„აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა.
სულხან თამაზაშვილს 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა ქონებრივ დეკლარაციებშიც დაუმალავს:
„სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი – 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა. როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.

თამაზაშვილების სახლი არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე – ფოტო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან
თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე – 2 498 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%. სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2 887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა აწარმოა უკანონო მშენებლობა“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევას აჭარის მთავრობის პრესსამსახური წერილობითი კომენტარით ეხმაურება, სადაც წერენ, რომ სულხან თამაზაშვილის ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობს რამდენიმე ათეული წელია:
„ თამაზაშვილების ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს უკვე დაახლოებით ხუთი თაობის განმავლობაში.ოჯახი მრავალი წელია დასახლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი ადგილობრივი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 1990-იან წლებში აშენდა და მამის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამ შვილს საკუთრებაში 25-25%-იანი წილები აქვთ.“
მთავრობაში ასევე ირწმუნებიან, რომ სახლი არარეგისტრირებულ მიწაზე არ მდებარეობს და მიწა სრულად არის დარეგისტრირებული სახელმწიფო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.