ეუთომ პორტოს დეკლარაცია მიიღო, რომლის მთავარი საკითხები საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ სირიამ უკან წაიღოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები.
ასევე დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნიკოლოზ სამხარაძე, მაია ბითაძე და ლევან მახაშვილი.
4 ივლისს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია.
რას ნიშნავს არ დაუჭირო რეზოლუციას მხარი, სადაც სირიას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას სთხოვენ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კონფლიქტოლოგ გიორგი კობერიძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რას აცხადებს „ქართული ოცნება“ ამით, როცა ამბობს, რომ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს?
იმას, რომ მათთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები და საგარეო ინტერესები არ არის წინა პლანზე, რომ მათთვის წინა პლანზეა პარტიული ინტერესები და სწორედ ვიწრო, პარტიული ინტერესებიდან უყურებენ ამ მდგომარეობას.
უნდათ, რომ მათ მარტოობას, ლეგიტიმაციის მხრივ არავითარი კითხვის ნიშანი არ ჰქონდეს. ეს ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა.
სირიაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არის შანსი, რომ ახლა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან ქვეყანას არაღიარების საკითხი ჰქონდეს განხორციელებული, რაც კრიტიკულად შეამცირებდა იმ ქვეყნების წონასა და რაოდენობას, რომლებსაც აღირებული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.
- თუ სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენეს პარტიული ინტერესები, როგორც თქვენ ამბობთ, ასეთი პოლიტიკური ძალის არსებობა ხელისუფლებაში რამდენად საშიშია?
მე ვფიქრობ, რომ ეს არახალია თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის და ახლა არ უნდა აღმოეჩინათ ეს, რომ დიდი ხანია „ოცნებას“ აქვს მსგავსი პოლიტიკური კურსი, რომ ყველაფერი კარგია, თუ ის მის პარტიულ ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება და შესაბამისად, ეს პარტიული ინტერესები ზუსტად იმას გულისხმობდა, რომ რუსეთია ახლა მათი საგარეო პოტენციური საყრდენი. შესაძლოა, ჯერჯერობით ყველა საყრდენი მასზე არ აქვთ ბოლომდე ჩამოკიდებული და რუსეთსაც არ აქვს მათზე მთელი ფსონი დადებული, მაგრამ ეს, როგორც თავმომწონე მოკავშირე ანახებს, რომ მე შენ არ გაღიზიანებ.
უფრო მეტიც, „ქართული ოცნება“ უფრო ცდილობს კარგი ურთიერთობის დაჭერას რუსეთთან, ვიდრე რუსეთი „ქართულ ოცნებასთან“.
იმიტომ, რომ რამდენი განცხადებაც არ გაკეთდა, რამდენი საუბარიც არ იყო იმაზე, რომ აი, თითქოს ტერიტორიებს ვიბრუნებთ, რუსეთთან მოლაპარაკებები გვჭირდება და ასე შემდეგ, რუსეთის მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა. პირიქით, როგორც თავის მარიონეტულ რეჟიმს ამცირებს და არანაირ შემხვედრ და ხელშემწყობ ნაბიჯს არ დგამს განცხადების დონეზეც კი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, ხომ ხედავთ, რაღაც პროგრესს მივაღწიეთ.
- რუსულ საქმეს აკეთებინებენ და განცხადების დონეზეც არ გამოხატავენ თანადგომას?
ასე გამოდის.
ზოგადად რუსეთი მარიონეტულ რეჟიმებს არ უყვავებს. ეს მინდა აღმოაჩინოს „ქართულმა ოცნებამ“.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი პოლიტიკური გაგებით „ოქროს ურდოსეული“ შთამომავალია. როდესაც ოქროს ურდოს უცხადებდი მორჩილებას, ის ორ ვარიანტს აკეთებდა – ან გაჯილდოებდა, სანამ საქმის გაკეთება შეგეძლო, მაგრამ როცა შენი წონა მცირდებოდა, ოქროს ურდოში გიბარებდნენ და თავს გკვეთდნენ.
ამიტომ, როცა შენ „ქართული ოცნება“ ხარ და ფიქრობ, რომ რუსეთს თავს მოაწონებ, ამას შეძლებ მანამ, სანამ ჯერ კიდევ გაქვს რაღაც ლეგიტიმაცია, მოწონების საშუალება, ხალხში რეიტინგი, რაღაც გავლენები, მაგრამ „ოცნება“ უკვე იმ კონდიციამდე მიდის, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ლეგიტიმაცია ძალიან დაბალი აქვს და მხოლოდ იმიტომ შეგინარჩუნონ, რომ მაქსიმალურად ბევრს თმობ სახელმწიფო ინტერსებს მტრის სასარგებლოდ, ამაზეც კმაყოფილი იქნებიან. თუმცა ეს არ იქნება ისეთი დამაჯილდოებელი, რომ ხელი შეგიწყონ და განგავითარონ.
თუკი დაინახავენ, რომ შენში დასაყრდენი არაფერი აღარ არის, მერე მარტივად ექნებათ ამ რუსული ძალის ჩანაცვლების სურვილი.
ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი, – ოქროს ურდოსეული მიდგომა. ამიტომ იმაზე გათვლა, რომ რუსეთი იქნება რაღაც დონეზე „ოცნების“, ჩვენი მოკავშირე, ან საქართველოს ხელს შეუწყობს რამეზე ამის გამო, ან მათ პარტიულ ინტერსებს ხელს შეუწყობს გრძელვადიანად, ეს არის ძალიან მიამიტური. რუსებს ერთადერთი აინტერესებთ – კავკასიაში დომინაცია და არა ის, რომ რომელიმე რეჟიმი ჰყავდეთ უბრალოდ მოკავშირე.
- მეორე საკითხი იყო ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორ ფიქრობთ, ეს ორი საკითხი რომ არ ყოფილიყო იმ რეზოლუციაში, მაშინ თუ დაუჭერდნენ მხარს, თუ მაინც გადადებდა ამ თემას „ოცნება“?
ვფიქრობ, ეს საკითხი იყო ძირითადი მამოტივირებელი, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებთან ერთად. მაგრამ ეს საკითხები რომც არ ყოფილიყო, ვფიქრობ, მაინც ძალიან ფრთხილი იქნებოდა „ოცნება“ ამ დეკლარაციის მხარდაჭერასთან მიმართებით. შეიძლება ამ შემთხვევაში ნაკლები ჰქონოდათ საკუთარი თავის გამამართლებელი და იძულებული ყოფილიყვნენ დაეჭირათ მხარი, მაგრამ ზოგადად, მოტივაცია არის ორნაირი – საშინაო პოლიტიკური და პარტიული და ასევე საგარეო პოლიტიკური და პარტიული.
პარტიას აწყობს, რომ მისი ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით არ ბადებდეს კითხვებს და ასევე, ქვეყნის გარეთ მისი პრორუსული ორიენტაცია არ იყოს გამაღიზიანებელი, ყოველ შემთხვევაში ხალხისათვის.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე მათი პოზიცია მარტივია – მე ვინც არ მაღიარებს, იმას მხარს არ დავუჭერ და საგარეო პოლიტიკურ ნაწილს რატომ მისვამთ საშინაო პოლიტიკურ ნაწილთან? – ამით იმართლებს თავს.
სხვათა შორის, მისი გამართლების პოზიცია ხშირად მუშაობს, რადგან „ოცნება“ ამბობს, მეც მინდოდა დამეჭირა ქვეყნის საგარეო საკითხისადმი მხარი, მაგრამ არ მომეცით ამის საშუალება, რადგან ამით ჩემს შიდა ლეგიტიმაციას ხომ არ დავუსვამდი კითხვის ნიშანს.
და თუ თქვენ კითხვას დამისვამთ, ქვეყნის შიდა ინტერესები აღემატება თუ არა ქვეყნის გარე ინტერესებს, მათთვის ნამდვილად აღემატება, კი. ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა დგას მათთვის ქვეყნის შიგნით ლეგიტამაციაზე კითხვის დაუსმელობა.
არაპატრიოტულ ძალაზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ესეც უნდა განვმარტოთ და ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამას ძალიან მარტივად გაიმეორებს და გადალახავს, რომ თუკი შენ მე არ მაღიარებ, მაშინ რატომ მთხოვ ხელახალი არჩევნების დადებას ან რატომ დებ იმ მუხლებს რეზოლუციაში, რომლებიც ჩემი ქვეყნის საგარეო ინტერესებს მოემსახურება.
ზოგადად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამის შეფუთვა და ისე წარდგენა, ძალიან რთული არ იქნება საზოგადოებისთვის.
- შესაძლოა ამ განმარტებამ პროპაგანდის ქვეშ მყოფ ხალხზე იმუშაოს, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ხომ არ მიიღებს ასეთ პასუხებს?
არც აჯერებენ. ღიად ამბობენ ამას, რომ ჩვენი პარტიის მიერ არჩეულ კურსს ვინც უხვევს, ის სახელმწიფო ინტერსებს ღალატობს. ეს არის მათი შეფუთვა, ეს არის მათი ხედვა, რომ თუ ამას ღიად გავაკეთებთ და რუსეთს დავუპირისპირდებით, ომი დაიწყება. ეს პროპაგანდისტული მესიჯები ერთმანეთზეა მიბმულია. სულ ამ პარტიულ ხაზს იმეორებენ.
- თქვენ თქვით, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, ვიდრე კრემლი. სადმე გამოიკვეთა, რომ რუსეთი, ვთქვათ, ომით დაემუქრა მათ ღიად, გამოჩნდა ეს მათ ბოლოდროინდელ განცხადებებეში? უკრაინის ომის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ.
რუსეთს საგარეო ასპარეზზე ახლა ისე უჭირს, უკრაინასთან ომში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მეორე, მესამე და მეოთხე ომის წარმოების საშუალება არ აქვს ამ ეტაპზე.
თუკი უკრაინაში რუსეთმა გაიმარჯვა ან ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, მაშინ სხვა საკითხია. მაგრამ ამ ეტაპზე ის ემუქრება სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, ბალტიის ქვეყნებსაც, მაგრამ საქართველოზე ასე ღია მუქარა არ ყოფილა. თუმცა „ქართული ოცნება“ ამას იმით ამართლებს რომ მე ვარ აგერ ხელისუფლებაში და მაგიტომ არ არის მუქარაო.
მაგრამ შეგახსენებთ, რომ მედმედევმა 2022 წლის აგვისტოში ღიად განაცხადა, რომ ყაზახეთი და საქართველო ისტორიულად ჩვენი გავლენის სფეროები უნდა იყოსო და პრინციპში, ღიადაც დაიმუქრა ამ საკითხთან მიმართებით.
- რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ ამ ლოგიკით მაშინ სომხეთსაც უნდა დაესხას თავს პროევროპული მისწრაფებების გამო, მოლდოვასაც, თუმცა ეს ასე არ არის.
რუსები რეალურად ასე უყურებენ საკითხს, რომ თუკი მათ რომელიმე ქვეყანაში გავლენა აქვთ და მარიონეტული რეჟიმი ჰყავთ დასმული, რასაც საქართველოში ვხედავთ ამ ეტაპზე, მარიონეტულ რეჟიმებზე რაიმეს განხორციელებას არც განიხილავენ, მაგრამ ისეც რომ მოხდეს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და კურსი შეიცვალოს, ამ შემთხვევაშიც კი რუსეთს არც თავი აქვს და არც საშუალება რომ საქართველოსკენ გამოიწიოს.
თუმცა, რაც უფრო სუსტი იქნება ქვეყანა, მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება რუსეთს, საქართველოზე განახორციელოს აგრესია.
- წულუკიანის კომისიას ჩორჩანას თემა აქვს დახვეული და მათ ყოფილ პრემიერსაც კი ემუქრებიან იმის გამო, რომ „ტერიტორიები დაკარგეო“. მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ ტერიტორიების დაცვაზე და დეოკუპაციის საკითხებზე, ჩანს, რომ რეალურად შორს იჭერებენ თავს ამ საკითხებისგან და ამის მაგალითია, ვთქვათ, იგივე ეუთოს დეკლარაციაც. ამაზე რას ფიქრობთ?
თუკი გახარიამ მართლა დაკარგა ეს ტერიტორიები, მაშინ ესენიც დამნაშავეები ყოფილან, რადგან გახარიას გუნდში იყვნენ და იმ პერიოდში აკეთებდნენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, თუკი ვინმემ რამე დაკარგა, წნელისი იქნება თუ მისი მიდამოები, მაშინ გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისეთივე პასუხისმგებელია ამაზე, როგორც კონკრეტული პრემიერი.
რაც შეეხება ტერიტორიების დაკარგვა-დაბრუნებას, ჯერჯერობით რაც ვნახეთ, „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს ერთი და მეორე, მოსახლეობა ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, ბორდერიზაციას როგორც უნდა ისე ახორციელებს რუსეთი, ვისაც უნდა იმას კლავს, ვისაც უნდა იმას იტაცებს და დაუსჯელი არავინაა. როგორ შეიძლება ასე.
შიშის ქვეშ უნდა ცხოვრობდეს საოკუპაციო რეჟიმი, რომ დანარჩენი საქართველოს მხრიდან რაიმე სადამსჯელო ქცევა არ იყოს და ამის ნაცვლად, პირიქითაა, შიშით ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
სახელმწიფო თუ ვართ, როგორც სახელმწიფო, ისე უნდა ვმოქმედებდეთ, რადგან სახელმწიფოს მოვალეობაა მისი ყველა მოქალაქის დაცვა და დამნაშავეების დასჯა. ჯერჯერობით, მსგავს ვერაფერს ვხედავთ.
ნაცვლად იმისა, რომ მოკავშირეებს ვეძებდეთ, სამხედრო ძალები კიდევ უფრო ძლიერი გვყავდეს და ნატოსთან ურთიერთობას კი არ უნდა ვაფუჭებდეთ, ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ არის საქართველოს მარტოდ დარჩენა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან აგრესიული აქტების გაორმაგება.
შეგახსენებთ, რომ არც ცხინვალის რეგიონს და არც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს არ უთქვამს უარი საკუთარ ტერიტორიულ გაფართოებაზე. ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე და გულზე მჯიღს ირტყამენ, თავს რომ ვესხმით ქართულ სოფლებს რატომ ვჩერდებით, მოდით, ქართული სოფლებიც შემოვიერთოთ, ისტორიულად ჩვენი იყოო – ასე ამბობენ.
აფხაზეთში იმასაც წერენ, ქუთაისი ჩვენი დედაქალაქი იყოო. იმიტომ, რომ თუ შენ არაფერს გააკეთებ და საკუთარი ტერიტორიების დამცველი არ ხარ და იქეთ არ ედავები, მხოლოდ მოტივაციას უჩენ, რომ აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე.
პირიქით, მაქსიმალურად იმას აკეთებენ, რომ როგორმე მუქარები განახორციელონ და სტატიებს სტატიებზე წერენ თავიანთ „აკადემიურ“ ჟურნალებშსა და გაზეთებში, რამხელა იყო თითქოს აფხაზთა და ალანთა სამეფო. და არა ის, რომ აფხაზეთიც და ალანიაც საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო.
- ამის საბაბს იძლევა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა?
რაც უფრო მეტად იქნები თავდახრილი, მით უფრო მეტად გააგრესიულდებიან შენდამი. ეს არის ძალიან მარტივი აქსიომა. მით უმეტეს, კავკასიის რეგიონი ისეთი სპეციფიკურია, ოდნავ სისუსტეს თუ გამოაჩენ, შეგჭამენ ჩვეულებრივად.