სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა – როგორ დაიხარჯება თანხა

10.06.2024 •
ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა – როგორ დაიხარჯება თანხა

ბათუმის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარით გაიზარდა,  აქედან 25 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის სპეციალური ტრანსფერია ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის. ცვლილება ბიუჯეტში 31 მაისს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილების შემდეგ ბათუმის ბიუჯეტი წელს 450 მილიონი ლარია.

ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, რამდენიმე მიმართულებით მერიამ გაზარდა საპროგნოზო მაჩვენებლებიც.

მათ შორის გაიზარდა 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი და  41 მილიონ ლარს მიაღწია.

მერიის საფინანსო სამსახურის განმარტებით, 2023 წლის ბოლოსათვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი შემოსულობების მიღებამ განაპირობა. ამას დაემატა ეკონომიებიც –  ფაქტობრივად შესრულებული მომსახურებისა და სამუშაოების დასრულების შედეგად აუთვისებელი თანხა.

გაზრდილ ბიუჯეტში ნამატი თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გადანაწილდა. მერიამ თანხები დაამატა მიმდინარე პროექტებს და  რამდენიმე ახალი ღონისძიებაც დაგეგმა.

დამატებულ ღონისძიებებს შორის არის გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის და ზღვისპირას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. პირველ ეტაპზე პროექტის დასაფინანსებლად ბიუჯეტში გამოყოფილია 500 000 ლარი. პროექტი მრავალწლიანია და  მისი ღირებულება 2 მილიონ  331 787 ლარს შეადგენს. ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინეს, ასევე, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დასაწყებად, პროექტი მრავალწლიანია და მისი დაფინანსება მთლიანობაში 1 მლიონ 685 887 ლარია.

ახალი ღონისძიებების სახით ბიუჯეტს ასევე დაემატა:

  • ტაძრის ქუჩის კეთილმოწყობა – 1 მილიონ 509 916 ლარი
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის (ჟიული შარტავას გამზირის კვეთიდან მამია ვარშანიძის ქუჩის კვეთამდე, მათ შორის გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხი) კეთილმოწყობა –  ამ პროექტისთვის ჯამში 6 051 546 ლარი გაითვალისწინეს,  პირველ ეტაპზე დაფინანსება 500 000 ლარია.
  • მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობა – ამ ეტაპზე დაფინანსება მილიონი ლარია,  პროექტის დასასრულებლად კი მერია 10 მილიონამდე ლარს გაითვალისწინებს.
  • ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია (ოპიზრების ქუჩის კვეთიდან მახოს ხიდამდე) და ოპიზრების ქუჩის, ტაოს ქუჩის და შანიძის ქუჩის რეაბილიტაცია (ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ჭოროხის ქუჩამდე) – ეს  მონაკვეთი მთავრობის პროექტის ფარგლებში არ გააკეთეს. ქუჩის ეს ნაწილი ამ დრომდე ამორტიზებულია, არ მუშაობს ღამის განათებაც, ამიტომაც აქ, განსაკუთრებით ღამით, მოძრაობა სახიფათოა. მერიამ პროექტის დასაფინანსებლად ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარი გამოყო. საბოლოოდ კი პროექტის დასასრულებლად 48 მილიონი ლარი დაიხარჯება.
  • ქიქავას ქუჩის რეაბილიტაცია – 500 000 ლარი გამოყვეს პირველ ეტაპზე, საბოლოოდ – 2 635 055 ლარი.
  • გოგოლის ქუჩის (სერგი მესხის ქუჩის კვეთიდან ნ. გოგოლის და წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის ქუჩის კვეთამდე) კეთილმოწყობის ღირებულება შეადგენს 7 194 288 ლარს.
  • და სხვა ღონისძიებები
  • ქონების გამოსყიდვა – 5 მილიონ  ლარზე მეტი

მერიამ ქალაქის ორ უბანში ქუჩების გაგრძელების სამუშაოებისთვის კერძო ქონება უნდა გამოისყიდოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან  5 მილიონნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება.  მერია ინასარიძის ქუჩის გაგრძელებას ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში ქონების დათმობა ათ მესაკუთრეს მოუწევს.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე ინასარიძის ქუჩის გაგრძელებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, არსებული ქონების დათმობის სანაცვლოდ მესაკუთრეებისთვის მერიის საკუთრებაში არსებული ბინები უნდა გადაეცათ. შეცვალა თუ არა მერიამ ეს გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს.

მერიამ კერძო საკუთრება უნდა გამოისყიდოს ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების პროექტის ფარგლებშიც.

  • კოლექტორების შტორმისგან დასაცავად კედლების აშენება

მერია ბათუმის ახალ ბულვარში შტორმისგან დაზიანებული საფეხმავლო ბილიკის აღდგენის გარდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე კოლექტორების დასაცავად, შტორმისგან დამცავი სარეგულაციო კედლების მშენებლობას გეგმავს. ამ ღონისძიებისთვის მერიამ 2 მილიონ 365 662 ლარი გაითვალისწინა.

სტიქია ახალი ბულვარის სანაპიროს თითქმის ყოველ წელს აზიანებს, რის შემდეგაც მერია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მილიონობით ლარს ხარჯავს.

  • გონიოში ნაგავსაყრელის შემოღობვა

არსებულ ნაგავსაყრელზე ღობის მოწყობა და ნარჩენების გადამტვირთავი ნაგებობის მშენებლობისთვის გაზრდილ ბიუჯეტში მერიამ  500 000  ლარი გაითვალისწინა. პროექტი მრავალწლიანია და ჯამში ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 000 ლარით დაფინანსდება.

  • საახალწლო ღონისძიებებისთვის მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვა

გაზრდილ ბიუჯეტში  900 000 ლარზე მეტი გაითვალისწინეს ახალი საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესაძენად.

2023 წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად, სცენის გამართვისთვის, ნაძვი ხეების შეძენა-მონტაჟისა და ინფრასტრუქტურის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი  ბათუმის მერიამ 2022 წელს, 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: