მთავარი,სიახლეები

„სუს-ი თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას“ – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

12.06.2024 •
„სუს-ი თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას“ – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

სუს-ი 2023 წლის ანგარიშში თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავების გარდა – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა დღეს, 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის წინ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში კვლავ შაბლონური და უკიდურესად ზოგადია. დოკუმენტის უკიდურესად მწირი, კონკრეტიკისგან დაცლილი შინაარსი, საზოგადოებას ვერ შეუქმნის რეალურ წარმოდგენას სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს კი ვერ მიაწვდის იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც ამ უკანასკნელს სუს-ზე დემოკრატიული საპარლამენტო კონტროლისთვის სჭირდება“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც აღნიშნულია, რომ სუს-ის დოკუმენტი შემოიფარგლება ისეთი ზოგადი ფრაზებით, როგორებიცაა: „სხვადასხვა შიდა და გარე აქტორები“, „უცხო ქვეყნების ცალკეული დესტრუქციული ძალები“, გატარდა „სათანადო“ ან „კომპლექსური“ ღონისძიებები.

„ანგარიშის მიხედვით, „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა გარე და შიდა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს.“ თუმცა, სხვა კონკრეტული ინფორმაცია ანგარიშში მოცემული არ არის.

2023 წლის საქმიანობის ანგარიში ფაქტობრივად იმეორებს 2022 წლის ანგარიშის ძირითად საკითხებს. ანგარიშში უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს შორის რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზებია მითითებული. თუმცა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარია მხოლოდ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.

ანგარიშის სხვა ნაწილებში: „დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა საფრთხეები“, „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“ „ე.წ. რბილ ძალა და ფარული ოპერაციები“, „კიბერუსაფრთხოება“ და სხვა, რუსეთის ფედერაცია საფრთხის წყაროდ არ არის დასახელებული.

ამ შემთხვევებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ისეთ ზოგად ტერმინს, როგორიცაა „უცხო ქვეყანა“. ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იგულისხმება, თუმცა სუს-ი ანგარიშში თავს არიდებს რუსეთის საფრთხედ მოხსენიებას (ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თავების გარდა).

მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში იურიდიული პირების დაფუძნების შემთხვევები და მიღებულ იქნა ზომები, სანქციებისთვის თავის არიდების პროცესში, ქართული კომპანიების შესაძლო ჩართვის აღსაკვეთად“ – წერს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სუს-ის ანგარიშის ანალიზი კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ უწყების რესურსი არარაციონალურად იხარჯება და მისი ინტერესი მიპყრობილია არა რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციისაკენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: