მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულო mail.ru-ს იყენებს – „მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს“

11.06.2024 •
ბათუმის საკრებულო mail.ru-ს იყენებს – „მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს“

„როცა რუსული mail.ru-ს სერვისიდან უნდა ჩამოტვირთოთ დოკუმენტი, ეს უკვე დამაფიქრებელი და საფრთხის შემცველია. მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს – ნებისმიერი საინტერესო მიმოწერა ღიაა მათთვის. თუ მაინც დააკლიკებთ ამ ბმულს და გადახვალთ, დოკუმენტი შესაძლოა შეიცავდეს „მავნე კოდს“, რომელიც გავრცელდება თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაში, ან მობილურ ტელეფონზე,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ნიკა გაგნიძე, „ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ კიბერუსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრაქტიკაზე ვკითხეთ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებს რუსულ მეილზე ტვირთავს და დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების გაცნობას mail.ru-ს სერვისიდან სთავაზობს.

ბათუმის საკრებულოს ბოლო სხდომის დღის წესრიგს თუ ნახავთ, 4 საკითხზე დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობას საჯარო უწყება იმ შემთხვევაში გთავაზობთ, თუ mail.ru-ს ბმულს გახსნით.

ნიკა გაგნიძე

„ელემენტარული კიბერჰიგიენის მოთხოვნებია, რომ სახელმწიფო უწყებამ თუ კერძო სტრუქტურებმა გამოიყენონ კორპორატიული მეილის სერვისი,“ – გვეუბნება ნიკა გაგნიძე. სპეციალისტი ამ თემაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, თუ რამდენჯერ გახდა საქართველო რუსეთიდან კიბერშეტევის მსხვერპლი, მათ შორის, სახელმწიფო უწყებები.

„მათი მიზანი არის ის, რომ კომპრომეტირება მოახდინონ სამთავრობო საიტების, ინფორმაცია მოიპოვონ და გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. 2008 წელს იყო დიდი კიბერშეტევა, ასევე 2019 წელს, პატარ-პატარა ინციდენტები კი მუდმივად ხდება.

როცა საჯარო უწყება თავისი ნებით იყენებს რუსულ ელექტრონული ფოსტის სერვისს, ის თავის მონაცემებს უზიარებს რუსეთის სახელმწიფოს სპეცსამსახურებს. ის დოკუმენტები, რაც საჯაროა, საჯარო შეიძლება იყოს ყველასთვის, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რაც განკუთვნილია კონკრეტული ადამიანების ჯგუფისთვის, მათზე წვდომა კი, შეიძლება მოიპოვოს მესამე პირმა.

ყველა საჯარო უწყებას აქვს სპეციალურად შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელსაც უშუალოდ მართავს ეს ორგანიზაცია. ამ მეილს უნდა იყენებდნენ. ეს არის კარგი მიდგომა და უსაფრთხოების აუცილებელი პირობა

ამ შემთხვევაში კომუნიკაცია ხდება არასანდო ხელსაწყოს გამოყენებით, რაც რისკია,“ – უთხრა ნიკა გაგნიძემ „ბათუმელებს“.

ბათუმის საკრებულოში mail.ru-ს გამოყენება ბათუმის მერიას გადააბრალეს, ბმულები მერიამ მოგვაწოდაო, თუმცა ვერ განმარტეს, რატომ იყო შეუძლებელი, საკრებულოს  სხვა ელექტრონული ფოსტის სერვისით ესარგებლა.

ბათუმის საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ რუსული ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო მერიას შენიშვნა მისცეს, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს, ვინ ვის მისცა შენიშვნა და რა ფორმით.

ბათუმის მერიაში ამ დრომდე არ გვიპასუხეს, რატომ იყენებენ mail.ru-ს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: