„ურემი ნელა დადის, მაგრამ ისეთი სამართალი დააქვს, ყველას კარებთან მივა“, – ამბობს ნანი წულაია, 21 წლის სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს, დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მინდაძეს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. პროკურატურის თქმით, გიორგი მინდაძემ 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკა ისროლა, რამაც პოლიციელი დააზიანა.
განაჩენის გამოცხადებამდე ნანი წულაიამ სასამართლოსთან მიიტანა მისი შვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი და ნახატი.
გიორგის ნახატზე სასამართლო სხდომაა ასახული, ცენტრში მოსამართლის მანტიამოსხმული ადამიანი ზის ეშმაკის სახით. გვერდით თვალებახვეული თემიდაა, რომელსაც ერთ ხელში სასწორის პინები, მეორე ხელში კი დოლარის გამოსახულებიანი სიმბოლო უჭირავს.
„გიორგიმ ასე განაცხადა ამ ფოტოზე, ვინც სასამართლოში ერთხელ მაინც შემოსულა, ყველამ იცის რა არის ამ ფოტოზე აღნიშნული, განსაკუთრებით მედია მიხვდება ყველაფერს. გიორგიმ – ამ რვა თვის განმავლობაში იმხელა სიყვარული ვიპოვე, რომელიც იქ ვერ გადმოგეცითო სათითაოდ, ახლა გიხდით მადლობას და მე ვიცი, გარეთ ბევრი ნათესავი მელოდებაო“.

გიორგი მინდაძის ნახატი
ნანი წულაიას დღეს დაბადების დღე აქვს. შვილის განაჩენის, 5-წლიანი პატიმრობის გამოცხადების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდება:
„მე ახლა ცრემლს ვიშრობ. აწი სულ უნდა ვიცინო და თვითონ აწი დაიწყებენ ტირილს.
არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ, სრულიად განსხვავებული დაბადების დღე მაქვს. ეს დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება ალბათ. გიორგიმ კი განიცადა დღევანდელი საჩუქარი, მაგრამ გალუსტაშვილს [მოსამართლე] ეტყობა სურვილი ჰქონდა ეს ბრწყინვალე საჩუქარი გაეკეთებინა ჩემთვის, ეგ ვერასდროს ვერ მიხვდება გიოს და ჩემს დედა-შვილობას. ამას ვერავინ ვერ აუხსნის. მე არ ვიტირებ“.