„ჩაერთე მართვაში“ საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. კამპანიის ფარგლებში კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჩოხატაურში, მარნეულსა და დმანისში შეიქმნა.
ბათუმის კლუბში 15 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებმაც 2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების კამპანიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება საინფორმაციო შეხვედრებისა და საჭიროებების კითხვარის წარმოების გზით, შშმ პირებისთვის ბათუმის ქუჩების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების დაინტერესების ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორების მოკვლევა.

ბათუმის კლუბის წევრები
კლუბის წევრებმა მონაწილეობითი მექანიზმებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის: სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ხანდაზმულებთან, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან. ამასთან, განახორციელეს საველე აქტივობები მონიტორინგისა და საინფორმაციო ბროშურების გავრცელების მიზნით, რომელშიც 250-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო.
მათე, ლარა და დიანა სხვადასხვა კლუბებში იყვნენ განაწილებულები და იკვლევდნენ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს.
მათე კონჯარია ჯგუფელებთან ერთად მოქალაქეთა საჭიროებებს იკვლევდა. მან კლუბის შესახებ ინტერნეტით გაიგო, შეავსო მონაწილეობის ფორმა, სამოტივაციო წერილიც დაწერა და სხვა შერჩეულებთან ერთად შეუერთდა „ჩაერთე მართვაში“ კლუბს. მისი თქმით სამუშაო თემები ჯგუფური განხილვის შედეგად შეარჩიეს, გაიარეს კონსულტაციები და შეუდგნენ საქმიანობას:
„ჩვენს ინიციატივას ერქვა – „შენი ხედვა – ჩვენი ხმა“ და მის ფარგლებში შევხვდით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, გავაცანით მათ ინფორმაცია, თუ როგორ ჩაერთონ სხვადასხვა გზით ქალაქის მართვაში. მეორეს მხრივ ჩავატარეთ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ გამოკითხვა, თუ რა პრობლემები, რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რაზეც ფიქრობენ, რომ საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება.
მოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს აწუხებთ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის: პარკინგის, საცობის საკითხები, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქაოსური მშენებლობები და სხვა.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფი იყოს ჩართული მართვაში, რათა ერთად შევქმნათ ინკლუზიური გარემო. ჩვენ ვცხოვრობთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა ნაწილი იყო ჩართული მართვის პროცესში”.

მათე კონჯარია
მათე ფიქრობს, რომ რუსულ კანონის მიღების ფონზე მსგავსი ჩართულობის მიღწევა რთული იქნება.
„კანონის მიღების გამო, სავარაუდოდ, მოსახლეობის მმართველობაში ჩართულობა, რაც ისეც პრობლემურია, შემცირდება.
მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა არის ამერიკელი ხალხისგან და უშუალოდ ამერიკის მთავრობამაც და საელჩომაც აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ შემცირდება დაფინანსებები. ბათუმის მერიის, პარლამენტის საიტების დამზადება დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ამით შეგვიძლია შევაფასოთ რა დონის დახმარებაზეა საუბარი და როგორ აისახება ამ მხარდაჭერის დაკარგვა თითოეულ მოსახლეზე” – ამბობს მათე კონჯარია.
ლარა ქარცივაძემ კლუბელებთან ერთად გამოიკვლია ბათუმის 5 ქუჩის მდგომარეობა, შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის ნაწილში.
„ძირითადი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, იყო ტროტუარზე გაჩერებული მანქანები, ეს ქმნის დიდ ბარიერს ეტლით მოსარგებლე, შშმ ადამიანებისთვის.
ასევე, ტროტუარები არ არის ადაპტირებული ისე, რომ მასზე ასვლა ეტლით მარტივად შეძლო.
ტაქტილური ბილიკები უსინათლო ადამიანებისთვის დაზიანებული და გაუმართავია. ამგვარი არაინკლუზიური გარემო ბარიერებს ქმნის არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ბავშვთან ერთად ეტლით გადაადგილდება, ასევე – ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.

ლარა ქარცივაძე
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ რუსული კანონი მიიღო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში შშმ პირთა ორგანიზაციები წყვეტენ მუშაობას. შესაბამისად, ეს შექმნის ბარიერს სამომავლოდ მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. ჩვენი კლუბიც დასავლური გრანტებით არსებობს და იმ მოტივით შეიქმნა, რომ მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ ინფრასტრუქტურული და არამარტო საკითხების მოგვარებაში.
ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაგზავნილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ველოდებით პასუხს. მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ ვითანამშრომლოთ. ასევე მზადდება ვიდეო ადაპტირებული ტრანსპორტის შესახებ, რომელიც მიმართულია სწორედ არაადაპტირებული გარემოს გამოწვევებზე ცნობიერების ასამაღლებლად” – ამბობს ლარა ქარცივაძე.
დიანა ფუტკარაძე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობას იკვლევდა:
„ჩვენი კვლევა ეხებოდა 17-29 წლის ახალგაზრდებს. ძირითადად გამოვკითხეთ სტუდენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყვნენ მართვაში ჩართულები და რა ტიპის მექანიზმებს იყენებდნენ. გამოკითხულთა 91%-მა თქვა, რომ აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ ჩართულიყვნენ მართვის პროცესში.

დიანა ფუტკარაძე
კვლევის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები უშუალოდ სტუდენტებთან და გავაცანით მათ ინფორმაცია მონაწილეობითი მექანიზმებისა და ფორმების შესახებ. მათ გამოხატეს სურვილი უფრო მეტი გაეგოთ ამ თემებზე, ჰქონოდათ შემეცნებითი და სახალისო შეხვედრები და ღონისძიებები.
სამწუხაროდ, რუსული კანონის მიღებამ ხელი შეგვიშალა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში, რაც გულისხმობს არასამთავრობოებთან, სახელმწიფოსთან შეხვედრებს და რეკომენდაციების მომზადებას. სწორედ არასამთავროები გვაძლევენ იმ სახის ცოდნას, რასაც წესით სახელმწიფო უნდა გვაძლევდეს, თუ როგორ ვიყოთ აქტიური მოქალაქე და ჩავერთოთ პროცესებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოტივირებულია, რომ წავიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია” – ამბობს დიანა ფუტკარაძე.
„ჩაერთე მართვაში“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლუბების მონაწილეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება იმისთვის, რომ მომავალში მარტივად გადაჭრან და უპასუხონ ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, მოიზიდონ თანამოაზრეები, განახორციელონ ადვოკატირების კამპანია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების თანამონაწილეები.