„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან.
მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს.
რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის სამსახურების გაუქმება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქეთი ფრუიძის გარდა ამავე სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელს, მეგი ბენიასაც ესაუბრა, რომელიც ნატოსა და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით მუშაობდა.
მეგი ბენიამ 17 ივნისს დაწერა განცხადება და წამოვიდა სამინისტროდან.
მეგიც და ქეთიც ორივე იმ პეტიციის ხელმომწერები არიან, რომლითაც საჯარო მოხელეებმა გააპროტესტეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რაც ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს დააანონსა.
„მე ჩემით დავწერე განცხადება და წამოვედი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ გამათავისუფლებდნენ, რადგან ნატოსთან ინტეგრაციის ჩემი დეპარტამენტი გაუქმებულია. მე არც მათ ე.წ. კონკურსებში ვაპირებდი მონაწილეობას, ამიტომ ვეძებდი სამსახურს და როცა ვიპოვე, წამოვედი. ცოტათი დავასწარი მათ“, – ამბობს მეგი ბენია.
მეგის ვკითხეთ, თუ რა გახდა მისი დეპარტამენტის გაუქმების მიზეზი. ის ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად ყველა სამსახური და დეპარტამენტი გააუქმეს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობდა.
„იცით, რომ საქართველოს აქვს ორი ინტეგრაციული მექანიზმი ნატოში, არსებობდა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) სამმართველო და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც არის უმნიშვნელოვანესი.
ორივე დეპარტამენტი გაუქმდა და ჩამოყალიბდა ახალი დეპარტამენტი, რომლის მიზნებიც გაურკვეველია.
რაც შეეხება მიზეზებს, მე ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაშიც ვთქვი კიდეც, თუ რა იწვევს ეჭვის საფუძველს და გვაძლევს ჩვენეული დასკვნების გაკეთების საშუალებას, რომ ამ სამსახურების გაუქმებამდე არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა თანამშრომლებთან, თუ რატომ იყო ეს რეორგანიზაცია საჭირო.
ერთადერთი, რაც გვაცნობეს, თითქოს ძირეული რეფორმაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის, რადგან როცა უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი გაუქმდა და შეიქმნა უსაფრთხოების სამმართველო, რა ფუნქციებს შეასრულებს ეს სამმართველო, რა იქნება მისი სამუშაო მიზნები, ეს არ არსებობს.
ამ პირობებში გამოაცხადეს ე.წ. კონკურსები, რომელშიც მე არ ვაპირებდი მონაწილეობას და არც სამართლებრივ დავას სხვათა შორის, რადგან კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა არ არის დასაქმებულზე ორიენტირებული, ამიტომ აბსოლუტურად უარი ვთქვი ყველაფერზე“, – გვეუბნება მეგი ბენია.
შეიცვალა თუ არა მათ მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მას შემდეგ, როცა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი და იყო თუ არა საყვედური ამის გამო მათ მიმართ, – ვკითხეთ ქეთის და მეგის.
ქეთი ფრუიძის თქმით, მათზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტები ნაკლებად იყო, „რადგან მაინც დიპლომატიური უწყებაა და ასეთი საკითხებიც მეტ-ნაკლებად დიპლომატიური უნარ-ჩვევების ფარგლებში ტარდება“.
„თუმცა ის ტონი, რაც ჩვენ მიმართ იყო, აბსოლუტურად განსხვავებული იყო პეტიციის ხელმოწერის შემდეგ.
მაღალი ხელმძღვანელობიდან წამოვიდა ბრალდებები, რომ ჩვენ თანამშრომლების ნაწილი დავაბულინგეთ, რომ მოეწერა ხელი პეტიციაზე. ეს წარმოუდგენელია, რადგან მე ხუთწლიანი სტაჟი მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ არიან ადამიანები, რომლებიც 20-25 წელია მუშაობენ. მე როგორ უნდა დამებულინგებინა ამხელა სტაჟის მქონე დიპლომატები?
ჩვენ ერთი სიტყვაც არ გვითვამს ხელმოწერაზე ვინმესთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე და მეგი ვიყავით ერთ-ერთი წამომწყებები ამ პეტიციის და შემდეგ შემოგვიერთდნენ სხვებიც.
ეს ერთიანობა სამინისტროში მოხდა იმის ნიადაგზე, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით, რადგან აღმაშფოთებელი იყო კობახიძის ის განცხადება: შეურაცხყოფილად ვიგრძენით ყველამ თავი – საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა და ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლიც გვეუბნება, რომ ჩვენ, საჯარო მოხელეებმა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“, – ამბობს ქეთი ფრუიძე.
მეგის თქმით, მას აქვს შსს-ში მუშაობის გამოცდილებაც და კარგად იცნობს ძალოვან სტრუქტურებს, სადაც საგარეოსგან განსხვავებით ბევრად ხისტია მიდგომა.
„როცა ხელი მოვაწერეთ პეტიციაზე, მეორე დღეს საგარეომ დადო განცხადება, სადაც გვიწოდა „საბოტაჟნიკები“ და სხვადასხვა რამ, მაგრამ საგარეო უწყება არ არის პოლიციური რეჟიმის სისტემა, სადაც სულ სხვანაირია დაშინება ან გამოძახების ფორმატი. ეს აქ უნდა გააკეთონ შენი უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი და ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამას არ იზამდა არავითარ შემთხვევაში. მათი საშუალებით ამას ვერ გააკეთებდნენ. მე არ მახსოვს ჩემ გარშემო და არც ჩემ მიმართ მსგავსი რამ. იყო ფაქტები, მაგალითად, სასწავლო შვებულებას როცა ვითხოვდი არ მომცეს და მომიწია პირადი შვებულების აღება. თუმცა, ის, რაც მესმის სხვა საჯარო სტრუქტურებში, ბევრად მძიმეა.
იმდენად რთულ ვითარებაში ვართ დღეს ქვეყანაში, რომ ყველაფერი უკვე შედარებითია“, – ამბობს მეგი.
ქეთის თქმით, ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ, ღია პროტესტით წავიდა ელჩების ნაწილი. „ამ დღეებში კი 40-მდე თანამშრომელს მიუვიდა გათავისუფლების შესახებ წერილები.
„ეს არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი სხვა საჯარო მოხელეებისთვის, რომ ასეთი წინააღმდეგობა აღარ გაბედონ. თუმცა ამ პროცესში რამდენიმე ისეთი თანამშრომელიც მოჰყვა, რომელიც არ იყო პეტიციაზე ხელმომწერი და ალბათ ისინიც მიაყოლეს, ვინც არ იყო მათთვის სასურველი. გამოიყენეს ეს მომენტი.
ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოალურები არიან.
მორჩილება არის ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სამინისტროში რჩებიან ადამიანები. ალბათ პროევროპული განწყობის ადამიანებიც რჩებიან, მაგრამ ესენი ხმამაღლა არ საუბრობენ და მზად არიან ამ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა“, – გვეუბნება ქეთი ფრუიძე.
მიზეზებზე საუბრობს მეგიც.
„40-მდე ადამიანი გაათავისუფლეს ცენტრალური აპარატიდან, საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ, 1-ელი აგვისტოდან გაათავისუფლებენ დაახლოებით 20-მდე ადამიანს. ამას ემატება ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და ამის შემდეგ, ვის, სად გადაანაწილებენ და ვინ დარჩება, რთული სათქმელია. ძალიან მასშტაბური წმენდაა და რაც მთავარია ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც ახლა ამ ეტაპზე არის გათავისუფლებული, ყველა პეტიციაზე ხელმომწერია“, – გვეუბნება მეგი.
როგორ ფიქრობთ, ისინი ვინც რჩებიან სამინისტროში, რის სანაცვლოდ ტოვებენ მათ? – ვკითხეთ ქეთის და მეგის.
„ალბათ საკუთარ ღირებულებებზე უარის თქმის სანაცვლოდ“ – ამბობს ქეთი ფრუიძე.
მეგიც დაახლოებით იგივეს გვეუბნება – „პირადი კომფორტის სანაცვლოდ“.
„სავარაუდოდ, კარგად გრძნობს ეს ხალხი იქ თავს, თავისი პირადი კომფორტის სანაცვლოდ. მეტი პასუხი აქ არ არის. თუმცა ჩემი, ქეთის და იმ ადამიანების პირადი პოზიციაა, რომლებიც ბოლომდე დადგნენ ამ ღირებულებებზე, რომ ამ გათავისუფლებებზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ რომელ სამსახურებს აუქმებენ და რა შტატებს ტოვებენ.
მაგალითად, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი, სადაც ქეთი მუშაობდა, არ არის გაუქმებული, არც სამმართველოა გაუქმებული და არც შტატი. მიზანი იყო ქეთის მოშორება. ამ ფაქტორებს – ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით კიდევ ემატება ის, რომ მათთვის ეს მიმართულებებიც არაპრიორიტეტული ხდება.
საერთოდ არ არის პრიორიტეტში და სამინისტროს სტრუქტურა ისეთი ფორმით არის ჩამოყალიბებული, რომ ამ ქვეყანამ ალბათ იზოლაციონისტური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რადგან რადიკალურად შემცირებულია შტატების რაოდენობა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ევროინტეგრაციაზე მუშაობდნენ. ეს მიმართულებები უკვე ან დაკნინებულია ან საერთოდ გაუქმებული. მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც ნატოში ინტეგრაციაზე მუშაობდა“, – ამბობს მეგი ბენია.
ქეთი ფრუიძეც მიიჩნევს, რომ საგარეოში დაწყებული საკადრო წმენდა ბევრ კითხვას აჩენს.
„ცხადია, იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკაა ეს და სტრატეგიულად არამომგებიანი საქართველოსთვის. სად მივდივართ და როგორ, ჩემთვის ამ პროგნოზების გაკეთება ახლა რთულია“, – ამბობს ქეთიც.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით დონდუა წერდა, რომ სამინისტროში წამოწყებული ცვლილებები ინსტიტუციური მეხსიერების წყალში გადაყრაა. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ სამინისტროდან უშვებენ მათ, ვინც პროფესიული პრინციპების და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა.
ეთანხმებით მის შეფასებას? – ვკითხეთ მეგი ბენიას და ქეთი ფრუიძეს.
ქეთის აზრით, შეაფასო იმ ადამიანების მოტივაცია, ვინც დარჩა სისტემაში, საკმაოდ დელიკატური საკითხია, რადგან სისტემაში დარჩენის სხვადასხვა მოტივაცია არსებობს.
„ვინც იქ დარჩა, არის რაღაც ნაწილი იმ ადამიანების, რომლებსაც მე არ ვთვლი მაგალითად სამშობლოს ინტერესების მოღალატეებად. შესაძლოა მათ სხვა გზა არ აქვთ. ან შესაძლოა ამ საკითხის სერიოზულად გაცნობიერების მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. არ ვიცი ზუსტად, ვის რა მოტივაცია აქვს. ვფიქრობ, ამის განსჯა ჩემი მხრიდან არასწორია“, – მიიჩნევს ქეთი.
მეგი კი სისტემაში მყოფ სამი კატეგორიის ადამიანებზე საუბრობს.
„ერთი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, მეორე, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არაფერი და მესამეა, რომელიც ფიქრობს, რომ ალბათ რუსეთთან სჯობს. ოპორტუნისტები არიან.
და არიან ერთეულები, რომლებიც არ მინდა მოიხარშონ ამათთან ერთად – ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან დატოვონ სისტემა, მაგრამ ხომ გესმით, ქვეყანაში როგორი სოციალურ-ეკონომიკური ფონია. მე გამიმართლა და ვიშოვე სამსახური, რომელიც საერთოდ არანაირ შეხებაში არ არის ჩემ სფეროსთან. იძულებული ვიყავი, რომ დავთანხმებულიყავი. თან ყველაფერი დაიხურა – კვლევითი ცენტრები იქნება, არასამთავრობოები თუ სხვა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. ეს ადამიანები ვერ მისცემენ თავს უფლებას, რომ ერთი დღე შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
მთელ სამინისტროში შეიძლება 5 ადამიანი იყოს ასეთი, ვისზეც მე ახლა ვსაუბრობ და როგორც კი სამსახურს იშოვიან, იმ დღესვე დატოვებენ იქაურობას, რადგან გულწრფელად გული ერევათ იმაზე, რაც იქ ხდება.
დანარჩენებზე რა მოგახსენოთ, მათ სინდისზე თავად არიან პასუხისმგებელი“, – ამბობს მეგი.
მეცხრე თვეა ქვეყანაში პროტესტია. ხალხი ითხოვენ „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას. თქვენ როგორ ხედავთ ამ ქვეყნის ევროპის გზაზე დაბრუნების შესაძლებლობას? – ორივე მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ელოდებიან უფრო ქმედით ნაბიჯებს ევროპისგან.
„ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრია, რომ პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს. ის კანონები, რასაც წამდაუწუმ იღებს ავტორიტარული ხელისუფლება, ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ გაგვაჩუმონ და დაგვაშინონ. მაქსიმალურად ცდილობენ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, შიდა თუ გარე ფაქტორების გამო, ამაზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს.
ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა საგარეო სისტემაში. მე, მაგალითად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც ვიდექი და კინაღამ მოვიწამლე იმ ნივთიერებებით, რასაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ისროდნენ. სისტემის შიგნით ბრძოლა ორი წლის წინ დავიწყე, რასაც მოჰყვა ის, რომ აღარ მომცეს არანაირი წინსვლის შესაძლებლობა.
ცალსახად ვამბობდი, რომ რუსული კანონი შემაფერხებელი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა უკვე იმდენად გაუარესდა ყველაფერი, იგივე დემოკრატიული ინსტიტუციების, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თუ პოლიტიკური რიტორიკის თვალსაზრისით, ბრძოლის სხვა მეთოდს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ვიდგე აქციებზე, ვილაპარაკო ხმამაღლა და ვაკრიტიკო ისინი ამ ყველაფრის გამო.
გარდამტეხი, ძირეული ცვლილებები როდის მოხდება, ან რა ფაქტორები იქონიებს ამაზე გავლენას, არ ვიცი. ერთადერთი, რის გამოც საქართელო ჯერ კიდევ რჩება საერთაშორისო რადარში, არის ზუსტად ეს უწყვეტი პროტესტი“, – ამბობს ქეთი ფრუიძე.
მის პოზიციას იზიარებს მეგიც.
„რაც დაგვრჩენია არის ის, რომ აქციებზე ვიაროთ აქტიურად. იმ დღეს როცა ვერ მივდივარ, გულისფანცქალით ვხსნი ხოლმე ტელეფონს, გავიგო რუსთაველი გადაიკეტა თუ არა. მგონია, რომ როცა რუსთაველი არ გადაიკეტება, დასრულებულია ყველაფერი. თუმცა, მხოლოდ რუსთაველზე დგომით ძალიან რთულია ბრძოლის მოგება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო წნეხი და უფრო ქმებითი ნაბიჯების გადადგმა.
ის, რაც ახლა შეუძლია ოპოზიციას, მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მკაფიო და მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან. იმის ჩვენება და დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს მათთვის, მათი ინტერესებისთვის საქართველოს დაკარგვა. ვისურვებდი, ეს იყოს წინა პლანზე.
________________
მთავარ ფოტოზე: ქეთი ფრუიძე და მეგი ბენია