მთავარი,სიახლეები

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

31.05.2024 •
2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

2025 წლისთვის გამოჩნდება, რუსეთი რამდენად შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. 2025 წლისთვის მძიმე მდგომარეობა დაუდგება რუსეთს აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ.

„შეტევაში ასე ჩანს, რომ რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, თანდათან შეტევის იმპულსი ქვეითდება,“ – ფრონტის ხაზს აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ნაკლებად ელის, რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს შეტევაში, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში განაგრძობს.

„მაგალითად, რობოტინო შეიძლება აიღონ, რასაც ამდენი ხანია იძახიან“, – ამბობს გადამდგარი გენერალი და გვიხსნის, რამდენად ფართოვდება უკრაინის შესაძლებლობები იმით, რომ დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის გამოყენების უფლება მას რუსეთის ტერიტორიაზეც შეეძლება:

„უკრაინას შეეძლება ზემოქმედება სადივიზიო ზურგზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე საკმაო სიღრმეშია – 120 – 150 კილომეტრი. იქ რუსეთის მიერ განლაგებული მნიშვნელოვანი ობიექტებია. შესაბამისად, რუსებს მოუწევთ გაცილებით შორ მანძილზე მომარაგების გადაჯგუფება“, – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე. მასთან საუბარი დღევანდელი შემთხვევით დავიწყეთ: უკრაინელებმა რუსეთში ნავთობტერმინალს დაარტყეს. სამხედრო ექსპერტი ციფრებს გვისახელებს, ნავთობგადამამუშავებელი პოტენციალის დაახლოებით 13 % გაუნადგურეს უკვე უკრაინელებმა რუსებს და ამას სამხედროს გარდა, ეკონომიკური გავლენაც დიდი ექნებაო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, დღეს, 31 მაისს, რუსეთში, კრასნოდარის მხარეზე შეტევა დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში. მათ დაარტყეს ნავთობტერმინალს და საბორნე გადასასვლელს. რას აჩვენებს ეს მოცემულობა? თქვენი აზრით, რისთვის ემზადებიან ახლა უკრაინელები?

უკრაინელებმა გაანადგურეს სტავროპოლის მხარეში, აზოვის ზღვაში, ერთ-ერთი უმსხვილესი საბორნე გადასასვლელი „კავკაზი“ და ნოვოროსისკთან მდებარე ტერმინალების ქსელი. ეს არის ნავთობშემნახავი, გადამამუშავებელი და ნავთობმიმწოდებელი კომპლექსი. რუსები ამბობენ, რომ უკრაინელებმა გამოიყენეს „ნეპტუნი“ და დრონები. „ნეპტუნის“ გამოყენება საეჭვოა მანძილის გამო, მაშინ ფრონტის ხაზზე უნდა მიეტანათ უკრაინელებს და იქიდან გაეშვათ, რაც ძნელი წარმოსადგენია.

დრონები გავანადგურეთო, რუსები იძახიან, მაგრამ ფაქტია ხომ, რაც განადგურდა?!

უკრაინელების მიერ მანამდე განხორციელებულ დარტყმებში სავარაუდოდ მონაწილეობდა 300 კილომეტრზე მფრინავი „ატაკამსის“ რაკეტები, კასეტური თავაკით. 300 კილომეტრზე მფრინავ „ატაკამსს“ გააჩნია 275 ე.წ. „ბომბლეტი“, ანუ პატარა ბომბი, უფრო მოკლე მანძილზე მფრინავ „ატაკამსს“ – 950 ბომბი. აღნიშნული რაკეტა ფეთქდება ჰაერში და ფარავს ფართო ტერიტორიას. თითოეული ამ პატარა ბომბის დაზიანების რადიუსი 13-15 მეტრია.

რატომ იყენებენ უკრაინელები ამას წარმატებით? – ეს ე.წ. ბუნკერების გამანადგურებელი არ არის, მაგრამ არის – ღიად განლაგებული ტექნიკის, თუნდაც სამხედრო ობიექტების, საწყობის, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს, რაც არის მოწყვლადი და ხანძრებს ადვილად ექვემდებარება, დასაზიანებლად ნამდვილად ეფექტიანი საშუალებაა.

  • რას მიაღწევს ამით უკრაინა, ეს რა მასშტაბის წარმატებაა? 

ორივე მხარეს თავისი სიღრმე აქვს ლოჯისტიკური თვალსაზრისით. არსებობს საარმიო ზურგი, დივიზიის ზურგი და ასე შემდეგ. რაც უფრო ახლოსაა მიწოდების მხარი, ადვილდება მომარაგება წინა ხაზზე მყოფი ჯარების.

გარდა ამისა, ეს ის ნავთობია, რომელსაც რუსები ჯერ კიდევ წარმატებით ჰყიდიან. შესაბამისად, ეს დარტყმა მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია რუსეთისთვის, რადგან რუსეთს ნავთობგადამამუშავებელი პოტენციალის დაახლოებით 12-13 % გაუნადგურა უკრაინამ. რამდენად აღადგენს ამას რუსეთი, სხვა თემაა.

ფაქტია, რომ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთს. ნავთობი მნიშვნელოვანია, როგორც წინა ხაზის მომარაგებისთვის, ასევე ბიუჯეტის შემავსებელია, რომ შემდეგ რუსეთმა ირანიდან თუ ჩრდილოეთ კორეიდან იყიდოს შესაბამისი სისტემები.

  • ხომ არ აჩვენებს ეს შემთხვევა იმას, რომ რუსეთს აღარ ჰყოფნის რესურსი? 

რა თქმა უნდა. როცა მოსკოვამდე ჩაფრინდება დრონი და იქ ფეთქდება, ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ირანმა როცა დაარტყა ისრაელს 300 დრონით და რაკეტით, მხოლოდ ორმა მიაღწია მიზანს ნაწილობრივ, ისიც უდაბურ ადგილებში დაეცნენ. აქ ჩანს საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა, რუსეთში კი გარღვევა გარღვევაზეა.

ზოგადად, საჰაერო თავდაცვა შრეებრივი უნდა იყოს მრავალ ფენად, მაგალითად, ს-300 შეუძლია გადაიჭიროს მიზანი 200 კმ მანძილზე, მაგრამ ვერ ხედავს 100-300 მ სიმაღლეზე. ფრთოსან რაკეტას ხმელეთის ზედაპირიდან 30-60 მ სიმაღლეზე შეუძლია გაჰყვეს რელიეფს. ეს ღრიჭოები რომ შეავსონ რუსებმა, მათ სჭირდებათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახლო და საშუალო მანძილის სისტემების განლაგება, რომლებიც უნდა ფარავდნენ, ავსებდნენ ერთმანეთს, თუმცა როგორც ჩანს, მათი რაოდენობა არ არის საკმარისი.

ასე რომ, ეს პრობლემები კარგად აქვთ უკრაინელებს შესწავლილი, ვინაიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა თითქმის ერთნაირი ჰქონდათ ომის დასაწყისში უკრაინას და რუსეთს.

  • ახლა მიაგნეს ამ ღრიჭოებს უკრაინელებმა რუსების საჰაერო თავდაცვაში? 

არა. ეს ღრიჭოები უნდა გამოჩნდეს პროცესში. შესაძლოა, ომის დასაწყისში არ იყოს და შუალედში გაჩნდეს, რადგან რაღაც განადგურდა, რაღაცამ ლოკაცია შეიცვალა და ა.შ..გასათვალისწინებელია ტერიტორიის მასშტაბებიც და სხვა გეოგრაფიული მახასიათებლები. სწორედ ამის დადგენაზე მუშაობს დაზვერვა.

ორივე მხარე მასიურად იყენებს დრონებს და აკეთებს ე.წ. საჰაერო კომბინაციას: ერთდროულად იყენებენ დრონებს, რომ ჩაირთოს და გადაიტვირთოს რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მას მიყვება ფრთოსანი რაკეტები და ბოლოს ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო პლანირებადი ბომბებიც ფეთქდება უკრაინაში ისევ: ხარკოვს ან ოდესას რას უშვრებიან, ვხედავთ ხომ?!

  • „როიტერსი“ წერს რუსეთის ხელისუფლებაში კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა თქვენ აქამდეც აღნიშნეთ, რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი უკრაინაში, თუ ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე შეთანხმება მოხდება. პუტინი ასევე მზადაა, გააგრძელოს ბრძოლა, თუ კიევი და დასავლეთი მის შეთავაზებას არ დასთანხმდება. თქვენი დაკვირვებით, რა ეტაპზე გადადის რუსეთ-უკრაინის ომი?

იმ აზრზე ვრჩები, რომ ეს დაპირისპირება იქნება ხანგრძლივი. შესაძლებელია, რაღაც მომენტში გარკვეულწილად „კორეიზაცია“ მოხდეს, ანუ გარკვეული, დაკავებული ტერიტორიები დარჩეს რუსეთს და მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა დროებით მაინც. ორივე მხარე საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებშია. ვერ იტყვი, რომ უკრაინელებს ულხინთ, ან – რუსებს. ორივე მხარეს დიდი დანაკარგებია.

რომელიმე მხარემ უნდა მიაღწიოს რაღაც მნიშვნელოვან წარმატებას, რომ აიძულოს მეორე მხარე, დაჯდეს მოლაპარაკებებზე. ჯერ-ჯერობით არცერთი მხარე არ არის ამისთვის მზად.

  • რამდენად შეიცვლება სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ, თუ ის დასავლეთიდან მიწოდებულ ტექნიკას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზეც? ამის შესახებ თავდაპირველად ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეზღუდვა უკრაინისთვის უნდა მოიხსნას. 29 მაისს კი საფრანგეთი და გერმანიაც შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს.

არა მგონია, უკრაინას იმდენი აღჭურვილობა მისცენ, რომ რუსეთი დამარცხდეს. დასავლეთი ამ ეტაპზე უკრაინას აძლევს იმ რაოდენობის აღჭურვილობას, რომ უკრაინა არ დამარცხდეს. ეს ორი სხვადასხვა რამეა.

დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინას გაუადვილებს ვითარებას: უკრაინას შეეძლება ზემოქმედება განახორციელოს მოწინააღმდეგის ზურგზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე საკმაო სიღრმეშია – 120 – 150 კილომეტრი. იქ რუსეთის მიერ განლაგებული მნიშვნელოვანი ობიექტია. შესაბამისად, რუსებს მოუწევთ გაცილებით შორ მანძილზე გადაჯგუფება, მომარაგების მიწოდების დროის გაზრდა და ამის გამო, ეს მიწოდების ხაზებიც მეტად მოწყვლადები ხდება. იზრდება მომარაგების დროც.

ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის პრობლემაა, მაგრამ ის მიწოდებული აღჭურვილობის მოცულობა ჯერ კიდევ  არ არის „ვუნდერ ვაფენ“ – გამარჯვების იარაღი უკრაინელების ხელში. დარწმუნებული ვარ, უკრაინას ამ აღჭურვილობის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა ექნება კონკრეტული პირობებით, მაგალითად, მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, ან იმ რაიონში, საიდანაც მოხდა უკრაინელებზე თავდასხმა. გარკვეული შეზღუდვები ექნება უკრაინას და ისე ვერ იქნება, რომ შურის საძიებლად უკრაინამ რომელიმე ქალაქს დაარტყას რუსეთში, როგორც რუსები ურტყამენ, მაგალითად, ხარკოვს.

  • ეს ვერ იქნება გარდამტეხი, გამორიცხავთ? 

გარდამტეხი ეფექტი ამას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გადამწყვეტი – არა.

  • რამდენად იზრდება უკრაინის შეტევითი პოტენციალი იმ აღჭურვილობით, რასაც დასავლეთი უკრაინას აწვდის? შვედეთმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტი მილიარდ 160 მილიონი ევროს ოდენობით. ეს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია სტოკჰოლმიდან. მასში შედის შორი რადიოლოკაციის სადაზვერვო თვითმფრინავი ASC 890, რომელსაც სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 500 კილომეტრამდე რადიუსში.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლო და საშუალო რადიოლოკაციური თვალთვალის საფრენი აპარატები, რომელიც განსაზღვრავს მოწინააღმდეგის სიღრმეში თვითმფრინავის აფრენას, რაკეტების გაშვებას, ამით ხელს უწყობს მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების, ასევე ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენას და მათ განადგურებას.

ასევე, მნიშვნელოვანია შვედეთის მხრიდან 30 ერთეული F16-ის გადაცემა ეტაპობრივად. ამას რომ დავუმატოთ სხვა ქვეყნები, რომლებიც აძლევენ უკრაინას ასევე F16-ებს, [ბელგია-30, ნორვეგია-22, დანია-19, ნიდერლანდები -24 და სხვ.] უკრაინელები ჯამურად 120 – 150 ერთეულს ითხოვდნენ და ეს რაოდენობა მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ექნებათ.

F16 უნივერსალურია. ის შეიძლება გამოიყენო, როგორც სახმელეთო მიზნების დასაზიანებლად, ასევე საჰაერო მიზნის დასაზიანებლად და ფრთოსანი რაკეტების საწინააღმდეგოდ.

  • F16-ების გადაცემა იქნება პირობა უკრაინისთვის, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა წამოიწყოს? 

კონტრშეტევისთვის კონკრეტული პირობებია საჭირო: მოწინააღმდეგეს აღარ აქვს შეტევის პოტენციალი, ის გაჩერებულია, მისი რეზერვები კი მოწყვეტილია წინა ეშელონებს. ამ დროს შენ გაგაჩნია საშუალება, რომ განახორციელო კონტრშეტევა.

უკრაინამ თუ არ მოიპოვა ჰაერში ბატონობა, უპირატესობა მაინც, ეს კონტრშეტევა განწირული იქნება იგივე შედეგისთვის, რაც მოხდა უკრაინული კონტრშეტევის დროს ზაპოროჟიეს რაიონში. 

გარდა ამისა, ახლა მიმდინარეობს უკრაინაში მობილიზაცია. უკრაინული ნორმატივებით 6 თვეა საჭირო საბრძოლო მომზადებისთვის, რომ სამხედრო მოხვდეს წინა ხაზზე. შემჭიდროებულ ვადებში 4 თვე მაინცაა საჭირო, რომ მომზადებულმა, ახალმა სისხლმა ჩაანაცვლოს გადაღლილი მებრძოლები, რომლებიც ამ დრომდე წინა ხაზზე იმყოფებიან სანგრებში.

რუსებს აქვთ ფანჯარა დაახლოებით 4 თვე, თუმცა ფანტასტიკის ჟანრად მეჩვენება, რამე სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ ამ პერიოდში. სანიტარული ზონაც კი ვერ შექმნეს, რაც პუტინისთვის გადამწვარი მიწის სინონიმია. მას უნდა შექმნას ცარიელი ტერიტორია, რათა რუსეთის მიწას ვერ სწვდებოდეს უკრაინის ძირითადი არტილერია და რეაქტიული სისტემები. ეს არის დაახლოებით 80 – 100 კილომეტრი. ვერ აკეთებენ ამას რუსები ხარკოვის მიმართულებით: ვოვჩანსკის ცენტრში მიდის ამ დრომდე ბრძოლა, იქ მდინარე ყოფს ქალაქს ორ ნაწილად, ამ მდინარეს ფორსირებაზე მიდის შეტაკებები. რუსები ვერ ახერხებენ ამასაც კი.

  • ჯერ კიდევ გაზაფხულზე უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ მაისი იქნებოდა უკრაინისთვის ძალიან რთული თვე. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება შეიცვალოს ახლა, ზაფხულში?

ვერ ვხედავ ტენდენციას მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. შეიძლება, გარკვეულ, ლოკალურ და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიონ რუსებმა, მაგალითად, რობოტინოს აღება, რასაც ამდენი ხანია უკვე იძახიან და ჯერ კიდევ ვერ აიღეს, ან კრინკის პლაცდარმის გაწმენდა, მაგრამ რამე მნიშვნელოვანს მიაღწიონ, მეეჭვება.

  • ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსები უახლოვდებიან ე.წ. კულმინაციის წერტილს, მათ აღარ შეუძლიათ შეტევა? 

კი, შეტევაში ასე ჩანს, რომ რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, თანდათან შეტევის იმპულსი ქვეითდება. რუსებისთვის დადებითი ამ ეტაპზე ის მომენტია, რომ ტალახი აღარაა, გრუნტი მყარდება, რასაც მოჰყვება ტექნიკის გადაადგილებით გამოწვეული დიდი რაოდენობის მტვრის ღრუბლები – ხელშემშლელი ფაქტორი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.

თუმცა კულმინაციის წერტილამდე მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ ის დამარცხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გადავა დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე, ოპერატიულ პაუზას აიღებს და ძალებს მოიკრებს.

  • 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი სირსკით შეცვალა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალ მთავარსარდალზე? თქვენი დაკვირვებით, შეიცვალა თუ არა ომის ტაქტიკა?

საომარი მოქმედებები უკრაინელების მხრიდან გახდა უფრო მეთოდური. ნაკლებად ვხედავთ ზალუჟნისთვის დამახასიათებელ რისკიან გადაწყვეტილებებს – სირსკი დინჯად, მეთოდურად, გათვლებზე დაფუძნებით მოქმედებს. ის უფრო პოზიციური თავდაცვითი მოქმედებების მომხრეა, ვიდრე სამანევროს. სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები მას არ შემოუტანია.

მან თავდაცვის ორგანიზებაში გამოიჩინა თავი კარგ ხელმძღვანელად. საინტერესოა, ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები თუ დააპირა უკრაინამ, როგორ გამოიჩენს თავს.

  • რა გათვლით მოქმედებს ახალი მთავარსარდალი, თქვენი დაკვირვებით? 

რაც უფრო მეტს დაუხოცავს რუსებს, მით უფრო მეტი წარმატება ექნება უკრაინას. ეს ომი გამოფიტვაზეა, რომ მაქსიმალურად გამოფიტონ რუსეთის შეტევითი პოტენციალი და დიდი ზარალი მიაყენონ.

უკრაინას იმედი აქვს, რომ დასავლეთიდან დახმარება გაიზრდება, რუსეთის რესურსები კი მცირდება. წინა ინტერვიუშიც ვთქვი თქვენთან და გავიმეორებ: 2025 წლისთვის გამოჩნდება, რუსეთი რამდენად შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. 2025 წლისთვის მძიმე მდგომარეობა დაუდგება რუსეთს აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ.

ამასობაში, დანია შემოვიდა საინტერესო ინიციატივით: უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი ჩართული იყოს ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო პოტენციალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინამ თავადაც აწარმოოს იარაღი. უკრაინის ტერიტორიაზე ეს ცოტა რთული იქნება, რადგან პირდაპირ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომაც, მგონია, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე იქნება ეს წარმოება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: