თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.
13:39 – ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ივლისს, მცირე დაგვიანებით დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. პირველ ეტაპზე დაცვის მხარე წარადგენს დასაბუთებას, თუ რატომ უნდა დაურთონ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და რატომ უნდა დაკითხონ ექსპერტი სასამართლო სხდომაზე.
14:06 – პროკურორი იწყებს დასაბუთებას, თუ რატომ არ უნდა დაუშვან მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ექსპერტის დაკითხვა.
14:14 – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნა და სისხლის სამართლის საქმეს დაურთო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს ექსპერტის დაკითხვის საშუალება ექნება.
14:18 მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა, მზია ამაღლობელის საქმეს დაურთოს „ოცნების“ პარლამენტარის, ნინო წილოსანის ვიდეო-კომენტარი მზია ამაღლობელის შესახებ და ადვოკატის მიმართვები ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
14:33 – მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარადგინა ცრუ მოწმე პოლიციელის, გოჩა ვანაძის სასამართლოზე მიცემული ჩვენება. გოჩა ვანაძე ამტკიცებდა, რომ მან დააკავა მზია ამაღლობელი. რეალურად კი მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, რაც დასტურდება ვიდეომასალითაც.
14:48 სასამართლო სხდომაზე იკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს. ვიდეოკადრზე ჩანს, რომ პოლიციელი გოჩა ვანაძე, რომელიც ირწმუნება, რომ თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი 11 იანვარს სტიკერის გაკვრისათვის, შესასვლელ ჭიშკართან რჩება, ხოლო მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელებს შეჰყავთ პოლიციის შენობაში.
15:17 – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ სხდომა მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.
15:50 – ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა. მოწმის სახით დღევანდელ სხდომაზე იკითხება „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.
15:55 – „აბაშიძის დროს ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ“ – ასე დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლოზე ჩვენების მოცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.
17:00 – ეთერ თურაძემ ჩვენების მიცემა დაასრულა. ჩვენებას აძლევს დაცვის მხარის მოწმე, ეკატერინე დავითაძე.
17:50 – სასამართლო სხდომა დასრულდა. ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა და პირველი კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ – https://www.facebook.com/batumelebi/videos/1113989823886175
ნახეთ ვიდეო, როგორ შეჰყავთ მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
________________________________
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.
შესაბამისად, მედია ვეღარ შეძლებს სასამართლო სხდომების ფოტო, ვიდეო და აუდიომასალით გაშუქებას.