ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა.
ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ .
ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება.
სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთული აქვს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N17-1“.
ამ ოქმის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ „დაგეგმილია ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ძეგლების – ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა“; საუბარია ამ მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტზეც, თუმცა, კომისია ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სატენდერო პირობებს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ ამტკიცებს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N17-1 – დან / წყარო: შესყიდვების პორტალი
მეჩეთების რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი სააგენტოს ცალკე აქვს გამოცხადებული 650 ათასი ლარით.
რაც შეეხება კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმებს, როგორც ჩანს სააგენტოში ამ ოქმებს ისე აკოპირებენ, ცვლიან და აძლევენ დოკუმენტის სახეს, რომ არავინ ამოწმებს მასში რა წერია.
ასე იყო ადრე დაკოპირებული, და რა თქმა უნდა იყო არაზუსტი შინაარსის, ოქმები მეჩეთებთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაშიც ოქმების მიხედვით გამოდის, რომ სხდომის დღის წესრიგი იყო სხვა [რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ძეგლები], კომისიის წევრებმა კი გადაწყვეტილება სულ სხვა საკითხზე მიიღეს [მეჩეთებზე].
საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ არის ის, რომ „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება“.
ამასთან, „სამუშაოების განხორციელებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რესტავრატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქრისტიანული საკულტო ნაგებობის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება“.
პირობის მიხედვით სამუშაოები 2025 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადას, ის უნდა იყოს „10 წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით“.
სატენდერო პირობებში არის ასეთი შენიშვნაც, რომ „2024 წლის 20 დეკემბრამდე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 500 000 ლარის სამუშაოები. 500 000 ლარზე მეტი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის ბიუჯეტიდან.“
ბოლო წლებში საკათედრო ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, მათ შორის – 2020 წელს.
იმავე 2020 წელს, როცა ტაძარში სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა, სააგენტომ საკათედრო ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი.
ამ ტენდერში „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ გაიმარჯვა და მას პროექტში სააგენტომ ზუსტად 50 ათასი ლარი გადაუხადა. მიღება-ჩაბარების ოქმი კი, 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა.