სიახლეები

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

23.03.2024 • 4036
ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე და ისიც საწინააღმდეგოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტნიორობის გაღრმავების ინტერესს ჩინეთი საქმიანობაში გამოხატავს, ხოლო აშშ-ს შემთხვევაში „წლების განმავლობაში გვქონდა სისუსტე“. კობახიძე, ისევე როგორც სხვა მისი თანაგუნდელები, კიდევ ერთ საერთაშორისო საკითხზე – უკრაინის მხარდაჭერაზე, არგუმენტად ხშირად იმეორებენ, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს საერთაშორისო რეზოლუციებში.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ გამოიხატება ჩინეთის მხარდაჭერა ქმედებებში, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთას ეხება და მოვიძიეთ საქართველოს მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებული ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის მონაცემები.

  • რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მას ყოველ წელს იღებს გაეროს გენერალურ ასამბლეა, რითაც ოფიციალური თბილისის პოზიციით განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.

ჩვენ შევისწავლეთ 16 წლის განმავლობაში რეზოლუციის განხილვისა და კენჭისყრის ანგარიშის დოკუმენტები, საიდანაც გამოიკვეთა, რომ ჩინეთი 15 წლის განმავლობაში კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავს იკავებდა, 2022 წლის კენჭისყრაზე კი ხმა რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა 11 სხვა ქვეყანასთან ერთად – რუსეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა – კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი, სირია, ვიეტნამი, ზიმბაბვე, ბურუნდი, ნიკარაგუა.

2022 წლის 8 ივნისის ხმის მიცემის შედეგები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. In favour – ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუცია; Against – ქვეყნები, რომლებმაც ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ყველა რეზოლუციას მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები.

  • რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – „თანამშრომლობა საქართველოსთან“

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის“ ვებგვერდზე რეზოლუციის შესახებ ვკითხულობთ:

რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს. ყოველ წელს, რეზოლუცია ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე წარადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები მის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს.

გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავდა, რეზოლუციის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარებასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საკითხის სიმწვავის შენარჩუნებაში.

მაგალითად, 2021 წელს, საგარეო სამინისტრო იუწყებოდა, რომ რეზოლუციაში შესულია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების უკანონო დაკავებებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ შეშფოთებები და დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ამ რეზოლუციის შემთხვევაში, „ბათუმელებმა“ 7 წლის კენჭისყრის ანგარიშები შეისწავლა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ჩინეთმა 6-ჯერ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ერთხელ, 2020 წელს ხმა არ მიუცია.

2023 წლის 4 აპრილის ხმის მიცემის შედეგები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველოს მიერ გატანილ რეზოლუციაზე: „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციის წინააღმდეგ ჩინეთთან ერთად ხმა მისცა ბოლივიამ, კუბამ და ეთიოპიამ

  • როგორ უჭერენ ჩინეთი და საქართველო მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტი 2023 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ამჟამინდელი „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნის, პეკინში ვიზიტისა და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.

საინტერესოა, რომ მანამდე ორ თვეზე ცოტა ხნით ადრე, 7 ივნისს, ჩინეთმა კვლავაც თავი შეიკავა ხმის მიცემისგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე  საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის კენჭისყრაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

ხოლო 2023 წლის 4 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს მიერ გატანილი რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კენჭისყრაზე, ხმა საწინააღმდეგოდ დააფიქსირა.

სტრატეგიული შეთანხმების დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი ქართველი ექსპერტების ნაწილმა, გამოქვეყნებიდან მალევე შეაფასა მხარეთა შორის შესაძლო უთანასწორობად.

დოკუმენტის პირველივე პუნქტში ვკითხულობთ:

„ორივე მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ერთგულად მიჰყვება ერთი ჩინეთის პრინციპს“. 

ტაივანთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპი“. პირველი არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელზე ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ექნებათ მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და არა ჩინეთის რესპუბლიკასთან [ტაივანი]. თუმცა ის არ მოიაზრებს ან განსაზღვრავს ტაივანის სტატუსს და ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ეკონომიკური, სავაჭრო თუ სხვა ტიპის ურთიერთობები დაამყარონ ტაივანთან. ასევე არ ზღუდავს ტაივანური პასპორტის სამოგზაურო დანიშნულებას.

„ერთი ჩინეთის პრინციპი“ კი ტაივანის ჩინეთის ნაწილად აღიარებას გულისხმობს. ჩინეთთან შეთანხმებისა და პარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანა აცხადებს, რომ მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პრინციპს“, თუმცა ეს არაა ისეთი გლობალური საერთაშორისო შეთანხმება, როგორც „ერთი ჩინეთის პოლიტიკა.“

საქართველო ხაზგასმით აღნიშნავს „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მყარ და ერთგულ მიმხრობას.

მეტიც, საქართველო ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც ტაივანის პასპორტს სამოგზაურო დოკუმენტად არ აღიარებს. ტაივანელები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც კი ახერხებენ მოგზაურობას, მაგრამ საქართველოში ვერა.

განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ მაგალითად კვიპროსში ბიომეტრიული ტაივანური პასპორტის მფლობელები უვიზოდ მოგზაურობენ და ქვეყანაში შეუძლიათ 90 დღე უვიზოდ გაატარონ. კვიპროსის მაგალითი საინტერესოა იმიტომ, რომ მან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს 2021 წელს მოაწერა ხელი და იქაც აღნიშნულია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა:

„ორივე მხარე თანხმდება, პატივი სცეს ერთმანეთის არჩევანს განვითარების გზებსა და პოლიტიკაში, მათი ეროვნული პირობებიდან გამომდინარე და გააგრძელონ ურთიერთდახმარება ძირითად ინტერესებსა და ძირითად ინტერესებთან დაკავშირებით. კვიპროსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ. ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს კვიპროსს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში და მხარს დაუჭერს კვიპროსის საკითხის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი რეზოლუციების ფარგლებში. ორივე ქვეყანა ხაზს უსვამს ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და საზღვაო უფლებების პატივისცემის აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის შესაბამისად”. 

კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მიუხედავად საქართველოს ყოვლად გამორჩეული ძალისხმევისა – ტაივანის პასპორტიც კი არ აღიაროს, ჩინეთი ბევრად დეტალურად და ცხადად აღნიშნავს თავის მხარდაჭერას კვიპროსის სუვერენიტეტისადმი, საქართველოს შემთხვევაში კი იგი პარტნიორს სავარაუდოდ „ყველა ქვეყანაში“ მოიაზრებს.

საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირები აპელირებენ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განხილვისას, ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მის მნიშვნელობაზე აქცენტირება, ისევ როგორც ჩინეთის ავტორიტარულ სახელმწიფოდ მოხსენიება, „ანტიჩინური კამპანიაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

თუმცა მონაცემები, რომლებიც ამ სტატიაში მიმოვიხილეთ აჩვენებს, რომ ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი არათუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერას არ ირჩევდა, როდესაც რუსეთის ინტერესები იდგა მეორე მხარეს, არამედ რიგ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას.

ამას ისიც ემატება, რომ 2023 წლის 21 აპრილს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაიემ ფრანგულ არხთან სატელევიზიო ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი, რაზეც თბილისმა დუმილი არჩია. ლუ შაიემ ყირიმთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად თქვა:

„ამ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნის სტატუსის დაკონკრეტებაზე“.

მართალია, ჩინეთმა 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს, მაგრამ მან ამ მარტივი წინადადების სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტში ჩაწერაც კი არ ჩათვალა საჭიროდ; ერთობლივ პრესკონფერენციაზეც კი ეს სიტყვები მხოლოდ საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა სამადლობელ კონტექსტში, სი ძინპინს კი თავის მხრივ არ უარუყვია.

გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია 10-24 სექტემბერს, ნიუ იორკში გაიმართება.

____

ამავე თემაზე:

რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: