„პირდაპირ ნატოს თემაზე მომუშავე ადამიანები გაათავისუფლეს, პირდაპირ უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვა რა უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციური მეხსიერების მოშლის გარდა?“ – ამბობს მეგი ბენია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა.
მან სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა რამდენიმე დღის წინ, რადგან მას, როგორც კრიტიკულად განწყობილ თანამშრომელს, ასევე პეტიციაზე ხელმომწერ პირს, რომელიც აპროტესტებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ისედაც უპირებდნენ გათავისუფლებას.
„ბათუმელებთან“ მეგი ბენია საუბრობს იზოლაციონისტურ პოლიტიკასა და იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც დააყენა ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.
- ქალბატონო მეგი, როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ წმენდას და რა შედეგს მოიტანს იმ სტრუქტურების გაუქმება სამინისტროში, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობა?
თავდაცვის სამინისტროში გაუქმდა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) სამმართველო და იცით, რომ საქართველოს აქვს ორი ინტეგრაციული მექანიზმი ნატოში, ეს არის SNGP და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. შეიძლება ბევრს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, რადგან როდესაც ასპირანტი ქვეყანა იღებს მაპს, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმას, ის იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულოს წლიური ეროვნული პროგრამა, რაც არის ალიანსის მიერ ქვეყნის მიღწევების და რეფორმების იმპლემენტაციის პროგრესის შეფასება.
ამ დოკუმენტის წარდგება ხდება ხოლმე და შემდეგ ალიანსი აფასებს შედეგებს.

მეგი ბენია, უსაფრთხოების ექსპერტი
საქართველოს შემთხვევა უკრაინასთან ერთად უნიკალური იმიტომ იყო, რომ სწორედაც რომ ჩვენ ეს წლიური ეროვნული პროგრამა გვქონდა მაპის გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც დადგებოდა სწორი პოლიტიკური მომენტი და იქნებოდა მზაობა პოლიტიკური გადაწყვეტილების ბრიუსელის მხრიდან, საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი გახდებოდა აბსოლუტური ფორმალობა, რადგან ის პრაქტიკული შემადგენელი, რაც მაპის მიღებისთვის არის აუცილებელი, უკვე შესრულებული გაქვს.
აი, ამას გვაძლევდა ეს. სამმართველო, რომელიც ამაზე იყო პასუხისმგებელი, მთლიანად გააუქმეს და არც იმას ამბობენ, ვინ იქნება ამ მექანიზმის შესრულებაზე პასუხისმგებელი.
კი ბატონო, არის რაღაც ნატოს სამმართველო, მაგრამ იმას თავისი ფუნქციები ჰქონდა და იქ დატოვეს სამი ადამიანი. როგორ შეიძლება სამმა ადამიანმა იმუშაოს ამხელა დოკუმენტზე და იმუშაოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ კომპონენტებზეც.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი ბუნდოვანია, მაგრამ ამაზეც უნდა იმუშაოს თურმე და კიდევ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რაც არის ნატოს ფარგლებში.
აბსოლუტური ინსტიტუციური მოშლა ხდება.
- ანგრევენ იმას, რაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს განაპირობებდა, ამ სისტემას შლიან?
კი, ასე გამოდის ნამდვილად. უსაფრთხოების პოლიტიკა როცა ვახსენე, ბევრს გაუჩნდება კითხვა, რაში სჭირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და საერთოდ, ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს ყველას აქვს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი, ამიტომაც გვქონდა საგარეოში ეს დეპარტამენტი ჩვენც, რადგან ევროპული სტანდარტია.
მეორე, ჩვენ ვმუშაობდით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეიარაღებაზე კონტროლი, განიარაღება, გაუვრცელებლობა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეები და ასე შემდეგ. ბოლოს უკვე ხელოვნური ინტელექტიც შემოვიდა და არის უამრავი საკითხი, რომლებიც განიხილება გაეროს, ეუთოს ფორმატებში და დიდი შვიდეულის გლობალური პარტნიორობის ფორმატებში. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაეროსა და ეუთოში რუსეთიცაა წარმოდგენილი და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მას არ მივცეთ საშუალება, მავნებლურად გამოიყენოს ეს ფორმატები ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ თემებზე მომუშავე დიპლომატების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია.
ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იმუშავებენ ამ თემებზე არის სამამდე დაყვანილი. როგორ შეიძლება ამ სამმა ადამიანმა იმუშაოს ამ ყველაფერზე? სრულიად მოშლა ხდება ამ ყველაფრის, თავიდან ბოლომდე.
გარდა იმისა, რომ დევნა და პოლიტიზება ხდება საჯარო სამსახურების, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებთან, ჩვენი ყველა შრომა გამოდის წყალში ჩაყრილი. ამას ემატება ისიც, რომ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ვექტორი რადიკალურად შემოტრიალდა და ესეც გაუგებარია, საითკენ მიდის.
ასევე, უქმდება უსაფრთხოების საბჭო, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში და რაც ასევე იყო უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი უსაფრთხოების.
წარმოუდგენელია, რადგან ამაში დაიხარჯა უზარმაზარი რესურსი, როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე ჩვენი, რომ ეს ყოფილიყო ნამდვილად ევროპული, ნატოს სტანდარტით. ბრიტანელები გვეხმარებოდნენ იმაში, რომ შეგვექმნა უსაფრთხოების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო და რაც ახლა აბსოლუტურად უქმდება.
- თქვენ თქვით, რომ არ იცით საით იხრება პოლიტიკური ვექტორი ჩვენი ქვეყნის, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ გვესმის დემორალიზებული განცხადებებიც „ოცნების“ მხრიდან, რომ არ შეგვიძლია ომის მოგება, თავდაცვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო მიიყვანონ დე ფაქტო ნეიტრალიტეტამდე?
მე, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, აკადემიურადაც ვმუშაობ ამ თემებზე და რასაც ახლა ვუყურებთ ევროპაში, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება. ფაქტია, რომ იქ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვნად იცვლება, თუნდაც ის, რომ აშშ-ს ჩართულობა ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ძალიან ბუნდოვანია, ამაზე მეტყველებს იგივე შიდა ძვრები, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ფორმატებში და ეს კარგად ჩანს.
ამიტომ ჩემი, როგორც პროფესიონალის და მეორე მხრივ, როგორც მოქალაქის შიშები სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, რომ საქართველო აი, ამ ახალ სისტემაში, რომელიც აუცილებლად ჩამოყალიბდება ახალ საერთაშორისო წესრიგში, არ დარჩეს თავისუფალი სამყაროს მიღმა და ამის საშიშროება ძალიან დიდია.
- ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველო დატოვოს უსაფრთხოების ამ ქოლგის მიღმა?
„ოცნების“ მიზანი რა არის არ ვიცი, მაგრამ რუსეთის მიზანი ნამდვილად ეს არის. იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ რუსეთის სტრატეგიული ამოცანები, ამას მკვლევრები წლებია იკვლევენ და ცნობილია, რომ რუსეთს უნდა საქართველო შეინარჩუნოს მისი გავლენის ქვეშ.
და ახლა, ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით – რუსეთის გავლენისგან თავის დასაღწევად.
რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ესტონეთის სადაზვერვო დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის შეფასებული, რომ საქართველოზე კონტროლის დამყარება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან შეინარჩუნოს კონტროლი სომხეთზე. მე უფრო გავაფართოებდი და ვიტყოდი, რომ უკრაინის მიერ საკმაო წარმატების მიღწევის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა შავ ზღვაში შესუსტებულია – მისი ლეგენდარული „ჩერნომორსკი ფლოტ“ რაც არის, შესუსტდა.
რუსეთმა სირიაში დაკარგა ბაზები და საქართველოზე კონტროლის შენარჩუნება და სრული დამორჩილება მას აძლევს საშუალებას თავისი ძალა შეინარჩუნოს ერთი მხრივ შავი ზღვის რეგიონში, მეორე მხრივ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც არის ფართო შავი ზღვის რეგიონის განუყოფელი ნაწილი და მესამე, ახლო აღმოსავლეთში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ემსახურებოდეს სწორედ იმ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ ჩამოშორდეს რუსეთის გავლენას, დარჩეს თავისუფალ სამყაროსთან და მიიღოს ის სარგებელი, რასაც აძლევს მას ევროკავშირი და ნატო.
ნატო და ევროკავშირი ახლა არის მზად რომ ეს სარგებელი მოგცეს და ამის დასტურია არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხის დამსახურებით, არამედ ცოტა ხნის წინ მიღებული ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია, სადაც არ ჩანს საქართველო და მხოლოდ კრიტიკა ისმის საქართველოს მიმართულებით. წლების განმავლობაში ჩვენ ვთხოვდით დასავლეთს, რომ გააძლიერეთ თქვენი წარმომადგენლობითო და ახლა, როცა შემოტრიალებულია ჩვენკენ ეს ყველაფერი და არავისთვის თხოვნა არ გვჭირდება, (რადგან ევროკავშირმა შავი ზღვის სტრატეგია მიიღო), ჩვენ ზურგს ვაქცევთ ამ კარებს და სადღაც მივდივართ.
- გამოდის „ქართული ოცნების“ მეშვეობით რუსეთი არ გვიშვებს არ კარებში?
ასე გამოდის. ერთი მხრივ გასაგებია რუსეთის ამოცანა რა არის, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაალაგებს რუსეთი ამერიკასთან და არა „ოცნება“ ამერიკასთან.
ბევრი ანალიტიკოსი ამაზე თანხმდება, რომ რუსეთი ახლა იბრძვის გადარჩეს, როგორც ძლიერი სახელმწიფო და შეინარჩუნოს ეს „GREATE POWER“ სტატუსი.
- ამის ერთადერთი გზა საქართველოზე გამარჯვებაა?
ერთადერთი არა, მაგრამ ეს არის მისი ფართო სტრატეგიის ნაწილი, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე და ამიტომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი.
საქართველო ერთი მხრივ ინარჩუნებს ბუნდოვანებას, რომ თითქოს ევროპაც გვინდა, მაგრამ თუ ამათ უნდათ, რომ საქართველოს ჰქონდეს მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია და მხოლოდ ტერიტორია იყოს მნიშვნელოვანი და ამით გაურიგდნენ დასავლეთს და ევროპას, არც ეს იქნება მომგებიანი იმიტომ, რომ ვხედავთ ჩვენ ვითარებას სომხეთთან, სომხეთსა და თურქეთს შორის. შესაბამისად, საქართველოს მდებარეობა არც ისეთი უნიკალურია დასავლეთისთვის და ახლა, ამ ეტაპზე ჩვენი მდებარეობა ყველაზე უნიკალურია რუსეთისთვის, დასავლეთს შეუძლია ალტერნატივები იპოვოს.
- თუ სომხეთით ჩაანაცვლებს დასავლეთი საქართველოს, რუსეთს ამაზე რეაგირება არ ექნება?
როგორ არ ექნება რეაგირება. თან ნახეთ, ადგილების გადანაცვლებით, რომ დასავლეთი მთლიანად სომხეთს დაეყრდნოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალიან სერიოზული ნიშნებია, წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით მაინც რთული იქნება.
თუმცა მეორე მომენტია, თუ სომხეთსა და თურქეთს შორის დალაგდა ურთიერთობები, ამასაც დრო სჭირდება. ერთი მხრივ გაუჭირდება დასავლეთს საქართველოს გარეშე სომხეთზე პირდაპირი ფოკუსის გაკეთება, წმინდა გეოგრაფიული ფაქტორებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ, შეიძლება ვიღაცამ ახსენოს თურქეთის ფაქტორიც, მაგრამ ესეც ძალიან გრძელვადიანია, რადგან თურქეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოსვლები.
მესმის, რომ ერდოღანი მნიშვნელოვანი ფიგურაა დასავლეთისთვის და ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა – მარტივად აკეთებს მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის, მოაგვარა მისი მრავალწლიანი პრობლემა ქურთებთან, ასევე მისი გავლენები სირიაში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს თურქეთის ოპოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია.
თუმცა, ჩვენ რაც მოგვეთხოვება ამ ვითარებაში არის ის, რომ გვქონდეს ძალიან მკაფიო სტრატეგია, მკაფიო ამოცანები და ამას ვემსახურებოდეთ. ახლა, დღე და ღამე საქართველოს საგარეო უწყებები, დიპლომატია უნდა მუშაობდეს ბრიუსელში, ვაშინგტონში და ამის ნაცვლად, რაც ხდება, კი ვხედავთ.
მე მაგალითად, კიდევ უფრო გავაძლიერებდი უსაფრთხოების და ნატოს მიმართულებას, ახალ სისხლს გადავუსხამდი და ესენი კიდევ ამცირებენ ან სრულიად აუქმებენ იმ სტრუქტურულ ერთეულებს, ვინც ამაზე უნდა იმუშაოს.
- საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული წმენდა, ბევრმა შეაფასა როგორც ინსტიტუციური მეხსიერების მოშლა. თქვენც საუბრობდით ამაზე. ამ სისტემების მოშლით რას ვყრით წყალში?
ამ ყველაფერს გადავაყოლებთ შანსს, რომ საქართველომ შეძლოს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ამ საკმაოდ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ქვეყნის სწორი პოზიციონირება, რომელიც იქნება შესაბამისობაში მის ეროვნულ ინტერესებთან, კონსტიტუციასთან და სტრატეგიულ ამოცანებთან გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ყველაფერს ვყრით წყალში.
საგარეო კი ყვირის, რომ თურმე თანამშრომლები ჰყავს ძალიან ბევრი და ორ დღეში 40-მდე ადამიანს მარტო ცენტრალური აპარატიდან ათავისუფლებენ, მათ შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები, დეპარტამენტის დირექტორები და სამმართველოს უფროსები, ეს არ მესმის.
პირდაპირ ნატოს თემაზე მომუშავე ადამიანები გაათავისუფლეს, უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. სხვა რა უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციური მეხსიერების მოშლის გარდა. ეგეც არ ვიცი, რა მოდელს შეიძლება შევადარო, სად მიდის ეს ყველაფერი არ ვიცი, რადგან საერთაშორისო ურთიერთობებშიც არ მახსენდება სხვა ასეთი მოდელი.
შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ აი აზერბაიჯანი ხომ არის სამეზობლოში ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, მაგრამ ან ავიწყდებათ ან უნდა გაიგონ, რომ საქართველო არის საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით და მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ საკითხებში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ დაზარალდნენ ანტიდასავლური პოლიტიკით, რადგან ესენი მუშაობდნენ ამ საკითხებზე.
აზერბაიჯანს აქვს რესურსები, მას შეუძლია ეკონომიკურად თავი გაიტანოს, თვითმყოფადია და საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს.
- ამავე დროს, უსაფრთხოების ნაწილში მას ჰყავს თურქეთი მოკავშირედ, რომელიც ნატოს წევრია.
არა მხოლოდ თურქეთთან, მას ისრაელთანაც ძალიან კარგად დალაგებული ურთიერთობა აქვს. ბოლოს შეტევა რომ განხორციელდა ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანში დრონები შეფრინდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. მართალია, დაუდასტურებელი ინფორმაციაა, მაგრამ არ არის გამორიცხული.
როცა ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეა საუბარი და ურთიერთობა გაქვს რეგიონის ამ ორ უმსხვილეს მოთამაშესთან, რა თქმა უნდა, შენ უფრო სხვანაირად ხარ დაცული – ის, რასაც ახლა აზერბაიჯანი აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ, ეს შეუძლია და იმიტომ აკეთებს. საქართველოს რისი იმედი აქვს, არ ვიცი.
ალბათ წლების შემდეგ ისტორია უფრო კარგად გასცემს ამას პასუხს. რაც ახლა შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან სამწუხაროა – დღეს არა მარტო საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ბედია გაურკვეველი.
- შეფასდება ეს ყველაფერი როგორც ქვეყნის ღალატი, თუკი საქართველოს ჩატოვებენ რუსეთის გავლენების ქვეშ, იზოლაციაში?
როცა ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, რა პასუხიც გაეცემა ამ ყველაფერს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა. თუ სამართლიანი სასამართლო დაადასტურებს ღალატს, ამას ექნება ჩემი მხარდაჭერა.