ბათუმის მერია 32 სტაჟიორს აიყვანს, საკრებულო კი – ცხრას. ამის შესახებ ბათუმის გაზრდილ ბიუჯეტშია აღნიშნული.
მუნიციპალურ და სამთავრობო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადებას „საარჩევნო კამპანიას“ და „ახალგაზრდების მიმხრობის“ მცდელობას უწოდებს ოპოზიცია.
ბათუმის მერიის განმარტებით, ამ მიმართულებით დაფინანსება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაზარდეს. დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობამ 2023 წლის 15 მაისს გამოსცა.
ეს დადგენილება არეგულირებს საჯარო დაწესებულებებში ფასიანი სტაჟირების გავლის, სახელმწიფო უწყების მიერ სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების, შერჩევისა და ანაზღაურების წესებს.
დამატებით 9 სტაჟიორს აიყვანს ბათუმის საკრებულო. ბიუჯეტში ასევე ვკითხულობთ, რომ საკრებულო შრომითი ხელშეკრულებით ერთ თანამშრომელს დაიმატებს. ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით საკრებულოს პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციალისტი სჭირდება.
ბათუმის მერიაში სტაჟირებასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხეს. აქ გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. სტაჟირების დაფინანსების გრაფაში მერიამ ბიუჯეტში 76 000 ლარი მიუთითა.
წესის შესაბამისად, უწყებაში სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს 3- დან 6 თვემდე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში სტაჟიორებს 400 – 500 ლარს გადაუხდიან.
საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადება მოახლოებულ არჩევნებს და იმ „ახალგაზრდების მიმხრობას ემსახურება“, რომლებიც „ოცნებამ“ ამ დრომდე ვერ დააინტერესა. „ბათუმელები“ ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა, ბათუმის საკრებულოს წევრს „ლელოდან“.
„ნახეს, რომ საკმაოდ ისეთი მესიჯია… ჩვენს პროგრამაში ანაზღაურებადი სტაჟირება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება. სხვა პარტიებიც საუბრობდნენ ამაზე. ბევრი რაღაც გადაწერეს, მათ შორის პენსიებზე, სხვადასხვა პარტიების მესიჯები იყო ამოკრეფილი და სხვადასხვანაირად გაერთიანებული.
მთავარი ამბავი ალბათ არის ის, რომ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელთანაც ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, ეტყვიან, რომ თითქოს გამოცდილებას მისცემენ. არადა მერიაში სტაჟირებით მიღებული გამოცდილება არცერთ დამსაქმებელთან არავის არ გამოადგება. სტაჟირება კი არა, ადამიანებს, რომლებიც წლებია მუშაობენ, პრობლემები აქვთ მაგ მიმართულებით.
ამ სტაჟირების მიზანი უფრო საარჩევნო კამპანიაში ჩართვა იქნება“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
ანაზღაურებადი სტაჟირება 2024 წლის თებერვალში აჭარის განათლების სამინისტრომაც გამოაცხადა.