რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი? – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გავლენიანი მოსამართლეები საქართველოში ხელისუფლების „დავალებას ასრულებენ“. მათი მიზანი კი პროტესტის ჩაკვლაა. გელა მთივლიშვილი ამ წლის იანვარში პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამის მიუხედავად სასამართლომ ჟურნალისტი 2 000 ლარით დააჯარიმა.
დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარი არ დაუჭირა.
- გელა მთივლიშვილი: რატომაა მოსამართლისთვის ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელის ჩვენება უფრო სანდო, ვიდრე დაკავებული პირის უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი?
„მოსამართლემ თვითონაც კარგად იცის, რა ხდება, მაგრამ მას აქვს დავალება, ამ ტიპის გადაწყვეტილებებით დააშინოს ჟურნალისტი, საპროტესტო აქციის მონაწილე, ასეთი პრაქტიკა აქვთ: როგორმე ჩაკლან ეს პროტესტი,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი, Mtisambebi.ge-ს რედაქტორი.
ის 2024 წლის იანვარში, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა, როცა პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.
ჟურნალისტმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს აქციაზე ვიდეო აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ვიდეოს გადაღების დროს სრულიად უმიზეზოდ პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
„ვიდრე სასამართლო პროცესზე მივიდოდი, ადვოკატებისგან ვიცოდი, რომ თუ შემხვდებოდა მოსამართლე შჩერბაკოვი, არ უნდა მქონოდა ილუზია, რამენაირად სიმართლეს დავამტკიცებდი. ასეც მოხდა.
სამწუხაროდ, შჩერბაკოვი სასამართლო სისტემაში გამონაკლისი არ არის.
მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვუშვებდი და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ უნდა ეცნო მოსამართლეს ჩემი თავი სამართალდამრღვევად? პროცესზე შსს-მ წარმოადინა მხოლოდ მოწმე ანრი ფხაკაძე, რომელიც იყო ჩემი დამკავებელ პოლიციელთაგან ერთ-ერთი და თქვა ის, რასაც შაბლონურად ამბობენ ხოლმე, თითქოს მე ვაგინებდი პოლიციელებს და მონას ვეძახდი; ასევე 4 პოლიციელს, ვისაც დაკავებული პირი მიჰყავდათ მანქანაში, ვცდილობდი მათთვის გამომეგლიჯა დაკავებული პირი, რაც აბსურდია,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.
ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებაზეც, რომლის მიხედვითაც, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქებით დაკავებულ ჟურნალისტს პირდაპირ აკავებენ პოლიციელები.
გელა მთივლიშვილს მრავალწლიანი ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი შენიშნავს, რომ ეს მისი პირველი საქმე იყო სასამართლოში, როცა გაასამართლეს.
„პირველად აღმოვჩნდი დაკავებული. იმ „9-წლიან პერიოდში“ არ დავუკავებივარ არასდროს პოლიციას არცერთ კრიტიკულ შემთხვევაში. ახლა კი, უკვე 3 ჟურნალისტი ვართ დაკავებული, რაც აჩვენებს იმას, რომ ამან მავნე ხასიათი მიიღო…
ჩვენ ხომ აქამდეც ვიცოდით, რაც ხდებოდა სასამართლოში, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოცდი, კიდევ უფრო ცხადად და მძაფრად აღიქვამ ამას,“ – თავისი საქმიდან ჟურნალისტი ორ გარემოებას გამოყოფს, რაც ჟურნალისტისთვის პირდაპირი ნიშანია იმის, რომ მოსამართლეს სიმართლის დადგენა არ სურდა: მოსამართლემ პოლიციელის ზეპირ ჩვენებას მიანიჭა უპირატესობა, როცა საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არსებობდა ვიდეოჩანაწერის სახით. მეორეა ევროსასამართლოს პრაქტიკა, რაზეც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს.
„მოწმე პოლიციელის ჩვენების გარდა, შსს-მ მტკიცებულებად შემოიტანა პოლიციის მიერ აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა, როცა იქ იყო ხალხის დაკავება და ჩოჩქოლი. ეს ვიდეო გადაღებულია იმ დროს, როცა მე აქციაზე საერთოდ არ ვიყავი, გვიან მივედი. კეკელიძის ქუჩაზე შეიძლება გაცილებით მძიმე რამ მომხდარიყო. ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩემს წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული?
მართალია, ეს დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოებაში, მაგრამ რატომაა ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელის ჩვენება უფრო სანდო, ვიდრე დაკავებული პირი, რომელსაც აქვს უტყუარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი?
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს ეყო თავხედობა, თავხედობა ჰქვია ამას, როცა თავის გადაწყვეტილებაში სრულიად გაუგებრად იხმობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება,“ – ბრაზს არ მალავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს ე.წ. ვეტინგი და რა შეიძლება შეცვალოს კეთილსინდისიერების შემოწმებამ სასამართლო სისტემაში?
„სასამართლო შტო, იშვიათი მოსამართლეების გარდა, ასრულებს კლანის დავალებას, რომელიც მიღებული აქვს პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან. ვეტინგი ამიტომაც არ აწყობთ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვექნება ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, არასდროს ჩვენი უფლებები არ იქნება დაცული. ვიღაცას შესაძლოა ეს დღეს არ ეხება, მაგრამ შეგვეხება ყველას და როცა შეგვეხება, მხოლოდ მაშინ არ უნდა დავფიქრდეთ. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ახლავე.
ნინო შჩერბაკოვიც სწორედ იმიტომ გაამწესეს უვადოდ, მან კლანს მსახურება დაუმტკიცა. არავითარი კავშირი ამ და მის მსგავს სხვა ბევრ მოსამართლეს სამართალთან და კანონიერებასთან არ აქვს. ისინი ემსახურებიან კლანს და მიიღეს სარგებელი, გამწესებული არიან უვადოდ,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი „ბათუმელებთან“. იგი გვახსენებს ბოლნისის მოსამართლე ნინო გიორგაძეს, ერთადერთი მოსამართლე რომ აღმოჩნდა 2023 წელს, ვინც უვადოდ არ გაამწესეს და გაათავისუფლეს.
„ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელიც საპროცესო ვადების დაცვით განიხილავდა ჩვენს სარჩელებს [საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით], ასევე მხარეებისადმი ობიექტური მიდგომით… მან ასევე დააკმაყოფილა აქტივისტების სარჩელი და უკანონოდ მიიჩნია მარნეულის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება,“ – დასძინა გელა მთივლიშვილმა.
იმის გამო, რომ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან, გელა მთივლიშვილს დაახლოებით 50 სარჩელი აქვს სხვადასხვა სასამართლოში. სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა. სასამართლოს მსგავსი დავის განხილვისთვის 2-თვიანი ვადა აქვს, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში – 5 თვე.
„ყველაზე მძიმე ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც, მაგალითად, 2 წლის წინ შეტანილი საჩივრების განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. „რაჭის ტყეების საქმეზე“ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით რომ ვედავებოდით გარემოს დაცვის სამინისტროს დოკუმენტაციის მოწოდებაზე, სარჩელის განხილვა დაიწყო 2 წლის თავზე, როცა გადაწყვეტილება, რაც იყო სადაო, უკვე გაუქმებულია.
გეუბნებიან, სასამართლო გადატვირთულიაო, თუმცა იგივე სასამართლო სწრაფად იხილავს ცილისწამების საქმეებს ჟურნალისტების წინააღმდეგ, მაგალითად, როცა „ტვ პირველის“ შემთხვევაში სასამართლოს კობახიძის დედამ მიმართა, საქალაქომ და სააპელაციომ განხილვა ერთ წელში დაასრულა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული სარჩელები, რაც ბევრად უფრო მარტივი საქმეა, ორი წელია პირველი ინსტანციის სასამართლოშია.
ცხადად ჩანს, რასთანაც გვაქვს საქმე. ცხადია ისიც, რომ ქვეყანაში თუ გვექნება კარგი მართლმსაჯულება, იზეიმებს დემოკრატია. თუ არ გვექნება მართლმსაჯულება, ყოველთვის ვიქნებით დაჩაგრული, უფლებაწართმეული ადამიანები,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
___
სტატია სრულად: