მთავარი,სიახლეები

შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

03.07.2025 •
შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?

შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა.

სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ჟურნალისტს და მედიამენეჯერს – მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის.

ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობას:

  1. შს მინისტრის მამა, როცა მან ეს დანაშაული ჩაიდინა, კრიმინალური პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი იყო და დანაშაულის ჩადენის შემდეგ – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 18 წლის ბიჭის დაჭრა – შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით გელაძე სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, მზია ამაღლობელი კი, უკვე 6 თვე უკანონო პატიმრობაშია.

2.  შს მინისტრის მამა – დავით გელაძე სსკ-ი ს 117-ე მუხლით გასამართლდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას – ზუსტად იმდენს, რამდენსაც ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი. მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, დავით გელაძე ციხეში არ გაუშვიათ – მას საპროცესო გაუფორმეს და 3 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს 15- ათასლარიან ჯარიმასთან ერთად.

  • რა მოხდა? 

საუბარია 2013 წლის 26 მაისს თბილისში მომხდარ შემთხვევაზე: კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა – დავით გელაძემ ქუჩაში 18 წლის გიგი სვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა. პოლიციის მაღალჩინოსანი მიიმალა.

დაკავებული დავით გელაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 14 ივნისს გაათავისუფლა გირაოს საფუძველზე. რა ეწერა ამ დღეს სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში?

„…დაახლოებით ღამის 22:30 წუთზე, გიგი ს. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურებრივი ავტომანქანით გვერდით ჩაუარა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი ს. და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

გიგი ს. ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით  გიგი ს.-ს მიმართულებით მოახდინა ერთი გასროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე, მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან,“ – აღნიშნავდა სასამართლო.

აქვე სასამართლო მიუთითებდა, რომ ბრალდებულის დაკავება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, „რაც წარმოადგეს დაკავებულის დაუყონებლივ გათავისუფლების საფუძველს“.

„პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე,“ – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ხედავთ, ხაზგასმულია დღეს მოქმედი შს მინისტრის მამის თანამდებობა, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი იყო 18 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული და ეს პოლიციის მაღალჩინოსანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.

დავით გელაძე სასამართლომ ჯერ გირაოთი გაათავისუფლა, შემდეგ კი, მასთან პროკურატურამ 2014 წელს საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დავით გელაძეს 3 წლით პირობითი მსჯავრი დაედო და 15 ათასი ლარი ჯარიმა. ის ციხეში არ გაუშვიათ.

  • რას იხსენებენ ამ საქმის მონაწილეები დღეს? 

„დამჭრა და წავიდა, კი“, – უთხრა გიგი სვანმა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, რომელმაც 2013 წელს მომხდარ შემთხვევაზე  – შს მინისტრის მამის მიერ ჩადენილ კრიმინალზე, რომელსაც მხოლოდ პირობითი მისცეს – ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.

დაზარალებული მოქალაქის, გიგი სვანის თქმით, იგი დაჭრის შემდეგ კლინიკაში მეგობრებმა გადაიყვანეს. მას ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე, ასევე მისი მამა – დავით გელაძე და პროკურატურა დღეს აღარ პასუხობენ შეკითხვას: როგორ მოხერხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ასეთ მძიმე შემთხვევაზე – როცა პოლიციის მაღალჩინოსანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 18 წლის ბიჭს ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა?

„ნახეთ, დღეს დავითი ნასამართლეობის არმქონეა. რაც შეეხება 2013 წლის მაგ სამწუხაროდ ფაქტს, ოჯახურ ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული და კანონის სრული უზრუნველყოფით წარიმართა პროცესები,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ.

„წერია იქ ყველაფერი და გაეცანით,“ – მხოლოდ ეს უპასუხა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს თავად დავით გელაძემ.

ის დღეს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს.

„ნოდარ მელაძის შაბათმა“ მოახერხა გიგი სვანის ბებიასთან გასაუბრებაც: მანანა ბურჭულაძის თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანმა დაჭრამდე მისი შვილიშვილი ლამის ავტომანქანით გაიტანა.

„რაა ბიძია, მკლავო? დაუძახია. გადმომხტარა მთვრალი მანქანიდან, შიზოიდია ეს კაცი და როგორ არის თანამდებობაზე ძალიან მიკვირს და ესროლა,“ – უყვება ჟურნალისტს გიგი სვანის ბებია.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და 2013 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამ შემთხვევას საზარელ დანაშაულს“ უწოდებდა.

„ის საზარელი დანაშაული, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის წინააღმდეგ, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და შეძრა საზოგადოება,“ – ამბობდა 2013 წელს თეა წულუკიანი.

ამ „საზარელი დანაშაულის“ ჩამდენ პოლიციის მაღალჩინოსანს პროკურატურამ მხოლოდ პირობითი მსჯავრი და ჯარიმის გადახდა დააკისრა. იგივე პროკურატურა კი, სილის გაწვნის ფაქტზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების აღკვეთით დასჯას ითხოვს 4-დან 7 წლამდე.

  • რას ედავებიან მზია ამაღლობელს? 

მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ პროკურატურამ უკვე დაასრულა მოწმეების წარმოდგენა. პროკურატურა მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ 8 მოწმის წარმოდგენას აპირებდა სასამართლოში, თუმცა პროკურორებმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული პოლიციელების დაკითხვა საჭირო აღარ არის. პროკურატურის მიერ ჩახსნილ მოწმეებს შორის იყო, მაგალითად, პოლიციელი ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც გურიის პოლიციის უფროსს უპატაკა, რომ მზია ამაღლობელი „იღებდა ინსტრუქციებს“ და „თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი“. მის დაკითხვაზეც პროკურატურამ უარი თქვა.

მანამდე კი, სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მაღალჩინოსნები ადვოკატებმა სიცრუეში ამხილეს. მაგალითად, დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს, მეორე მოადგილემ გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს. ირაკლი დგებუაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ტკივილი განიცადა.

მნიშვნელოვანი გარემოება ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან: დაკითხვის დროს ირაკლი დგებუაძე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება, თვითონ არის. „სისხლით დავიჭერ… ბო**შვილი ვიყო,” – ისმის ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავების მომენტს ასახავს. დაკავებულ ქალს, რომელიც ორ პოლიციელს მიჰყავს, ირაკლი დგებუაძე უკან მისდევს და აგინებს.

ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი დაუდგენია – ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე კი, სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ გაასამართლა. გაყალბებული ოქმის და საქმის მასალების მიუხედავად, მზია ამაღლობელს ჯერ მოსამართლე სალიხ შაინიძემ შეუფარდა 2 000 ლარი ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც მოსამართლე სალიხ შაინიძე დაეყრდნო. ამ ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს ვიდეო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგაა გადაღებული.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ.

მზია ამაღლობელის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 ივლისს, დღის პირველ საათზე განახლდება.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: