ბათუმი,მთავარი,სიახლეები

50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის

23.01.2020 • 2647
50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 50 ათასი ლარია.

პირობაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს, მათ შორის კედლის მხატვრობის, ვიტრაჟებისა და გარე ღობის ჩათვლით“.

საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რეაბილიტაცია დაწყებულია და ტაძრის ინტერიერი ხარაჩოებშია ჩასმული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტებით, მიმდინარე სამუშაოები ეხება კედლის მხატვრობის მხოლოდ ერთ ნაწილს, დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაცია კი იმ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მოხდება, რაზედაც ტენდერი ახლაა გამოცხადებული.

„პროექტი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ნაწილის რესტავრაცია, იმის მიხედვით შევისყიდეთ, რისი ფინანსური საშუალებაც გვქონდა [30 ათასი ლარი]. ვინაიდან ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ, მიმდინარე ტენდერში შევიტანეთ დანარჩენი კედლის მხატვრობაც, იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ისე, ნაწილი მხატვრობის რესტავრირებული ყოფილიყო, ნაწილი კი არა“ – გვითხრეს სააგენტოში.

ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 31 იანვარს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);
  • საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, მისი საერთო ხედების ამსახველი ფოტომასალა, საპროექტო ნაწილის განშლა მიმდებარე ნაგებობებთან ერთად, დაზიანების არსებობის შემთხვევაში – ლოკალური დაზიანების ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ფოტომასალა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი; ძეგლის ანაზომები;
  • სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები, არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შემთხვევაში – არქეოლოგიური კვლევის შედეგები; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; არსებული სამშენებლო მასალების ბიოქიმიური ანალიზი, კვლევა სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის ძეგლზე არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;
  • ზონდირების შემთხვევაში – ზონდაჟების განლაგების სქემა, კროკები, გამოხაზული ნახაზები, არქიტექტურული დეტალების განლაგების სქემები, კონსტრუქციული დეტალების განლაგების სქემა, ტექსტური აღწერილობები და სხვა.

[/checklist]

ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს ასევე სამუშაო პროექტი (არქიტექტურული სამუშაო ნახაზები, შაბლონები, კონსტრუქციული მუშა ნახაზები და გაანგარიშებები); სამუშაო გეგმა, მისი დასაბუთება, პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით; სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი; სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა. ასევე, მოსალოდნელი შედეგების აღწერა.

ამ თემაზე:

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

 

მთავარი ფოტო: ხარაჩოები ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: