„სუს-ი თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას“ – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

სუს-ი 2023 წლის ანგარიშში თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავების გარდა – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა დღეს, 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის წინ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში კვლავ შაბლონური და უკიდურესად ზოგადია. დოკუმენტის უკიდურესად მწირი, კონკრეტიკისგან დაცლილი შინაარსი, საზოგადოებას ვერ შეუქმნის რეალურ წარმოდგენას სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს კი ვერ მიაწვდის იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც ამ უკანასკნელს სუს-ზე დემოკრატიული საპარლამენტო კონტროლისთვის სჭირდება“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც აღნიშნულია, რომ სუს-ის დოკუმენტი შემოიფარგლება ისეთი ზოგადი ფრაზებით, როგორებიცაა: „სხვადასხვა შიდა და გარე აქტორები“, „უცხო ქვეყნების ცალკეული დესტრუქციული ძალები“, გატარდა „სათანადო“ ან „კომპლექსური“ ღონისძიებები.

„ანგარიშის მიხედვით, „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა გარე და შიდა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს.“ თუმცა, სხვა კონკრეტული ინფორმაცია ანგარიშში მოცემული არ არის.

2023 წლის საქმიანობის ანგარიში ფაქტობრივად იმეორებს 2022 წლის ანგარიშის ძირითად საკითხებს. ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. თუმცა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარია მხოლოდ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.

ანგარიშის სხვა ნაწილებში: „დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“ „ე.წ. რბილ ძალა და ფარული ოპერაციები“, „კიბერუსაფრთხოება“ და სხვა, რუსეთის ფედერაცია საფრთხის წყაროდ არ არის დასახელებული.

ამ შემთხვევებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ისეთ ზოგად ტერმინს, როგორიცაა „უცხო ქვეყანა“. ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იგულისხმება, თუმცა სუს-ი ანგარიშში თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას (ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავების გარდა).

მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების შემთხვევები და მიღებულ იქნა ზომები, სანქციებისთვის თავის არიდების პროცესში, ქართული კომპანიების შესაძლო ჩართვის აღსაკვეთად“ – წერს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სუს-ის ანგარიშის ანალიზი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ უწყების რესურსი არარაციონალურად იხარჯება და მისი ინტერესი მიპყრობილია არა რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციისაკენ.

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“.

პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს.

ახლა კი, რეგისტრაცია ცხადდება დამატებით 350-მდე მონაწილის მომზადებასა და გადამზადებისთვის. კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება, iOS Development, DevOps, Python, React, Blockchain – ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლაც პროექტის ფარგლებში 18 წელს ზევით ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. კურსები განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით.

10-დან 26 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს, სრულად დაფინანსებულ, შემდეგ პროგრამებზე:

  1. DevOps
  2. Blockchain
  3. კიბერუსაფრთხოება
  4. ინფორმაციული უსაფრთხოება

24 ივნისიდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ მიმართულებებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django); სადაც სწავლა 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით 3-6 თვემდეა და სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერება, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. პროგრამები სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს, რაც მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება და ხელს უწყობს დასაქმებაში.

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის ტექნოლოგიების სფეროში. ეს არის შანსი შეიძინო ახალი ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 521 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 7 911 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 15 187 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 13 736 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 099 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 844 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 042 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 280 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 736 ერთეული [+60]
  • სპეცტექნიკა – 2 290 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 620 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 319 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 335 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 372 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 486 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-მ გააუქმა „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად მეტლახი დააგეს და დაფარეს უსინათლოთა ბილიკიც | ფოტოამბავი

ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოღობეს. აქ კაფე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ჩანს, ახლა მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. ტროტუარზე კაფესთვის ადგილის მოწყობის სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად აქ მეტლახს აგებენ, კონსტრუქცია კი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკზე დგას.

ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქალაქი, სადაც უსინათლოთა ბილიკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ფულს ხარჯავენ, შემდეგ კი ამ ბილიკზე რკინისა და შუშის კონსტრუქციის დადგმის შესაძლებლობას აძლევენ მას, ვისაც  უსინათლოთა უსაფრთხოდ გადაადგილება არ ადარდებს.

ამ ფოტოზე ჩანს, სად მიგიყვანთ უსინათლოთა ბილიკი
აქ უფრო ახლოდან ნახავთ, სად წყდება უსინათლოთა ბილიკი – ფაქტობრივად აქ გადაადგილება უსინათლოსთვის ორმაგად სახიფათო შეიძლება იყოს
კაფე

ბათუმის ურბანული პოლიტიკა და მიტაცებული საჯარო სივრცეები დიდი ხანია საზოგადოების კრიტიკის საგანია, თუმცა არაფერი იცვლება. მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბათუმს კი ჯერ ისევ არ აქვს უკვე მრავალჯერ დაპირებული გენგეგმა.

გიორგი მიქაუტაძემ „მონაკო“ აირჩია – L’ÉQUIPE

ფრანგული სპორტული გამოცემა L’ÉQUIPE წერს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ „მონაკოში“ თამაში სურს. L’ÉQUIPE -ის ცნობით, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა და კონტრაქტსაც მალე მოეწერება ხელი.

როგორც არაერთგზის გავრცელდა მედიაში, მონაკოს გარდა მიქაუტაძის ტრანსფერს ასევე განიხილავდნენ ფრანგული კლუბები: „ლიონი“, „რენი“, „ლანსი“ და „მარსელი“, თუმცა მიქაუტაძემ, როგორც ჩანს, „მონაკოს“ მიანიჭა უპირატესობა.
როგორც ცნობილია, „მეცმა“ ქართველი ფორვარდი „აიაქსიდან“ სულ რამდენიმე დღის წინ გამოისყიდა. ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, კლუბმა ამსტერდამის „აიაქსს“ დაახლოებით 13 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა, უკვე დიდი ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი „მეცსაც“ დატოვებდა, საფრანგეთის მიმდინარე წლის გათამაშების დასრულების შემდეგ გიორგის ფანკლუბიც კი დაემშვიდობა.
ფრანგული მედიის ცნობით, „მონაკო“ უკვე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს და ტრანსფერის განსახორციელებლად მინიმუმ 20 მილიონი ევრო იქნება საჭირო.

„ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ცეხავიკები“, ვიდრე ქვეყნის თავდაცვა – თინა ხიდაშელი ვაზიანზე

„ვაზიანს აქვს რამდენიმე ფუნდამენტურად განმასხვავებელი ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა. ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა.

თინა ხიდაშელს „ბათუმელები“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც ვაზიანში ახალი აეროპორტი უნდა მოეწყოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რას ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ბაზისთვის ხელის ხლება.

  • ქალბატონო თინა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლება ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს და საფრთხე ექმნება იქ განთავსებულ სამხედრო ბაზას? 

ბუნებრივია, ეს საკითხში პირდაპირ კავშირშია იმ პროცესთან, რაც მიდის ქვეყანაში: ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ანტინატოური. არ ვიცი, ეს გადატანაა თუ გაუქმება, მაგრამ ფაქტია, რომ ხელის ხლებაა, რაც არის ერთიანი, ანტიდასავლური ოპერაციის ნაწილი.

ჯერ ერთი, ვინ დაგვისაბუთა, რომ ახალი აეროპორტი გვჭირდება, თავი რომ დავანებოთ საერთოდ იმას, თუ სად შენდება. რამე კვლევა, მონაცემები გამოქვეყნდა? როგორც აეროპორტის ხშირი მომხმარებელი, მეც ვამბობ, რომ აეროპორტი არ არის საკმარისი, მაგრამ რით დადასტურდა, რომ არსებული აეროპორტის გაფართოება შეუძლებელია?

გარედან როცა ვუყურებ, პრაღის აეროპორტი, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ტურისტულად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია, თავისი სიგრძით ამხელა საერთოდ არ არის, რა ტერიტორიაც ჩვენ გვაქვს ახალ ტერმინალსა და VIP ტერმინალს შორის.

უზარმაზარი ტერიტორიაა დღევანდელ აეროპორტს და სამთავრობოს შორის, მათ შორის ძველი აეროპორტია, რომელიც არ ფუნქციონირებს. მე არაპროფესიონალი ვარ და არ მაქვს პრეტენზია, რომ რასაც ამ თემაზე ვამბობ, სწორია, მაგრამ მთავრობამ უნდა დამისაბუთოს, ამის და ამის გამო ასეა საჭიროო.

  • ეს ფაქტორიც ერთ-ერთია მათ შორის, რაც აჩენს ეჭვს იმაზე, რომ შესაძლოა, რეალური მიზანი იყოს არა ახალი აეროპორტის აშენება, არამედ ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება? 

ვფიქრობ, რომ მთელი ეს მოძრაობები მიდის ნეიტრალიტეტამდე. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების გეგმა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით არის ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რაც სრული აბსურდია და თუ ვინმეს სჭირდება კიდევ ამის ახსნა, არ ვიცი.

შესაბამისად, საქართველო თვისობრივად სხვა სისტემაზე უნდა გადაეწყოს და ისინიც ფიქრობენ: რა საჭიროა ამხელა ტერიტორია თბილისის მიმდებარედ ასე ცდებოდეს, როცა შესაძლებელია რომელიმე ქოცმა დეპუტატმა იქ კორპუსები ჩადგას და რაღაც ტერიტორიაზე აეროპორტიც აშენდება? ვუტრირებ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სრულიად იგნორირებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ინტერესები.

ვაზიანს აქვს ფუნდამენტურად განმასხვავებელი რამდენიმე ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა.

ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანაა ხელისუფლებამ გვითხრას, როგორ დაიცავს თბილისს, თუ ვაზიანიდან ბაზა მიდის, ან სად არის თბილისის გარშემო იმ მასშტაბის ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ჩანაცვლება?

მეორე ფაქტორი, რის გამოც რთულია ამ ბაზის გადატანა, არის ის, რომ იქამდე ინფრასტრუქტურულად სამივე საკვანძო სატრანსპორტო ქსელი მიდის: სამანქანე გზა, რკინიგზა, თვითმფრინავი.

მესამე ფაქტორია ის ფინანსური რესურსი, რაც 35 წლის განმავლობაში ჩაიდო ვაზიანში. ვაზიანი არის ყველაზე უფრო დახუნძლული ტერიტორია სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. თუ რამე სამხედრო დახმარება მიუღია საქართველოს ორმხრივ თუ საერთაშორისო ფორმატში, მისი ორი-მესამედი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩადებულია ვაზიანში, მის უსაფრთხოებაში, გაძლიერებაში.

ვაზიანში ნატოს წევრი ქვეყნის შესაბამისი სამხედრო ბაზა გვაქვს. ამხელა ფინანსური რესურსი, რაც ამდენი წელი ვაზიანში იხარჯებოდა, საიდან უნდა მოვიდეს? ვთქვათ, იპოვეს ადგილი, სადაც ბაზას გადაიტანენ და ყველა სატრანსპორტო კვანძია, ეს ფული საიდან უნდა მოვიტანოთ? აქ ლაპარაკია მილიარდებზე. ამ ფინანსურს რესურსსაც ნაგავში ვყრით, თუ იქიდან ბაზას გადავიტანთ.

და ბოლოს: თავის დროზე, როცა მე „ჯეიტეკი“ გავაკეთე და გავხსენი ერთადერთი ნატოს ცენტრი საქართველოში, მისი მთელი კონკურენტული უპირატესობა იყო ზუსტად ვაზიანის რესურსები და შესაძლებლობები. ეს გახდა მიზეზი, რის გამო საქართველო შეირჩა ამისთვის.

  • კომბინირებული აეროპორტის ვერსიაც გაახმოვანა ხელისუფლებამ, თუმცა, მაგალითად, გენშტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე გამორიცხავს პოლიგონის სიახლოვეს სამოქალაქო აეროპორტის არსებობას…

დიახ. არ არსებობს არცერთი სამხედრო, რომელიც ამ საკითხში დაეთანხმება ხელისუფლებას. ასეთი რამ არ არსებობს. სამოქალაქო ავიაცია არის პრინციპულად სხვა რამ. მაგალითად, ქართულ-ამერიკული წვრთნები როცა ტარდება, ტრადიციულად ივლისში, ამ დროს რა უნდა ქნა, გააუქმებენ სამოქალაქო ფრენებს, თუ იტყვიან, რომ ბათუმის აეროპორტით ისარგებლებენ ერთი თვე?!

ეს განაცხადი აბსურდია ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია და შეიარაღებული ძალები და აქტიური სამხედრო კონტინგენტი მუდმივი წვრთნის რეჟიმშია.

  • ხელისუფლების მიდგომაა პრობლემა, თუ იკვეთება რუსეთის დავალებაც? 

ყველაფერი ერთად. ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ ქვეყანაში, თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი თემა.

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, ივანიშვილი მზად იყო დაეთმო ნებისმიერი სამინისტრო, შსს-ს გარდა. ყველა სამინისტრო მაშინ მეტ-ნაკლებად პროფესიონალებს ჩაბარდა, შსს-ს გარდა, სადაც თავისი ყურმოჭრილი მონა, წერა-კითხვის უცოდინარი დანიშნა მინისტრად, თავდაცვა კი ჩააბარა კოალიციურ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე მეტად არ ენდობოდა.

თავდაცვისუნარიანობა მათთვის არის ნულოვანი მნიშვნელობის საკითხი. მათთვის მნიშვნელოვანია ძმაკაცი იყოს კარგად, „ცეხავიკები“, რომლებიც გარშემო ახვევიათ, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხი. 

მაშინ განსხვავებული რეალობა იყო და ის ვერ გაბედავდა იმის 10%-ს, რასაც ახლა ბედავენ დასავლეთთან. გიორგი კვირიკაშვილის პერიოდი იყო პრინციპულად განსხვავებული, ხოლო ის, რაც ღარიბაშვილისგან 2 წლის წინ მოვისმინეთ, რომ უკრაინაში ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ ნატო არ გაჩერდა, გაფართოების გეგმებზე უარი არ თქვაო, არის ნათელი გზავნილი მოსკოვისთვის.

საქართველოს ხელისუფლებას ხომ ისედაც უკვე უარი აქვს ნათქვამი ნატოზე. ჩემი ორგანიზაციის ოფისშია ნატოს დროშა და უცხოელ სტუმრებს, ელჩებს, უკვირთ, მგონი, საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნატოს დროშა ჰკიდიაო.

ევროკავშირთან რაღაც პერიოდი როცა თაფლობისთვე ჰქონდა „ოცნებას“, მაშინ ეს ნატოზეც ვრცელდებოდა. როგორ კი გიორგი კვირიკაშვილი წავიდა „ქართული ოცნებიდან“, ნატოსთან ურთიერთობის ფურცელი დახურა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ის იმ ნარჩენებს ებრძვის, რომელიც ისევ ფეთქავს.

  • რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? 

ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პირდაპირ განწირული ვყავართ რუსული ორღობისთვის.

მითი არსებობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ყველაზე კარგად ვიყავით. სახელმწიფოებრივ ღირსებას რომ დავკარგავთ და საერთო შესაძლოა სახელმწიფოებრიობაც დავკარგოთ, ეს უკვე შემდეგი ეტაპია.

  • საუბრის დასაწყისში ამბობდით, რომ ვაზიანის ბაზისთვის ხელის ხლება ერთიანი პროცესის ნაწილია, ანტინატოს პროცესის, მათ შორის. რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი?

თუ „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში 4 წლით, ეს იქნება დიდი, ახალი ერის დასაწყისი საქართველოსთვის – უძრაობის, პროვინციული დიქტატურის. ეს არ იქნება პუტინის რუსეთი, მაგრამ იქნება მცდელობა ლუკაშენკოს ბელარუსის შექმნის, ან ყირგიზეთის.

თავიდან ალბათ მასობრივი დაჭერები და პატიმრობები არ გვექნება. ივანიშვილი შეეცდება, რომ უბრალოდ გათავისუფლდეს ყველა ჩვენგანისგან, ვინც განსხვავებული აზრის ვართ და ვისშიც ის საფრთხეს ხედავს. ის გზას გაგვიხსნის, რომ დავტოვოთ ქვეყანა, როგორც თავის დროზე პუტინმა არ შეუქმნა პრობლემა დისიდენტებს, დაეტოვებინათ ქვეყანა.

ვინც გაუძალიანდება და ქვეყანაში დარჩება, მის მიმართ უკვე ძალიან რეპრესიული იქნება რეჟიმი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ მან ეს არჩევნები მოიგო, ეს ძალიან გრძელვადიანი ომი იქნება.

ის ცდილობს, რომ გაიფორმოს არჩევნები. ის არ ცდილობს მოგებას, რადგან იცის, რომ ამის შანსი მას არ აქვს.

  • რას ნიშნავს ამავდროულად „ქართული ოცნების“ პოზიციონირება, რომ თითქოს ევროინტეგრაცია ისევ სურს, ასევე ნატოსთან დაახლოება? უკრაინის აღდგენის კონფერენციაზეც დღეს ირაკლი კობახიძე ამბობდა, უკრაინას მხარს ვუჭერთ ყველა პლატფორმაზეო…

ეს არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ისევ დასავლურ გზაზე ვდგავართ და ვექტორი არ შეგვიცვლია.

დანარჩენს რას ვაკეთებთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც განსაზღვრავს, სინამდვილეში სად არის საქართველოს ხელისუფლება. რას ვამბობთ, რას ვაკეთებთ? აქამდე იყო ლაპარაკი, რომ „კაი, ჰო, ვიღაც უზრდელია“, დღეს ეს ასე არ არის – 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, რომ დიქტატურას ამყარებს, დავრჩებით ხელისუფლებაში და ყველას დავიჭერთ, გავანადგურებთო. ეს აღარ არის ის მომენტი, რომ აი, ვიღაც ზარქუამ სადღაც რაღაც ილაპარაკა.

ძალიან მალე, 27-ში გაფორმდება ტრიოს დაშლა, როცა ევროკავშირი გაუხსნის მოლაპარაკების ფანჯარას გაწევრიანებაზე უკრაინას და მოლდოვას. თუ აქამდე მაჩანჩალა მაინც ვიყავით, სამწუხაროდ, ამჯერად აღმოჩნდება, რომ ჩავრჩით ამ პოლიტიკურ პროცესში.

კანდიდატის სტატუსის მიღება არის სიმბოლური პოლიტიკური აქტი. მას არა აქვს დაუყოვნებლივი სამართლებრივი შედეგი. ეს ადასტურებს, რომ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს და შენ აუცილებლად გახდები ოდესმე ევროკავშირის წევრი. მოლაპარაკებების გახსნა კი პროცედურულ-სამართლებრივი საკითხია კონკრეტულ სექტორებთან ჩაშლილი პროგრამებად და პროექტებად.

საბედნიეროდ, ევროპარლამენტის არჩევნები ჯამურად კარგად დამთავრდა. რა თქმა უნდა, კატასტროფაა ის, რაც გერმანიასა და საფრანგეთში მოხდა, მაგრამ კონფიგურაცია არ შეიცვალა და კომისია არ იქნება ევროსკეპტიკოსებით დაკომპლექტებული. „ქართული ოცნება“ ვისაც გულშემატკივრობდა ამ არჩევნებში, იმ ხალხს ევროკავშირის გაფართოება არ უნდა, მათი დღის წესრიგია ის, რომ ევროკავშირი არ უნდა გაფართოვდეს. გამოდის, 4 წელი შანსი კიდევ დაგვემატა.

  • რა შანსია ეს საქართველოსთვის? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროკავშირის ჩართულობამ, ასევე სანქციებმა? 

ამ ეტაპზე არავის აღარაფერი შეუძლია. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი თალხი გადააფარა ამ ქვეყანას და თქვა, რომ არავის აზრი არ აინტერესებს, არავის რეკომენდაციას არ მოუსმენს, ეს აკვიატებული სუვერენიტეტის იდეა სინამდვილეში ნიშნავს იზოლაციონიზმს მათივე ინტერპრეტაციით. საქართველო იმ ტიპის სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, რომელიც აქვს რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთიც სუვერენული სახელმწიფოა, ირანიც სუვერენულია.

  • რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომ არ აღმოვჩნდეთ რუსულ ორბიტაზე? 

იმ ფონზე, როდესაც მათ აღვირახსნილობას არაფერი აღარ უქმნის წინააღმდეგობას, ერთადერთი შემაკავებელი რჩება: ქართველი ამომრჩეველი.

ქართველმა ამომრჩეველმა სახელოვნად უნდა დასაჯოს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დასჯის ქვეყანას, თანაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

ამ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ყოველთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამ პირობებშიც კი „ქართული ოცნების“ დამარცხება შესაძლებლად მიმაჩნია, ამის ბევრი მიზეზი არსებობს: ამ ქვეყნის გამოცდილება და პოტენციალი – ჩვენ დღემდე ვამტკიცებთ, რომ ეს ქვეყანა არ არის დიქტატურას შემგუებელი.

ივანიშვილმა თავისი საქმე გააკეთა: 29 აპრილს ღიად და გულწრფელად გვითხრა, დიქტატურას ვამყარებო. ახლა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს და ამ ნათქვამზე დააშენოს რწმენა, რომ ამომრჩეველს შეუძლია 29 აპრილს დახატული ეს რეალობა არ შედგეს.

ამავე თემაზე: „ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე

როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება.

ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე.

ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა.

პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ გამწმენდი ნაგებობის გაფართოებისთვის სამშენებლო ადგილის, ასევე, დაგეგმილი სატუმბი სადგურებისა და ახალი საკანალიზაციო ქსელის განთავსების ტერიტორიების მომზადებას.

ანგარიშის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო ქსელი განთავსდება საავტომობილო გზებისა და ტროტუარების გასწვრივ. მშენებლობისთვის კი, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2 წელი.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამ ანგარიშის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრება თუ რა კვლევებია საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის მომზადებისთვის, ასევე განისაზღვრება შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. დასკვნის გათვალისწინება კი სავალდებულოა გზშ-ის ანგარიშის მომზადებისას.

  • ადლიის გამწმენდი ნაგებობა

სკოპინგის ანგარიშიდან:

„არსებული გამწმენდი ნაგებობა, 2009 წლის პროექტის მიხედვით, განთავსდა 1977 წელს აშენებული გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე, რომელიც საჭიროებდა რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, ტერიტორია იძლეოდა სამომავლოდ გაფართოების საშუალებას.

არსებული გამწმენდი ნაგებობა დაპროექტდა 200 000 მოსახლეობის ეკვივალენტზე და მისი გაფართოება იგეგმებოდა 2028 წლიდან, თუმცა, ფაქტობრივი მონაცემებით, ბათუმში და მის შემოგარენში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება 2009 წლის გზშ-ის ანგარიშში გაკეთებულ პროგნოზს.

გარდა ამისა, 2011 წელს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების დროს, ბათუმის მუნიციპალიტეტში გაერთიანდა ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან ხუთი ადმინისტრაციული ერთეული, რამაც ასევე გამოიწვია ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 30 000 მოსახლით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი 2007 წლიდან სარგებლობს KfW საინვესტიციო პროგრამით, „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია I-IV ფაზა“, რომლის ფარგლებში ინვესტიციები ფოკუსირებული იყო კანალიზაციის სისტემის, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ქალაქის იმ ტერიტორიებზე, რომელიც 2011 წლამდე იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში.

ფაქტობრივი მონაცემებით, ბათუმში და მის შემოგარენში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება 2009 წელს გაკეთებულ პროგნოზს და შეადგენს დაახლოებით 275 000 ადამიანს [ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით].

ახალი კვლევის მიხედვით, ბათუმში მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზი 2040 წლისთვის 352 000 სულ მოსახლეს მიაღწევს, საკურორტო სეზონის დატვირთვის გათვალისწინებით კი – 414 000 სულს.

ზემოთ ჩამოთვლილმა გარემოებებმა და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოების გადაუდებელი საჭიროება.

გამწმენდი ნაგებობის გაფართოების პროექტი ითვალისწინებს როგორც გამწმენდი ნაგებობის სიმძლავრის გაზრდას, ასევე აზოტისა და ფოსფორის მოცილების პროცესის გაძლიერებას, რათა გაწმენდილმა წყლის ხარისხმა სრულად დააკმაყოფილოს, როგორც ეროვნული ისე ევროკავშირის შესაბამისი დირექტივა.“

ამავე ანგარიშის მიხედვით, იმისთვის, რომ გამწმენდმა ნაგებობამ უზრუნველყოს 2040 წლისთვის მოსალოდნელი დატვირთვის მომსახურება, წინასწარი გაანგარიშებით დამატებითი საჭირო იქნება შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობა:

  • გამცხრილავი – 4 ერთეული
  • ქვიშის დამჭერი – 4 ერთეული
  • პირველადი დალექვის სალექარი – 6 ერთეული
  • დენიტრიფიკაციის აუზები – 12 ერთეული
  • შუალედური დალექვის სალექარები – 34 ერთეული
  • წვეთოვანი ფილტრები – 11 ერთეული
  • საბოლოო დალექვის სალექარი – 4 ერთეული
  • მეზოფილური ლამის დაიჯესტერი – 4 ერთეული
  • აირის დამჭერი – 2 ერთეული
  • თბოელექტროცენტრალი (CHP) – 2 ერთეული
გამწმენდი ნაგებობის თავდაპირველი და საბოლოო განლაგების სქემა/ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

დოკუმენტის მიხედვით, „გამწმენდის გაფართოების პროექტისთვის შერჩეული დაახლოებით 5 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც აღმოსავლეთით ესაზღვრება არსებულ გამწმენდ ნაგებობას.

ტერიტორიაზე უსისტემოდ არის განთავსებული სამშენებლო ნარჩენები. ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოდგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მხოლოდ ერთ ნაკვეთზე ფიქსირდება კერძო საკუთრება“.

  • კანალიზაციის სატუმბი სადგურები შემოერთებულ ტერიტორიაზე

პროექტი ასევე ითვალისწინებს სატუმბი [სატუმბი მაგისტრალური მილსადენები და სატუმბი სადგურები] და მხოლოდ პირველადი თვითდენითი კოლექტორების სისტემების მოწყობას აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აეროპორტისა და ინდუსტრიული ადმინისტრაციული ერთეულები წარმოადგენს ბათუმის მომავალი გაფართოების ზონებს, ხოლო კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული არის მთიანი ტერიტორია, სადაც არ არის მკაფიო დასახლების სტრუქტურა, განლაგებულია ცალკეული სახლები და მხოლოდ იშვიათად დასახლებული ტერიტორიაა.

შესაბამისად, კახაბერის ადმინისტრაციული ერთეული განიხილება უფრო დაბალ პრიორიტეტად, გარდა მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა [ყოფილი მთისძირის ქუჩა], რომელიც განაშენიანების მხრივ საკმაოდ აქტიური ტერიტორიაა, ინტენსიურად მიმდინარეობს სახლების და სასტუმროების შენება და ხდება ერთგვარი ზემო ქალაქის საცხოვრებელი ზონა.

აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბერის ადმინისტრაციული ერთეულები განიხილება როგორც ერთი ტერიტორია, რომელიც ტოპოგრაფიულად შეიძლება დაიყოს წყალშემკრებ ზონებად:

ზემოთ აღნიშნული ზონების და დაგეგმილი საკანალიზაციო ქსელის [სატუმბი სადგურები და საკანალიზაციო კოლექტორი] განლაგების სქემა / სკოპინგის ანგარიშიდან
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალშემკრებ ზონებად დაყოფა განპირობებულია არსებული რელიეფის თავისებურებით:

„ასე მაგალითად, მდინარე მეჯინისწყალი და დიდი ზომის სანიაღვრე არხები წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებას თვითდინებითი კოლექტორების მოსაწყობად [გადაკვეთის დროს], რის შედეგადაც კონკრეტული წყალშემკრები ზონებიდან თვითდინებითი საკანალიზაციო სისტემის საშუალებით შეგროვილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება ხორციელდება სატუმბ სადგურებში, საიდანაც ხდება მიღებული მასების გადატუმბვა ადლიის გამწმენდ ნაგებობამდე შემდგომი გაწმენდის მიზნით“.

თითოეული წყალშემკრები ზონის შემთხვევაში გათვალისწინებულია საწნეო მილსადენების, ძირითადი კოლექტორებისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, რომელთა ჯამური სიგრძე დაახლოებით 38 კილომეტრი იქნება.

„დაგეგმილია ჯამში ოთხი ერთეული მცირე ზომის სატუმბი სადგურის მოწყობა, რომელიც მოემსახურება კონკრეტულ წყალშემკრებ ზონას ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. თითოეული მათგანი მუშაობს ავტომატურ რეჟიმში და მექანიკურ ჩარევას საჭიროებს მხოლოდ მანქანა-დანადგარების მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს.

თითოეული სატუმბი სადგური აღჭურვილი იქნება შესაბამისი გამცხრილავითა და ელევატორით, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობს შემოსული გაბარიტული ნარჩენების მოშორება და ხრახნიანი პრესის საშუალებით სანაგვე ურნაში შეგროვება, რისი გატანაც პერიოდულად მოხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, ოპერატორ კომპანიასთან [შპს „სანდასუფთავება“] დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში“ – წერია სკოპინგის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. გაწმენდილი ჩამდინარე წყლები ორგანიზებულად გაყვანილი და ჩაშვებული იქნება მდინარე ჭოროხში [ღია სანიაღვრე არხის მეშვეობით] და შავ ზღვაში [სიღრმისეული ჩაშვებით].

აღნიშნული ჩამდინარე წყლების გაწმენდა მოხდება ევროკავშირის და ეროვნული ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ ნორმებამდე. გზშ-ს ეტაპზე შემუშავდება და სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნება ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების [ზდჩ-ს] ნორმების პროექტი“.

ნიშანდობლივია, რომ „საპროექტო ტერიტორია არ ხვდება, საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრებში. დაახლოებით 8 კმ-ით არის დაშორებული მტირალას ეროვნული პარკიდან, თუმცა, უშუალოდ ადლიის გამწმენდი ნაგებობის ტერიტორია სრულად არის მოქცეული ზურმუხტის ქსელის მიღებული საიტის „ჭოროხის დელტა GE0000054“-ის და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან ტერიტორია „Batumi 1“-ის ფარგლებში“.

  • სუნი გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე

ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოქალაქეები ხშირად უჩივიან სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს. ტერიტორიასთან, სადაც ბოლო წლებში საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა ფუნქციონირებს, ახლოსაა ბათუმის ნაგავსაყრელიც.

უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ ნაგავსაყრელი სახელდებოდა, თუმცა შპს „ბათუმის წყალმა“ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ გამწმენდ ნაგებობასთან ასევე იყო გოგირდ-წყალბადის სუნიც და აპირებდა მის გაუნებელყოფას.

თუმცა, „ბათუმის წყალში“ მაშინ ისიც გვითხრეს, რომ ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე კვარტალურად ატარებენ სუნის ლაბორატორიულ შემოწმებას და „ამ შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ სუნი გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დასაშვებ ნორმაშია და არ სცილდება დადგენილ ზღვრებს.“

რა იქნება გამწმენდი ნაგებობის გაფართოების შემდეგ.

სკოპინგის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ „როგორც წესი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაცია უსიამოვნო სუნის გავრცელებას უკავშირდება. სუნის გავრცელების მთავარი წყარო კი არის სკრინინგი და სალამე მოედნები, სადაც წარიმართება ლამის გამოშრობა და აერობული სტაბილიზაცია. ასევე სუნის გავრცელება მოსალოდნელია სხვა სტრუქტურული ობიექტებიდან“.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტში იქვე ხაზგასმულია, რომ „მოქმედი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის ეტაპზე, უსიამოვნო სუნი შეინიშნება მხოლოდ გამწმენდი ნაგებობის რამდენიმე უბანზე და სუნის გავრცელებას ადგილი არა აქვს ტერიტორიის გარეთ.

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრუ­­­ლად დასაშვები გაფრქვევის [ზდგ] ნორმების პროექტის შემუშავების ეტაპზე, გაანგარიშებული იქნება უსიამოვნო სუნის მქონე დამაბინძურებლების მოსალოდნელი რაოდენობა და გაბნევების ინტენსივობა.

გარდა ამისა, უსიამოვნო სუნის გავრცელების რისკების შემცირებისთვის გატარდება სათანადო ღონისძიებები, განსაკუთრებით სალამე მოედნების ოპერირების პროცესში, კერძოდ:

• არასასიამოვნო სუნის გავრცელების პრევენციის მიზნით დამყარდება სისტემატური კონტროლი ნაგებობის გამართულ მუშაობაზე;
• ჩამდინარე წყლების მიმღები კამერები რეგულარულად გაიწმინდება ლამისგან;
• წვეთოვანი ფილტრები რეგულარულად გასუფთავდება და მოხდება მათი პერიოდული ტექმომსახურება;
• ლამის საშრობ მოედნებზე დასაწყობება მოხდეს მაქსიმალურად სქელი ფენით [თუმცა საპროექტო პარამეტრების ზედმიწევნით დაცვის პირობით] და ამით მინიმუმამდე შემცირდება ლამის ზედაპირის ფართობი;
• დაცული იქნება საკანალიზაციო ქსელის ოპერირების პირობები. ქსელის (მათ შორის ჭების) გაწმენდა მოხდება რეგულარულად.

ლამის საშრობი მოედანი ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე

წინასწარი შეფასებით, შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო ქსელის ექსპლუატაციის ეტაპზე უსიამოვნო სუნის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება იქნება დაბალი და არ გასცდება გამწმენდის ტერიტორიას.

აქვე ხაზგასასმელია, რომ პროექტის განხორციელება ცალსახად დადებითი შედეგების მომტანი იქნება ამჟამინდელ მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც საკანალიზაციო წყლების არაორგანიზებული მართვის გამო დასახლებაში უსიამოვნო სუნის გავრცელების გაცილებით მაღალი რისკები არსებობს.

გზშ-ს ეტაპზე მოხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის და გაბნევის გაანგარიშება [მათ შორის უსიამოვნო სუნის გამომწვევი ნივთიერებებისთვის], რის საფუძველზეც საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება დამატებითი შერბილების ღონისძიებები.

ცალკე ანგარიშის სახით წარმოდგენილი იქნება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი. ზემოქმედება შეფასდება უახლოესი საცხოვრებელი სახლისთვის.

მავნე ნივთიერებების გამოყოფის და მგრძნობიარე რეცეპტორებისკენ გავრცელების მთავარი პრევენციული ღონისძიებაა გამწმენდი ნაგებობის ოპერირების ტექნიკური პირობების დაცვა, მათ შორის ნარჩენების [ლამი და სხვა] სათანადო მართვა.

წვეთოვანი ფილტრები ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე
  • საჯარო განხილვა

მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო სუნი გამწმენდი ნაგებობიდან, ძირითადად ადლია-აეროპორტის დასახლებაში აწუხებს მოსახლეობას, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნულია ხელვაჩაურის მერიის შენობაში [მისამართი: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №23] 2024 წლის 17 ივნისს, 15:00 საათზე.

საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას უნდა მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რისთვისაც დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს აღნიშნულ ცენტრს [ტელ: +995 322 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ]“.

ბათუმის მერია 32 სტაჟიორს აიყვანს, საკრებულო – ცხრას

ბათუმის მერია 32 სტაჟიორს აიყვანს, საკრებულო კი – ცხრას. ამის შესახებ ბათუმის გაზრდილ ბიუჯეტშია აღნიშნული.

მუნიციპალურ და სამთავრობო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადებას „საარჩევნო კამპანიას“ და „ახალგაზრდების მიმხრობის“ მცდელობას უწოდებს ოპოზიცია.

ბათუმის მერიის განმარტებით, ამ მიმართულებით დაფინანსება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაზარდეს. დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობამ 2023 წლის 15 მაისს გამოსცა.

ეს დადგენილება არეგულირებს საჯარო დაწესებულებებში ფასიანი სტაჟირების გავლის, სახელმწიფო უწყების მიერ სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების, შერჩევისა და ანაზღაურების წესებს.

დამატებით 9 სტაჟიორს აიყვანს ბათუმის საკრებულო. ბიუჯეტში ასევე ვკითხულობთ, რომ საკრებულო შრომითი ხელშეკრულებით ერთ თანამშრომელს დაიმატებს. ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით საკრებულოს პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციალისტი სჭირდება.

ბათუმის მერიაში სტაჟირებასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხეს. აქ გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. სტაჟირების დაფინანსების გრაფაში მერიამ ბიუჯეტში 76 000 ლარი მიუთითა.

წესის შესაბამისად, უწყებაში სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს 3- დან 6 თვემდე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში სტაჟიორებს 400 – 500 ლარს გადაუხდიან.

საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადება მოახლოებულ არჩევნებს და იმ „ახალგაზრდების მიმხრობას ემსახურება“, რომლებიც „ოცნებამ“ ამ დრომდე ვერ დააინტერესა. „ბათუმელები“ ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა, ბათუმის საკრებულოს წევრს „ლელოდან“.

„ნახეს, რომ საკმაოდ ისეთი მესიჯია… ჩვენს პროგრამაში ანაზღაურებადი სტაჟირება იქნება  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება. სხვა პარტიებიც  საუბრობდნენ ამაზე. ბევრი რაღაც გადაწერეს, მათ შორის პენსიებზე, სხვადასხვა პარტიების მესიჯები იყო ამოკრეფილი და სხვადასხვანაირად გაერთიანებული.

მთავარი ამბავი ალბათ არის ის, რომ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელთანაც ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, ეტყვიან, რომ თითქოს გამოცდილებას მისცემენ. არადა მერიაში სტაჟირებით მიღებული გამოცდილება არცერთ დამსაქმებელთან არავის არ გამოადგება. სტაჟირება კი არა, ადამიანებს, რომლებიც წლებია მუშაობენ, პრობლემები აქვთ მაგ მიმართულებით.

ამ სტაჟირების მიზანი უფრო საარჩევნო კამპანიაში ჩართვა იქნება“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

ანაზღაურებადი სტაჟირება 2024 წლის თებერვალში აჭარის განათლების სამინისტრომაც გამოაცხადა.

სამ თვეში 93 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში, მათგან 20 ქვეითი იყო

2024 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 93 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. მათ შორის 20 ქვეითი იყო.

ამავე პერიოდში საქართველოში 1495 ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად – ასეთია საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკა 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მომხდარი ავტოავარიების შესახებ.

სტატისტიკის თანახმად, წელს, პირველი სამი თვის განმავლობაში, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა, რომლის 598 შემთხვევა აღირიცხა. სარკინიგზო გადასასვლელზე წელს, 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით 21 ადამიანი დაიღუპა.

მეორე ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება, რაც 14 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა, მესამეზე კი – შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა.

__________________

ფოტოზე: ავტოსაგზაო შემთხვევა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

აშშ-მ გააუქმა „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადისთვის, „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომელიც „აზოვს“ ადამიანის უფლებების დარღვევასთან აკავშირებს.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ „აზოვისთვის“ ამერიკული იარაღის მიწოდება აშშ-მ დაახლოებით 10 წლის წინ აკრძალა, ამერიკელი ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ „აზოვის პოლკის“ ზოგიერთი დამფუძნებელი რასისტულ, ქსენოფობიურ და ულტრანაციონალისტურ შეხედულებებს გამოხატავდა.

ამიერიდან „აზოვს“ ისეთივე წვდომა ექნება აშშ-ს დახმარებაზე, როგორც უკრაინის არმიის ნებისმიერ დანაყოფს.

„აზოვი“, რომელსაც მოგვიანებით „აზოვის პოლკი“ უწოდეს, 2014 წელს დაარსდა. „აზოვს“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ პოლკს, რომლის ჯარისკაცებიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.

2022 წელს „აზოვის პოლკი“, უკრაინის გენშტაბის ბრძანებამდე დანებების შესახებ, იბრძოდა ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებთან, პოლიციასთან, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან და მარიუპოლის ტერიტორიულ თავდაცვასთან ერთად.

აჭარის ფინანსთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს.

მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ უჩა სურმანიძე დაინიშნა. მთავრობის ინფორმაციით, ის პროფესიით ეკონომისტია მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მამუკა თურმანიძე, აჭარის გზების დეპარტამენტის ყოფილი უკვე ყოფილი ხელმძღვანელი. მამუკა თურმანიძე პროფესიით იურისტია.

ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებსაც. დეპარტამენტი გიორგი ცინარიძეს ჩააბარეს.

გიორგი ცინარიძე. ფოტო: აჭარის მთავრობა

ცოტა ხნის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა სულხან ღლონტმა. „ბათუმელების“ კითხვაზე, მისი წასვლა ხომ არ უკავშირდებოდა რუსულ კანონს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ გვითხრა, რომ არა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, გიორგი სურმანიძემ. თავად სურმანიძე ტელეფონს არ პასუხობს, სამინისტროში კი ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

ახალი მოადგილეები დღეს, 11 ივნისს სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარუდგინა.

_____________________

მთავარ ფოტოზე: მამუკა თურმანიძე, უჩა სურმანიძე და ოთარ დიასამიძე. ფოტო: აჭარის მთავრობა

უკრაინას გადავცემთ „პატრიოტის“ მესამე სისტემას, IRIS-T-სა და გეპარდებს – შოლცი

გერმანიაში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე,  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და კიევს დაჰპირდა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას უახლოეს მომავალში.

ეს იქნება „პატრიოტის“ მესამე სისტემა, რომელსაც გერმანია უკრაინას გადასცემს.

„მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას მივაწვდით „პატრიოტის“ მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ს, „გეპარდებს“, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას“, – შოლცის ციტატას უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს, 11 ივნისს, ბერლინში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემა უკრაინის დახმარებაა.

გერმანიაში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ შოლცთან, გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგში გამოვა სიტყვით.

კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც. 

ბათუმის საკრებულო mail.ru-ს იყენებს – „მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს“

„როცა რუსული mail.ru-ს სერვისიდან უნდა ჩამოტვირთოთ დოკუმენტი, ეს უკვე დამაფიქრებელი და საფრთხის შემცველია. მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს – ნებისმიერი საინტერესო მიმოწერა ღიაა მათთვის. თუ მაინც დააკლიკებთ ამ ბმულს და გადახვალთ, დოკუმენტი შესაძლოა შეიცავდეს „მავნე კოდს“, რომელიც გავრცელდება თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაში, ან მობილურ ტელეფონზე,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ნიკა გაგნიძე, „ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ კიბერუსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრაქტიკაზე ვკითხეთ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებს რუსულ მეილზე ტვირთავს და დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების გაცნობას mail.ru-ს სერვისიდან სთავაზობს.

ბათუმის საკრებულოს ბოლო სხდომის დღის წესრიგს თუ ნახავთ, 4 საკითხზე დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობას საჯარო უწყება იმ შემთხვევაში გთავაზობთ, თუ mail.ru-ს ბმულს გახსნით.

ნიკა გაგნიძე

„ელემენტარული კიბერჰიგიენის მოთხოვნებია, რომ სახელმწიფო უწყებამ თუ კერძო სტრუქტურებმა გამოიყენონ კორპორატიული მეილის სერვისი,“ – გვეუბნება ნიკა გაგნიძე. სპეციალისტი ამ თემაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ რამდენჯერ გახდა საქართველო რუსეთიდან კიბერშეტევის მსხვერპლი, მათ შორის, სახელმწიფო უწყებები.

„მათი მიზანი არის ის, რომ კომპრომეტირება მოახდინონ სამთავრობო საიტების, ინფორმაცია მოიპოვონ და გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. 2008 წელს იყო დიდი კიბერშეტევა, ასევე 2019 წელს, პატარ-პატარა ინციდენტები კი მუდმივად ხდება.

როცა საჯარო უწყება თავისი ნებით იყენებს რუსულ ელექტრონული ფოსტის სერვისს, ის თავის მონაცემებს უზიარებს რუსეთის სახელმწიფოს სპეცსამსახურებს. ის დოკუმენტები, რაც საჯაროა, საჯარო შეიძლება იყოს ყველასთვის, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რაც განკუთვნილია კონკრეტული ადამიანების ჯგუფისთვის, მათზე წვდომა კი, შეიძლება მოიპოვოს მესამე პირმა.

ყველა საჯარო უწყებას აქვს სპეციალურად შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელსაც უშუალოდ მართავს ეს ორგანიზაცია. ამ მეილს უნდა იყენებდნენ. ეს არის კარგი მიდგომა და უსაფრთხოების აუცილებელი პირობა

ამ შემთხვევაში კომუნიკაცია ხდება არასანდო ხელსაწყოს გამოყენებით, რაც რისკია,“ – უთხრა ნიკა გაგნიძემ „ბათუმელებს“.

ბათუმის საკრებულოში mail.ru-ს გამოყენება ბათუმის მერიას გადააბრალეს, ბმულები მერიამ მოგვაწოდაო, თუმცა ვერ განმარტეს, რატომ იყო შეუძლებელი, საკრებულოს  სხვა ელექტრონული ფოსტის სერვისით ესარგებლა.

ბათუმის საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ რუსული ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო მერიას შენიშვნა მისცეს, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს, ვინ ვის მისცა შენიშვნა და რა ფორმით.

ბათუმის მერიაში ამ დრომდე არ გვიპასუხეს, რატომ იყენებენ mail.ru-ს.

ბათუმში 31 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 13-14 ივნისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

3 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადაუხდელობაზე კომპანიის დირექტორი  დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 3 098 967 ლარის ოდენობით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 520 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 7 902 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 15 176 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 13 690 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 099 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 842 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 023 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 278 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 676 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 2 288 ერთეული [+21]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 559 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 312 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 332 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 332 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 445 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა – როგორ დაიხარჯება თანხა

ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა,  აქედან 25 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის სპეციალური ტრანსფერია ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის. ცვლილება ბიუჯეტში 31 მაისს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილების შემდეგ ბათუმის ბიუჯეტი წელს 450 მილიონი ლარია.

ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, რამდენიმე მიმართულებით მერიამ გაზარდა საპროგნოზო მაჩვენებლებიც.

მათ შორის გაიზარდა 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი და  41 მილიონ ლარს მიაღწია.

მერიის საფინანსო სამსახურის განმარტებით, 2023 წლის ბოლოსათვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი შემოსულობების მიღებამ განაპირობა. ამას დაემატა ეკონომიებიც –  ფაქტობრივად შესრულებული მომსახურებისა და სამუშაოების დასრულების შედეგად აუთვისებელი თანხა.

გაზრდილ ბიუჯეტში ნამატი თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გადანაწილდა. მერიამ თანხები დაამატა მიმდინარე პროექტებს და  რამდენიმე ახალი ღონისძიებაც დაგეგმა.

დამატებულ ღონისძიებებს შორის არის გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის და ზღვისპირას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. პირველ ეტაპზე პროექტის დასაფინანსებლად ბიუჯეტში გამოყოფილია 500 000 ლარი. პროექტი მრავალწლიანია და  მისი ღირებულება 2 მილიონ  331 787 ლარს შეადგენს. ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინეს, ასევე, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დასაწყებად, პროექტი მრავალწლიანია და მისი დაფინანსება მთლიანობაში 1 მლიონ 685 887 ლარია.

ახალი ღონისძიებების სახით ბიუჯეტს ასევე დაემატა:

  • ტაძრის ქუჩის კეთილმოწყობა – 1 მილიონ 509 916 ლარი
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის (ჟიული შარტავას გამზირის კვეთიდან მამია ვარშანიძის ქუჩის კვეთამდე, მათ შორის გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხი) კეთილმოწყობა –  ამ პროექტისთვის ჯამში 6 051 546 ლარი გაითვალისწინეს,  პირველ ეტაპზე დაფინანსება 500 000 ლარია.
  • მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობა – ამ ეტაპზე დაფინანსება მილიონი ლარია,  პროექტის დასასრულებლად კი მერია 10 მილიონამდე ლარს გაითვალისწინებს.
  • ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია (ოპიზრების ქუჩის კვეთიდან მახოს ხიდამდე) და ოპიზრების ქუჩის, ტაოს ქუჩის და შანიძის ქუჩის რეაბილიტაცია (ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ჭოროხის ქუჩამდე) – ეს  მონაკვეთი მთავრობის პროექტის ფარგლებში არ გააკეთეს. ქუჩის ეს ნაწილი ამ დრომდე ამორტიზებულია, არ მუშაობს ღამის განათებაც, ამიტომაც აქ, განსაკუთრებით ღამით, მოძრაობა სახიფათოა. მერიამ პროექტის დასაფინანსებლად ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარი გამოყო. საბოლოოდ კი პროექტის დასასრულებლად 48 მილიონი ლარი დაიხარჯება.
  • ქიქავას ქუჩის რეაბილიტაცია – 500 000 ლარი გამოყვეს პირველ ეტაპზე, საბოლოოდ – 2 635 055 ლარი.
  • გოგოლის ქუჩის (სერგი მესხის ქუჩის კვეთიდან ნ. გოგოლის და წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის ქუჩის კვეთამდე) კეთილმოწყობის ღირებულება შეადგენს 7 194 288 ლარს.
  • და სხვა ღონისძიებები
  • ქონების გამოსყიდვა – 5 მილიონ  ლარზე მეტი

მერიამ ქალაქის ორ უბანში ქუჩების გაგრძელების სამუშაოებისთვის კერძო ქონება უნდა გამოისყიდოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან  5 მილიონნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება.  მერია ინასარიძის ქუჩის გაგრძელებას ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში ქონების დათმობა ათ მესაკუთრეს მოუწევს.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე ინასარიძის ქუჩის გაგრძელებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, არსებული ქონების დათმობის სანაცვლოდ მესაკუთრეებისთვის მერიის საკუთრებაში არსებული ბინები უნდა გადაეცათ. შეცვალა თუ არა მერიამ ეს გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს.

მერიამ კერძო საკუთრება უნდა გამოისყიდოს ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების პროექტის ფარგლებშიც.

  • კოლექტორების შტორმისგან დასაცავად კედლების აშენება

მერია ბათუმის ახალ ბულვარში შტორმისგან დაზიანებული საფეხმავლო ბილიკის აღდგენის გარდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე კოლექტორების დასაცავად, შტორმისგან დამცავი სარეგულაციო კედლების მშენებლობას გეგმავს. ამ ღონისძიებისთვის მერიამ 2 მილიონ 365 662 ლარი გაითვალისწინა.

სტიქია ახალი ბულვარის სანაპიროს თითქმის ყოველ წელს აზიანებს, რის შემდეგაც მერია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მილიონობით ლარს ხარჯავს.

  • გონიოში ნაგავსაყრელის შემოღობვა

არსებულ ნაგავსაყრელზე ღობის მოწყობა და ნარჩენების გადამტვირთავი ნაგებობის მშენებლობისთვის გაზრდილ ბიუჯეტში მერიამ  500 000  ლარი გაითვალისწინა. პროექტი მრავალწლიანია და ჯამში ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 000 ლარით დაფინანსდება.

  • საახალწლო ღონისძიებებისთვის მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვა

გაზრდილ ბიუჯეტში  900 000 ლარზე მეტი გაითვალისწინეს ახალი საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესაძენად.

2023 წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად, სცენის გამართვისთვის, ნაძვი ხეების შეძენა-მონტაჟისა და ინფრასტრუქტურის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი  ბათუმის მერიამ 2022 წელს, 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

წელს პირველად საქართველოში ნორდიკული ფესტივალი გაიმართა

საქართველოში წელს პირველად ნორდიკული ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ურბანიზმის, ინოვაციების, აქტიური მოქალაქეობის, ტექნოლოგიების და მრავალი სხვა საკითხების მიმართ სკანდინავიური ქვეყნების ხედვა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გასცნობოდნენ ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და დანიის კულტურას, ლიტერატურას, ინოვაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად შეხვედროდა სკანდინავიური ქვეყნების ელჩებს.

ნორდიკული ქვეყნები დიპლომატიური მისიებით მრავალი წელია რას საქართველოში არიან წარმოდგენილი. შვედეთმა 2010 წელს გახსნა პირველი საელჩო, ნორვეგიამ 2019 წელს, ხოლო დანიამ 2022 წელს.

ნორდიკულ დღეებზე ასევე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია სკანდინავიურ ქვეყნებთან. ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი იყო ნორვეგიული Clean Energy Invest რომელიც Tata Power-თან ერთად ფლობს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ ენერგო კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯიას“.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ ბჰატმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ კორპორაციული მდგრადობის საპანელო დისკუსიაში, სადაც ისაუბრა მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე და იმ საქმიანობაზე რასაც კომპანია ამ მიმართულებით ახორციელებს. „აჭარისწყალი ჯორჯია“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრია და მდგრადი განვითარება კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს.

მარტივი მეთოდი უნაყოფობის მკურნალობისთვის

უშვილობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ქალის ორგანიზმის იმუნიტეტის გამო. არსებობს უმარტივესი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობის განვითარებას. რაშია საქმე?

ბუნებრივი თუ ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობის დროს დედის საშვილოსნოს ღრუში ემბრიონი წარმოიქმნება. ნაყოფი არის როგორც დედის, ასევე მამის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და ქალის იმუნური სისტემა მას უცხო ობიექტად აღიქმება. “უცხოს” საპასუხოდ, იმუნური სისტემა იწყებს დიდი რაოდენობით ცილების გამომუშავებას ემბრიონის მოსახვევად. ცილების გამომუშავების მიზანია ემბრიონის, იგივე ნაყოფის, იზოლირება გარე ზეგავლენისგან. ცილებით შექმნილი გარსი იცავს ემბრიონს და ეხმარება საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ზედაპირზე მიმაგრებაში.

რიგ შემთხვევაში იმუნური სისტემა ვერ აღიქვამს უცხო ცილებს და ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ცილებს, შესაბამისად, ემბრიონის მიმაგრება ვერ ხერხდება ან სუსტია.

რა მეთოდებს მიმართავენ ასეთ დროს?

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად ხდება ლიმფოციტოიმუნოთერაპია, რაც გულისხმობს ქალის ორგანიზმში ქმრის ლიმფოციტების შეყვანას.

ეს მეთოდი ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოში და არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა წყვილს პრობლემები, ყოველი შემთხვევისთვის ქალის ორგანიზმის იმუნოციტოთერაპია კეთდება.

მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან  გამოიყენება ფიზიოლოგიური მასალა – მამაკაცის სისხლი, რომელიც დამუშავდება და ქალის სხეულში კუნთში გაკეთებული ნემსით შეჰყავთ.

იმუნოციტოთერაპია იძლევა იმუნოლოგიურ კორექციას და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ჩასახვამდე და ორსულობის დროს, თავიდან აიცილებს მუცლის მოშლის საფრთხეს და სასურველი ორსულობის რეგრესიას.

შესაძლებელია თუ არა აღნიშნული პრობლემის გამოცნობა რიგითი პაციენტის მიერ?

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმუნოლოგიურ უნაყოფობაზე :

  • თუ ერთ წელზე მეტია არ დადგა ორსულობა და გამოკვლევების დროს არ ვლინდება ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგია;
  • თუ ქალს ერთი შვილი ჰყავს და მეორე ქორწინებისას ვერ ორსულდება 6 თვის მცდელობის მიუხედავად;
  • თუ ყოფილა საშვილოსნოს შიდა განაყოფიერების წარუმატებელი მცდელობები, ჩავარდნები IVF/ICSI ციკლებში;
  • თუ ქალს აქვს ორი ან მეტი სპონტანური აბორტი ან წარუმატებელი მცდელობები ხელოვნურად განაყოფიერების შემდეგ;
  • თუ გამოვლინდა NK უჯრედების მაღალი რაოდენობა – რეპროდუქციული სისტემის ქრონიკული ანთების მარკერები;
  • თუ არის უცნობი წარმოშობის უნაყოფობა;
  • თუ იკვეთება ქმართან თავსებადობის არსებობა 2 ან მეტი HLA ტიპის ლოკუსისთვის;
  • თუ ორსულობისას ქალს აღენიშნება ადრეული ტოქსიკოზი;
  • გესტოზის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ფორმები, მათ შორის ნაყოფის დაკარგვა;
  • თუ იკვეთება პლაცენტური უკმარისობა ან არის ქორიონის ჰიპოპლაზია (სუსტი განვითარება);
  • თუ მომხდარა ნაყოფის განვითარების შეფერხება სხვადასხვა ეტაპზე;
  • თუ იკვეთება რეზუს-კონფლიქტი წყვილს შორის.

როდის არ შეიძლება იმუნოციტოთერაპიის გამოყენება?

ქალის მხრიდან თუ არსებობს:

  • აუტოიმუნური დაავადებები,
  • ალერგიის პოლივალენტური ფორმა,
  • ორსული ქალის მძიმე ექსტრაგენიტალური და ინფექციური დაავადებები.

მამაკაცის მხრიდან თუ არსებობს:

  • მძიმე ინფექციური დაავადებები, მათ შორის ღვიძლის,
  • ჰეპატიტი, აივ ინფექცია,
  • ARVI-ს ნიშნების არსებობა, მწვავე რესპირატორული ინფექციები იმუნოციტოთერაპიის დროს,
  • ბიოქიმიური სისხლის ტესტის ინდიკატორების მაღალი რაოდენობა – AST, ALT, ბილირუბინი.

რა ღირს პროცედურა?

ქართულ-ებრაულ კლინიკა ბირთში ლიმფოციტოთერაპიის პროცედურის ჩატარება 200 ლარადაა შესაძლებელი.

ის რეკომენდებულია ორსული და ორსულობისთვის მოსამზადებელ სტადიაში მყოფი ქალებისთვის.

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 557 53 36 92

www.birthbatumi.com

როგორ აშავებს აშშ-ში რუსული ქსელი საქართველოში მიმდინარე პროტესტს X-ზე

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ [DFRLab] გამოავლინა პლატფორმა X-ის [ყოფილი ტვიტერი] თითქმის ორმოცი საეჭვო ანგარიში, რომლებიც მონაწილეობდნენ საყოველთაოდ ცნობილი რუსული ოპერაცია Doppelganger-ის უახლეს განახლებაში. Doppelganger-ის ოპერაცია, რომელიც უწყვეტად ვითარდება, მოიცავს ახალი ამბების ავტორიტეტული ვებგვერდების ყალბი ვერსიების შექმნას, რათა შექმნას ყალბი სანდოობა ანტიუკრაინული ნარატივების გავრცელებისადმი. 

ამ ანგარიშების ქსელის სამიზნე აუდიტორია იყვნენ ამერიკელები, კერძოდ, ეს ანგარიშები პასუხებს უწერდნენ აშშ-ში რეგისტრირებულ სხვადასხვა მომხმარებელს. შინაარსი მიმართული იყო საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტების დისკრედიტაციაზე“, – წერს DFRLab.

DFRLab არის ორგანიზაცია, რომელმაც დაიწყო დეზინფორმაციის შესწავლა სიცრუისა და ყალბი ამბების გამოვლენით, ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტაციითა და ციფრული მდგრადობის გაძლიერებით.

ევროკავშირის დეზინფორმაციის კვლევის ლაბორატორია EU DisinfoLab-მა და Meta-მ [იგივე ფეისბუქი] პირველად Doppelganger-ის ოპერაცია აღმოაჩინეს 2022 წლის სექტემბერში. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფრანგულმა სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა, რუსეთს მიაწერა ოპერაცია, რომელსაც უწოდა „კომპლექსური და მუდმივი ონლაინ მანიპულირების კამპანია“. არსებული კვლევები აჩვენებს, რომ Doppelganger-ის ოპერაციის უპირველესი სამიზნე ევროპული და ამერიკული აუდიტორიაა. ოპერაციის სხვადასხვა განახლება DFRLab-მაც გამოავლინა.

DFRLab წერს, რომ ბოლო განახლებაში ოპერაცია უმიზნებს აშშ-ს აუდიტორიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის შემცველი შინაარსით:

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა X არ არის დიდად პოპულარული საქართველოში, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს პლატფორმა გამოიყენა საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად. გარდა ამისა, დემონსტრანტებისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ასევე კანონისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკის გასაზიარებლად X-ის პლატფორმას იყენებდნენ ოფიციალური პირები აშშ-დან, ასევე ევროპელი ოფიციალური პირები და ორგანიზაციები, რამაც X მნიშვნელოვან პლატფორმად აქცია ქართული პოლიტიკის კონტექსტში“.

კოლექტივმა @antibot4navalny პირველად გამოავლინა „პროკრემლისტი ბოტები“, რომლებიც სამიზნეში იღებდნენ აშშ-ს აუდიტორიას და ავრცელებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ შეერთებული შტატები იდგა ქართული საპროტესტო აქციების უკან. შემდეგ იდენტიფიცირებული ანგარიშები დაიბლოკა.

სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტის, Meltwater Explore-ის გამოყენებით, DFRLab-მა ჩაატარა კამპანიასთან დაკავშირებული ანგარიშების გაფართოებული ძიება და გამოავლინა მონათესავე ქსელი, რომელიც შედგებოდა მინიმუმ ოცდაცხრამეტი მომხმარებლის ანგარიშისგან.

DFRLab: „…ქსელი მუშაობდა სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ბოლო დროს ფოკუსირებული იყო საქართველოში ანტირუსული და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაზე. ის ასევე დაკავებული იყო ანტიუკრაინული კონტენტის წარმოებითა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკით. ამ სტატიის წერისას ყველა იდენტიფიცირებული ანგარიში დაბლოკილია“.

სპეციალისტების განმარტებით, რამდენიმე ინდიკატორი მიანიშნებს, რომ ეს ანგარიშები Doppelganger-ის ოპერაციის ნაწილია, მათ შორის ისიც, რომ ყველა ანგარიში შეიქმნა 2024 წლის მაისში.

აღსანიშნავია, რომ მათ თაიმლაინზე არ ჰქონდათ პოსტები; არ ჰყავდათ გამომწერები და არც თავად ჰქონდათ სხვების გვერდები გამოწერილი. გარდა ამისა, ამ ანგარიშებს ავატარებად გამოყენებული ჰქონდათ საჯაროდ ხელმისაწვდომი სურათები, ძირითადად ცხოველებისა და მანქანების გამოსახულებით; ქსელი აქვეყნებდა პასუხებს სხვა X ანგარიშებზე, ხშირად რამდენიმე წუთის ინტერვალით, თითოეული ანგარიში წერდა დაახლოებით ორმოცდაათ პოსტს.

სქრინები იმ ანგარიშებისა, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ hyehyenabro-ს პოსტს, აშშ-ში სხვადასხვა ანგარიშების პასუხებში. საკვანძო სიტყვები, რომლებიც გამოიყენება DFRLab-ის მიერ ანგარიშების იდენტიფიცირებისთვის, აღნიშნულია წითლად. (წყარო: DFRLab).

Doppelganger-ის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია RRN პლატფორმა, რომელიც პირველად საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა გამოავლინა. RRN შეიქმნა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში და თავი შეინიღბა „დამოუკიდებელ მედიასაშუალებად, რომელიც აქვეყნებს „ფაქტებით შემოწმებულ ინფორმაციას“ ძირითადად უკრაინის ომზე.

„24 მაისს, RRN-ის X ანგარიშმა აპინა პოსტი, რომელიც აჩვენებს ვიდეო ინტერვიუს მიხეილ ჟღენტთან – ის საქართველოში ახალდაარსებული, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გენერალური მდივანია.

ინტერვიუში ჟღენტი იმეორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას აგენტების კანონის გამო ევროკომისარი დაემუქრა. კომისარმა 23 მაისს საჯაროდ უარყო ეს ბრალდება, თუმცა პოსტი 24 მაისსაც აპინული იყო.

 

1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა.

ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ .

ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება.

სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთული აქვს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო  კომისიის სხდომის ოქმი N17-1“.

ამ ოქმის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ „დაგეგმილია ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ძეგლების – ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა“; საუბარია ამ მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტზეც, თუმცა, კომისია ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სატენდერო პირობებს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ ამტკიცებს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო  კომისიის სხდომის ოქმი N17-1 – დან / წყარო: შესყიდვების პორტალი

მეჩეთების რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი სააგენტოს ცალკე აქვს გამოცხადებული 650 ათასი ლარით.

რაც შეეხება კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმებს, როგორც ჩანს სააგენტოში ამ ოქმებს ისე აკოპირებენ, ცვლიან და აძლევენ დოკუმენტის სახეს, რომ არავინ ამოწმებს მასში რა წერია.

ასე იყო ადრე დაკოპირებული, და რა თქმა უნდა იყო არაზუსტი შინაარსის, ოქმები მეჩეთებთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაშიც ოქმების მიხედვით გამოდის, რომ სხდომის დღის წესრიგი იყო სხვა [რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ძეგლები], კომისიის წევრებმა კი გადაწყვეტილება სულ სხვა საკითხზე მიიღეს [მეჩეთებზე].

საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ არის ის, რომ „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება“.

ამასთან, „სამუშაოების განხორციელებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რესტავრატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქრისტიანული საკულტო ნაგებობის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება“.

პირობის მიხედვით სამუშაოები 2025 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადას, ის უნდა იყოს „10 წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით“.

სატენდერო პირობებში არის ასეთი შენიშვნაც, რომ „2024 წლის 20 დეკემბრამდე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 500 000 ლარის სამუშაოები. 500 000 ლარზე მეტი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის ბიუჯეტიდან.“

ბოლო წლებში საკათედრო ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, მათ შორის – 2020 წელს.

იმავე 2020 წელს, როცა ტაძარში სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა, სააგენტომ საკათედრო ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი.

ამ ტენდერში „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ გაიმარჯვა და მას პროექტში სააგენტომ ზუსტად 50 ათასი ლარი გადაუხადა. მიღება-ჩაბარების ოქმი კი, 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival – ანონსი

11 ივნისს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Tbilisi Storytelling Festival-თან დაკავშირებით.

ZEG Tbilisi Storytelling Festival – ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. წელს ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, საგანმანათლებლო ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 100-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor’s.

ბილეთები: tkt.ge/ZEG

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage,  LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up                    

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.

ბოდიში გენდერული დისკრიმინაციის გამო – სასამართლო მორიგებით დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგებით დასრულდა დავა უფლებადამცველ, უსინათლოთა კავშირის წევრ ესმა გუმბერიძესა და უსინათლოთა კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელს, ირმა ჩიხლაძეს შორის.

ირმა ჩიხლაძემ, რომელსაც ესმა გუმბერიძემ გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროებისთვის უჩივლა, ბოდიში მოიხადა:

„მე, ირმა ჩიხლაძე ბოდიშს ვუხდი ესმა გუმბერიძეს, მის მიმართ, ჩემი მხრიდან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გაკეთებული არაკორექტული კომენტარის გამო, რამაც გამოიწვია ესმა გუმბერიძის დამცირება და ღირსების შელახვა. ვადასტურებ, რომ მე წინასწარ განსაზღვრული შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ მქონია, ვიაზრებ ჩემი ქმედების უმართლობას და ვაღიარებ, რომ მეტი თავშეკავება მომეთხოვებოდა“.

2022 წლის ივლისში ესმა გუმბერიძეს ირმა ჩიხლაძემ შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“. ესმა გუმბერიძემ მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებდა.

დავა სასამართლოში დაახლოებით ორ წელს გაგრძელდა.

ამავე თემაზე: „გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

 

ქაოსური განაშენიანება, არაადაპტირებული გარემო, ნიჰილიზმი – რა აწუხებთ მოქალაქეებს ბათუმში | „ჩაერთე მართვაში“

„ჩაერთე მართვაში“ საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. კამპანიის ფარგლებში კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში,  ბათუმში, ჩოხატაურში, მარნეულსა და დმანისში შეიქმნა.

ბათუმის კლუბში 15 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებმაც 2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების კამპანიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება საინფორმაციო შეხვედრებისა და საჭიროებების კითხვარის წარმოების გზით, შშმ პირებისთვის ბათუმის ქუჩების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების დაინტერესების ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორების მოკვლევა.

ბათუმის კლუბის წევრები

კლუბის წევრებმა მონაწილეობითი მექანიზმებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის: სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ხანდაზმულებთან, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან. ამასთან, განახორციელეს საველე აქტივობები მონიტორინგისა და საინფორმაციო ბროშურების გავრცელების მიზნით, რომელშიც 250-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო.

მათე, ლარა და დიანა სხვადასხვა კლუბებში იყვნენ განაწილებულები და იკვლევდნენ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს.

მათე კონჯარია ჯგუფელებთან ერთად მოქალაქეთა საჭიროებებს იკვლევდა. მან კლუბის შესახებ ინტერნეტით გაიგო, შეავსო მონაწილეობის ფორმა, სამოტივაციო წერილიც დაწერა და სხვა შერჩეულებთან ერთად შეუერთდა „ჩაერთე მართვაში“ კლუბს. მისი თქმით სამუშაო თემები ჯგუფური განხილვის შედეგად შეარჩიეს, გაიარეს კონსულტაციები და შეუდგნენ საქმიანობას:

„ჩვენს ინიციატივას ერქვა – „შენი ხედვა – ჩვენი ხმა“ და მის ფარგლებში შევხვდით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, გავაცანით მათ ინფორმაცია, თუ როგორ ჩაერთონ სხვადასხვა გზით ქალაქის მართვაში. მეორეს მხრივ ჩავატარეთ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ გამოკითხვა, თუ რა პრობლემები, რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რაზეც ფიქრობენ, რომ საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება.

მოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს აწუხებთ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის: პარკინგის, საცობის საკითხები, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქაოსური მშენებლობები და სხვა.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფი იყოს ჩართული მართვაში, რათა ერთად შევქმნათ ინკლუზიური გარემო. ჩვენ ვცხოვრობთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა ნაწილი იყო ჩართული მართვის პროცესში”.

მათე კონჯარია

მათე ფიქრობს, რომ რუსულ კანონის მიღების ფონზე მსგავსი ჩართულობის მიღწევა რთული იქნება.

„კანონის მიღების გამო, სავარაუდოდ, მოსახლეობის მმართველობაში ჩართულობა, რაც ისეც პრობლემურია, შემცირდება.

მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა არის ამერიკელი ხალხისგან და უშუალოდ ამერიკის მთავრობამაც და საელჩომაც აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ შემცირდება დაფინანსებები. ბათუმის მერიის, პარლამენტის საიტების დამზადება დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ამით შეგვიძლია შევაფასოთ რა დონის დახმარებაზეა საუბარი და როგორ აისახება ამ მხარდაჭერის დაკარგვა თითოეულ მოსახლეზე” – ამბობს მათე კონჯარია.

ლარა ქარცივაძემ კლუბელებთან ერთად გამოიკვლია ბათუმის 5 ქუჩის მდგომარეობა, შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის ნაწილში. 

„ძირითადი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, იყო ტროტუარზე გაჩერებული მანქანები, ეს ქმნის დიდ ბარიერს ეტლით მოსარგებლე, შშმ ადამიანებისთვის.

ასევე, ტროტუარები არ არის ადაპტირებული ისე, რომ მასზე ასვლა ეტლით მარტივად შეძლო.

ტაქტილური ბილიკები უსინათლო ადამიანებისთვის დაზიანებული და გაუმართავია. ამგვარი არაინკლუზიური გარემო ბარიერებს ქმნის არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ბავშვთან ერთად ეტლით გადაადგილდება, ასევე – ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.

ლარა ქარცივაძე

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ რუსული კანონი მიიღო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში შშმ პირთა ორგანიზაციები წყვეტენ მუშაობას. შესაბამისად, ეს შექმნის ბარიერს სამომავლოდ მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. ჩვენი კლუბიც დასავლური გრანტებით არსებობს და იმ მოტივით შეიქმნა, რომ მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ ინფრასტრუქტურული და არამარტო საკითხების მოგვარებაში.

ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაგზავნილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ველოდებით პასუხს. მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ ვითანამშრომლოთ. ასევე მზადდება ვიდეო ადაპტირებული ტრანსპორტის შესახებ, რომელიც მიმართულია სწორედ არაადაპტირებული გარემოს გამოწვევებზე ცნობიერების ასამაღლებლად” – ამბობს ლარა ქარცივაძე.

დიანა ფუტკარაძე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობას იკვლევდა:

„ჩვენი კვლევა ეხებოდა 17-29 წლის ახალგაზრდებს. ძირითადად გამოვკითხეთ სტუდენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყვნენ მართვაში ჩართულები და რა ტიპის მექანიზმებს იყენებდნენ. გამოკითხულთა 91%-მა თქვა, რომ აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ ჩართულიყვნენ მართვის პროცესში.

დიანა ფუტკარაძე

კვლევის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ  შეხვედრები უშუალოდ სტუდენტებთან და გავაცანით მათ ინფორმაცია მონაწილეობითი მექანიზმებისა და ფორმების შესახებ. მათ გამოხატეს სურვილი უფრო მეტი გაეგოთ ამ თემებზე, ჰქონოდათ შემეცნებითი და სახალისო შეხვედრები და ღონისძიებები.

სამწუხაროდ, რუსული კანონის მიღებამ ხელი შეგვიშალა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში, რაც გულისხმობს არასამთავრობოებთან, სახელმწიფოსთან შეხვედრებს და რეკომენდაციების მომზადებას. სწორედ არასამთავროები გვაძლევენ იმ სახის ცოდნას, რასაც წესით სახელმწიფო უნდა გვაძლევდეს, თუ როგორ ვიყოთ აქტიური მოქალაქე და ჩავერთოთ პროცესებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოტივირებულია, რომ წავიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია” – ამბობს დიანა ფუტკარაძე.

„ჩაერთე მართვაში“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლუბების მონაწილეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება იმისთვის, რომ მომავალში მარტივად გადაჭრან და უპასუხონ ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, მოიზიდონ თანამოაზრეები, განახორციელონ ადვოკატირების კამპანია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების თანამონაწილეები.

 

„მე და ევროპა“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში „მედიის განვითარების ფონდი“ [MDF]  დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპას“ ჩვენება – დისკუსიას გამართავს.

დისკუსიაში სცენარისტი ქეთი დევდარიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ [ გოგებაშვილის #10] 16 საათზე დაიწყება.

„გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4  რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. გურიაში ვეცნობით ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება პირველად შეძლო და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. იმერეთში ჩვენ ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად მუშაობენ,“ – აღნიშნულია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

___________________

ფოტოზე: ქეთი დევდარიანი. კადრი „ფორმულას“ ეთერიდან. 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 519 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 7 879 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 15 144 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 13 644 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 098 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 837 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 358 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 010 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 278 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 618 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 267 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 611 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 514 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 308 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 331 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 302 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 413 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შესაძლოა მეწყრული პროცესები გააქტიურდეს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, დღეს, 9 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ასევე, ხვალ, 10 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“ – იუწყება სააგენტო.

ამავე თემაზე: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

რუსული კანონის მხარდამჭერ „ოცნების“ დეპუტატ ზარქუას მონა უწოდეს

„თქვენ ხართ მოღალატე და მონა“ – ასე მიმართეს მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერ, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას – ვიდეო დღეს, 9 ივნისს, ფეისბუქზე გავრცელდა.

„ამიხსენი, რატომ?“ – ჰკითხა ზარქუამ მოქალაქეს.

„იმიტომ, რომ თქვენ რუსეთს აბარებთ ქვეყანას, აი, მაგიტომ, სირცხვილი, გრცხვენოდეთ! თქვენ ასე ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ რომ მოღალატე ხართ სამშობლოსი“ – ასე უპასუხა მას მოქალაქემ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მომხდარს ზარქუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაეხმაურა. მისი თქმით, მოქალაქემ კადრების ის ნაწილი გამოაქვეყნა, რაც ყველაფერს არ ასახავს და აღნიშნული მოქალაქე „რადიკალ-ნაც-აქტივისტია“, რომელიც „თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული“. ზარქუამ მომხდარს „ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხტომა“ უწოდა. 

ზარქუა რუსული კანონის მხარდამჭერი ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვისაც მოქალაქეებმა საჯარო სივრცეში უწოდეს მონა. მონა უწოდეს მოქალაქეებმა დეპუტატებს: ელისო ბოლქვაძეს, ზურა ხაჩიძეს და ვიქტორ სანიკიძეს.

მონა უწოდეს ბათუმში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც.

„ქართულმა ოცნებამ“ მაისის ბოლოს მიიღო რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.

ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.

რუსული კანონის მიღების თითქმის ორთვიან საკანონმდებლო პროცესს თან ახლდა ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მედიები და სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს.

ამავე თემაზე: 

„ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“ – რა უთხრეს დეპუტატს მაღაზიაში

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში პერიოდულად ელჭექის ხასიათის წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 11-12 ივნისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 518 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 7 869 ერთეული [+26]
  • ჯავშანტექნიკა – 15 131 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 13 593 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 097 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 836 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 982 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 277 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 562 ერთეული [+78]
  • სპეცტექნიკა – 2 253 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 463 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 304 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 331 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 240 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა ჩრდილოეთ ოსეთში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის პორტში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი გაჩნდა დღეს, 8 ივნისს, საღამოს, ბათუმის პორტში.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური.

ბათუმის სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იწვოდა საწყობის სახურავი. შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამჟამად მეხანძრეები ხანძრის კერასთან მუშაობენ, თუმცა ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძარი ლიკვიდრებულია. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

 

რუსეთში თავს დაესხნენ კუპიანსკის კოლაბორანტ მერს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთში თავს დაესხნენ კუპიანსკის კოლაბორანტ მერს, გენადი მაცეგორას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით:

„2024 წლის 7 ივნისს, რუსეთში, ქალაქ სტარი ოსკოლში, განხორციელდა თავდასხმა უკრაინის მოღალატე გენადი მაცეგორაზე, რომელსაც ეჭირა კუპიანსკის მერის თანამდებობა ხარკოვის რეგიონში. უკრაინელი ხალხის მოღალატის მდგომარეობა კრიტიკულია“ – იუწყება უკრაინის დაზვერვა.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, მაცეგორა ნებაყოფლობით დათანხმდა სრულ თანამშრომლობას რუს დამპყრობლებთან. კერძოდ, 2022 წლის ივნისში მან ხელი მოაწერა ე.წ. ოქმს საოკუპაციო ხარკოვის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ და ამის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა. კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ კი იგი რუსებთან ერთად გაიქცა ბელგოროდის რეგიონში.

_____________

ფოტო: უკრაინის დაზვერვა/ტელეგრამი

„ვწყვეტ ჩემს პროექტს“ – კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი რუსული კანონის გავლენაზე

„წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეა ისეთი საერთაშორისო პროექტების, სადაც 60 ქვეყანაა წარმოდგენილი. აი, ასეთი ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება. მეც ვეღარ გავაგრძელებ ამ პროექტებს, რადგან არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს“- ამბობს ნანა დიხამინჯია, კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი, რომელიც ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე მუშაობს.

„ბათუმელების“ ნანა დიხამინჯიას განათლებაზე რუსული კანონით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენებზე ესაუბრა. 

  • ქალბატონო ნანა, როგორც ვიცით, დასავლეთის დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. რა ელოდება ამ ყველაფერს რუსული კანონის ამოქმედების პირობებში?

რა თქმა უნდა, განათლების სფეროს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეს კანონი რამდენიმე მიმართულებით. 

პირველი ის, რომ განათლების სფეროში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ევროპული და ამერიკული დაფინანსებით და ევროპა ჯერ კიდევ განიხილავს, რა ზომები უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ არა მარტო ანტიდემოკრატიული კანონის, არამედ მთავრობის მოქმედებების გამო, იმ ლანძღვა-გინების გამო, რაც გვესმის დასავლეთის მიმართ. ამერიკისგან პირდაპირ მივიღეთ გზავნილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ დაასანქცირეს დეპუტატები იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს ამერიკას იმედი, რომ გამოჩნდებიან შედარებით გონიერი ადამიანები ამ დეპუტატებს შორის და უარს იტყვიან ამ კანონზე. 

მათ ასევე გვითხრეს, რომ თუ კანონი შევა მოქმედებაში, ეს 390 მილიონიანი დახმარება, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდათ საქართველოსთვის, აუცილებლად გაჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ USAID-ის პროექტები ვეღარ განხორციელდება. 

მიმდინარე პროექტებიდან, რომელიც პირდაპირ ეხება მოსახლეობის კეთილდღეობას, შესაძლოა ყველა ერთად არ გაჩერდეს, მაგრამ მდგრადობის რისკის დასაზღვევად ხომ გვჭირდება ახალ პროექტებზე მუშაობა, არა?! ამიტომ, აი, ეს შემდგომი პროექტები აღარ შემოვა ქვეყანაში. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ამ სანქციების გამო ეს პოლიტიკოსები არაფერს შეცვლიან, შემდეგი ხუთი თვე, ფაქტობრივად, დაკარგული დრო იქნება და თუ არჩევნების შემდეგ ევროპული მთავრობა მოვა ქვეყანაში, პროექტების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. 

რეალურად, სახელმწიფო დაახლოებით 6 თვეს კარგავს საგრანტო აპლიკაციებისთვის. 

მეორე მიმართულება ეს არის პირადი ინფორმაციის დაცვა. მთელი რიგი სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის და ასე შემდეგ კვლევები, ხორციელდება ისე, რომ დაცულია რესპონდენტის ანონიმურობა და ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. რუსული კანონი აბსოლუტურად არანაირ დაცვას არ იძლევა, იმიტომ, რომ არის სრულიად ბლანკეტური ჩანაწერი, რომლის საშუალებითაც არ არის დაცული პირადი ინფორმაცია. 

მაგალითად, თუ „სენი“ [კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი] გადაწყვეტს, რომ დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში, იცით, რომ მას კლუბები აქვს სკოლებში და ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიადგება მოსწავლეებს და მოსთხოვს პირად ინფორმაციას. 

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება ექნება წაიღოს მოსწავლის კომპიუტერი და ტელეფონი და დაათვალიეროს. იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყვი, დაგაჯარიმებს, შემდეგ მეორედ დაგაჯარიმებს და ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაუძლებს. 

  • ბავშვის უფლებებს ხომ კანონი იცავს. გამოდის ყველა კანონის უგულებელყოფა მოხდება?

კი, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ რეგულირდება არაფრით. 

გასაჩივრების მექანიზმი არ გაქვს, დასაბუთება არ მოეთხოვება იუსტიციას, ნებისმიერს შეიძლება მიადგნენ და ასაკიც არ არის განსაზღვრული. 

გაერომ დასკვნა რომ დადო საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, ერთ-ერი აბზაცი ამ კანონს დაუთმო და თქვა, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება ბავშვთა უფლებების მიმართულებებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო მეორე, რაც ამ ორგანიზაციებისგან გავარკვიე, არის ის, რომ ბავშვთა პირადი მონაცემები სხვა კანონით არის დაცული და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს რაღაც ჭიდაობა თითოეულ ქეისზე, რაც სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.

მესამე ფაქტორი, თუ რატომ არის ქართული განათლება საფრთხეში ამ კანონის მიღების გამო, არის ის, რომ ქართული განათლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარტო დაფინანსება კი არა, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაა, რადგან მაგალითად, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში უმნიშვნელოვანესია ასეთი თანამშრომლობა, განსაკუთრებით აშშ-თან, რადგან რამდენიმე წელია სილიკონის ველზე, ტექნოლოგიურ კომპანიებთან ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობრები და ვცდილობთ სან-ფრანცისკოში საკონსულოსთან ან „ჯიტასთან“ [საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო] ვითანამშრომლოთ, რომ იქაური გამოცდილება როგორმე შემოვიტანოთ საქართველოში. 

ვთქვათ სახელმწიფომ უზრუნველყო ის რესურსები, რასაც ისინი გვაძლევდნენ, არ ვიცი რამდენი იყო ეს დაფინანსება, წელიწადში ალბათ ნახევარი მილიარდი? თუმცა, რომც გამოყონ ეს თანხები, არავინ ვითანამშრომლებთ ასეთ სახელმწიფოსთან, იმიტომ, რომ აქ არავინ გახსნის ციფრული ტექნოლოგიის ცენტრებს, ფილიალებს, როგორც კი ეს კანონი რეალურად შევა ძალაში. 

ჩანაწერში მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაა დაცული, კორპორაციული და კომერციული საიდუმლოც კი არ არის გამონაკლისი და ამას ძალიან მკაცრად უყურებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები. ამ კომპანიებთან ასე მარტივი არ არის მოლაპარაკებები. იმისთვის, რომ რაღაც პატარა ძვრა დაიწყოს, მთელი რიგი პროცესებია საჭირო და ასეთი კანონის პირობებში ჩვენთან არავინ ითანამშრომლებს. 

ამიტომ ეს არის მესამე ფაქტორი, რის გამოც საფრთხე შეექმნება ამ პროექტებს. 

მაგალითად, ესტონეთმა განაცხადა უკვე, რომ აღარ ითანამშრომლებს ამ კანონის გამო საქართველოსთან, რაც სტარტაპებისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. 

ესტონეთს ძალიან კარგად ესმის რუსული კანონის საფრთხეები და იმედი მაქვს, იმ უამრავ საჯარო მოხელესაც, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციებში, სიპებში დაუღალავად მუშაობდნენ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობები შეექმნათ და გაეღვივებინათ დასავლეთთან. 

ყველა საჯარო მოხელე „ოცნების“ დეპუტატი და ბიძინას მონა-მორჩილი ხომ არ არის. 

ამ ყველაფერს, ერთი ხელის მოსმით ყრის „ოცნება“, რაც სრულიად გაუგებარია. 

თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ეს არის რუსეთისკენ ჩვენი წათრევის მექანიზმი, სრულიად არალოგიკური ქცევაა, რადგან ერთ მხარესაა განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები და მეორე მხარეს რაღაც „გამჭვირვალობა“, რომელიც ისედაც არსებობს, რადგან ყველა იხდის გადასახადებს, ყველა ჩართულია საპენსიო სქემაში და ასე შემდეგ.

  • ჩვენ წლებია გვესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფინანსები განათლებისთვის, ვერ აფინანსებს მეცნიერებას, კვლევებს. ამ ფონზე კი რუსული კანონით ფაქტობრივად ვკარგავთ ყველაფერს. არის რისკი რომ სრულიად ჩამოიშალოს საგანმანათლებლო სისტემა? 

 რა თქმა უნდა. და როცა ჩაეკითხები რისი მიზეზით ხდება ეს ყველაფერი, გელაპარაკებიან ვიღაც ჰიპოთეტურ ორგანიზაციაზე, რომელიც თურმე გეგმავს გადატრიალებას. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე ამომრჩეველი ასეთი სულელია, რომ დაიჯეროს ეს ყველაფერი. 

თუ ასეა, სად არის გამოძიება? რას ნიშნავს სხვა ქვეყნის ელჩის ან სხვა ქვეყნის ორგანიზაციების დადანაშაულება იმ დროს, როცა რუსეთი გვერდზე გვყავს და ის მტერია. 

  • როგორც ვიცით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი ანტიდემოკრატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა პარლამენტში, რომელიც ე.წ ლგბტ პროპაგანდას შეეხება და ასევე ითვალისწინებს ხელოვნების სფეროში ცენზურასაც. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? 

ეს საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ თუ წინა კანონზე იყო მსჯელობა – არის თუ არა ეს კანონი ნამდვილად რუსული, ამ შემთხვევაში სამტკიცებელიც კი არ არის არაფერი, რადგან პირდაპირ რუსეთის და უნგრეთის კანონებიდან არის გადმოწერილი შინაარსობრივად. 

2022 წლის პარლამენტის გენდერული საბჭოს განცხადებებს რომ ჩავხედოთ, ისინი მადლობას უხდიან შსს იმისთვის, რომ პრაიდის დღეები ჩატარდა ექსცესების გარეშე და ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი. 

ამ დროს ვხედავთ ამ კანონს, სადაც არანაირ თანასწორობაზე არ არის საუბარი.

ჩვენ 90-იან წლებში ვუყურებდით „ფსიქოს“, სადაც გოგი გვახარია გვაცნობდა ევროპული კინოს მწვერვალებს და ახლა საუბარია იმაზე, რომ ფილმებიდან შეიძლება ამოჭრან სცენები, სადაც ერთი სქესის ადამიანების, ვთქვათ, კოცნა იქნება?!

მაინტერესებს, ამ კანონზე რას იტყვიან „იმედში“ ის ადამიანები, რომლებიც კულტურის მიმართულებით მუშაობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟიურის წევრები არიან ხოლმე თავადაც?!

ეს კანონი არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს, უგულებელყოფს მედიცინისა და კვლევების მიღწევებს.

თუ მე ვუყვები ბავშვებს ხელოვნურ ინტელექტზე, არ უნდა მოვუყვე ალან ტიურინგის შესახებ? რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში, რომელიც იყო ბრიტანელი მეცნიერი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ენიგმა მანქანის გაშიფვრაში და როგორც ამბობენ ექსპერტები, მან 2-3 წლით დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის მოგება მოკავშირეების მიერ და ის დაისაჯა ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ, იმიტომ, რომ იყო გეი და მას შესთავაზეს ქიმიური წამლები ჰომოსექსუალობის „სამკურნალოდ“, რის შემდეგაც დაემართა დეპრესია და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

არ უნდა ველაპარაკო ამის შესახებ მოსწავლეებს? ეს დაცენზურდება? ამ რეჟიმში უნდა გადავიდეს განათლების სისტემა? რომელ განვითარებულ ქვეყანაში გვინახავს ასეთი რამ. 

  • მიდის რაიმე მსჯელობა საგანმანათლებლო სივრცეებში ამ პროცესების შესახებ? როგორ შეიძლება გაჩნდეს, ვთქვათ, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომ ვერ მოიცვას ცენზურამ განათლება, ხელოვნება… რა ფორმით შეიძლება იმუშაოს ამ ყველაფერმა, როგორ ფიქრობთ?

მე მგონი ქართველმა ერმა თავისი წინააღმდეგობა გამოხატა ცენზურის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მასწავლებლები არიან დაშინებული და კარგად ვიცით, როგორ ემუქრებიან ხოლმე დირექტორები ან რესურსცენტრები. ისედაც უცნაური სისტემა გვაქვს, რადგან რესურსცენტრმა უნდა მისცეს სკოლას უფლება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან რომ ითანამშრომლოს. ამ პირობებში უბრალოდ მასწავლებლებს უნდა გაუჩნდეთ პროტესტი. 

რაღაც მომენტში მასწავლებლები გაბრაზდებიან, რადგან მათ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ შეიძლება ერთი მასწავლებელი გაუშვან, მაგრამ ხუთ მასწავლებელს ერთ სკოლიდან ვერ გაუშვებენ. ხუთი მასწავლებელი კი უკვე ძალიან დიდი ძალაა. 

ერთმანეთის მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ სხვა გზა, სხვა ხერხი არ გვაქვს, ვინც ამ კანონს და ამ რუსულ რეჟიმს ვუწევთ წინააღმდეგობას, ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენი ინსტრუმენტი არის პროტესტის გამოხატვა. გამოხატვა იმის, თუ როგორი ზეწოლაა სკოლებში. 

  • თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოხდა ბოლომდე იმის გააზრება პედაგოგებში, რომ ძალა მათ ერთიანობაშია.

მე, მაგალითად, ჩემს ნაცნობ მასწავლებლებს ვეუბნები, თუ დირექტორი თავს უფლებას აძლევს რომ მიგითითოთ თუ რაზე შეიძლება ილაპარაკოთ არასამუშაო დროს, გეუბნებათ, რომ არ უნდა გახვიდეთ აქციაზე, თუ დირექტორი თავს უფლებას აძლევს, რომ ამის გამო საყვედური გითხრათ, ეს უკვე არის რუსეთი, რადგან ამას ვერ გაბედავდა ვერცერთი დირექტორი განვითარებულ ქვეყანაში.

ამიტომ, ამას უნდა ებრძოლო იმ სამუშაო სივრციდან, სადაც ვართ. როგორ მიბედავს ჩემი უფროსი, რომ მაცენზუროს? ამას უნდა დაუპირისპირდეს ყველა, ამას უნდა დაუპირისპირდნენ პროფესორები, რომლებიც რექტორების პოლიტიკურ ნებას მიჰყვებიან ხოლმე.

ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენი სამუშაო სივრცეების და ჩვენი ცხოვრების გათავისუფლებით. იმის გააზრებით, რომ მე ვარ მოქალაქე და მაქვს უფლება. 

მე ისედაც წამოვედი „ალტე-უნივერსიტეტიდან“, მაგრამ ზოგადად, პროფესორები ნაკლებად ვართ სამუშაოზე მიბმული და არ გვეშინია მისი დაკარგვის, რადგან ძალიან მწირი რესურსებია ამ ქვეყანაში აკადემიური თვალსაზრისით. ამიტომ უფრო თამამად გამოვთქვამთ ხოლმე ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ იქაც კი მუშაობს თვითცენზურა. პროფესორებმა იციან, რომ არსებობს სტანდარტები და თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, შეიძლება უჩივლონ, მაგრამ მაინც ჩართული აქვთ თვითცენზურა. საბჭოთა მენტალობა არსად არ წასულა. 

აქაც გასათვალისწინებელია ის, რომ 4-5 პროფესორს ვერავინ გაუშვებს უნივერსიტეტიდან ერთდროულად, არ არიან ამ ქვეყანაში პროფესორები. ამიტომ აუცილებელია ამის გააზრება და ბრძოლა. 

მე, პირადად, სამოქალაქო აქტივიზმი ვისწავლე მისურიში, პატარა ქალაქში სადაც ვცხოვრობდი და იქ, მთელი რიგი ინიციატივები სწორედ მოსახლეობის ჩართულობით კეთდებოდა. იქ სენატორი რაღაცას არასწორად რომ აკეთებს, ყველა ამომრჩეველი ერთად იწყებს რეკვას და წერილებს გზავნის და შემდეგ ამ სენატორს უკან მიაქვს თავისი არასწორი გადაწყვეტილება. 

ჩვენ შემთხვევაში, საქართველოში არ გვაქვს ასეთი მექანიზმები, ამიტომ უნდა შევხედოთ, განვითარებულმა ქვეყნებმა როგორ მიაღწიეს ამ მექანიზმებს, როგორი იყო საპროტესტო გამოსვლები და უნდა დავიწყოთ იმით, რომ პროფესორმა მოითხოვოს თავისი პროფესიული განვითარების გეგმა, უნდა იყოს ჩახედული უნივერსიტეტის ბიუჯეტში და ასე შემდეგ. 

როცა სოფელში ცხოვრობ და შენი შვილი ათი წელია დადის სკოლაში, რომლის საპირფარეშოში არის ანტისანიტარიული მდგომარეობა, ამის გამო მშობლები ყოველდღე პროტესტით უნდა გამოდიოდნენ. 

უნდა ვისწავლოთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის მოთხოვნა და გააზრება და შემდეგ უკვე ვერანაირად ვერ გაჩნდება ისეთი მთავრობა, რომელიც იღებს ისეთ კანონებს, რომელიც მთელი 30 წლის შრომას და პოლიტიკური კურსისთვის ჩვენს დახარჯულ ენერგიას ერთი ხელის მოსმით გააცამტვერებს.

  • როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ პროექტები ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით და ასწავლით ქალებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. რა ბედი ეწევა ამ ყველაფერს რუსული კანონის პირობებში? 

მე მაქვს ძალიან მცირე გრანტი „ტექნოოუშენის“ სათავო ოფისიდან, რომელიც მთლიანად ტექნოლოგიურ ბანაკში უნდა გაიხარჯოს და რომელსაც სექტემბერში ვგეგმავდი, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ პროექტის გაგრძელებას თუ კანონი შევა ძალაში; სანამ არჩევნების შედეგები არ მეცოდინება და ეს არ იქნება ევროპული კურსის მთავრობა, მანამდე მე ამ პროექტს აღარ განვახორციელებ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია ვმუშაობ და კვირაში 5-10 საათს ვხარჯავ ხოლმე ამ პროექტზე სრულიად უსასყიდლოდ.

წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო პროექტებში, რომლის მონაწილეც 60 ქვეყანაა. 

როცა საბოლოო შეჯიბრი გვქონდა, 18-19 მაისს, მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს ვერ გავაგრძელებთ.

ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება ამის გამო საქართველოში, არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ფული არ არის და უცხოელებისგან უნდა მივიღოთ, კარგი პროექტები რომ განვახორციელოთ.

არავინ აპირებს ბენეფიციარების და პარტნიორების პირად მონაცემებში ხელები აფათურებინოს სახელმწიფოს. 

  • თქვენ გაქვთ განწყობა, რომ არჩევნებით დავიბრუნებთ დემოკრატიას?

რა თქმა უნდა, მაქვს ასეთი განწყობა. იმიტომ, რომ უკვე შეუძლებელია ასეთ ანტიდასავლურ და თან ძალიან პრიმიტიულ რიტორიკას შერჩეს ბევრი ამომრჩეველი.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველა სივრცე უნდა დავიკავოთ. მაგალითად, თბილისის მერია უცხოელ პარტნიორებთან ერთად ატარებდა ჯანსაღი ქალაქის თემაზე ფორუმს და ორი დღეა მარტო მე დავდივარ და ვსვამ კრიტიკულ კითხვებს. 

ყველა ასეთი სივრცე უნდა ავითვისოთ, ყველა კონფერენციაზე, ყველა პარტნიორთან უნდა ვიმუშაოთ. დიდ იმედს მაძლევს ისიც, რომ ამ არჩევნებზე ჩემი ბევრი მეგობარი ჩემთან ერთად აპირებს დარეგისტრირდეს დამკვირვებლად, რადგან ასეთი საფრთხე ჩვენ არასდროს არ გვიგრძნია. მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკაში აქტიური, მაგრამ რაღაც მომენტში, როგორც ჯავახიშვილმა თქვა, დგება დრო, როცა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები. ამ შემთხვევაში, არჩევნები უნდა დავიცვათ. 

უკრაინული დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა ჩრ. ოსეთში

შაბათს, 8 ივნისს, დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე აეროდრომთან , რომელსაც, ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, მოგვიანებით კი რეგიონის გუბერნატორმა განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოზდოკში სამი დრონი ჩამოაგდეს.

რუსული მედიის ცნობით, ჩრ. ოსეთში მდებარე მოზდოკის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებულია.

უკრაინული მხარის ცნობით, მოზდოკის აეროდრომიდან მიფრინავენ უკრაინისკენ რუსული თვითმფრინავები: МиГ-31К და Ту.

ჩრდილოეთ ოსეთი საბრძოლო ზონიდან საკმაოდ დიდ მანძილზე მდებარეობს, მაგალითად, ზაპოროჟიედან 900 კმ-ით არის დაშორებული.

_____________

ფოტოზე: უკრაინული დრონი „ღამურა“. ფოტო: EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 517 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 7 843 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 15 105 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 13 533 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 095 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 834 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 945 ერთეული [+59]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 277 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 484 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 2 248 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 275 ვერტმფრენი
  • 25 397 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 294 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 208 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 355 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

საფრანგეთი უკრაინას გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„57 წელია ვეძებთ ბაბუას, ტირილს დავამთავრებთ მაშინ, როცა ვიპოვით“ – რეპრესირებულის შვილიშვილები

სტალინურ რეპრესიებს არაერთი სასულიერო პირი შეეწირა. სისხლიანი ტერორი შეეხო როგორც მართლმადიდებლურ, ისე მუსლიმ სასულიერო პირებს.

აჰმედ მეკეიძე სოფელ ღორჯომში დაიბადა და გაიზარდა. განათლება ხულოში მიიღო. მუსლიმი სასულიერო პირი გახდა, ხოჯა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა.

26 წლის იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. ყველაფერი, რაც აჰმედს ეკუთვნოდა, ტანსაცმელიც კი, მილიციამ წაიღო და გააქრო. ოჯახს არც ფოტოები შემორჩა. აჰმედს ჯერ შვილები ეძებდნენ, შემდეგ მისი ძებნა შვილიშვილებმა გააგრძელეს.

„67 წლის ვარ ახლა. 57 წელია ვეძებ ბაბუაჩემს, აჰმედ ფერჰატის ძე მეკეიძეს. 10 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ ვეძებთ მე და ჩემი ბიძაშვილი ბაბუას“, – უყვება „ბათუმელებს“ აჰმედ მეკეიძის შვილიშვილი, ახმედ მეკეიძე.

„ბავშვობაში, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ყველას ბაბუა ჰყავდა ჩვენს გარდა, მე და ჩემი ბიძაშვილი მივედით ბებიაჩემთან და ვკითხეთ, სად იყო ჩვენი ბაბუა.

დიდმა ბებიამ, ბაბუაჩემის დედამ, ზექიე აბულაძემ ორივე, მეც და ჩემი ბიძაშვილი მუჰამედიც დაგვსვა აქეთ-იქით და გვითხრა, თქვენი ბაბუა ციხეშიაო. მაშინ ჰაფიზხანას ეძახდნენ ციხეს.

ღორჯომში ვცხოვრობდით. მალე მოგვიწია ბათუმთან ახლოს, სოფელ ჩელტაში წამოსვლა. მე და ჩემი ბიძაშვილი ვიპარებოდით ხოლმე სოფელ ჩელტიდან ბათუმში ფეხით, მივდიოდით ბათუმის ციხეზე და ვეძახდით ბაბუას. გვეგონა ბაბუა ციხეში იყო და ჩვენს ხმას გაიგონებდა. მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი 12-ის.

ასტრონომია და ექვსი ენა იცოდა ბაბუაჩემმა. ისკენდერ თავართქილაძის მოსწავლე იყო. ღორჯომში პირველი სასწავლებელი რომ გაიხსნა, იქ სწავლობდა.

ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა ბაბუა, განათლებული და წარმოსადეგი. მისი ძირითადი ოჯახი ღორჯომში ცხოვრობდა, დაპატიმრებისას თავად ადიგენში, სოფელ ფხეროში ყოფილა, იქ ჰყოლია ცოლ-შვილი, ნაქირავებ სახლში.

ბებიაჩემი, ნებიე თავართქილაძე ასე იხსენებდა ხოლმე იმ დილას, როცა მისი ქმარი წაიყვანეს:

„ლოცვაზე წავიდა დილას მეჩეთში. მზე ახლად შემოსული იყო სოფელში, როცა ჩვენს სახლში მილიცია მოვიდა. გაივსო ეზო ხულოდან ამოსული მილიციელებით. როცა აჰმედი ეზოში შემოვიდა, მაშინვე დააკავეს. სახლშიც აღარ შემოუშვეს.

ექვსი თვის და სამი წლის ბავშვებით დავრჩი მარტო ფხეროში. არავინ ახლოს არ გვეკარებოდა, ვერავინ ბედავდა ჩვენს დახმარებას, ეშინოდათ. მერე ერთმა მეზობელმა თქვა, რა უნდა მიქნან, დიდი დიდი მეც დამაკავონო, მოგვკიდა ხელი და ჩამოგვიყვანა ხულოში, აჰმედის ოჯახში,“ – იხსენებს ახმედ მეკეიძე ამბავს ბაბუის შესახებ.

"ბაბუაჩემი ხოჯა იყო, რეპრესიების დროს დააპატიმრეს და გააქრეს" - ახმედ მეკეიძე სტალინურ დიდ ტერორზე

  • ბრალდება

„1936 წლის სექტემბრის ბოლოსაა დაპატიმრებული ბაბუა. დააპატიმრეს სწავლა-განათლების გამო. დააპატიმრეს, იმიტომ, რომ იყო სწავლული და განათლებული. ბრალად დასდეს ვითომ სახელმწიფო უნდა დაენგრია. ეს იყო ბრალდება, მეტი არაფერი.

რა უნდა გაეფუჭებინა ქვეყნისთვის? არაფერი. მისი გაქრობა იყო უბრალოდ ვიღაცის ინტერესი. დაკავების მერე სასტიკად მოექცნენ. ხელი და ფეხი გაუბორკიათ ჯაჭვით. ხულოდან ბათუმში ფეხით ჩამოიყვანეს თურმე. პოლიცია ცხენებზე იჯდაო. ხელები უკან ჯაჭვით ჰქონია შეკრული და ფეხებზეც ჯაჭვი შებმული,“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

ბიძაშვილები, ახმედი და მუჰამედი იხსენებენ, რომ ისინი ბებიებმა, აჰმედ მეკეიძის დედამ, ზექიე აბულაძემ და აჰმედის მეუღლემ, ნებიე თავართქილაძემ გაზარდეს.

„ჩვენი ბებიები ტიროდნენ. ერთი შვილს ტიროდა, მეორე – მეუღლეს. ყველაფერი, რასაც ბავშვობაში ბებიები გვიყვებოდნენ, ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში და მათ პირობა მივეცით, რომ ოდესმე ვიპოვიდით ბაბუას და სახლში დავაბრუნებდით“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

„გადმონაწილდა ჩვენზე ის ტირილი“, – ამატებს ახმედის მონათხრობს მუჰამედ მეკეიძე.

„დღემდე ვტირით, არ დაგვიმთავრებია ტირილი. ტირილს დავამთავრებთ მაშინ, როცა მათ, იმ ჩვენ ბებიებს, ერთ ბებიას მის შვილს და მეორე ბებიას მის მეუღლეს, მათ გვერდზე დავუსაფლავებთ. ჰო, ჩვენი ტირილი იმ დღეს დამთავრდება,“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

მუჰამედ და ახმედ მეკეიძეები

ორივე შვილიშვილმა მთელი ცხოვრება ბაბუის კვალის ძებნას მიუძღვნა.

ახმედმა მას შემდეგ რაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა, ყველა ის კოლონია შემოიარა, სადაც სამუდამო პატიმრობამისჯილი ადამიანები იხდიდნენ სასჯელს.

„ვიყავი ხაბაროვსკში, მურმანსკში, ვლადივოსტოკში – ყველა დიდი კოლონია ვნახე. ისეთ ადგილებში დავდიოდი, სადაც შესვლა რთული იყო. ვეძებდი ბაბუას და ბაბუა არსად იყო.

ნივთი რომ დაგეკარგოს ადამიანს, ნივთი და გახსოვდეს, რომ დაკარგე, რამდენჯერაც გაგახსენდება, იმდენჯერ დაიწყებ ძებნას.

ადამიანის დაკარგვა კიდევ სულ სხვა არის.

ადამიანს მისი ოჯახი ეძებს, მისი შთამომავალი ეძებს. წინაპარი არავის არ დაუვიწყებია და არც დაივიწყებს. ჩვენთვის ცოცხალია ბაბუა. მე რომ ბაბუას ვამბობ, მრცხვენია უკვე. 67 წლის ვარ. ბაბუაჩემი, რომელიც დააპატიმრეს და დახვრიტეს – 26 წლის იყო.

განა რა დანაშაული ჰქონდა ისეთი, რომ დაიჭირეს და დახვრიტეს? ადამიანს უსაფუძვლოდ აპატიმრებენ, ასე უგზო-უკვლოდ იკარგება – ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ჩვენი ტკივილი ესაა. არ მორჩება, ვერ მორჩება. გვინდა ვიპოვოთ და საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალოთ ბებიების გვერდით, რადგან სასაფლაო არის ადამიანის არ დავიწყების და მისი სული მოხსენიების ერთ-ერთი კერა,“- ამბობს ახმედ მეკეიძე.

რეპრესირებულის შვილიშვილის თქმით, რეპრესიები, რომელიც სტალინმა გაატარა, გამანადგურებელი იყო, რადგან გააქრო განათლებული ადამიანები.

„სტალინის კანონი დიქტატურა იყო. ვისაც ქვეყანაზე, კუთხეზე, ოჯახზე გული შესტკიოდა, ისეთ ხალხს აპატიმრებდნენ. უსინათლო კაცი ვერსად ვერ წავა და სინათლეს როცა წაართმევ, ყველა ბნელში რჩება. შუქის, სინათლის, ცოდნის წართმევის წყარო იყო სტალინის კანონი და რეპრესია. ხალხის დამორჩილების პოლიტიკა იყო.
დღე უკვე სხვა დროა. უკვე ტელევიზიაა, ინტერნეტია და ყველა ყველაფერს ვხედავთ. გავითავისოთ ყველა ჩვენგანმა, რომ ბოროტების შექმნა და დატოვება ძალიან ცუდია, გადადის შთამომავლობაზე. ყველამ იცის, ვისი ბებია თუ ბაბუა რას ემსახურებოდა.
ახალი თაობა რომ ამას აღარ მოვემსახუროთ, ამისათვის ყველაზე ყველაზე დიდი მაგალითია ეს რეპრესიები. ჭკვიანს რომ გაანადგურებ, განათლებულს რომ სიბნელეში დატოვებ და წაართმევ ყველაფერს, ქვეყნის აშენება მერე ძნელია,” – ამბობს ახმედ მეკეიძე.

ახმედ მეკეიძე საუბრობს სახელმწიფოს როლზე, რომელსაც შეუძლია რეპრესირებულთა ნეშტების მოძიება და წარსულის გამოკვლევა.

„დღეს ჩვენ გვინდა სახელმწიფოს დახმარება. სახელმწიფოს შეუძლია დაგვეხაროს და მოვნახოთ სამარხები. ჯერ კიდევ გაუხსნელია სამარხები. ამოვასვენოთ ეს ხალხი.

სამარხებში, რომელიც ხელვაჩაურში გახსნეს, 30-35 კაცი ერთად იყო ჩაყრილი. ცოტა უხეშად გამომდის, ტყიდან რომ „სამასვალით“ შეშას მოიტან და გადმოყრი, ასე არიან ჩაყრილი. ზოგი თავით არის, ზოგი ფეხით, ზოგი ყირამალა, ძალიან ცუდი შესახედავია. ამ ადამიანებს რომ სასაფლაო ვაღირსოთ, ამაში სახელმწიფოს დიდი წვლილია საჭირო. ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები იყვნენ”, – ამბობს ახმედ მეკეიძე. 

აჰმედის გაქრობიდან 80 წლის შემდეგ გაიგეს მისმა შვილიშვილებმა, რომ ბაბუა, რომელსაც ეძებდნენ, შესაძლოა ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ყოფილიყო დახვრეტილი.

2023 წლის ივლისში დაკრძალეს სამი რეპრესირებული, რომელთა იდენტიფიცირებაც დნმ-ის ნიმუშების საშუალებით მოხდა.

ბიძაშვილებს იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც ბაბუას ნაშთს იპოვიან და მათი მრავალწლიანი ძებნა დასრულდება.

Exit mobile version