„ამ ეტაპზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი“ – ასე აფასებს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე დღევანდელი საქართველოს რეალობას.
პოლიტოლოგის შეფასებით, „მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოების და ოპოზიციის ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლოს, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან“.
„ბათუმელები“ პოლიტოლოგს საქართველოში არსებულ პროტესტსა და პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა.
- ბატონო მიხეილ, „ოცნება“ კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს, ეს ნიშნავს კიდევ მეტ ჯარიმას, მეტ პატიმრობას, ცვლის ნარკოპოლიტიკას, რვა ოპოზიციონერი, მათ შორის ლიდერები დაიჭირეს, გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის არის ჟურნალისტი, მასწავლებელი, მსახიობი… რა რეალობა დადგა დღეს საქართველოში, პირდაპირ სახელი რომ დავარქვათ?
ეს რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ საქართველოში, თუნდაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები, არის ქვეყნის გარდაქმნა დემოკრატიიდან ავტოკრატიად. დემოკრატიის უკუსვლა უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს, ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურობაში. პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება იმ ე.წ. კომისიის თუ სხვა მეთოდების მეშვეობით, რეალურად არის იმ ფაზების გავლა, რომელსაც მაგალითად დემოკრატიული ქვეყანა გადის, სანამ გარდაიქმნება საბოლოოდ ავტოკრატიულ მმართველობად.
თუ ამას თეორიულ დონეზე შევხედავთ, რამდენიმე ფაზა არსებობს. პირველად ყველაფერი იწყება დემოკრატიული უკუსვლით, ძირითადი უფლებების შეზღუდვით, რასაც განვიცდით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, ეს ომი იყო კატალიზატორი, რათა საბოლოოდ გამოეაშკარავებინა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დემოკრატიული პრინციპებისა და საქართველოს მიმართ.
ამ ეტაპზე ვართ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში, როცა რეჟიმი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს არამხოლოდ მედიასაშუალებები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი. რეალურად ხდება შიდა პოლიტიკური ველის გაწმენდა, რასაც ახორციელებს ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მეშვეობით. ამ ყველაფრის მიზანია, დაანახოს მსოფლიოს, რომ რეალურად „ქართული ოცნება“, მის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია ერთადერთია, რომელთან ურთიერთობასაც სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ მიზანს და ამიტომ ჩვენ დემოკრატიული უკუსვლიდან უკვე გადავედით კონსოლიდაციის ფაზაში.
რეჟიმის კონსოლიდაცია ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე იქნება ბოლოსწინა ფაზა, სტაბილიზიაციამდე. რეჟიმის სტაბილიზაციის ფაზაში მივიღებთ მდგომარეობას, როცა რეალურად რეჟიმის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად აღარ იარსებებენ, ან თუ იარსებებენ – იატაკქვეშეთში ან საზღვარგარეთ. რეალურად, საქართველოში ივანიშვილს ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგე აღარ ეყოლება.
ეს არის მიზანი გაასუფთაოს პოლიტიკური ველი მოწინააღმდეგეებისგან და როგორც ავტორიტარულ ქვეყნებშია ის იყოს ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა.
- მიუხედავად ამ ვითარებისა, ისევ რისკებზე ვსაუბრობთ, თუ უფრო მკაფიოდ ვარქმევთ უკვე სახელს?
რისკებზე საუბარი უკვე ზედმეტია.
ადამიანების, პოლიტიკური ლიდერების იქნება თუ რამდენიმე ათეული აქტივისტის ფიზიკური არსებობაა სასწორზე. უკვე ფიზიკური არსებობის რისკებზე ვსაუბრობთ.
აქ არ არის მხოლოდ საქართველოს ავტოკრატიად გარდაქმნის რისკი, რადგან ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და კონსოლიდაციის ფაზაშია, რეალური მიზანია, რომ საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში გახდეს საერთაშორისო ავტორიტარული ალიანსის ნაწილი და ამ ყველაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს რეალურად გაერთიანებულმა ბრძოლამ ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის რუსეთის თუ სხვა აქტორების დავალებით.
- გაერთიანებულ ბრძოლაში რას გულისხმობთ, უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რადგან ამ საკითხზეც არის დისკუსია საზოგადოებაში.
პირველ რიგში ვგულისხმობ თანხვედრას ოპოზიციურ ფლანგს და ქართულ საზოგადოებას შორის.
თუკი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, მხარს უჭერს დემოკრატიას, იგივე იდეას უჭერს მხარს ქართული ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილი. ჩემთვის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ თანხვედრას ვერ ხედავს საზოგადოება ოპოზიციასთან და არ მიიჩნევს მას საკუთარი ინტერესების წარმომადგენლად.
ჩემი გადმოსახედიდან, ამ ყველაფერს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი გააჩნია. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუ რატომ ვერ ახერხებს ქართული ოპოზიცია ერთიანი ხმით საუბარს, გაუგებარია, თუ რატომ ვერ ახერხებს ქართული ოპოზიცია 24-საათიან განუწყვეტლივ რეჟიმში მუშაობას, საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და კავშირების გაძლიერებას საზოგადოებასთან.
პირველ რიგში, რაც გვჭირდება საზოგადოებას, ეს არის ოპოზიციის გეგმა ქვეყნის აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით. თუმცა ეს გეგმა ბუნებაში არ არსებობს, როგორც ვხედავთ, რადგან ოპოზიცია რეალურად არ არის გაერთიანებული, მათ შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
- ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად უწყვეტი პროტესტისა, გვესმის შეფასებებიც, თითქოს ეს პროტესტი საკმარისად მძლავრი არ არის?
ჩემი აზრით, რომ არ არსებობდეს ეს უწყვეტი პროტესტი ძალიან გაუჭირდებოდა იგივე დასავლეთს, არ აღიარების პოლიტიკა არ შეეცვალა, რადგან ზუსტად ეს პროტესტი, თუნდაც არ იყოს დიდი რაოდენობის ადამიანების შეკრება, ჩვენს პარტნიორებს ზუსტად ანახებს, რომ საზოგადოებაში არსებობს ქართული ოცნების ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ პროტესტის მუხტი და ადამიანები არ ეგუებიან იმ უსამართლო რეალობას, რომელსაც ქმნის „ქართული ოცნება“.
ჩვენ ამავდროულად ვხედავთ, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ აპროტესტებენ „ოცნების“ ქმედებებს და ოპოზიციას შორის არ არსებობს რაღაც ბუნებრივი შეთანხმება, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს საპროტესტო ტალღა, რადგან მხოლოდ ამ ენერგიების გაერთიანების საშუალებით შეიძლება ბრძოლა და წინ წასვლა, რომ ერთ დღეს რეჟიმმა ზეწოლას ვეღარ გაუძლოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარედან.
თუ რეჟიმი შეძლებს, რომ ადამიანებმა აღარ გააპროტესტონ ავტოკრატიული პოლიტიკა, ოპოზიციამ აღარ იარსებოს ქვეყანაში, მაშინ რეალურად კიდევ უფრო გაჭირდება სამომავლოდ ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება.
სწორედ ამ ავტორიტარიზმის ფაზაში, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში თუ მან შეძლო სტაბილიზაცია, კიდევ უფრო გაჭირდება, რადგან ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მათ შორის ქუჩაში თუ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით აპროტესტებენ ავტოკრატიას. ჯერ კიდევ არსებობს ასე თუ ისე თავისუფალი მედიასაშუალებები და შემდეგ ფაზაში ეს ყველაფერი უკვე აღარ იარსებებს.
- და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ კიდევ იმისთვის, რომ „ოცნება“ ამ შემდეგ ფაზაში ვერ გადავიდეს, ან რა უშლის ხელს ამ თანხვედრას?
ამას ხელს უშლის ქართულ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და უნდობლობა ზოგადად პოლიტიკის მიმართ, რადგან ადამიანები არ ენდობიან პოლიტიკოსებს, მათ შორის იმ სახეებს, რომლებსაც დიდი ხანია ტელეეკრანებზე ხედავენ. პირველ რიგში, ეს არის უნდობლობა პოლიტიკის მიმართ.
საზოგადოების ნაწილს ალბათ მაინც ურჩევნია შეეგუოს ამ ეტაპზე იმ ე.წ. მოჩვენებით სტაბილურობას, რაც არსებობს ქვეყანაში, თუმცა მათ დიდ ნაწილს არ სურს რეალურად თვალი გაუსწოროს რეალობას, თუ რა ელოდებათ მომავალში სწორედ რეჟიმის ამჟამინდელ მხარდამჭერებს, რომლებიც ეხმარებიან რეჟიმს ამ კონსოლიდაციის პროცესში, მათ შეექმნებათ პრობლემები, მათ ოჯახის წევრებს, მათ შვილებს, რადგან ისინი ვეღარ შეძლებენ უცხოეთში სწავლას, ვეღარ შეძლებენ თავისუფლად საკუთარი აზრის გამოხატვას, კარიერულ წინსვლას და განათლების მიღებას თავისუფალ გარემოში, რადგან ამისთვის არსებული წინაპირობები არ იარსებებს.
უნდობლობის შემდეგ, მეორე რიგის პრობლემაა უკუკავშირი ოპოზიციასა და მოსახლეობას შორის. საქართველოს რეგიონებში მე ვერ ვხედავ და ვერც არჩევნებამდე ვხედავდი, რომ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა ქართული ოპოზიცია იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც იყო არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ.
ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგი მცდელობის მიუხედავად ვერ ერთიანდება,მათი პირდაპირი მოვალეობაა პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და დაანახონ საზოგადოებას, რომ იაზრებენ მდგომარეობის სიმძიმეს.
ამასობაში ოპოზიციის ლიდერები უკვე დაპატიმრებულები არიან, მაგრამ პარტიები განაგრძობენ არსებობას და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეეცადონ მაინც, ერთიანი ფრონტით, ღია საკომუნიკაციო არხებით და მოსახლეობასთან მაქსიმალურად აქტიური კავშირით გაგრძელონ წინააღმდეგობრივი მოძრაობა.
სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ შეძლებს მიაღწიოს საკუთარ მიზანს.
- რამდენიმე მიმდინარე საკითხიც რომ განვიხილოთ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიდიან ადამიანები, ესენი არიან ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე. ასევე, ელჩებთან დაპირისპირებასაც არ ერიდებიან „ოცნების“ დეპუტატები…
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტრო, ერთ-ერთი მაგალითია, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში ვართ. ანუ ხდება სისტემის გაწმენდა დემოკრატებისგან საჯარო სექტორში, რომლებიც არ ეგუებიან და თვალს არ ხუჭავენ ავტოკრატიის დამყარებაზე ქვეყანაში.
ეს ადამიანები არიან, ძირითადად, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას და არა პარტიას და „ოცნების“ მიზანია, რომ ჰყავდეს მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და არა ქვეყანას, რაც რეალურად არ არის დიპლომატების ფუნქცია. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას.
დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ე.წ. რეორგანიზაციით მოიშორეს ის ადამიანები თავიდან, რომლებმაც გასული წლის შემოდგომაზე საკუთარი მოქალაქეობრივი და ამავდროულად სახელმწიფოებრივად ერთადერთი სწორი პოზიცია დააფიქსირეს, როცა მთავრობამ შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
მაგალითად, გერმანიაში, საქართველოსთვის მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სახელმწიფოში, საქართველოს ელჩი არ ჰყავს და ამ დროს გერმანიის ელჩს საქართველოდან გაძევებით ემუქრებიან.
- წულუკიანის კომისია მუშაობას აგრძელებს. თუ ხვალ უფრო მძიმე ვითარება გვექნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები გრძელდება, მედია სასამართლოში კადრების გადაღებას ვეღარ შეძლებს და ასე შემდეგ … „ოცნება“ საერთოდ არ განიხილავს, რომ ერთ მშვენიერ დღის ხალხი გაბრაზდება და უფრო მეტ წინააღმდეგობას გაწევს? ამ რისკს საერთოდ არ ხედავს?
ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, წინასაარჩევნოდ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი გზავნილი იყო – „ომი თუ მშვიდობა“. მან საკუთარი პროპაგანდის მეშვეობით თავი წარმოაჩინა, როგორც მშვიდობის გარანტორმა, მაშინ როცა სრულებით არ არის მასზე დამოკიდებული რუსეთი შემოიჭრება თუ არა ქვეყანაში. სწორედ ამ მოჩვენებითი სტაბილურობის გარანტორად სჭირდება „ოცნებას“ ადამიანებში შიშის გაღვივება, რომ ადამიანების თავებში გზავნილის – „თუ ქართული ოცნება არ იქნება ომი დაიწყება“ – ჩანერგვას ხელი შეუწყოს.
მეორე, რაც მიმართულია ქვეყანაში შიშის დათესვისკენ, არის ის, რომ თავიდან მოიშოროს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები რაღაც მოგონილი კომისიის მეშვეობით და ამ ყველაფრის ტრანსლირება მოახდინოს მედიასაშუალებით, ადამიანებს დაანახოს, რომ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი საქართველოში ადამიანების დაკავება და დაპატიმრება.
ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ნებისმიერ ადამიანს ქვეყანაში აღარ ჰქონდეს სტაბილურობის და იმის განცდა, რომ უსამართლოდ მოპყრობის შემთხვევაში მაგალითად სასამართლოს მეშვეობით ის შეძლებს თავი დააღწიოს სახელმწიფოს კლანჭებს.
შესაბამისად, ეს კომისია და ზოგადად რეპრესიული პოლიტიკა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციის პროცესი დასრულდეს, რეჟიმი საბოლოოდ გამყარდეს, რეპრესიების მეშვეობით თავიდან მოიშოროს არასასურველი ელემენტები და გადავიდეს სტაბილიზაციის ეტაპზე.
რაც შეეხება მოსახლეობის გაბრაზებას, ჩვენ კარგად გვახსოვს საქართველოში საზოგადოების გაბრაზება ქვეყნის ბოლო 35 წლის მანძილზე. მე მგონია, რომ საზოგადოება როდესღაც აღარ შეეგუება ამდენ უსამართლობას და ეს პროტესტი მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, თუმცა სად არის ეს კრიტიკული ზღვარი, ეს ჯერ არ ვიცით. მსგავსი მომენტი უშუალოდ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ იყო, თუმცა ჩვენ გვახსოვს დაბნეული ოპოზიცია, რომელმაც საპროტესტო მუხტს მიმართულება ვერ მისცა.
მიღწევა კრიტიკულ ზღვრამდე და მისი გადალახვა ეს არის მთავარი გამოწვევა ჩემი აზრით და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ოპოზიციამ და საზოგადოებამ გაძლოს, სხვა შემთხვევაში რეჟიმის ჩამოშლას ჩვენ ვერ შევძლებთ და რეჟიმი გადავა უკვე იმ სტაბილურობის ფაზაში, როცა კიდევ უფრო გაჭირდება მის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ქვეყანაში რეალურად მოწინააღმდეგეები აღარ იარსებებენ.
- ჩვენ ვიცით, რომ „ოცნების“ წევრები თავადაც ევროპას ირჩევენ შვილების განათლებისთვის, იქ ყიდულობენ სახლებს, მოგზაურობენ. ასევე, ვიცით რომ დეპუტატების ოჯახის წევრები არალეგალურ გზასაც კი მიმართავენ ამერიკაში ჩასასვლელად. თუ არც ისინი ირჩევენ რუსეთს, მაშინ რატომ არ იწვევს „ოცნების“ პოლიტიკა უკმაყოფილებას მათ შორის, რატომ არ უწყობს ეს ხელს შიდა რღვევას?
არ იწვევს შიდა რღვევას, რადგან მას ხელს უშლის პირველ რიგში შიში, რომელიც დანერგა „ქართულმა ოცნებამ“. „თუ ჩვენ არ ვიქნებით, იქნება ომი“ – ამ შიშს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან რეალურად „ქართული ოცნება“ კრემლში არსებულ გეგმებზე ზეგავლენას ვერ ახდენს და მეორე, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის უნდობლობა პოლიტიკის მიმართ, რადგან ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ალტერნატივა იმისთვის, რომ შეცვალონ არსებული რეალობა.
როგორც ვხედავთ, საზოგადოების დიდი ნაწილი, თუ გავითვალისწინებთ ამჟამად მხარდაჭერის ხარისხს ოპოზიციის მიმართ, ამ ეტაპზე ვერ ხედავს ოპოზიციაში ალტერნატივას.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ოპოზიციამ ილაპარაკოს ერთი ხმით და მაქსიმალურად მოახდინოს კომუნიკაცია და კოორდინაცია მოსახლეობასთან არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში.
მხოლოდ ამ მჭიდრო კავშირის ფონზე იქნება შესაძლებელი თანხვედრა საზოგადოებასთან და ერთობლივი ბრძოლა ცვლილებისთვის. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.