი რესურსი პრევენციაში და ეს რესურსი სახელმწიფომ უნდა ჩადოს.
ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი, რაზეც სახელმწიფო გააკეთებს აქცენტს, თუ როგორ დავიცვათ ადამიანები, განსაკუთრებით მოწყვლად ასაკში მყოფები, ახალგაზრდები იმისგან, რომ არ გახდნენ მსხვერპლი და არ შევიდნენ ამ ჭაობში, თორემ იქ რომ მოხვდება ადამიანი, მერე უკვე ძალიან დაგვიანებულია.
სად არის ძლიერი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები?
სად არის განათლების, ჯანდაცვის სამინისტრო, მარტო შს სამინისტროს საქმე არ არის ეს. ცნობიერების ამაღლების კამპანიაში განათლების სამინისტრო არის მთავარი.
- ახლახან წარმოადგინა განათლების მინისტრმა „ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, თუმცა ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ეს პრობლემა.
ამაშია საქმე. არც თვითონ ხედავენ თავიანთ როლს ამ პროცესში, არადა, ეს არის საკვანძო სტრუქტურა, რომელსაც გამზადებული ინფრასტრუქტურა აქვს, რომ ახალგაზრდებს ელაპარაკოს და მიაწოდოს ინფორმაცია ისე, რომ ამ ინფორმაციას ჰქონდეს მაღალი პენეტრაცია და მაღალი დამაჯერებლობა.
ჩვენ მოვიძიეთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებები, მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამაა, რაც გულისხმობს ახალგაზრდების, რისკჯგუფების ჩართვას საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლითაც ისინი ისწავლიან უნარებს, თუ როგორ უნდა თქვან უარი, თუკი მოხვდებიან ასეთ სიტუაციაში – „კაი პონტია რა, გასინჯე“.
ზუსტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს იმის შესახებ, თუ რამხელა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ნარკოტიკების მოხმარებისას, რას იწვევს ნარკოდამოკიდებულება, როგორ უნდა გაუმკლავდნენ თუნდაც თანატოლების, გარემოცვის წნეხს, რომ არ გასინჯონ ნარკოტიკი. რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს მათი ოჯახებისთვის.
საუბარია ახალგაზრდების მომზადებაზე, რომ არ ჩავარდნენ, არ გაებან ამ მახეში.
- ეს რა ფორმატში შეიძლება განხორციელდეს, სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, სპეციალური საათები გამოყოს ამისთვის, თუ ერთობლივად შეიძლება იმუშაოს შსს-თან ან ჯანდაცვის უწყებებთან ერთად?
სკოლა ვერ გააკეთებს მარტო. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს ეს საკითხი პრიორიტეტად, დაიწყოს ინტენსიური კამპანია და ამ კამპანიაში ჩართოს კერძო სტრუქტურებიც, სამოქალაქო საზოგადოება, ცნობადი სახეები. სპორტსმენები, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, წარმატებული და როლური მოდელები არიან ახალგაზრდებისთვის.
სახელმწიფომ უნდა შექმნას პლატფორმა და ინფრასტრუქტურა. კერძო ინიციატივებიც გაიხადოს პარტნიორად ამ პროცესში, რადგან ეს ისეთი სენია, რომელსაც ერთი ან ორი უწყება ვერ გაუმკლავდება.
აქ არის საჭირო ყველას ჩართვა ერთად.
უნდა დასხდნენ უწყებები და კოორდინირებულად დაგეგმონ მოქმედებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – უნდა შექმნან სინერგია. ცალკე ერთი რომელიმე უწყება ამ პრობლემას ვერ მოერევა.
დღეს არ გვაქვს პრევენციის მექანიზმები, რომ ვერ ჩაითრიონ ახალგაზრდები ამ პრობლემაში. გვაქვს ძალიან ფრაგმენტული, ცალკეული ინიციატივები, რაც შედეგს, ფაქტია, რომ ვერ იღებს.
მედიის როლიც დიდი იქნება ამ კამპანიაში, თუმცა სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ეს ამბავი.
სისხლის სამართლის კომპონენტის გარდა, ეფექტური გამოძიებები რომ მიმდინარეობდეს ნარკორეალიზატორების გამოსავლენად, ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებლების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. ამას სახელმწიფოს შესაბამისი რესურსის გარეშე ოჯახი ან კონკრეტული პირი ვერ გასწვდება, იმდენად ძვირია ეს მომსახურება.
ცენტრებიც არ არსებობს შესაბამისი რეგიონებში. თბილისშია მხოლოდ რამდენიმე კერძო ცენტრი და მომსახურება არის ძალიან ძვირი. ამ რესურსების მიღება უამრავი ადამიანისთვის არის ფუფუნება, ფიზიკურად ვერ შეძლებენ პროგრამებში ჩართვას.
სახელმწიფო ჩართულობა კი ძალიან მიზერულია ამ პროცესში.
- ამ დღეებში რამდენიმე მოზარდის მშობელს ვესაუბრეთ, რომლებიც წუხან იმაზე, რომ ვეღარ უმკლავდებიან სიტუაციას, არ იციან, როგორ მოიქცნენ. ჩვენი შვილები იღუპებიან – გვითხრეს დედებმა. მშობლების თქმით, ნივთიერებების მოხმარებამ გამოიწვია მათი შვილების ფსიქიკური პრობლემები, ოჯახები კი ვერ ახერხებენ მართვას. ვინ უნდა დაეხმაროს მათ?
ვიცი ამის შესახებაც და ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ სერვისების უზრუნველყოფა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც ამ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის რეაბილიტაციაზე, ასევე ოჯახებზეც, რომ ასწავლოს მშობლებს, როგორ უნდა მართონ ურთიერთობა ოჯახის წევრთან, რომელიც ნარკოდამოკიდებულია. ამ ყველაფერში სჭირდებათ დახმარება ადამიანებს.
ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში.
რატომ გაიზარდა ასე ძალიან მიდრეკილება. იმიტომ ხომ არა, რომ ეს არის ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის გაქცევის შესაძლებლობა სიღარიბიდან, უმუშევრობიდან, უპერსპექტივობიდან, იმისგან, რომ ვერ იპოვეს თავიანთი ადგილი და როლი საზოგადოებაში, ვერ რეალიზდნენ.
რა პერსპექტივებს სთავაზობს მათ სახელმწიფო? ეს შესაძლებლობები ხომ უკიდურესად შეზღუდულია დღეს საქართველოში. ამიტომაც არის ასე გაზრდილი ამ პრობლემის მასშტაბი დღეს.
დასაქმების, სწავლის თვალსაზრისით რას სთავაზობს ამ ახალგაზრდებს სახელმწიფო. გართობისა და დასვენების, სოციალიზაციის მხრივ თუნდაც.
სოციალიზაცია, უსაფრთხო სივრცეები, ახალგაზრდებისთვის საერთოდ აღარ არის ხელმისაწვდომი.
არაერთ რეგიონულ ცენტრში ვარ ნამყოფი, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, სხვათა შორის, ხანდაზმული ადამიანებიც იმას ასახელებენ, რომ ახალგაზრდებს აღარ აქვთ სივრცეები, სადაც შეიკრიბებიან, ისაუბრებენ. ეს არის პრობლემა. ათასი პროექტი შეიძლება გააკეთო, სადაც ჩართავ ახალგაზრდებს და დააკავებ საინტერესო აქტივობით.
- სხვათა შორის, მშობლები წუხან იმაზეც, რომ გაიზარდა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მოზარდების გამოყენების მასშტაბი. რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ლიბერალურია ბავშვების მიმართ, ცდილობენ მოზარდების ხელით აკეთონ დანაშაული. ამის მოგვარება როგორ შეიძლება?
არ მუშაობს სახელმწიფო, მაგრამ ხმას რომ ამოიღებ პრობლემაზე, შენ ხდები მტერი და ასეთი მიდგომით არც ერთი პრობლემა არ მარცხდება.
პრობლემის დამარცხება იწყება მისი აღიარებით, პასუხისმგებლობის აღებით და მოქმედებით.
ნებისმიერი ქვეყნისთვის ძვირფასი რესურსი არის ადამიანური რესურსი. განსაკუთრებით ახალი თაობა. თუ ეს თაობა დავკარგეთ და ჩაგვეძირა ნარკოჭაობში, ვინ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა, ვინ უნდა შექმნას ის სამუშაო ძალა, თუკი ეს ნიჭი და პოტენციალი დაიკარგება?
ეს სერიოზული საფრთხეა, რომ არ დაიკარგოს ინდივიდებისა და თაობების უზარმაზარი პოტენციალი. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს.
მასთან დაპირისპირებას სჭირდება მთელი საზოგადოების დარაზმვა. მარტო საზოგადოება ან მარტო სახელმწიფო ამას ვერ მოაგვარებს. გაერთიანება და პარტნიორობაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ამის ტრადიცია და კულტურა, ამის გააზრება სამწუხაროდ არ გვაქვს.
პრევენცია, ასევე რეპრესია, შემომტანებისა და მათი მფარველების მიმართ და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – აი, ეს რგოლი თუ არ ამუშავდა, შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს გვაქვს. ამ ყველაფერს აქვს გადამდები ეფექტი, რადგან თანატოლების, წრის გავლენა ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მაღალია.