მთავარი,სიახლეები

„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

03.07.2025 •
„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მისი დაკვირვებით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინას შორის ვინ გამოიფიტება პირველი.

ამჯერად უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილს აშშ აღარ აწვდის. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკა გაუგებარია და ამერიკული აღჭურვილობის ჩანაცვლება რთული, მაგრამ „უკრაინის დამარცხება არ გამოვა“.

პოლკოვნიკი ამბობს,  რომ ომის დასრულებას შესაძლოა 2-3 წელი დასჭირდეს, მაგრამ ამ ომიდან გამოსული უკრაინა განსაკუთრებულად გაძლიერდება.

„რუსეთი ცდილობს, რამენაირად დაიყოლიოს უკრაინა და მისი მეკავშირეები – ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, დაუკანონონ. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. ყველა ინდიკატორი, რასაც ვაკვირდებით, აჩვენებს, რომ რუსეთი მიდის გამოფიტვის გზაზე,“ – მიიჩნევს  პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, რა ხდება ამჯერად ფრონტის ხაზზე? რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს ოდესაზე, იყო სარაკეტო თავდასხმებიც… 

ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის, ძირითადად დარტყმებია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ზურგში. რუსები  ცდილობენ დაარტყან სუსტ ადგილებში უკრაინას. ამით წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ ზიანს აყენებენ.

რუსები ამჯერად ცდილობენ ცოცხალი ძალის მობილიზებას ძირითადად ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან რეკრუტირებული ხალხის ხარჯზე.

  • რა გათვლა აქვს ამით რუსეთს? ცოცხალი ძალის პრობლემა მას აქამდეც არ ჰქონდა.

არ არის ასე, ცოცხალი ძალის პრობლემაც აქვს რუსეთს.

რუსეთი ცდილობს, რამენაირად დაიყოლიოს უკრაინა და მისი მეკავშირეები – ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, დაუკანონონ. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია.

რუსეთს ასევე უნდა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსეთის პირობები კაბალურია და არარეალისტური.

  • ტრამპმა უკრაინას რამდენიმე სახეობის იარაღის მიწოდება შეუჩერა. როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომზე? 

ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქამდე უკრაინამ მოახერხა დიპლომატიური გზებით ამერიკის დახმარების შემცირების დაბალანსება ევროპელების ხარჯზე. ახლა ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება დაბალანსება.

  • ტრამპის მოტივაცია რა არის, თქვენი აზრით? 

არ ვიცი. ძალიან გაუგებარია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. ერთი მხრივ, ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით, რომ უკრაინის დამარცხება არ გამოვა, მეორე მხრივ კი, ცდილობენ პუტინს აამონ და კუთხეში არ მიამწყვდიონ – ცდილობენ, რომ არ დამარცხდეს რუსეთი.

არ იკვეთება ტრამპის ადმინისტრაციის ნათელი სტრატეგია: ზუსტად რა უნდა და რის მიღწევას ცდილობს აშშ.

  • ამის შედეგია, რომ ასე გააქტიურდა სარაკეტო შეტევები უკრაინაზე რუსების მხრიდან? 

კონკრეტულ გააქტიურებას ამას ვერ დავუკავშირებთ, მაგრამ საჰაერო თავდაცვის შემცირების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძირითადი დაზიანება ბრძოლის ველზე კი არ ხდება, არამედ სამოქალაქო მოსახლეობა ზიანდება – სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები იზრდება.

აშშ-მ ამ ეტაპზე ჯერჯერობით შეუჩერა უკრაინას გარკვეული სახის საბრძოლო მასალების მიწოდება, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. არის ვერსია, რომ აშშ-ს ფიზიკურად გამოელია.

ამ ვერსიის არ მჯერა, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს.

ჩემი აზრით, ტექნიკურად ცდილობენ ამერიკელები, რომ უკრაინამ არ მიიღოს იმდენი დახმარება, რომ გადავიდეს შეტევით, ან აგრესიულ მოქმედებებზე.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ომი გრძელდება ნელი ტემპით.

  • რატომ შეიძლება ეს აწყობდეს ამერიკას? ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება რუსეთ-უკრაინის ომის რამდენიმე დღეში დასრულება იყო…

გაუგებარია, რა სურს ტრამპს, ძალიან ძნელია, ამის გაგება. ფაქტია, რომ ძალიან არათანმიმდევრულია ამერიკის პოლიტიკა უკრაინასთან და ევროპასთან მიმართებით.

აშშ-მ, ერთი მხრივ, თავის შედეგს მიაღწია, როცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის დაფინანსება გაზარდეს 5%-მდე, თუმცა მეორე მხრივ, ვერაფერს მიაღწიეს რუსეთთან – ნულია პროგრესი და მოლაპარაკების რესურსი. რა ვარიანტიც არ მოსინჯა ამერიკამ, დახვდა ყრუ კედელი – პუტინს მხოლოდ კაბალური პირობები აქვს, რომელსაც უკრაინა და ევროპელი მეკავშირები, არც აშშ არ დაეთანხმება.

ასე რომ, გრძელ ომთან გვაქვს საქმე. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კიდევ ბევრი დრამატული გადახრა იქნება.

  • უშვებთ, რომ აშშ შესაძლოა რუსეთის მოკავშირე გახდეს? 

არა, არანაირად და ვერანაირად ეს არ მოხდება.

  • ნატოს ბოლო სამიტზე რა გამოჩნდა? ტრამპმა ხაზი გაუსვა მსხვერპლის რაოდენობას და თქვა, რომ დაელაპარაკება პუტინს.

რა შეიცვლება? ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. არსებობდა ამის შესაძლებლობა, ცეცხლი შეეწყვიტათ გარკვეული წინაპირობების გარეშე, მაგრამ ამაზე პუტინმა უარი თქვა. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზეა შესაძლებელი მოლაპარაკება, როგორიცაა, მაგალითად, ტყვეების გაცვლა.

  • როგორც წინა ინტერვიუში გვითხარით, თქვენ ისევ ელოდებით გამოფიტვას – რომელი გამოიფიტება პირველი?

დიახ, ასეა. გამოფიტვის პროცესს ვუყურებთ ჩვენ ახლა. ყველა ინდიკატორი, რასაც ვაკვირდებით, აჩვენებს, რომ რუსეთი მიდის გამოფიტვის გზაზე. ამ პროცესს ალბათ დასჭირდება 2-3 წელი, შეიძლება მეტიც.

  • რაში ატყობთ რუსეთის გამოფიტვას? 

ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა. ტერიტორიის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, თავდასხმებიც ხდება, ეკონომიკურად კი, ნელ-ნელა უწევთ გარკვეული სეკვესტრი იმის მაგიერ, რომ რაღაც გაზარდონ. ვერ უძლებს ეკონომიკა ამხელა დაწოლას – რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს მალე.

  • პუტინის თქმით, რუსეთი თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს, რუსი ბანკირები და ფინანსისტები კი გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. რაზე მიუთითებს პუტინის ეს განაცხადი?

დიახ, ეს ასახავს რეალობას, ამდენი წელი ქვეყანაში ომია.

რუსეთში უზარმაზარი მოსახლეობაა უზარმაზარი პრობლემებით, ამ დროს კი, მთელი ფული ფაქტობრივად მიდის ომში. აქამდე უძლებდა ამას რუსეთის ეკონომიკა: დიდი რეზერვებია, შავი ფული ტრიალებს, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს, რომ ვეღარ უძლებს. ვნახოთ, სადამდე წავლენ.

  • როგორია ნატოს მომავალი – რა გამოჩნდა ნატოს მორიგი სამიტიდან? ტრამპმა ჰააგის სამიტზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და დაამატა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავადაც მზად არის. 

მე-5 მუხლი არც ყოფილა სადავო. ეს მხოლოდ ტრამპის პოლიტიკური განაცხადი იყო, რომელიც ახლა 180 გრადუსით შემოატრიალა, როცა დაინახა, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწია: ევროპელებმა ვალდებულება აიღეს 5%-მდე გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება.

რეალობა ისაა, რომ შესაძლოა სერიოზულ ევროპულ ძალასთან გვექნება საქმე, თუმცა სტრატეგიული სამხედრო მრეწველობა ძირითადად მაინც ამერიკის სამხედრო მრეწველობაზეა დამოკიდებული. სტრატეგიული კომუნიკაცია, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ბევრი სხვა სისტემა ფუნდამენტურად ამერიკული წარმოებისაა, შესაბამისად, ევროპელებს მოუწევთ მისი შესყიდვა, ან სხვა სახით მოლაპარაკება, რომ ეს სისტემები მიიღონ და ჰქონდეთ საკუთარი თავდაცვა.

ამერიკული ხარისხი ამ კუთხით გამორჩეულია და ევროპელებს დიდი დრო დასჭირდებათ ჩანაცვლებისთვის. შესაბამისად, ეს ამერიკის ეკონომიკაზე აისახება დადებითად და ეს კარგად იცის ტრამპმა.

არ ვვარაუდობ, რომ ნატო დაიშლება, მაგრამ შეიქმნება ალტერნატიული, ევროპული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მარტო ნატოზე არ იქნება დამოკიდებული. თუ ტრამპიზმი გაგრძელდება აშშ-ში, ეს გარდაუვალი პროცესი იქნება ევროპაში.

  • რამდენად ახერხებს ამ ვითარებაში უკრაინა თავად განავითაროს სამხედრო მრეწველობა? 

უკრაინა აქტიურად ავითარებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას – ბევრი რაღაც უკვე უკრაინაში იწარმოება და ეფექტურად იყენებენ კიდეც, მათ შორის, უკრაინული წარმოების რაკეტებს, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. უკრაინელებს ბევრი ნოუ ჰაუ აქვთ –  ახალი გამოგონება.

რუსეთ-უკრაინის ომი ფუნდამენტურად ცვლის უკრაინას და ფუნდამენტურად შეცვლის ევროპულ კონტინენტს. ამ ომის შემდეგ უკრაინა იქნება ძალიან ძლიერი, შესაბამისად, ანგარიშგასაწევი ქვეყანა ძლიერი ჯარით და ძლიერი სამხედრო მრეწველობით.

  • ძლიერდება უკრაინა ისე, რომ უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება მან შეძლოს გარდატეხის შეტანა ამ ომში?

არა. ამ ომში გარდატეხას ვერაფერი ვერ შეიტანს მნიშვნელოვნად. არანაირი შეიარაღება არ არსებობს დედამიწაზე, რომელიც სწრაფ გარდატეხას შეიტანს ამ ომში.

ამ ომში  გარდატეხას შეიტანს ის, რომ რუსეთი დაიღლება და აღარ შეეძლება მასიური ოპერაციების გაგრძელება და ნელ-ნელა მოუწევს ტერიტორიების დათმობა. ეს მას მოუწევს ნელ-ნელა თუ სწრაფად ჩამოიშლება – ტაქტიკური საკითხია, გამიჭირდება ამის წინასწარმეტყველება, მაგრამ რუსეთი რომ ამ ომში დამარცხდება და უკან დაიხევს, ეს გარდაუვალია.

  • რა გათვლა აქვს პუტინს, თქვენი დაკვირვებით? 

არ ვიცი, რაციონალური აზროვნება რუსეთის  მოქმედებაში არ აისახება. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთს დააშანტაჟებდა, დაათმობინებდა, მაგრამ ამ დათმობას ვერ ვხედავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: