სტალინურ რეპრესიებს არაერთი სასულიერო პირი შეეწირა. სისხლიანი ტერორი შეეხო როგორც მართლმადიდებლურ, ისე მუსლიმ სასულიერო პირებს.
აჰმედ მეკეიძე სოფელ ღორჯომში დაიბადა და გაიზარდა. განათლება ხულოში მიიღო. მუსლიმი სასულიერო პირი გახდა, ხოჯა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა.
26 წლის იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. ყველაფერი, რაც აჰმედს ეკუთვნოდა, ტანსაცმელიც კი, მილიციამ წაიღო და გააქრო. ოჯახს არც ფოტოები შემორჩა. აჰმედს ჯერ შვილები ეძებდნენ, შემდეგ მისი ძებნა შვილიშვილებმა გააგრძელეს.
„67 წლის ვარ ახლა. 57 წელია ვეძებ ბაბუაჩემს, აჰმედ ფერჰატის ძე მეკეიძეს. 10 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ ვეძებთ მე და ჩემი ბიძაშვილი ბაბუას“, – უყვება „ბათუმელებს“ აჰმედ მეკეიძის შვილიშვილი, ახმედ მეკეიძე.
„ბავშვობაში, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ყველას ბაბუა ჰყავდა ჩვენს გარდა, მე და ჩემი ბიძაშვილი მივედით ბებიაჩემთან და ვკითხეთ, სად იყო ჩვენი ბაბუა.
დიდმა ბებიამ, ბაბუაჩემის დედამ, ზექიე აბულაძემ ორივე, მეც და ჩემი ბიძაშვილი მუჰამედიც დაგვსვა აქეთ-იქით და გვითხრა, თქვენი ბაბუა ციხეშიაო. მაშინ ჰაფიზხანას ეძახდნენ ციხეს.
ღორჯომში ვცხოვრობდით. მალე მოგვიწია ბათუმთან ახლოს, სოფელ ჩელტაში წამოსვლა. მე და ჩემი ბიძაშვილი ვიპარებოდით ხოლმე სოფელ ჩელტიდან ბათუმში ფეხით, მივდიოდით ბათუმის ციხეზე და ვეძახდით ბაბუას. გვეგონა ბაბუა ციხეში იყო და ჩვენს ხმას გაიგონებდა. მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი 12-ის.
ასტრონომია და ექვსი ენა იცოდა ბაბუაჩემმა. ისკენდერ თავართქილაძის მოსწავლე იყო. ღორჯომში პირველი სასწავლებელი რომ გაიხსნა, იქ სწავლობდა.
ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა ბაბუა, განათლებული და წარმოსადეგი. მისი ძირითადი ოჯახი ღორჯომში ცხოვრობდა, დაპატიმრებისას თავად ადიგენში, სოფელ ფხეროში ყოფილა, იქ ჰყოლია ცოლ-შვილი, ნაქირავებ სახლში.
ბებიაჩემი, ნებიე თავართქილაძე ასე იხსენებდა ხოლმე იმ დილას, როცა მისი ქმარი წაიყვანეს:
„ლოცვაზე წავიდა დილას მეჩეთში. მზე ახლად შემოსული იყო სოფელში, როცა ჩვენს სახლში მილიცია მოვიდა. გაივსო ეზო ხულოდან ამოსული მილიციელებით. როცა აჰმედი ეზოში შემოვიდა, მაშინვე დააკავეს. სახლშიც აღარ შემოუშვეს.
ექვსი თვის და სამი წლის ბავშვებით დავრჩი მარტო ფხეროში. არავინ ახლოს არ გვეკარებოდა, ვერავინ ბედავდა ჩვენს დახმარებას, ეშინოდათ. მერე ერთმა მეზობელმა თქვა, რა უნდა მიქნან, დიდი დიდი მეც დამაკავონო, მოგვკიდა ხელი და ჩამოგვიყვანა ხულოში, აჰმედის ოჯახში,“ – იხსენებს ახმედ მეკეიძე ამბავს ბაბუის შესახებ.
- ბრალდება
„1936 წლის სექტემბრის ბოლოსაა დაპატიმრებული ბაბუა. დააპატიმრეს სწავლა-განათლების გამო. დააპატიმრეს, იმიტომ, რომ იყო სწავლული და განათლებული. ბრალად დასდეს ვითომ სახელმწიფო უნდა დაენგრია. ეს იყო ბრალდება, მეტი არაფერი.
რა უნდა გაეფუჭებინა ქვეყნისთვის? არაფერი. მისი გაქრობა იყო უბრალოდ ვიღაცის ინტერესი. დაკავების მერე სასტიკად მოექცნენ. ხელი და ფეხი გაუბორკიათ ჯაჭვით. ხულოდან ბათუმში ფეხით ჩამოიყვანეს თურმე. პოლიცია ცხენებზე იჯდაო. ხელები უკან ჯაჭვით ჰქონია შეკრული და ფეხებზეც ჯაჭვი შებმული,“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.
ბიძაშვილები, ახმედი და მუჰამედი იხსენებენ, რომ ისინი ბებიებმა, აჰმედ მეკეიძის დედამ, ზექიე აბულაძემ და აჰმედის მეუღლემ, ნებიე თავართქილაძემ გაზარდეს.
„ჩვენი ბებიები ტიროდნენ. ერთი შვილს ტიროდა, მეორე – მეუღლეს. ყველაფერი, რასაც ბავშვობაში ბებიები გვიყვებოდნენ, ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში და მათ პირობა მივეცით, რომ ოდესმე ვიპოვიდით ბაბუას და სახლში დავაბრუნებდით“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.
„გადმონაწილდა ჩვენზე ის ტირილი“, – ამატებს ახმედის მონათხრობს მუჰამედ მეკეიძე.
„დღემდე ვტირით, არ დაგვიმთავრებია ტირილი. ტირილს დავამთავრებთ მაშინ, როცა მათ, იმ ჩვენ ბებიებს, ერთ ბებიას მის შვილს და მეორე ბებიას მის მეუღლეს, მათ გვერდზე დავუსაფლავებთ. ჰო, ჩვენი ტირილი იმ დღეს დამთავრდება,“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

მუჰამედ და ახმედ მეკეიძეები
ორივე შვილიშვილმა მთელი ცხოვრება ბაბუის კვალის ძებნას მიუძღვნა.
ახმედმა მას შემდეგ რაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა, ყველა ის კოლონია შემოიარა, სადაც სამუდამო პატიმრობამისჯილი ადამიანები იხდიდნენ სასჯელს.
„ვიყავი ხაბაროვსკში, მურმანსკში, ვლადივოსტოკში – ყველა დიდი კოლონია ვნახე. ისეთ ადგილებში დავდიოდი, სადაც შესვლა რთული იყო. ვეძებდი ბაბუას და ბაბუა არსად იყო.
ნივთი რომ დაგეკარგოს ადამიანს, ნივთი და გახსოვდეს, რომ დაკარგე, რამდენჯერაც გაგახსენდება, იმდენჯერ დაიწყებ ძებნას.
ადამიანის დაკარგვა კიდევ სულ სხვა არის.
ადამიანს მისი ოჯახი ეძებს, მისი შთამომავალი ეძებს. წინაპარი არავის არ დაუვიწყებია და არც დაივიწყებს. ჩვენთვის ცოცხალია ბაბუა. მე რომ ბაბუას ვამბობ, მრცხვენია უკვე. 67 წლის ვარ. ბაბუაჩემი, რომელიც დააპატიმრეს და დახვრიტეს – 26 წლის იყო.
განა რა დანაშაული ჰქონდა ისეთი, რომ დაიჭირეს და დახვრიტეს? ადამიანს უსაფუძვლოდ აპატიმრებენ, ასე უგზო-უკვლოდ იკარგება – ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ჩვენი ტკივილი ესაა. არ მორჩება, ვერ მორჩება. გვინდა ვიპოვოთ და საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალოთ ბებიების გვერდით, რადგან სასაფლაო არის ადამიანის არ დავიწყების და მისი სული მოხსენიების ერთ-ერთი კერა,“- ამბობს ახმედ მეკეიძე.
რეპრესირებულის შვილიშვილის თქმით, რეპრესიები, რომელიც სტალინმა გაატარა, გამანადგურებელი იყო, რადგან გააქრო განათლებული ადამიანები.
„სტალინის კანონი დიქტატურა იყო. ვისაც ქვეყანაზე, კუთხეზე, ოჯახზე გული შესტკიოდა, ისეთ ხალხს აპატიმრებდნენ. უსინათლო კაცი ვერსად ვერ წავა და სინათლეს როცა წაართმევ, ყველა ბნელში რჩება. შუქის, სინათლის, ცოდნის წართმევის წყარო იყო სტალინის კანონი და რეპრესია. ხალხის დამორჩილების პოლიტიკა იყო.
დღე უკვე სხვა დროა. უკვე ტელევიზიაა, ინტერნეტია და ყველა ყველაფერს ვხედავთ. გავითავისოთ ყველა ჩვენგანმა, რომ ბოროტების შექმნა და დატოვება ძალიან ცუდია, გადადის შთამომავლობაზე. ყველამ იცის, ვისი ბებია თუ ბაბუა რას ემსახურებოდა.
ახალი თაობა რომ ამას აღარ მოვემსახუროთ, ამისათვის ყველაზე ყველაზე დიდი მაგალითია ეს რეპრესიები. ჭკვიანს რომ გაანადგურებ, განათლებულს რომ სიბნელეში დატოვებ და წაართმევ ყველაფერს, ქვეყნის აშენება მერე ძნელია,” – ამბობს ახმედ მეკეიძე.
ახმედ მეკეიძე საუბრობს სახელმწიფოს როლზე, რომელსაც შეუძლია რეპრესირებულთა ნეშტების მოძიება და წარსულის გამოკვლევა.
„დღეს ჩვენ გვინდა სახელმწიფოს დახმარება. სახელმწიფოს შეუძლია დაგვეხაროს და მოვნახოთ სამარხები. ჯერ კიდევ გაუხსნელია სამარხები. ამოვასვენოთ ეს ხალხი.
სამარხებში, რომელიც ხელვაჩაურში გახსნეს, 30-35 კაცი ერთად იყო ჩაყრილი. ცოტა უხეშად გამომდის, ტყიდან რომ „სამასვალით“ შეშას მოიტან და გადმოყრი, ასე არიან ჩაყრილი. ზოგი თავით არის, ზოგი ფეხით, ზოგი ყირამალა, ძალიან ცუდი შესახედავია. ამ ადამიანებს რომ სასაფლაო ვაღირსოთ, ამაში სახელმწიფოს დიდი წვლილია საჭირო. ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები იყვნენ”, – ამბობს ახმედ მეკეიძე.
აჰმედის გაქრობიდან 80 წლის შემდეგ გაიგეს მისმა შვილიშვილებმა, რომ ბაბუა, რომელსაც ეძებდნენ, შესაძლოა ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ყოფილიყო დახვრეტილი.
2023 წლის ივლისში დაკრძალეს სამი რეპრესირებული, რომელთა იდენტიფიცირებაც დნმ-ის ნიმუშების საშუალებით მოხდა.
ბიძაშვილებს იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც ბაბუას ნაშთს იპოვიან და მათი მრავალწლიანი ძებნა დასრულდება.






