მთავარი,სიახლეები

დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები

24.03.2024 •
დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები

„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან.

კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც 1944 წელს მამა, რეჯებ ლომაძე ყირგიზეთში გადაასახლეს.

1944 წლის გადასახლება, ისევე როგორც ყველა სხვა რეპრესიები, საქართველოში სტალინის სახელს უკავშირდება.

კადრიე ლომაძე 1944 წელს დაიბადა. დედამისი ასიე ბაგრატიონი დიასახლისი იყო, მამა რეჯებ ლომაძე, მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად.

„დედაჩემი მიყვებოდა, 6 თვის ვყოფილვარ, როდესაც მამას გადასახლების ბრძანება მოუვიდა. მამაჩემი ეშელონით წაიყვანეს. მე და დედა დავრჩით საქართველოში, რადგან დედაჩემს მანქანა დაჯახებია. ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას უთქვას, გამოჯანმრთელდი და მე თავად ჩაგიყვან შენს ქმართანო.

მამაჩემის გადასახლებიდან 6 წლის შემდეგ, 1950 წელს ჩავედით მე და დედა ყირგიზეთში,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე.

კადრიეს თქმით, თავდაპირველად სძულდა მამა და ეშინოდა კიდეც მასთან მიახლოება, რადგან უმამოდ იზრდებოდა და ვერ ხვდებოდა.

„7 დღე ვიყავით გზაში. ბიძაჩემმა წაგვიყვანა მამაჩემთან. რთული შეხვედრა მქონდა მამასთან. მოახლოებას და ჩახუტებას რომ ცდილობდა, მე გავრბოდი. „ვინცხა კაცს“ ვეძახდი. ექვსი თვის ვიყავი როცა მამა გადაასახლეს. დედასთან გავიზარდე. ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე. ვიღაც უცხო კაცი მეგონა და მის დანახვაზე სულ მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი. ვერ ვიტანდი დედაჩემთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდა,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე.

კადრიე ლომაძის მამა, რეჯებ ლომაძე, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ

  • გადასახლების მიზეზი

„რატომ გვაწვალეს, რა დავაშავეთო. სულ ამას კითხულობდა დედაჩემი,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე. მისი თქმით, არასდროს არავის უთქვამს მათთვის გადასახლების ოფიციალური მიზეზი.

„მამაჩემის წინაპრები იყვნენ თურქეთიდან. მამაჩემი სულ ნატრობდა წასვლას, მაგრამ ისე მოკვდა, თურქეთში არ ყოფილა. ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა იყო დაბადებული თურქეთში. შეიძლება მაგიტომ გადაასახლეს.  მაგრამ ამის გამო როგორ უნდა გადაასახლო ადამიანი?“ – კითხულობს კადრიე ლომაძე.

  • ცხოვრება გადასახლებაში

„ყაირმა, ასე ერქვა სოფელს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. ჯალალაბადის რეგიონს ეკუთვნოდა. მახსოვს სოფელში წყალი არ იყო და გველები იყო ძალიან ბევრი. მტვერი. თოვლში რომ გეფლობა ფეხი, ისე გვეფლობოდა მტვერში.

მამაჩემი მძღოლად მუშაობდა, სავაჭრო მანქანა ჰყავდა. პროდუქტები დაჰქონდა. აღარ მახსოვს, მგონი ჰყიდდა.

მახსოვს სკოლის პერიოდიც. არ მახსოვს როგორ შევედი, მაგრამ მახსოვს, მასწავლებელმა რომ დამავალა, შემემოწმებინა, ხომ არ ჰქონდათ ჩემს კლასელებს ჭუჭყიანი საყელო ან ხომ არ ჰყავდათ ტილები თავში. ერთ წელიწადში ვისწავლე ყირგიზული და სკოლაში ყირგიზულად ვსწავლობდი. მეოთხე კლასში რომ გადავედი, მაშინ წამოვედით საქართველოში.

ძალიან ცუდი რამეები მახსოვს გადასახლებიდან. მე კიდევ ბავშვი ვიყავი და ბავშვებთან ვერთობოდი, მაგრამ დედაჩემი ხომ ვერ გაერთობოდა. ტყუილად ასეთი წამება როგორ შეიძლება არ ვიცი.

ხუთი წელი ვიყავით მე და დედა გადასახლებაში. იქ დაიბადა ჩემი და-ძმა. მახსოვს ჩემი ძმის დაბადება. დედამ სახლში იმშობიარა, ქალები დაეხმარნენ. ჩემი დის დაბადება არ მახსოვს, არ ვიცი რატომ. ალბათ დედამ გამარიდა სახლს, რადგან ჩემს ძმაზე მშობიარობის ნახვამ, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩემი უმცროსი ძმა უკვე საქართველოში დაიბადა. ფეხმძიმედ იყო დედა მასზე, როცა სახლში დავბრუნდით“.

კადრიე ლომაძე და მისი და-ძმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ

  • დაბრუნება საქართველოში

„მახსოვს ის დღე, როცა გავიგეთ, რომ საქართველოში შეგვეძლო დაბრუნება. ვყვიროდით, დავხტოდით, გაგიჟებულები ვიყავით სიხარულისგან.

მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის ცოლი ტიროდა. რუსის ქალი იყო. სამი შვილი ჰყავდა ჩემს ბიძაშვილს მასთან. როდესაც მოვიდა ცნობა, რომ სახლში დაბრუნება შეგვეძლო, ჩემი ბიძაშვილის დედამ და დებმა არ მისცეს ბიძაშვილს უფლება ცოლ-შვილი წამოეყვანა საქართველოში.

ამდენი წელი გავიდა და დღემდე მახსოვს იმ ქალის ტირილი. მისი ტირილი რომ მახსენდება, მგონია დღეს ხდება.

საქართველოში დაბრუნებულებს ჩვენი სახლი დაგვხვდა. დედაჩემის ძმები პატრონობდნენ. პატარა სახლი იყო, ბელეტაჟზე. მერე მამაჩემმა იშრომა და ორსართულიანი სახლი ააშენა.

მამა მწვანე კონცხზე მუშაობდა, რესტორანში. დედამ დიასახლისობა გააგრძელა,“ – იხსენებს კადრიე ლომაძე.

კადრიე ლომაძის დედა ასიე ბაგრატიონი

  • ვისი ბრალია?

„რა ვიცი, ლავრენტი ბერიას ამბობდა, დედაჩემი. ბერია, მაგი მოსასპობელი. სტალინზე მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ, მაგრამ დედაჩემს რომ არ უყვარდა ვიცი. არ უყვარდა.

დედაჩემი ჭიანჭველას ფეხს რომ არ ადგამდა ისეთი ქალი იყო. თან მდიდარ ოჯახში გაზრდილი. ძალიან სძულდა სტალინი და იმას რომ სძულდა, ესე იგი არაა მაი კაი კაცი.

ახლა ვინმე სტალინს რომ აქებს, იმაზე წარმოდგენა მეკარგება, მაგრამ ხმამაღლა არაფერს აღარ ვამბობ“.

სტალინური რეპრესიების შესახებ

აჭარამ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, მეოცე საუკუნის 30-იან 50-იან წლებში მასობრივი რეპრესიების რამდენიმე ტალღა გამოიარა. 1937-38 წლის რეპრესიების შემდეგ, როდესაც ადამიანებს ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა 1944 წელს დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1946-52 წლების რეპრესიები კი საქართველოში მცხოვრებ ათასობით ოჯახს შეეხო. გავრცელებული პრაქტიკა იყო, ჯარისკაცები ან/და ოფიციალური პირები ოჯახებში მიდიოდნენ, სპეციალურ მანქანაში სვამდნენ და დიდ ქალაქებში მიჰყავდათ, სადაც მზად იყო სატვირთო მატარებლის ვაგონები შუა აზიაში წასასვლელად. გზის ხანგრძლივობის და გაუსაძლისი პირობების გამო გადასახლებულთა ნაწილი გზაში იღუპებოდა.

გადასახლებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: