განათლება,მთავარი,სიახლეები

„ვწყვეტ ჩემს პროექტს“ – კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი რუსული კანონის გავლენაზე

08.06.2024 •
„ვწყვეტ ჩემს პროექტს“ – კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი რუსული კანონის გავლენაზე

„წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეა ისეთი საერთაშორისო პროექტების, სადაც 60 ქვეყანაა წარმოდგენილი. აი, ასეთი ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება. მეც ვეღარ გავაგრძელებ ამ პროექტებს, რადგან არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს“- ამბობს ნანა დიხამინჯია, კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი, რომელიც ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე მუშაობს.

„ბათუმელების“ ნანა დიხამინჯიას განათლებაზე რუსული კანონით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენებზე ესაუბრა. 

  • ქალბატონო ნანა, როგორც ვიცით, დასავლეთის დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. რა ელოდება ამ ყველაფერს რუსული კანონის ამოქმედების პირობებში?

რა თქმა უნდა, განათლების სფეროს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეს კანონი რამდენიმე მიმართულებით. 

პირველი ის, რომ განათლების სფეროში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ევროპული და ამერიკული დაფინანსებით და ევროპა ჯერ კიდევ განიხილავს, რა ზომები უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ არა მარტო ანტიდემოკრატიული კანონის, არამედ მთავრობის მოქმედებების გამო, იმ ლანძღვა-გინების გამო, რაც გვესმის დასავლეთის მიმართ. ამერიკისგან პირდაპირ მივიღეთ გზავნილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ დაასანქცირეს დეპუტატები იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს ამერიკას იმედი, რომ გამოჩნდებიან შედარებით გონიერი ადამიანები ამ დეპუტატებს შორის და უარს იტყვიან ამ კანონზე. 

მათ ასევე გვითხრეს, რომ თუ კანონი შევა მოქმედებაში, ეს 390 მილიონიანი დახმარება, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდათ საქართველოსთვის, აუცილებლად გაჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ USAID-ის პროექტები ვეღარ განხორციელდება. 

მიმდინარე პროექტებიდან, რომელიც პირდაპირ ეხება მოსახლეობის კეთილდღეობას, შესაძლოა ყველა ერთად არ გაჩერდეს, მაგრამ მდგრადობის რისკის დასაზღვევად ხომ გვჭირდება ახალ პროექტებზე მუშაობა, არა?! ამიტომ, აი, ეს შემდგომი პროექტები აღარ შემოვა ქვეყანაში. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ამ სანქციების გამო ეს პოლიტიკოსები არაფერს შეცვლიან, შემდეგი ხუთი თვე, ფაქტობრივად, დაკარგული დრო იქნება და თუ არჩევნების შემდეგ ევროპული მთავრობა მოვა ქვეყანაში, პროექტების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. 

რეალურად, სახელმწიფო დაახლოებით 6 თვეს კარგავს საგრანტო აპლიკაციებისთვის. 

მეორე მიმართულება ეს არის პირადი ინფორმაციის დაცვა. მთელი რიგი სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის და ასე შემდეგ კვლევები, ხორციელდება ისე, რომ დაცულია რესპონდენტის ანონიმურობა და ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. რუსული კანონი აბსოლუტურად არანაირ დაცვას არ იძლევა, იმიტომ, რომ არის სრულიად ბლანკეტური ჩანაწერი, რომლის საშუალებითაც არ არის დაცული პირადი ინფორმაცია. 

მაგალითად, თუ „სენი“ [კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი] გადაწყვეტს, რომ დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში, იცით, რომ მას კლუბები აქვს სკოლებში და ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიადგება მოსწავლეებს და მოსთხოვს პირად ინფორმაციას. 

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება ექნება წაიღოს მოსწავლის კომპიუტერი და ტელეფონი და დაათვალიეროს. იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყვი, დაგაჯარიმებს, შემდეგ მეორედ დაგაჯარიმებს და ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაუძლებს. 

  • ბავშვის უფლებებს ხომ კანონი იცავს. გამოდის ყველა კანონის უგულებელყოფა მოხდება?

კი, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ რეგულირდება არაფრით. 

გასაჩივრების მექანიზმი არ გაქვს, დასაბუთება არ მოეთხოვება იუსტიციას, ნებისმიერს შეიძლება მიადგნენ და ასაკიც არ არის განსაზღვრული. 

გაერომ დასკვნა რომ დადო საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, ერთ-ერი აბზაცი ამ კანონს დაუთმო და თქვა, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება ბავშვთა უფლებების მიმართულებებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო მეორე, რაც ამ ორგანიზაციებისგან გავარკვიე, არის ის, რომ ბავშვთა პირადი მონაცემები სხვა კანონით არის დაცული და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს რაღაც ჭიდაობა თითოეულ ქეისზე, რაც სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.

მესამე ფაქტორი, თუ რატომ არის ქართული განათლება საფრთხეში ამ კანონის მიღების გამო, არის ის, რომ ქართული განათლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარტო დაფინანსება კი არა, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაა, რადგან მაგალითად, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში უმნიშვნელოვანესია ასეთი თანამშრომლობა, განსაკუთრებით აშშ-თან, რადგან რამდენიმე წელია სილიკონის ველზე, ტექნოლოგიურ კომპანიებთან ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობრები და ვცდილობთ სან-ფრანცისკოში საკონსულოსთან ან „ჯიტასთან“ [საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო] ვითანამშრომლოთ, რომ იქაური გამოცდილება როგორმე შემოვიტანოთ საქართველოში. 

ვთქვათ სახელმწიფომ უზრუნველყო ის რესურსები, რასაც ისინი გვაძლევდნენ, არ ვიცი რამდენი იყო ეს დაფინანსება, წელიწადში ალბათ ნახევარი მილიარდი? თუმცა, რომც გამოყონ ეს თანხები, არავინ ვითანამშრომლებთ ასეთ სახელმწიფოსთან, იმიტომ, რომ აქ არავინ გახსნის ციფრული ტექნოლოგიის ცენტრებს, ფილიალებს, როგორც კი ეს კანონი რეალურად შევა ძალაში. 

ჩანაწერში მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაა დაცული, კორპორაციული და კომერციული საიდუმლოც კი არ არის გამონაკლისი და ამას ძალიან მკაცრად უყურებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები. ამ კომპანიებთან ასე მარტივი არ არის მოლაპარაკებები. იმისთვის, რომ რაღაც პატარა ძვრა დაიწყოს, მთელი რიგი პროცესებია საჭირო და ასეთი კანონის პირობებში ჩვენთან არავინ ითანამშრომლებს. 

ამიტომ ეს არის მესამე ფაქტორი, რის გამოც საფრთხე შეექმნება ამ პროექტებს. 

მაგალითად, ესტონეთმა განაცხადა უკვე, რომ აღარ ითანამშრომლებს ამ კანონის გამო საქართველოსთან, რაც სტარტაპებისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. 

ესტონეთს ძალიან კარგად ესმის რუსული კანონის საფრთხეები და იმედი მაქვს, იმ უამრავ საჯარო მოხელესაც, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციებში, სიპებში დაუღალავად მუშაობდნენ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობები შეექმნათ და გაეღვივებინათ დასავლეთთან. 

ყველა საჯარო მოხელე „ოცნების“ დეპუტატი და ბიძინას მონა-მორჩილი ხომ არ არის. 

ამ ყველაფერს, ერთი ხელის მოსმით ყრის „ოცნება“, რაც სრულიად გაუგებარია. 

თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ეს არის რუსეთისკენ ჩვენი წათრევის მექანიზმი, სრულიად არალოგიკური ქცევაა, რადგან ერთ მხარესაა განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები და მეორე მხარეს რაღაც „გამჭვირვალობა“, რომელიც ისედაც არსებობს, რადგან ყველა იხდის გადასახადებს, ყველა ჩართულია საპენსიო სქემაში და ასე შემდეგ.

  • ჩვენ წლებია გვესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფინანსები განათლებისთვის, ვერ აფინანსებს მეცნიერებას, კვლევებს. ამ ფონზე კი რუსული კანონით ფაქტობრივად ვკარგავთ ყველაფერს. არის რისკი რომ სრულიად ჩამოიშალოს საგანმანათლებლო სისტემა? 

 რა თქმა უნდა. და როცა ჩაეკითხები რისი მიზეზით ხდება ეს ყველაფერი, გელაპარაკებიან ვიღაც ჰიპოთეტურ ორგანიზაციაზე, რომელიც თურმე გეგმავს გადატრიალებას. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე ამომრჩეველი ასეთი სულელია, რომ დაიჯეროს ეს ყველაფერი. 

თუ ასეა, სად არის გამოძიება? რას ნიშნავს სხვა ქვეყნის ელჩის ან სხვა ქვეყნის ორგანიზაციების დადანაშაულება იმ დროს, როცა რუსეთი გვერდზე გვყავს და ის მტერია. 

  • როგორც ვიცით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი ანტიდემოკრატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა პარლამენტში, რომელიც ე.წ ლგბტ პროპაგანდას შეეხება და ასევე ითვალისწინებს ხელოვნების სფეროში ცენზურასაც. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? 

ეს საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ თუ წინა კანონზე იყო მსჯელობა – არის თუ არა ეს კანონი ნამდვილად რუსული, ამ შემთხვევაში სამტკიცებელიც კი არ არის არაფერი, რადგან პირდაპირ რუსეთის და უნგრეთის კანონებიდან არის გადმოწერილი შინაარსობრივად. 

2022 წლის პარლამენტის გენდერული საბჭოს განცხადებებს რომ ჩავხედოთ, ისინი მადლობას უხდიან შსს იმისთვის, რომ პრაიდის დღეები ჩატარდა ექსცესების გარეშე და ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი. 

ამ დროს ვხედავთ ამ კანონს, სადაც არანაირ თანასწორობაზე არ არის საუბარი.

ჩვენ 90-იან წლებში ვუყურებდით „ფსიქოს“, სადაც გოგი გვახარია გვაცნობდა ევროპული კინოს მწვერვალებს და ახლა საუბარია იმაზე, რომ ფილმებიდან შეიძლება ამოჭრან სცენები, სადაც ერთი სქესის ადამიანების, ვთქვათ, კოცნა იქნება?!

მაინტერესებს, ამ კანონზე რას იტყვიან „იმედში“ ის ადამიანები, რომლებიც კულტურის მიმართულებით მუშაობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟიურის წევრები არიან ხოლმე თავადაც?!

ეს კანონი არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს, უგულებელყოფს მედიცინისა და კვლევების მიღწევებს.

თუ მე ვუყვები ბავშვებს ხელოვნურ ინტელექტზე, არ უნდა მოვუყვე ალან ტიურინგის შესახებ? რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში, რომელიც იყო ბრიტანელი მეცნიერი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ენიგმა მანქანის გაშიფვრაში და როგორც ამბობენ ექსპერტები, მან 2-3 წლით დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის მოგება მოკავშირეების მიერ და ის დაისაჯა ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ, იმიტომ, რომ იყო გეი და მას შესთავაზეს ქიმიური წამლები ჰომოსექსუალობის „სამკურნალოდ“, რის შემდეგაც დაემართა დეპრესია და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

არ უნდა ველაპარაკო ამის შესახებ მოსწავლეებს? ეს დაცენზურდება? ამ რეჟიმში უნდა გადავიდეს განათლების სისტემა? რომელ განვითარებულ ქვეყანაში გვინახავს ასეთი რამ. 

  • მიდის რაიმე მსჯელობა საგანმანათლებლო სივრცეებში ამ პროცესების შესახებ? როგორ შეიძლება გაჩნდეს, ვთქვათ, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომ ვერ მოიცვას ცენზურამ განათლება, ხელოვნება… რა ფორმით შეიძლება იმუშაოს ამ ყველაფერმა, როგორ ფიქრობთ?

მე მგონი ქართველმა ერმა თავისი წინააღმდეგობა გამოხატა ცენზურის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მასწავლებლები არიან დაშინებული და კარგად ვიცით, როგორ ემუქრებიან ხოლმე დირექტორები ან რესურსცენტრები. ისედაც უცნაური სისტემა გვაქვს, რადგან რესურსცენტრმა უნდა მისცეს სკოლას უფლება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან რომ ითანამშრომლოს. ამ პირობებში უბრალოდ მასწავლებლებს უნდა გაუჩნდეთ პროტესტი. 

რაღაც მომენტში მასწავლებლები გაბრაზდებიან, რადგან მათ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ შეიძლება ერთი მასწავლებელი გაუშვან, მაგრამ ხუთ მასწავლებელს ერთ სკოლიდან ვერ გაუშვებენ. ხუთი მასწავლებელი კი უკვე ძალიან დიდი ძალაა. 

ერთმანეთის მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ სხვა გზა, სხვა ხერხი არ გვაქვს, ვინც ამ კანონს და ამ რუსულ რეჟიმს ვუწევთ წინააღმდეგობას, ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენი ინსტრუმენტი არის პროტესტის გამოხატვა. გამოხატვა იმის, თუ როგორი ზეწოლაა სკოლებში. 

  • თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოხდა ბოლომდე იმის გააზრება პედაგოგებში, რომ ძალა მათ ერთიანობაშია.

მე, მაგალითად, ჩემს ნაცნობ მასწავლებლებს ვეუბნები, თუ დირექტორი თავს უფლებას აძლევს რომ მიგითითოთ თუ რაზე შეიძლება ილაპარაკოთ არასამუშაო დროს, გეუბნებათ, რომ არ უნდა გახვიდეთ აქციაზე, თუ დირექტორი თავს უფლებას აძლევს, რომ ამის გამო საყვედური გითხრათ, ეს უკვე არის რუსეთი, რადგან ამას ვერ გაბედავდა ვერცერთი დირექტორი განვითარებულ ქვეყანაში.

ამიტომ, ამას უნდა ებრძოლო იმ სამუშაო სივრციდან, სადაც ვართ. როგორ მიბედავს ჩემი უფროსი, რომ მაცენზუროს? ამას უნდა დაუპირისპირდეს ყველა, ამას უნდა დაუპირისპირდნენ პროფესორები, რომლებიც რექტორების პოლიტიკურ ნებას მიჰყვებიან ხოლმე.

ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენი სამუშაო სივრცეების და ჩვენი ცხოვრების გათავისუფლებით. იმის გააზრებით, რომ მე ვარ მოქალაქე და მაქვს უფლება. 

მე ისედაც წამოვედი „ალტე-უნივერსიტეტიდან“, მაგრამ ზოგადად, პროფესორები ნაკლებად ვართ სამუშაოზე მიბმული და არ გვეშინია მისი დაკარგვის, რადგან ძალიან მწირი რესურსებია ამ ქვეყანაში აკადემიური თვალსაზრისით. ამიტომ უფრო თამამად გამოვთქვამთ ხოლმე ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ იქაც კი მუშაობს თვითცენზურა. პროფესორებმა იციან, რომ არსებობს სტანდარტები და თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, შეიძლება უჩივლონ, მაგრამ მაინც ჩართული აქვთ თვითცენზურა. საბჭოთა მენტალობა არსად არ წასულა. 

აქაც გასათვალისწინებელია ის, რომ 4-5 პროფესორს ვერავინ გაუშვებს უნივერსიტეტიდან ერთდროულად, არ არიან ამ ქვეყანაში პროფესორები. ამიტომ აუცილებელია ამის გააზრება და ბრძოლა. 

მე, პირადად, სამოქალაქო აქტივიზმი ვისწავლე მისურიში, პატარა ქალაქში სადაც ვცხოვრობდი და იქ, მთელი რიგი ინიციატივები სწორედ მოსახლეობის ჩართულობით კეთდებოდა. იქ სენატორი რაღაცას არასწორად რომ აკეთებს, ყველა ამომრჩეველი ერთად იწყებს რეკვას და წერილებს გზავნის და შემდეგ ამ სენატორს უკან მიაქვს თავისი არასწორი გადაწყვეტილება. 

ჩვენ შემთხვევაში, საქართველოში არ გვაქვს ასეთი მექანიზმები, ამიტომ უნდა შევხედოთ, განვითარებულმა ქვეყნებმა როგორ მიაღწიეს ამ მექანიზმებს, როგორი იყო საპროტესტო გამოსვლები და უნდა დავიწყოთ იმით, რომ პროფესორმა მოითხოვოს თავისი პროფესიული განვითარების გეგმა, უნდა იყოს ჩახედული უნივერსიტეტის ბიუჯეტში და ასე შემდეგ. 

როცა სოფელში ცხოვრობ და შენი შვილი ათი წელია დადის სკოლაში, რომლის საპირფარეშოში არის ანტისანიტარიული მდგომარეობა, ამის გამო მშობლები ყოველდღე პროტესტით უნდა გამოდიოდნენ. 

უნდა ვისწავლოთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის მოთხოვნა და გააზრება და შემდეგ უკვე ვერანაირად ვერ გაჩნდება ისეთი მთავრობა, რომელიც იღებს ისეთ კანონებს, რომელიც მთელი 30 წლის შრომას და პოლიტიკური კურსისთვის ჩვენს დახარჯულ ენერგიას ერთი ხელის მოსმით გააცამტვერებს.

  • როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ პროექტები ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით და ასწავლით ქალებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. რა ბედი ეწევა ამ ყველაფერს რუსული კანონის პირობებში? 

მე მაქვს ძალიან მცირე გრანტი „ტექნოოუშენის“ სათავო ოფისიდან, რომელიც მთლიანად ტექნოლოგიურ ბანაკში უნდა გაიხარჯოს და რომელსაც სექტემბერში ვგეგმავდი, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ პროექტის გაგრძელებას თუ კანონი შევა ძალაში; სანამ არჩევნების შედეგები არ მეცოდინება და ეს არ იქნება ევროპული კურსის მთავრობა, მანამდე მე ამ პროექტს აღარ განვახორციელებ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია ვმუშაობ და კვირაში 5-10 საათს ვხარჯავ ხოლმე ამ პროექტზე სრულიად უსასყიდლოდ.

წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო პროექტებში, რომლის მონაწილეც 60 ქვეყანაა. 

როცა საბოლოო შეჯიბრი გვქონდა, 18-19 მაისს, მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს ვერ გავაგრძელებთ.

ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება ამის გამო საქართველოში, არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ფული არ არის და უცხოელებისგან უნდა მივიღოთ, კარგი პროექტები რომ განვახორციელოთ.

არავინ აპირებს ბენეფიციარების და პარტნიორების პირად მონაცემებში ხელები აფათურებინოს სახელმწიფოს. 

  • თქვენ გაქვთ განწყობა, რომ არჩევნებით დავიბრუნებთ დემოკრატიას?

რა თქმა უნდა, მაქვს ასეთი განწყობა. იმიტომ, რომ უკვე შეუძლებელია ასეთ ანტიდასავლურ და თან ძალიან პრიმიტიულ რიტორიკას შერჩეს ბევრი ამომრჩეველი.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველა სივრცე უნდა დავიკავოთ. მაგალითად, თბილისის მერია უცხოელ პარტნიორებთან ერთად ატარებდა ჯანსაღი ქალაქის თემაზე ფორუმს და ორი დღეა მარტო მე დავდივარ და ვსვამ კრიტიკულ კითხვებს. 

ყველა ასეთი სივრცე უნდა ავითვისოთ, ყველა კონფერენციაზე, ყველა პარტნიორთან უნდა ვიმუშაოთ. დიდ იმედს მაძლევს ისიც, რომ ამ არჩევნებზე ჩემი ბევრი მეგობარი ჩემთან ერთად აპირებს დარეგისტრირდეს დამკვირვებლად, რადგან ასეთი საფრთხე ჩვენ არასდროს არ გვიგრძნია. მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკაში აქტიური, მაგრამ რაღაც მომენტში, როგორც ჯავახიშვილმა თქვა, დგება დრო, როცა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები. ამ შემთხვევაში, არჩევნები უნდა დავიცვათ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: