მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის დღეს, 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა როგორც სხვა მაღაროელები გვეუბნებიან, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც.
შიმშილობის შედეგად მას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაუვარდა. მაღაროელები შიშობენ, რომ არსებობს კომაში ჩავარდნის საფრთხე, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, ირაკლი ჯიქაძე გვეუბნება, ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ყველანაირ სამედიცინო დახმარებაზე.
მასთან ერთად შიმშილობენ სხვა მაღაროელებიც.
შავლეგ გოგსაძეს, გოგა მოდებაძეს, მირზა ლოლაძეს პირი აქვს ამოკერილი. მირზა ამავდროულად მშრალად შიმშილობს.
სიმონ მიქაცაძე და ჯანიკო ლაბაძე მხოლოდ წყალს იღებენ, ტარიელ მიქაცაძე კი მშრალ შიმშილობაზეა.
„მოვიდა სასწრაფო, პოლიციაც, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ როცა ადამიანი უარს ამბობს რაიმე სამედიცინო ჩარევაზე, სამედიცინო პერსონალს უფლება არ აქვს იძულებით მიაღებინოს რაიმე მედიკამენტი ან გაუწიოს სხვა ტიპის დახმარება.
და ველოდებით ასე, ყველა ერთად მდგომარეობის გაუარესებას. ეს ყოფილა მაგათი კანონი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი ჯიქიძე.
ტარიელ მიქაცაძე 39 წლისაა. ის 15 წელია რაც მაღაროში მუშაობს და არის სამხედრო რეზერვშიც. ტარიელს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მასთან ერთად მისი ძმაც შიმშილობს.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა, თუმცა კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდის და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებს.
მაღაროელების პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.
მაღაროელების თქმით, პატიმრობაში შიმშილობს მერაბ სარალიძეც.
პროტესტში მყოფ მაღაროელებს „ჯორჯიან მანგანეზი“ მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის მის პირობებზე დათანხმება.
„ტყიბულში „დაალაგეს“ ყველაფერი ხალხი დაიმონეს და სოლიდარობასაც კი აღარ გამოხატავდნენ ჭიათურის პროტესტის მიმართ. შემდეგ აქაც გამოჩნდა ეს კაცი, პაატა მოდელაძე, ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელის, რუსი ბიზნესმენის, მიხეილ სოცკის მარჯვენა ხელი და გვითხრა, თუ გინდათ მუშაობა, უნდა დაგვემონოთ ჩვენო. არავინ არ არის, არც პრემიერი, არც ხელისუფლება არც პარლამენტი ეგენი თქვენ ვერ გიშველიან და ჩვენი პირობები უნდა მიიღოთო. ამის შემდეგ წამოვიდა ის 7-პუნქტიანი ფურცელი, რომელიც რეორგანიზაციას ითვალისწინებდა.
ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ პირობებს, თუმცა 3 ათას ხელმოწერას მიაღწიეს, ზოგი დაშინებით, ზოგი შანტაჟით, ხალხი შეცდომაში შეიყვანეს და მოაწერინეს, მაგრამ ახლა ისინიც ნანობენ.
მაღაროები ახლაც მუშაობს, მაგრამ ხალხის მცირე რაოდენობით მუშაობენ. გეგმა იგივე აქვთ და კიდევ დაუმატეს ახლა. დღემდე არ აქვთ დასაქმებულებს გეგმა-გრაფიკი, რა უნდა გამოიმუშაონ და რის მიხედვით აიღებენ ხელფასს.
300 მაღაროელი ვართ, ვინც რეორგანიზაციას ხელი არ მოვუწერეთ, მაგრამ ჩვენს გარდა კიდევ 2 ათასი ადამიანი დატოვეს უმუშევარი.
ამდენი უსამართლობის წინაშე რომ დავდექით, ისევ განვაახლეთ პროტესტი“ – ამბობს ირაკლი ჯიქიძე.
მისი თქმით, მაღაროელების პროტესტით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით „ოცნების“ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა.
„არც ადგილობრივი თვითმმართველობიდან მოსულა ვინმე. მხოლოდ მაღაროელების ნათესავები, ახლობლები, სასწრაფო და პოლიცია და კომპანიის უსაფრთხოების წარმომადგენელი იყო კიდევ მოსული“-გვეუბნება ირაკლი ჯიქიძე.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდი მათ შიმშილობა და პროტესტიც შეაჩერეს და ელოდნენ დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, თუმცა ისინი პატიმრობაში დატოვეს.
„უდანაშაულო ხალხი ისევ დატოვეს პატიმრობაში. ამიტომ არც ჩვენ ვაპირებთ არაფრის ფასად უკან დახევას, რადგან სიმართლის გზაზე ვდგავართ. ჩვენ ვითხოვთ, პირველი რაც არის და უკომპრომისო – დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, რადგან 4 მშრომელი ადამიანი დაიჭირეს.
მეორეა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ უკანონო რეორგანიზაციას და მაღაროელების მასობრივ დათხოვნას და სოცკიმ და მისმა დამქაშებმა საერთოდ უნდა დატოვონ ქალაქი, რადგან ჩვენ ღირსეულად გავაგრძელოთ შრომა-საქმიანობა“ – ამბობს ირაკლი ჯიქიძე.
__________________
მთავარ ფოტოზე: მოშიმშილე მაღაროელები ჭიათურაში