„ვაზიანს აქვს რამდენიმე ფუნდამენტურად განმასხვავებელი ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა. ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა.
თინა ხიდაშელს „ბათუმელები“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც ვაზიანში ახალი აეროპორტი უნდა მოეწყოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რას ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ბაზისთვის ხელის ხლება.
- ქალბატონო თინა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლება ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს და საფრთხე ექმნება იქ განთავსებულ სამხედრო ბაზას?
ბუნებრივია, ეს საკითხში პირდაპირ კავშირშია იმ პროცესთან, რაც მიდის ქვეყანაში: ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ანტინატოური. არ ვიცი, ეს გადატანაა თუ გაუქმება, მაგრამ ფაქტია, რომ ხელის ხლებაა, რაც არის ერთიანი, ანტიდასავლური ოპერაციის ნაწილი.
ჯერ ერთი, ვინ დაგვისაბუთა, რომ ახალი აეროპორტი გვჭირდება, თავი რომ დავანებოთ საერთოდ იმას, თუ სად შენდება. რამე კვლევა, მონაცემები გამოქვეყნდა? როგორც აეროპორტის ხშირი მომხმარებელი, მეც ვამბობ, რომ აეროპორტი არ არის საკმარისი, მაგრამ რით დადასტურდა, რომ არსებული აეროპორტის გაფართოება შეუძლებელია?
გარედან როცა ვუყურებ, პრაღის აეროპორტი, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ტურისტულად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია, თავისი სიგრძით ამხელა საერთოდ არ არის, რა ტერიტორიაც ჩვენ გვაქვს ახალ ტერმინალსა და VIP ტერმინალს შორის.
უზარმაზარი ტერიტორიაა დღევანდელ აეროპორტს და სამთავრობოს შორის, მათ შორის ძველი აეროპორტია, რომელიც არ ფუნქციონირებს. მე არაპროფესიონალი ვარ და არ მაქვს პრეტენზია, რომ რასაც ამ თემაზე ვამბობ, სწორია, მაგრამ მთავრობამ უნდა დამისაბუთოს, ამის და ამის გამო ასეა საჭიროო.
- ეს ფაქტორიც ერთ-ერთია მათ შორის, რაც აჩენს ეჭვს იმაზე, რომ შესაძლოა, რეალური მიზანი იყოს არა ახალი აეროპორტის აშენება, არამედ ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება?
ვფიქრობ, რომ მთელი ეს მოძრაობები მიდის ნეიტრალიტეტამდე. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების გეგმა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით არის ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რაც სრული აბსურდია და თუ ვინმეს სჭირდება კიდევ ამის ახსნა, არ ვიცი.
შესაბამისად, საქართველო თვისობრივად სხვა სისტემაზე უნდა გადაეწყოს და ისინიც ფიქრობენ: რა საჭიროა ამხელა ტერიტორია თბილისის მიმდებარედ ასე ცდებოდეს, როცა შესაძლებელია რომელიმე ქოცმა დეპუტატმა იქ კორპუსები ჩადგას და რაღაც ტერიტორიაზე აეროპორტიც აშენდება? ვუტრირებ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სრულიად იგნორირებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ინტერესები.
ვაზიანს აქვს ფუნდამენტურად განმასხვავებელი რამდენიმე ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა.
ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანაა ხელისუფლებამ გვითხრას, როგორ დაიცავს თბილისს, თუ ვაზიანიდან ბაზა მიდის, ან სად არის თბილისის გარშემო იმ მასშტაბის ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ჩანაცვლება?
მეორე ფაქტორი, რის გამოც რთულია ამ ბაზის გადატანა, არის ის, რომ იქამდე ინფრასტრუქტურულად სამივე საკვანძო სატრანსპორტო ქსელი მიდის: სამანქანე გზა, რკინიგზა, თვითმფრინავი.
მესამე ფაქტორია ის ფინანსური რესურსი, რაც 35 წლის განმავლობაში ჩაიდო ვაზიანში. ვაზიანი არის ყველაზე უფრო დახუნძლული ტერიტორია სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. თუ რამე სამხედრო დახმარება მიუღია საქართველოს ორმხრივ თუ საერთაშორისო ფორმატში, მისი ორი-მესამედი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩადებულია ვაზიანში, მის უსაფრთხოებაში, გაძლიერებაში.
ვაზიანში ნატოს წევრი ქვეყნის შესაბამისი სამხედრო ბაზა გვაქვს. ამხელა ფინანსური რესურსი, რაც ამდენი წელი ვაზიანში იხარჯებოდა, საიდან უნდა მოვიდეს? ვთქვათ, იპოვეს ადგილი, სადაც ბაზას გადაიტანენ და ყველა სატრანსპორტო კვანძია, ეს ფული საიდან უნდა მოვიტანოთ? აქ ლაპარაკია მილიარდებზე. ამ ფინანსურს რესურსსაც ნაგავში ვყრით, თუ იქიდან ბაზას გადავიტანთ.
და ბოლოს: თავის დროზე, როცა მე „ჯეიტეკი“ გავაკეთე და გავხსენი ერთადერთი ნატოს ცენტრი საქართველოში, მისი მთელი კონკურენტული უპირატესობა იყო ზუსტად ვაზიანის რესურსები და შესაძლებლობები. ეს გახდა მიზეზი, რის გამო საქართველო შეირჩა ამისთვის.
- კომბინირებული აეროპორტის ვერსიაც გაახმოვანა ხელისუფლებამ, თუმცა, მაგალითად, გენშტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე გამორიცხავს პოლიგონის სიახლოვეს სამოქალაქო აეროპორტის არსებობას…
დიახ. არ არსებობს არცერთი სამხედრო, რომელიც ამ საკითხში დაეთანხმება ხელისუფლებას. ასეთი რამ არ არსებობს. სამოქალაქო ავიაცია არის პრინციპულად სხვა რამ. მაგალითად, ქართულ-ამერიკული წვრთნები როცა ტარდება, ტრადიციულად ივლისში, ამ დროს რა უნდა ქნა, გააუქმებენ სამოქალაქო ფრენებს, თუ იტყვიან, რომ ბათუმის აეროპორტით ისარგებლებენ ერთი თვე?!
ეს განაცხადი აბსურდია ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია და შეიარაღებული ძალები და აქტიური სამხედრო კონტინგენტი მუდმივი წვრთნის რეჟიმშია.
- ხელისუფლების მიდგომაა პრობლემა, თუ იკვეთება რუსეთის დავალებაც?
ყველაფერი ერთად. ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ ქვეყანაში, თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი თემა.
როდესაც ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, ივანიშვილი მზად იყო დაეთმო ნებისმიერი სამინისტრო, შსს-ს გარდა. ყველა სამინისტრო მაშინ მეტ-ნაკლებად პროფესიონალებს ჩაბარდა, შსს-ს გარდა, სადაც თავისი ყურმოჭრილი მონა, წერა-კითხვის უცოდინარი დანიშნა მინისტრად, თავდაცვა კი ჩააბარა კოალიციურ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე მეტად არ ენდობოდა.
თავდაცვისუნარიანობა მათთვის არის ნულოვანი მნიშვნელობის საკითხი. მათთვის მნიშვნელოვანია ძმაკაცი იყოს კარგად, „ცეხავიკები“, რომლებიც გარშემო ახვევიათ, ვიდრე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხი.
მაშინ განსხვავებული რეალობა იყო და ის ვერ გაბედავდა იმის 10%-ს, რასაც ახლა ბედავენ დასავლეთთან. გიორგი კვირიკაშვილის პერიოდი იყო პრინციპულად განსხვავებული, ხოლო ის, რაც ღარიბაშვილისგან 2 წლის წინ მოვისმინეთ, რომ უკრაინაში ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ ნატო არ გაჩერდა, გაფართოების გეგმებზე უარი არ თქვაო, არის ნათელი გზავნილი მოსკოვისთვის.
საქართველოს ხელისუფლებას ხომ ისედაც უკვე უარი აქვს ნათქვამი ნატოზე. ჩემი ორგანიზაციის ოფისშია ნატოს დროშა და უცხოელ სტუმრებს, ელჩებს, უკვირთ, მგონი, საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნატოს დროშა ჰკიდიაო.
ევროკავშირთან რაღაც პერიოდი როცა თაფლობისთვე ჰქონდა „ოცნებას“, მაშინ ეს ნატოზეც ვრცელდებოდა. როგორ კი გიორგი კვირიკაშვილი წავიდა „ქართული ოცნებიდან“, ნატოსთან ურთიერთობის ფურცელი დახურა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ის იმ ნარჩენებს ებრძვის, რომელიც ისევ ფეთქავს.
- რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პირდაპირ განწირული ვყავართ რუსული ორღობისთვის.
მითი არსებობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ყველაზე კარგად ვიყავით. სახელმწიფოებრივ ღირსებას რომ დავკარგავთ და საერთო შესაძლოა სახელმწიფოებრიობაც დავკარგოთ, ეს უკვე შემდეგი ეტაპია.
- საუბრის დასაწყისში ამბობდით, რომ ვაზიანის ბაზისთვის ხელის ხლება ერთიანი პროცესის ნაწილია, ანტინატოს პროცესის, მათ შორის. რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი?
თუ „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში 4 წლით, ეს იქნება დიდი, ახალი ერის დასაწყისი საქართველოსთვის – უძრაობის, პროვინციული დიქტატურის. ეს არ იქნება პუტინის რუსეთი, მაგრამ იქნება მცდელობა ლუკაშენკოს ბელარუსის შექმნის, ან ყირგიზეთის.
თავიდან ალბათ მასობრივი დაჭერები და პატიმრობები არ გვექნება. ივანიშვილი შეეცდება, რომ უბრალოდ გათავისუფლდეს ყველა ჩვენგანისგან, ვინც განსხვავებული აზრის ვართ და ვისშიც ის საფრთხეს ხედავს. ის გზას გაგვიხსნის, რომ დავტოვოთ ქვეყანა, როგორც თავის დროზე პუტინმა არ შეუქმნა პრობლემა დისიდენტებს, დაეტოვებინათ ქვეყანა.
ვინც გაუძალიანდება და ქვეყანაში დარჩება, მის მიმართ უკვე ძალიან რეპრესიული იქნება რეჟიმი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ მან ეს არჩევნები მოიგო, ეს ძალიან გრძელვადიანი ომი იქნება.
ის ცდილობს, რომ გაიფორმოს არჩევნები. ის არ ცდილობს მოგებას, რადგან იცის, რომ ამის შანსი მას არ აქვს.
- რას ნიშნავს ამავდროულად „ქართული ოცნების“ პოზიციონირება, რომ თითქოს ევროინტეგრაცია ისევ სურს, ასევე ნატოსთან დაახლოება? უკრაინის აღდგენის კონფერენციაზეც დღეს ირაკლი კობახიძე ამბობდა, უკრაინას მხარს ვუჭერთ ყველა პლატფორმაზეო…
ეს არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ისევ დასავლურ გზაზე ვდგავართ და ვექტორი არ შეგვიცვლია.
დანარჩენს რას ვაკეთებთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც განსაზღვრავს, სინამდვილეში სად არის საქართველოს ხელისუფლება. რას ვამბობთ, რას ვაკეთებთ? აქამდე იყო ლაპარაკი, რომ „კაი, ჰო, ვიღაც უზრდელია“, დღეს ეს ასე არ არის – 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, რომ დიქტატურას ამყარებს, დავრჩებით ხელისუფლებაში და ყველას დავიჭერთ, გავანადგურებთო. ეს აღარ არის ის მომენტი, რომ აი, ვიღაც ზარქუამ სადღაც რაღაც ილაპარაკა.
ძალიან მალე, 27-ში გაფორმდება ტრიოს დაშლა, როცა ევროკავშირი გაუხსნის მოლაპარაკების ფანჯარას გაწევრიანებაზე უკრაინას და მოლდოვას. თუ აქამდე მაჩანჩალა მაინც ვიყავით, სამწუხაროდ, ამჯერად აღმოჩნდება, რომ ჩავრჩით ამ პოლიტიკურ პროცესში.
კანდიდატის სტატუსის მიღება არის სიმბოლური პოლიტიკური აქტი. მას არა აქვს დაუყოვნებლივი სამართლებრივი შედეგი. ეს ადასტურებს, რომ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს და შენ აუცილებლად გახდები ოდესმე ევროკავშირის წევრი. მოლაპარაკებების გახსნა კი პროცედურულ-სამართლებრივი საკითხია კონკრეტულ სექტორებთან ჩაშლილი პროგრამებად და პროექტებად.
საბედნიეროდ, ევროპარლამენტის არჩევნები ჯამურად კარგად დამთავრდა. რა თქმა უნდა, კატასტროფაა ის, რაც გერმანიასა და საფრანგეთში მოხდა, მაგრამ კონფიგურაცია არ შეიცვალა და კომისია არ იქნება ევროსკეპტიკოსებით დაკომპლექტებული. „ქართული ოცნება“ ვისაც გულშემატკივრობდა ამ არჩევნებში, იმ ხალხს ევროკავშირის გაფართოება არ უნდა, მათი დღის წესრიგია ის, რომ ევროკავშირი არ უნდა გაფართოვდეს. გამოდის, 4 წელი შანსი კიდევ დაგვემატა.
- რა შანსია ეს საქართველოსთვის? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროკავშირის ჩართულობამ, ასევე სანქციებმა?
ამ ეტაპზე არავის აღარაფერი შეუძლია. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი თალხი გადააფარა ამ ქვეყანას და თქვა, რომ არავის აზრი არ აინტერესებს, არავის რეკომენდაციას არ მოუსმენს, ეს აკვიატებული სუვერენიტეტის იდეა სინამდვილეში ნიშნავს იზოლაციონიზმს მათივე ინტერპრეტაციით. საქართველო იმ ტიპის სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, რომელიც აქვს რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთიც სუვერენული სახელმწიფოა, ირანიც სუვერენულია.
- რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომ არ აღმოვჩნდეთ რუსულ ორბიტაზე?
იმ ფონზე, როდესაც მათ აღვირახსნილობას არაფერი აღარ უქმნის წინააღმდეგობას, ერთადერთი შემაკავებელი რჩება: ქართველი ამომრჩეველი.
ქართველმა ამომრჩეველმა სახელოვნად უნდა დასაჯოს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დასჯის ქვეყანას, თანაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
ამ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ყოველთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამ პირობებშიც კი „ქართული ოცნების“ დამარცხება შესაძლებლად მიმაჩნია, ამის ბევრი მიზეზი არსებობს: ამ ქვეყნის გამოცდილება და პოტენციალი – ჩვენ დღემდე ვამტკიცებთ, რომ ეს ქვეყანა არ არის დიქტატურას შემგუებელი.
ივანიშვილმა თავისი საქმე გააკეთა: 29 აპრილს ღიად და გულწრფელად გვითხრა, დიქტატურას ვამყარებო. ახლა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს და ამ ნათქვამზე დააშენოს რწმენა, რომ ამომრჩეველს შეუძლია 29 აპრილს დახატული ეს რეალობა არ შედგეს.
ამავე თემაზე: „ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე