ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ [DFRLab] გამოავლინა პლატფორმა X-ის [ყოფილი ტვიტერი] თითქმის ორმოცი საეჭვო ანგარიში, რომლებიც მონაწილეობდნენ საყოველთაოდ ცნობილი რუსული ოპერაცია Doppelganger-ის უახლეს განახლებაში. Doppelganger-ის ოპერაცია, რომელიც უწყვეტად ვითარდება, მოიცავს ახალი ამბების ავტორიტეტული ვებგვერდების ყალბი ვერსიების შექმნას, რათა შექმნას ყალბი სანდოობა ანტიუკრაინული ნარატივების გავრცელებისადმი.
„ამ ანგარიშების ქსელის სამიზნე აუდიტორია იყვნენ ამერიკელები, კერძოდ, ეს ანგარიშები პასუხებს უწერდნენ აშშ-ში რეგისტრირებულ სხვადასხვა მომხმარებელს. შინაარსი მიმართული იყო საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტების დისკრედიტაციაზე“, – წერს DFRLab.
DFRLab არის ორგანიზაცია, რომელმაც დაიწყო დეზინფორმაციის შესწავლა სიცრუისა და ყალბი ამბების გამოვლენით, ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტაციითა და ციფრული მდგრადობის გაძლიერებით.
ევროკავშირის დეზინფორმაციის კვლევის ლაბორატორია EU DisinfoLab-მა და Meta-მ [იგივე ფეისბუქი] პირველად Doppelganger-ის ოპერაცია აღმოაჩინეს 2022 წლის სექტემბერში. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფრანგულმა სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა, რუსეთს მიაწერა ოპერაცია, რომელსაც უწოდა „კომპლექსური და მუდმივი ონლაინ მანიპულირების კამპანია“. არსებული კვლევები აჩვენებს, რომ Doppelganger-ის ოპერაციის უპირველესი სამიზნე ევროპული და ამერიკული აუდიტორიაა. ოპერაციის სხვადასხვა განახლება DFRLab-მაც გამოავლინა.
DFRLab წერს, რომ ბოლო განახლებაში ოპერაცია უმიზნებს აშშ-ს აუდიტორიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის შემცველი შინაარსით:
„მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა X არ არის დიდად პოპულარული საქართველოში, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს პლატფორმა გამოიყენა საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად. გარდა ამისა, დემონსტრანტებისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ასევე კანონისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკის გასაზიარებლად X-ის პლატფორმას იყენებდნენ ოფიციალური პირები აშშ-დან, ასევე ევროპელი ოფიციალური პირები და ორგანიზაციები, რამაც X მნიშვნელოვან პლატფორმად აქცია ქართული პოლიტიკის კონტექსტში“.
კოლექტივმა @antibot4navalny პირველად გამოავლინა „პროკრემლისტი ბოტები“, რომლებიც სამიზნეში იღებდნენ აშშ-ს აუდიტორიას და ავრცელებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ შეერთებული შტატები იდგა ქართული საპროტესტო აქციების უკან. შემდეგ იდენტიფიცირებული ანგარიშები დაიბლოკა.
სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტის, Meltwater Explore-ის გამოყენებით, DFRLab-მა ჩაატარა კამპანიასთან დაკავშირებული ანგარიშების გაფართოებული ძიება და გამოავლინა მონათესავე ქსელი, რომელიც შედგებოდა მინიმუმ ოცდაცხრამეტი მომხმარებლის ანგარიშისგან.
DFRLab: „…ქსელი მუშაობდა სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ბოლო დროს ფოკუსირებული იყო საქართველოში ანტირუსული და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაზე. ის ასევე დაკავებული იყო ანტიუკრაინული კონტენტის წარმოებითა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკით. ამ სტატიის წერისას ყველა იდენტიფიცირებული ანგარიში დაბლოკილია“.
სპეციალისტების განმარტებით, რამდენიმე ინდიკატორი მიანიშნებს, რომ ეს ანგარიშები Doppelganger-ის ოპერაციის ნაწილია, მათ შორის ისიც, რომ ყველა ანგარიში შეიქმნა 2024 წლის მაისში.
აღსანიშნავია, რომ მათ თაიმლაინზე არ ჰქონდათ პოსტები; არ ჰყავდათ გამომწერები და არც თავად ჰქონდათ სხვების გვერდები გამოწერილი. გარდა ამისა, ამ ანგარიშებს ავატარებად გამოყენებული ჰქონდათ საჯაროდ ხელმისაწვდომი სურათები, ძირითადად ცხოველებისა და მანქანების გამოსახულებით; ქსელი აქვეყნებდა პასუხებს სხვა X ანგარიშებზე, ხშირად რამდენიმე წუთის ინტერვალით, თითოეული ანგარიში წერდა დაახლოებით ორმოცდაათ პოსტს.
Doppelganger-ის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია RRN პლატფორმა, რომელიც პირველად საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა გამოავლინა. RRN შეიქმნა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში და თავი შეინიღბა „დამოუკიდებელ მედიასაშუალებად, რომელიც აქვეყნებს „ფაქტებით შემოწმებულ ინფორმაციას“ ძირითადად უკრაინის ომზე.
„24 მაისს, RRN-ის X ანგარიშმა აპინა პოსტი, რომელიც აჩვენებს ვიდეო ინტერვიუს მიხეილ ჟღენტთან – ის საქართველოში ახალდაარსებული, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გენერალური მდივანია.
ინტერვიუში ჟღენტი იმეორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას აგენტების კანონის გამო ევროკომისარი დაემუქრა. კომისარმა 23 მაისს საჯაროდ უარყო ეს ბრალდება, თუმცა პოსტი 24 მაისსაც აპინული იყო.