მთავარი,სიახლეები

„მე და ევროპა“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

10.06.2024
„მე და ევროპა“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში „მედიის განვითარების ფონდი“ [MDF]  დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპას“ ჩვენება – დისკუსიას გამართავს.

დისკუსიაში სცენარისტი ქეთი დევდარიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ [ გოგებაშვილის #10] 16 საათზე დაიწყება.

„გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4  რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. გურიაში ვეცნობით ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება პირველად შეძლო და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. იმერეთში ჩვენ ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად მუშაობენ,“ – აღნიშნულია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

___________________

ფოტოზე: ქეთი დევდარიანი. კადრი „ფორმულას“ ეთერიდან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: