„ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები“ – კობახიძე კვლავ გერმანიის ელჩს აკრიტიკებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, რომელიც 16 მაისს, ბათუმში დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა 28 მაისს.

ამავე დროს, კობახიძემ ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როცა გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და გამოირჩევა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროევროპული აქციების ლანძღვით.

„ერთი საინტერესო დეტალია. ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა კონკრეტული მოქალაქე და შეაწუხა, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ რას – რომ ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული.

კაცი ჩავიდა ბათუმში იმისათვის, რომ გაეპრავებინა პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და რომ შეაწუხა ვიღაცამ სიტყვიერად და სული შეუბერა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამას წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მარიამ ლაშხს და სხვა დეპუტატებს რომ მიუვარდნენ, შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, მაშინ რატომ არ არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ შეიძლება, ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია, ლაშხთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი? რაშია საქმე? პოლიციელზე ხელის გარტყმის, ძალადობის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში და ვიღაც რომ მივიდა, სიტყვიერად რომ შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული.

ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი? სად არის გერმანია, სად არის აქ სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი 20 წლის წინ გერმანიაში? საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რაც მართლა შემაშფოთებელია, ტენდენციაც არის შემაშფოთებელი, აღარ არსებობს არაფერი წმინდა, რასაც ჰქვია სამართლებრივი პრინციპები, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ყველაფერს აქვს ხაზი გადასმული“ – თქვა კობახიძემ.

„ოცნების“ პრემიერის კრიტიკის სამიზნე არა მხოლოდ ელჩი, არამედ გერმანიაც გახდა. კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიაში სწავლობდა სამი წელი და „ფეხზე ჰკიდიათ“ ადამიანის უფლებები.

„გერმანიაში ვსწავლობდი სამი წელი და რასაც მასწავლიდნენ, საერთოდ არ აინტერესებთ, ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საერთოდ არ აინტერესებთ, ხაზი აქვთ გადასმული ყველაფერზე, ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში, რადგან „დიფ სთეითი“ არის, რომელსაც არ აქვს არავითარი პრინციპები“ – თქვა კობახიძემ.

აქამდე კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ განათლება გერმანიაში, დიუსელდორფში ჰქონდა მიღებული. 2020 წლის არჩევნებზე მან საკუთარი თავის წარდგენისას თქვა, რომ არის „დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ოცნების“ ლიდერები გერმანიის ხელისუფლებას და ელჩ პიტერ ფიშერს აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცეს და დაგმეს „საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია:

„ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან“ – ნათქვამია განცხადებაში.

2025 წლის 3 მარტს, როცა კანცლერი ოლაფ შოლცი იყო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ „გერმანიას ვერ ცნობს“.

„საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო 35 წლის განმავლობაში. ასეთი ცუდი ურთიერთობა გერმანიასთან არასდროს არ გვქონია“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძემ გერმანიის არჩევნების შემდეგ, 2025 წლის მარტში.

2025 წლის 24 მარტს გერმანიამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი.

ამავე თემაზე: 

„ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო“ – ინტერვიუ ბუნდესტაგის ქართველ მრჩეველთან

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 983 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 10 864 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 644 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 28 355 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 397 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 171 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 918 ერთეული [+65]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 265 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 959 ერთეული [+52]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 59 856 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 044 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“შეგიძლიათ გააკეთო კარგი საქმეები, თუ პუტინს შეეშვებით” – ლანდსბერგისი ეხმაურება ტრამპის განცხადებას

ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სილის გაწნა დანაშაული რომ იყოს, რამდენი ქალი აღმოჩნდება ციხეში?“ – ინტერვიუ ადვოკატთან

„სილის გაწვნა… არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს ზურაბ ცინცაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე. მას, როგორც დიდი გამოცდილების მქონე იურისტს ვკითხეთ: სილის გაწვნა არის თავდასხმა?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ოთხ თვე-ნახევარია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ზურაბ ცინცაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ზურაბ ცინცაძეს იურისტად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. იყო პროკურორი და გამომძიებელი. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია.

  • ბატონო ზურაბპროკურატურა ამტკიცებს, რომ ქალისგან სილის გაწნა თავდასხმაა. თქვენ რას ფიქრობთ

ეს მძიმე ბრალდებაა და მოითხოვს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით რეაგირებას. დანაშაულებრივი ქმედების სისხლის სამართლის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს ოთხი ნიშანი, კერძოდ: სუბიექტი, სუბიექტური მხარე – ანუ დანაშაულებრივი განზრახვა და მოტივი, ობიექტი და ობიექტური მხარე – რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენის იარაღს, ხერხსა და საშუალებას.

გასაგებია, რომ სუბიექტია მზია ამაღლობელი და ობიექტია პოლიციელი. ობიექტური მხარეა მზია ამაღლობელის ფიზიკური კონტაქტი პოლიციელთან, ანუ სახეში სილის გაწვნა, რაც ბრალდების მხარემ უყოყმანოდ გამოიყენა პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაციის მისანიჭებლად.

მოცემულ საქმეზე – საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში – გამოითქვა არაერთგვაროვანი მოსაზრებები და შეფასებები, რაც ერთი მხრივ ბუნებრივია. მეც მათ შორის დავაფიქსირებ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას. საქმის მასალებს არ ვიცნობ და ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობ მხოლოდ მედიით გავრცელებული კადრებით.

პოლიციელის მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი და მისი შესრულება სავალდებულოა საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელს გააჩნია ძალის გამოყენების უფლება, რომლის ფორმები და საშუალებებიც, მათ შორის, როგორიცაა: ხელბორკილის დადება, რეზინის ხელკეტის, რეზინის ტყვიებისა, თუ ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მკაცრად არის რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით.

ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიციელის მოქალაქესთან კომუნიკაციის ფორმა, რაც ასევე რეგლამენტირებულია კანონმდებლობით. კერძოდ, პოლიციელს არ აქვს უფლება შეურაცხყოს მოქალაქის პატივი და ღირსება.

თუ ასეთი რამ ფიქსირდება, მაშინ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელი გადის კანონით დადგენილი სტანდარტიდან და, შესაბამისად, ის რჩება კანონით მინიჭებული სტატუსის მიღმა. ეს აღარ იძლევა საშუალებას მისი მოთხოვნის და ქმედების კანონიერების საფუძვლებზე აპელირებისათვის.

კვალიფიკაციის განსაზღვრისას ეს – მხედველობაში მაქვს პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მოგეხსენებათ, თავდასხმა გახლავთ აგრესიული მოქმედება, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სიცოცხლის მოსპობა ან სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. რაც შეეხება, ქალის მიერ სილის გაწნას, ის უნდა განვიხილოთ, როგორც ქალების შეიარაღების არსენალში არსებული თავდაცვითი იარაღი, რასაც ისინი იყენებენ შეურაცხყოფის, ღირსების შემლახავ საქციელზე რეაგირებისთვის მყისიერად, ინსტინქტურად, ყოველგვარი ტკივილის მიყენებისა და სხეულის დაზიანების მიზნის გარეშე.

ამდენად, რაზე მოახდინა ამ ფორმით რეაგირება მზია ამაღლობელმა – ეს ბრალდების მხარემ სერიოზულად უნდა დაასაბუთოს სასამართლოში.

სილის გაწნა, ხელის და თმის მოქაჩვა, პანჩურის ამორტყმაც კი, არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს.

  • უზენაეს სასამართლოს განუხილავს ერთი შემთხვევაპოლიციელს საზარდულის არეში ამოარტყეს ფეხი, თუმცა ეს მოსამართლეებს პოლიციელზე თავდასხმად არ მიუჩნევიათ. 

არ არის ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება და ამიტომ.

არც სილის გაწვნაა თავდასხმა. ყოველდღიურ ურთიერთობაში რამდენი ქალი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში და რა ვქნათ?! თავდაცვის ინსტინქტით შეურაცხყოფაზე რეაგირებისთვის ქალები ციხეში გავუშვათ სისხლის სამართლის წესით?

წარმოიდგინეთ, სილის გაწნა რომ დანაშაული იყოს, რამდენი გოგო შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში?

როგორც უკვე აღვნიშნე, სუბიექტური მხარე – ანუ რა მიზანი ამოძრავებდა და რაზე რეაგირებდა ამ ფორმით მზია ამაღლობელი, ამის დადგენა საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ეს გარემოებები არ არის გამოძიებული, სასამართლოში განხილული და სამართლებრივად შეფასებული – ეს ტოვებს ღია სივრცეს, რომლის არსებობაც ხელს შეუშლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

  • იყო ერთი ცრუ მოწმედეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია. მისი პატაკის მიხედვით, მზია ამაღლობელი დავალებით მოქმედებდა, თუმცა ამ პოლიციელმა ვერ თქვა, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. საბოლოოდ, პროკურატურამ სასამართლოში ამ პოლიციელის დაკითხვაზე უარი თქვა. 

კანონმდებლობით ასეა – ამას პროცესის თანახმად, ირიბი, ანუ წარმოებული ჩვენება ეწოდება. თუ მოწმე წყაროს ვერ ასახელებს, ვერ უთითებს, საიდან აქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაშინ ის ჭორაობს, რაც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ გამოდგება.

ამიტომაც, წამგებიანი იქნებოდა პროკურატურისთვის ამ მოწმის წარმოდგენა.

  • მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ეს შემთხვევა მოხდაპოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, პოლიციელების გარემოცვაში

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, მზია ამაღლობელი, თავისი ქმედებით ზოგადად პოლიციელების მიმართ გამოხატავდა უკმაყოფილებას თუ კონკრეტული პოლიციელის მიმართ.

  • დაზარალებულად მიჩნეულმა ირაკლი დგებუაძემ აღნიშნა სასამართლოში, ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაშიო. 

ბუნებრივია. საზოგადოებისთვის უცხო არ არის თუ რა ვითარებაში და გარემოებებში რეაგირებენ ქალბატონები ასეთი ფორმებით.

  • თქვენი აზრით, პროკურატურამ თვითნებურად განმარტა თავდასხმის მუხლი

არ ვიცნობ დეტალურად საქმის მასალებს, მაგრამ რასაც მედიით ვეცნობი, კონკრეტულად ეს ქმედება [სილის გაწნა] არ არის საკმარისი სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციისთვის.

  • რამდენად დასაბუთებულია მზია ამაღლობელის პატიმრობა, ის თითქმის 5 თვე პატიმრობაშია? 

იმდენად შაბლონური გახდა სასამართლოს მსჯელობა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, არც ღირს ამაზე საუბარი. მაგალითად, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. სად არის გარანტია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეიძლება არაფერს ედავებიან და არც ნასამართლევია, დღის ბოლომდე დანაშაულს არ ჩაიდენს?

ვინ იცის, რა მოხდება დღის ბოლომდე და რა ვითარებაში აღმოჩნდება ის.

ერთს დავამატებ: სასამართლოს აქვს ორი გზა. მან საქმეზე უნდა დაადგინოს ან გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი. ის საქმეს დამატებით გამოძიებაში ვერ დააბრუნებს.

ორივე შემთხვევაში განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. თუ ეს მოთხოვნები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმართვის შემთხვევაში, ასეთი სახის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობა შეიძლება დადგენილი განაჩენის გაუქმების საფუძველი გახდეს.

ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ – როგორ იმუშავებს „ოცნების ფარა“

31 მაისს „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონი ამოქმედდება, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს, „ფარას“ უწოდებს.

ვისზე შეიძლება გავრცელდეს „ოცნების ფარა“ და რა ფორმით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ნიკა, თითქოს ბევრი განმარტება იყო „ოცნების“ მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ეძახის, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რა ფორმით აპირებს „ქართული ოცნება“ სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვას? ეს კანონი ეხება ფიზიკურ პირებსაც თუ ისინი „ოცნების“ ხელისუფლებას გააკრიტიკებენ?

„უცხოური აგენტების“ კანონზე, ე.წ „ფარაზე“, როგორც „ქართული ოცნება“ მას ეძახის, გვეუბნებიან, პირდაპირ ამერიკული კანონიდან ვთარგმნეთო, თუმცა, გარდა იმისა, რომ პირდაპირი თარგმანია, მას ამერიკულ „ფარასთან“ არც კონტექსტურად და არც შინაარსობრივად, ბევრი არაფერი აქვს საერთო.

ერთია ის, რომ კანონი გადმოითარგმნა, მაგრამ მეორეა ის, რომ რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტშია გადმოღებული და რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტში აპირებს „ოცნება“ მის აღსრულებას.

ამ კანონის „ქართული ოცნებისეული“ თარგმანი ეხება ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკური საქმიანობისთვის.

  • ხელისუფლების კრიტიკაც შეიძლება ჩაითვალოს „პოლიტიკურ საქმიანობად“?

გარკვეულ განმარტებებს იძლევა ეს „ფარა“, მაგრამ ეს განმარტებები არის ძალიან ბუნდოვანი. რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ძალიან ფართოდ განმარტა ეს კანონი და მისი განმარტებიდან ჩანს, რომ ისინი ძალიან ფართო მასებზე აპირებენ ამ კანონის გავრცელებას.

ამ კანონის მიხედვით, „უცხოურ პრინციპალად“ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი წყარო უცხოეთიდან, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხოეთში. მათ შორის საქართველოს მოქალაქე ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ პრინციპალად, თუ უცხოეთში ცხოვრობს.

  • საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ირჩენს ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულით. თუკი ასეთი ადამიანი პოლიტიკურად აქტიური იქნება, მას დაავალდებულებენ ამ კანონით, რომ აგენტების რეესტრში დარეგისტრირდეს?

ამ საკითხზე რაჟდენ კუპრაშვილის განმარტება იყო ასეთი, რომ ჩემი ოჯახის წევრიც რომ მირიცხავდეს თანხას, თუ მე ამის შემდეგ გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობას გავწევ, შესაძლოა მომაქციონ „ფარას“ მოქმედების ქვეშო.

ეს არის ამ კანონის ძალიან ფართო განმარტება და გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ ხელში უნდა აღსრულდეს, დიდი ალბათობით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გადმორიცხვებზეც გავრცელდება ეს კანონი.

  •  „შეიძლება მოგაქციოთო“ – ასე თქვა კუპრაშვილმა? მაშინ, გამოდის, კეთილ ნებაზე ყოფილა დამოკიდებული ვისზე გაავრცელებენ კანონს.

„ქართული ოცნების“ გაგებით, ამ კანონის მთელი „მუღამიც“ ამაშია, რომ, ვისაც უნდათ შეახებენ, ვისაც უნდათ – არ შეახებენ.

მაგალითად, რუსეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ რუსულ ინტერესს ატარებენ, არც კი ახსენებენ. ისინი პირდაპირ ებრძვიან დასავლურ ფულს, ამიტომ ამ კონტექსტითაც კი განსხვავდება „ოცნების ფარა“ და ამერიკული „ფარა“.

ამერიკული „ფარა“ მიემართებოდა რუსულ და ჩინურ ფულს და ამის გამოსააშკარავებლად იყო, ხოლო „ოცნების ფარა“ ამერიკულ და ევროპულ ფულს ეწინააღმდეგება. არ ახსენებენ საერთოდ რუსულ ფულს.

ის, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულსაც შეეხება, კანონში ასე პირდაპირ არ წერია და არც იკითხება, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ ისინი ასე აღასრულებენ, თუ დასჭირდებათ. ანუ ამ კანონს ისინი ასე კითხულობენ და ასე უნდათ, რომ წაიკითხონ.

ეს არის ერთ-ერთი დამალული საფრთხე, რომელიც შეიძლება კანონში პირდაპირ არ იკითხება, მაგრამ კუპრაშვილს წამოსცდა და თქვა, რომ შესაძლებელია ფულს იღებდეს პირი კომერციულად, ამით ფარავდეს პოლიტიკურ აქტიურობას და მათზეც უნდა გავავრცელოთო.

ამიტომ ვამბობ, რომ ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ.

თუ ერთ დღეს, თქვენი ოჯახის წევრი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, გადმორიცხავს თანხას თქვენს ანგარიშზე, შეიძლება რაჟდენ კუპრაშვილმა თქვას, ამ თანხას იყენებთ პოლიტიკური საქმიანობისთვის, რადგან თქვენ პოსტავთ ფეისბუქზე, დადიხართ საპროტესტო აქციაზე, ეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსო, დაგადანაშაულებენ თქვენი ოჯახის წევრის აგენტობაში და შეიძლება მოგიწიოთ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

აი, ასეთ განმარტებას აკეთებს რაჟდენ კუპრაშვილი ამ კანონზე.

  • როგორც ვიცი, რაჟდენ კუპრაშვილმა ამ შეხვედრაზე ახსენა ჯილდოებიც. თუ მაგალითად პედაგოგი, სტუდენტი ან მეცნიერი, რომელიც არის პოლიტიკურად აქტიური, აიღებს საერთაშორისო ჯილდოს, შესაძლოა მასაც მოსთხოვონ აგენტების რეესტრში დარეგისტრირება?

აქ არ არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი არასდროს, რადგან ეს კანონი არის ისე წაკითხვადი, როგორც ეს მის აღმასრულებლებს დასჭირდება.

კანონში კი წერია, რომ თითქოს არსებობს გამონაკლისები, მაგალითად საგანმანათლებლო, სამეცნიერო საქმიანობა და ასე შემდეგ, მაგრამ საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერპრეტირებას როგორ მოახდენენ, შეახებენ თუ არა ამას, მაგალითად, სასწავლო გრანტებს, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით.

  • მაგალითად, თუ ადამიანი არის მეცნიერი ან მკვლევარი და ამ საქმიანობას ახორციელებს დასავლური გრანტით, მაგრამ ამავე დროს კრიტიკულად არის განწყობილი „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ამ შემთხვევაში მოსთხოვენ, რომ დარეგისტრირდეს აგენტების რეესტრში?

„ფარაში“ კი წერია, რომ სამეცნიერო საქმიანობისთვის მიღებულ დაფინანსებას ეს არ ეხებაო, მაგრამ აქ შემოდის მეორე, გრანტების შესახებ კანონი და ასეთ უნივერსიტეტს არ დართავენ ნებას მიიღოს გრანტი, თუნდაც იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონთ კონკრეტული ლექტორი, თანამშრომლის პოლიტიკური შეხედულებები ან უნივერსიტეტის პოლიტიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

ამიტომ, რასაც „ფარა“ ვერ დაფარავს, იმას „გადააზღვევს“ გრანტების შესახებ კანონი.

შეიძლება დაჭერამდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ საერთოდ დაფინანსებას ვერ მიიღებ და თუ მაინც მიიღებ, მიღებული თანხის ორმაგი ოდენობით დაგაჯარიმებენ.

„ქართულ ოცნებას“ ასევე უნდა მოკლას დამოუკიდებელი მედია და არც ამას გააჩნია რაიმე სამართლებრივი ახსნა.

ამიტომ აქ წავა „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი სურვილები და მათი ნებართვის გარეშე გრანტს ვერავინ მიიღებს. თუ მიღებული გაქვს და არ დარეგისტრირდი რეესტრში, ამის გამო დაგიჭერენ.

  • „რადგან მაკრიტიკებ, აგენტი ხარ“ – ეს საკმარისი იქნება ადამიანების დასადანაშაულებლად?

ერთია კანონში რა წერია და მეორე – როგორ აღასრულებენ. რაჟდენ კუპრაშვილი კი ამბობდა, როგორც ამერიკაშია, ისე აღვასრულებო, მაგრამ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ ჰქვია ამას, რადგან საქართველოში არც პოლიტიკური კონტექსტია ამ კანონის აღსრულების და ამერიკული „ფარას“ მიზნებიც რადიკალურად განსხვავებულია.

აშშ-ში „ფარა“ არც არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება, არც თავისუფალ მედიაზე, არამედ ვრცელდება იმ კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პირდაპირი დავალების ფარგლებში ასრულებენ უცხოელი პრინციპალის დაკვეთას.

მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ თუ იღებ უცხოეთიდან დაფინანსებას და უბრალოდ პოლიტიკურად აქტიურობ, ამ შემთხვევაში კანონის ქვეშ ექცევიო.

თუ შენ ხარ დამოუკიდებელი და არ ექცევი „ქართული ოცნების“ დაწესებულ ჩარჩოებში, უნდათ, რომ შენი საქმიანობა შეზღუდონ. თუ არ არის დაფინანსება და არავის მხრიდან არ ხორციელდება კონტროლი, ეს კანონი წესით არ უნდა გავრცელდეს, მაგრამ, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ეს კანონი არის დამატებითი ინსტრუმენტი თავისუფალ აზრთან საბრძოლველად.

ვერ იპოვიან ამ კანონში სათანადო ჩანაწერს? სხვა კანონში იპოვიან. ან გააჩენენ ასეთ ჩანაწერს და დაგაჯარიმებენ.

რუსთაველზე დგომა თურმე არ შეიძლება, ფანარი არ შეიძლება – კანონდარღვევაა, ნიღაბი არ შეიძლება – კანონდარღვევაა… მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო სივრცის შეზღუდვას.

ამიტომ ვამბობ, რომ თუ უნდათ, რომ გაგაჩუმონ, რაჟდენ კუპრაშვილის მხრიდან ამ კანონის კეთილსინდისიერ ინტერპრეტირებას არ მოველი.

აქედან გამომდინარე, ის შეიძლება ბოროტადაც იყოს წაკითხული, სადმე რაიმე უცხოური გადმორიცხვა რომ დაგიფიქსირონ და შენი პოლიტიკური აქტიურობა არ იყოს მათთვის სასურველი, ჩათვლიან, რომ შენ იმ უცხოური გადმორიცხვით აკეთებ აგენტურულ საქმეს.

ვინ არის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც ლუკა ნაცვლიშვილი მეორედ დააპატიმრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც დღეს, 27 მაისს, სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2022 წლიდან მუშაობს.

ამ მოსამართლემ წელს უკვე მეორედ შეუფარდა 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ლუკა ნაცვლიშვილის საქმე გულიკო კაჟაშვილმა პირველად 2025 წლის 14 იანვარს განიხილა კიდევ ერთ სტუდენტ, ელიზბარ ჩხიკვაძის საქმესთან ერთად. მაშინ აქტივისტ სტუდენტებს შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მოსამართლე კაჟაშვილმა ორივე სტუდენტს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სწორედ ამ საქმის განხილვის შემდეგ ესტონეთმა გულიკო კაჟაშვილი დაასანქცირა.

დღეს, 27 მაისს, ოთხ თვე-ნახევრის შემდეგ, ბათუმის სასამართლოს დარბაზში კვლავ გულიკო კაჟაშვილმა განიხილა ლუკა ნაცვლიშვილის ადმინისტრაციული საქმე. შსს სტუდენტს კვლავ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება და წვრილმან ხულიგნობას. შსს-ს მოწმეები კვლავ პოლიციელები არიან და იგივეა მოსამართლის გადაწყვეტილებაც – 12-დღიანი პატიმრობა ლუკა ნაცვლიშვილს.

საია-ს იურისტის, ირმა აბაშიძის შეფასებით, მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის მიმართ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მან უარი უთხრა დაცვის მხარეს სრული ვიდეო ჩანაწერის მტკიცებულების სახით წარმოდგენაზე. საუბარია ვიდეოზე, რომელზეც ლუკა ნაცვლიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებაა ასახული.

გულიკო კაჟაშვილი 36 წლისაა.

მოსამართლედ მუშაობის გარდა, იგი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ასწავლის სტუდენტებს.

  • ნახეთ ვიდეო 2025 წლის იანვრის არქივიდან: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორის მიმართვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს

ოფიციალური ღია წყაროების თანახმად, გულიკო კაჟაშვილმა უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, ასევე, მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ 2006 წელს დაამთავრა აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის ისტ ფორსაისის უმაღლესი სკოლა; 2008 წელს ჩეხეთში, პრაღაში გაიარა სასწავლო კურსი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სწავლებაზე და ასევე, გერმანიაში, ფრანკფურტში გავლილი აქვს სასწავლო კურსი – „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები“.

გულიკო კაჟაშვილი 2013 წლიდან მუშაობს ბათუმში. თავდაპირველად ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე იყო, 2014 წლიდან – საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

გულიკო კაჟაშვილი მუშაობდა ბიზნესშიც – 2015 წლიდან ის კომპანია „გორგიაში“ მთავარი იურისტი იყო, 2019 წლიდან კი – ამავე კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი აჭარაში.

გულიკო კაჟაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2022 წელს, იმავე პერიოდში დაიწყო მუშაობა, როცა სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა ნინო სახელაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეა.

მოსამართლეა გულიკო კაჟაშვილის დაც – ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტლს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ასევე მოსამართლეა გულიკო კაჟაშვილის კიდევ ერთი ნათესავი – მისი დის, ლიანა კაჟაშვილის ქმარი, ამირან ძაბუნიძე 2021 წლიდან უვადოდ არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა, ისევე როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დამატებითი გარანტია“.

„მართლაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელება. მეშვიდე რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და იქ არის განთავსებული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი.

რა თქმა უნდა, ამ ქვედანაყოფების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა დამატებითი შესაძლებლობაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

აფხაზეთის მოსახლეობა მადლობას უხდის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილების გამო“, – თქვა მან.

გუნბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მუდმივ კონტაქტშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ ქვედანაყოფებთან. „მე დარწმუნებულები ვარ, რომ მათი ყოფნა კვლავაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, – თქვა გუნბამ.

სააგენტო „ტასსი“ წერს, რომ იქამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვმა, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებებისას აფხაზეთს უწოდა „სარწმუნო მოკავშირე ამიერკავკასიაში“ და აღნიშნა, რომ ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, რუსეთი და აფხაზეთი „საერთო თავდაცვით სივრცეს“ აყალიბებენ.

2025 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები გაამარტივა.

ამიერიდან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად არ მოეთხოვებათ იმ პირობების დაცვა, რაც სხვებისთვის აუცილებელია. მათ შორის, მათთვის სავალდებულო არ იქნება რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნის დადასტურება.

ბათუმის კონცხთან ჭარბი მასალა შტორმის დროს ზღვაში დაცურდა – „ბუნებრივად განიტვირთა“

ბათუმის კონცხთან პლაჟზე რისკების შესამცირებლად აჭარის მთავრობას აქ დაგროვილი ჭარბი მასალა უნდა გაეტანა, თუმცა ვიდრე მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას გარემოს სააგენტოსთან ათანხმებდა, ჭარბი მასალა, მთავრობისვე ინფორმაციით, შტორმის დროს სიღრმისკენ „დაცურდა“ და კონცხი „ბუნებრივად განიტვირთა“.

43 000 კუბური მეტრი ჭარბი მასალა ბათუმის კონცხზე სახიფათო იყო, ვინაიდან მის ჩაზვავებას წყალქვეშა კანიონში შესაძლოა პლაჟის მოწყვეტაც გამოეწვია. იმის მიხედვით, თუ როდის და რა პერიოდში მოხდებოდა ეს, იყო ალბათობა, რომ მას კატასტროფული შედეგიც კი მოჰყოლოდა.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

სწორედ ამ მასშტაბის შესაძლო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად იყო საჭირო კონცხის განტვირთვა ჭარბი ნატანისგან. ამ ნატანის მახინჯაურში, სანაპირო ზოლში ჩაყრით კი, აქ ხელოვნურად აღდგებოდა/გაფართოვდებოდა პლაჟი.

ბათუმის კონცხი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია ბათუმის სანაპირო ზოლში სადაც, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან, 2023 წლის მონაცემებით, ჯამში 43 000 კუბური მეტრი ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] იყო ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით, 3,5 მილიონი ლარი სჭირდებოდა. თანხა აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, თუმცა აჭარის მთავრობის ინფორმაციით სამუშაოები არ ჩატარებულა, ვინაიდან ბათუმის კონცხი ჭარბი ნატანისგან, როგორც მთავრობა აცხადებს, „ბუნებრივად განიტვირთა“.

„2024 წლის შემოდგომა-ზამთრის შტორმებიდან გამომდინარე მოხდა ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის გადაღრმავება. ამდენად, პროექტით გათვალისწინებული ფერდობის ხელოვნურად განტვირთვის პროცესი შტორმის პერიოდში მოხდა ბუნებრივად, კრიტიკული აკუმულირებული მასალის სიღრმისაკენ დაცურვით.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენისა და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით სათანადო კვლევის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები კარგავს თავის აქტუალურობას და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე აღარ იყო საჭირო.“ – წერს აჭარის მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, რომელიც უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.

ჭარბი მასალის არამოღებით ეს მასალა უბრალოდ ზღვაში დაიკარგა, არადა ის მნიშვნელოვანი რესურსი იქნებოდა მახინჯაურის პლაჟის ხელოვნური კვებისთვის.

ვრცლად: საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხთან რომ პლაჟი სახიფათო იყო, შესაბამისი კვლევებით 2023 წელში დადასტურდა. ამ კვლევებზე დაყრდნობით გადაწყდა კონცხის ხელოვნურად განტვირთვაც.

ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ სააგენტოს 2023 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა საქმის წარმოება იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“. ამის შემდეგ ხელახლა წარდგენილი განცხადება კი სააგენტომ დაახარვეზა. საბოლოოდ, პროექტი აღარ განხორციელდა.

რაზე დაყრდნობით წერს მთავრობა ბიუჯეტის ანგარიშში, რომ ბათუმის კონცხი ჭარბი ნატანისგან „ბუნებრივად განიტვირთა“? ჩატარდა თუ არა შესაბამისი კვლევა? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ გარემოს სამმართველოს დაუკავშირდა. პასუხს, მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამ თემაზე:

ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

 

არჩევნების წელს აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებში 3 მლნ ლარით მეტი დახარჯა

2024-ში, საპარლამენტო არჩევნების წელს, აჭარის მთავრობამ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებში 9 მილიონამდე ლარით მეტი დახარჯა ვიდრე წინა, 2023 წელს. მათ შორის 2024 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასები 10-პროცენტით იზრდება ყოველ წელს, რიცხვები ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ნაწილში საარჩევნო წელს მაინც მკაფიოდ მზარდი იყო.

„ოცნების“ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, შესაბამისად, სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, წელსაც გაგრძელდება.

აჭარის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ნაწილში 74 მილიონ 427 ათასი ლარი გაითვალისწინეს, რაც თავის მხრივ 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, რამდენი დაიხარჯება უშუალოდ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებისთვის, ბიუჯეტში ცალკე დიფერენცირებული არ არის.

ხელშეკრულებით დასაქმებულებს ხელფასს ხშირად იმ თანხიდან უხდიან, რაც ბიუჯეტში „საქონელი და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი. ამ მუხლში აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში სულ 74,6 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 19,6 მილიონი ლარით გაზარდეს და 94,3 მილიონი ლარია.

ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზუსტ რაოდენობაზე ვერც ბიუჯეტში და ვერც ხარჯვის ანგარიშში ინფორმაციას ვერ ნახავთ. უფრო მეტიც, ეს ციფრი აჭარის მთავრობამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც კი არ მიაწოდა.

სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გავლით საბიუჯეტო სახსრების არჩევნებისთვის გამოყენებაზე წინასაარჩევნოდ როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს სწავლობენ, არჩევნების შემდგომ პერიოდს აკვირდებიან, აღრიცხავენ გადაცდომებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს.

წინასაარჩევნოდ ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ გავრცელებულ ვარაუდებს მმართველი პარტია ყოველთვის უარყოფს. თუ ასეა, რატომ მალავს სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა ოდენობას „ოცნების“ მთავრობა? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. 

რიცხვები რომ დავაკონკრეტოთ, 2024 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით აჭარის მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო [არაკომერციულ] იურიდიულ პირებში [ა(ა)იპ] დასაქმებულთა ხელფასებზე გაწეული ხარჯი რამდენიმე მილიონით გაზარდა, წინა 2023 წელთან შედარებით.

კერძოდ, გასულ წელს აჭარაში მოქმედ ააიპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე გაწეულმა ხარჯმა ჯამში 81 მილიონ 602 ათას 400 ლარი შეადგინა. აქედან შრომის ანაზღაურებისთვის 61 მილიონ 141 ათას 200 ლარი დაიხარჯა. ეს რიცხვი 8 მილიონ 905 ათას 400 ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. 

ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება 20 მილიონ 461 ათას 200 ლარი იყო, რაც 3 მილიონ 623 ათას 400 ლარით აღემატება 2023 წლის დანახარჯს.

2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას სახელმწიფო აუდიტი ხაზს უსვამს, რომ ანგარიშში, რაც აჭარის ფინანსთა სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ჩაწერეს:

„რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ისევე, როგორც წინა წლებში, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ.

მიზანშეწონილია რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესახებ, დასაქმების ტიპის მიხედვით, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ფუნქციის მქონე თანამშრომლების რაოდენობების კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის ანგარიშგებას“ – წერს აუდიტი.

2024 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასების ასანაზღაურებლად მთავრობამ 20 მილიონ 461 ათას 200 ლარი დახარჯა წლის განმავლობაში. ამ თანხას 12 თვეზე თუ გავანაწილებთ გავიგებთ, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებისთვის გასულ წელს მთავრობა თვეში 1 მილიონ 705 ათას 100 ლარს ხარჯავდა.

საჯარო სამსახურებში ხელფასების ყოველწლიური 10-პროცენტიანი ზრდის გათვალისწინებით, სამთავრობო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უფროსების ხელფასი საშუალოდ 4 500 ლარამდეა.

თუ პირობითად ავიღებთ, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულს, ვთქვათ 2 000 ლარს უხდიდნენ თვეში, მაშინ გამოვა, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობას ამ ფორმით 850 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მომუშავე პირების სიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმება არჩევნებზე ბიუჯეტის ფულის გამოყენების ერთგვარი სქემაა, რომელიც მარტივად შეგვიძლია ასე გავშიფროთ:

„ოცნების“ სასარგებლოდ რამდენიმეთვიანი მუშაობისთვის პირდაპირ ბიუჯეტიდან ფულს ვერ გადაუხდიან, ამიტომ, „ოცნება“ მომხრე პირებს ხელშეკრულებით ასაქმებს ა(ა)იპ-ში ან სსიპ-ებში და ხელფასს ბიუჯეტიდან აძლევენ. სანაცვლოდ ეს პირები „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობენ ყველგან, სადაც შეუძლიათ.

2024 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები არ ცნო არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ. ისინი აცხადებენ, რომ ხმები მოპარულია და არჩევნები – გაყალბებული. მიუხედავად ამისა ქვეყნის პარლამენტი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოც კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება არალეგიტიმური მთავრობის გადადგომის, ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის საქმე განიხილა. მოსამართლემ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ვერც მივხვდი, რა ხდებოდა… პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება“,- უთხრა მოსამართლეს სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა.

ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ, 26 მაისს, ღამით დააკავეს ბათუმში პროევროპული მარშის შემდეგ.

მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოიყარეს თავი. აქციის დაშლამდე კამათი პოლიციელებს შეუმჩნევიათ.

„ხმამაღალი საუბარი იყო, უხეში და უცენზურო სიტყვები არ გამოგვიყენებია… მოვარდა 20-მდე პოლიციელი და უცებ დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი, აზრზეც ვერ მოვედით, რა მოხდა.

მანქანაში ჩატენეს, ძალდატანებით წაიყვანეს,“- თქვა მოწმე არჩილ ბერიძემ, რომელიც შემთხვევის თვითმხილველია.

პოლიციელების მტკიცებით კი, ლუკა ნაცვლიშვილი იგინებოდა და მას დამშვიდებისკენ მოუწოდეს.

„მოვუწოდეთ დამშვიდებისკენ, მან განაგრძო უმისამართოდ ლანძღვა-გინება,„- უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა პოლიციელმა, ხვიჩა ცენტერაძემ.

სხვა შემთხვევების მსგავსად, არც ამ შემთხვევაში ჰქონდათ პოლიციელების ჩართული სამხრე კამერები.

შსს-მ სასამართლოში მხოლოდ მოქალაქე ედო მჟავანაძის მიერ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებაა ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს ეკითხება, თუ რისთვის აკავებენ მას, მაგრამ ის პასუხს ვერ იღებს.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი არავის არ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ნეიტრალური სხვა მტკიცებულება შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

შსს ლუკა ნაცვლიშვილს წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) და პოლიციელების წინააღმდეგობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავება.

173-ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც ლუკა ნაცვლიშვილის ოქმში ამჯერად ჩაუწერეს, სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას გულისხმობს და და 7-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ლუკა ნაცვლიშვილი 2025 წლის იანვარში პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მაშინ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მკვლელობა ბათუმში – ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე წერს.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბათუმში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ‘’ვ’’ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება

ქობულეთში, საწარმო „თეთროსანში“ დასაქმებული შუახნის კაცი დაიღუპა.

აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შრომის ინსპექციასაც – ეს უწყება შრომის უსაფრთხოებას ამოწმებს და დარღვევებზე, წესით, სამართლებრივად უნდა რეაგირებდეს.  უწყების პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინსპექტორები ადგილზე სიტუაციას სწავლობენ და ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეუძლიათ.

„ბათუმელებმა“ სცადა კომპანია „თეთროსანთან“ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებს კომპანიაში არ უპასუხეს. ასევე, ველოდებით ინფორმაციას ქობულეთის მერიისგან. მერიიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

აჭარის ტელევიზია მალავს კადრებს, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო

აჭარის ტელევიზიამ უარი უთხრა „ბათუმელებს“ კადრების მიწოდებაზე, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისთანავე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

„გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი კადრები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს,“ – ასე ასაბუთებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თავის უარს, გადასცეს „ბათუმელებს“ კადრები.

სქრინი წერილიდან: აჭარის ტელევიზიის დირექტორის პასუხი “ბათუმელებს”

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული და პროკურატურისათვის გადაცემული კადრების საფუძველზე. მზია ამაღლობელის ბრალი დგას 44-წამიან ვიდეო კადრზე, რომელშიც ჩანს როგორ აწნის მზია ამაღლობელი სილას ირაკლი დგებუაძეს.

აჭარის ტელევიზიას დღემდე არ გაუვრცელებია 12 იანვარს განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, გარდა ამ 44-წამიანი ვიდეო ფაილისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრი მოჭრილია სხვა ვრცელი კადრიდან, რაც უდაოდ გააჩნია “აჭარის ტელევიზიას”.

ცნობისათვის, 12 იანვარს, მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ეპიზოდს წინ უძღოდა 10 წუთიანი ჭყლეტა პოლიციასა და მოქალაქებს შორის, ამ ჭყლეტაში მოხვდა მზია ამაღლობელი და ექსპერტიზითაც დადასტურებულია, რომ მას დაზიანებული ჰქონდა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მხარი. ასევე დაზიანებები ჰქონდა მკერდის ქვედა ნაწილში.

ამ ჭყლეტაში მზია ამაღლობელი წაიქცა, მას  გასძვრა ფეხსაცმელი და აქციის მონაწილეებმა მის გამო სასწრაფო დახმარებაც კი გამოიძახეს. თუმცა როცა სასწრაფო დახმარების მანქანა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მივიდა, მზია ამაღლობელი უკვე დაკავებული იყო.

„ბათუმელებმა“ კადრების გადაცემის მოთხოვნამდე წერილობითი დასტური მიიღო აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტისგან, რომ მათთან ნამდვილად ინახება 2025 წლის 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა.

საქმე იმაშია, რომ 7 აპრილს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა/გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. გამომძიებელმა არ განმარტა, რატომ არ ამოიღო სრული ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11-12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა და მათ შორის იმ კომუნიკაციის აღდგენას, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს.

კადრების გასაჯაროების შემთხვევაში საზოგადოებისათვის გასაგები გახდებოდა, თუ რა უძღოდა წინ სილის გაწვნის ეპიზოდს, რამ განაპირობა მზია ამაღლობელის ქცევა და ასევე გამოაშკარავდებოდა ირაკლი დგებუაძის საპასუხო ქმედება.

„ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა აჭარის ტელევიზიას, პასუხად კი ტელევიზიის დირექტორმა დაადასტურა რომ 11-12 იანვრის მოვლენების ამსახველი კადრები მათთან ინახება, თუმცა ეს კადრები არც გამოძიებამ გახადა საჯარო და არც თავად ტელევიზიამ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და მისი წლიური ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტია.

————————————————-

მთავარი ფოტო: სქრინი აჭარის ტელევიზიის 44 წამიანი კადრიდან

ბათუმში დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი სასამართლოში არ გადაუყვანიათ, ის იზოლატორში რჩება

სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ბათუმში 26 მაისს, ღამით, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

მისი საქმის მასალები შსს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის ამ დრომდე არ გადაუცია.

ლუკა ნაცვლიშვილს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე მუხლებით [პოლიციელის შეურაცხყოფა, პოლიციელის კანონის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენას ედავება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე, რომელიც ლუკა ნაცვლიშვილის ინტერესებს იცავს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ ჩაუბარებიათ, შესაბამისად, ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან ლუკა ნაცვლიშვილს.

ასევე უცნობია, გაათავისუფლებენ თუ არა სტუდენტს ხელწერილის საფუძველზე, ვიდრე სასამართლო სხდომა გაიმართება.

წინასწარი დაკავების იზოლატორში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი მაქსიმუმ 48 საათი შეიძლება გააჩერონ.

მუხლებში, რომლებითაც შსს-მ ლუკა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა, გაზრდილია პასუხისმგებლობის ზომა, მაგალითად, ასკ-ის 173-ე მუხლი [პოლიციელის შეურაცხყოფა ან წინააღმდეგობის გაწევა] ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000-იდან 5 000-მდე ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი „ბათუმელების“ დაარსების თარიღს, 26 მაისს ეხმიანება და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„24 წლის განმავლობაში, „ბათუმელები“ აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციას და მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ და მაღალხარისხიან ჟურნალისტიკას.

გაზეთმა გაუძლო ოთხ პოლიტიკურ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჟურნალისტები და რედაქტორები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის, მუქარის, შანტაჟისა და დაკავების სამიზნე.

მაშინ, როცა „ბათუმელები“ თავის 24-ე წლისთავს აღნიშნავს, მისი დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, პატიმრობაში რჩება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

უკვე 135 დღეა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ის საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

დღეს ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გაზეთ ბათუმელების ყველა ჟურნალისტს და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ამასთან, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს საქართველოში, ვინც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, უარს ამბობს დუმილზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

____________

ფოტოზე: 16 მაისი, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13  – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 1-2 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 მაისს მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტუალეტი არც ამ სეზონზე იქნება – რა უნდა გაკეთდეს 345 ათას ლარად

ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს შენობის რემონტი, პარკის შესასვლელში [კოლონადებთან] მდებარე ხის შენობის დაშლა და ახლის, ლითონისა და სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით აშენება, პარკში არსებული ერთ-ერთი ჯიხურის რემონტი და დამატებით ერთი კონსტრუქციის, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 345 ათას 269 ლარით გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2025 წლის 12 ივნისს დაიწყება და 17 ივნისს დასრულდება, სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობების გათვალისწინებით, გამოდის, რომ ცენტრალურ პარკში საპირფარეშო არც წელს იფუნქციონირებს. არ იქნება საზოგადოებრივი სივრცეც [შენობა] კოლონადებთან – რა თქმა უნდა, თუ ტენდერი შედგა.

ტენდერს ახლავს შესაბამისი პროექტები, რომელთა მიხედვითაც უნდა ჩატარდეს სამუშაოები.

პარკის შესასვლელში მდებარე ამ შენობას [მარცხნივ] დაშლიან და ახალს ააშენებენ [რენდერი მარჯვნივ] / ფოტოები ტენდერიდან
კოლონადებთან მდებარე შენობასთან დაკავშირებით პროექტში აღნიშნულია, რომ „ამჟამად საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია ერთსართულიანი ექვსკუთხა ფორმის ხის ამორტიზებული შენობა, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს.

ახალი შენობა გეგმაში ოთხკუთხა მარტივი ფორმისაა, ერთსართულიანია, დახურული და ღია სივრცეებით [დარბაზი, აივანი]. შენობას გააჩნია ერთი შესასვლელი მოწყობილი პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან.

შენობის კონსტრუქცია შედგენილია ფოლადის ელემენტებით [დგარები, კოჭები, ფერმა] და გადახურულია სენდვიჩპანელით. შენობა ბუნებრივადაა განათებული ალუმინის ვიტრაჟებით და ვიტრაჟკარებით…“.

ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშოს შენობა / ფოტო ტენდერიდან

პარკში მდებარე საპირფარეშოს შენობა, როგორც პროექტშია აღნიშნული: „სანტექნიკური, ელექტროსისტემის გაუმართაობისა და შიგა მოპირკეთების დაზიანების გამო უფუნქციოა. საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს სანტექნიკური და ელექტროტექნიკური სისტემების ახლად მოწყობას. შენობასთან ეწყობა ახალი სკანალიზაციო ჭა, რომელიც დაუკავშირდება არსებულ საქალაქო საკანალიზაციო სისტემას.

სარემონტო სამუშაოები ითვალისწინებს შიგა მოპირკეთების სრულ დემონტაჟს [იატაკის ფენა საფუძვლით, კარ-ფანჯრები, შეკიდული ჭერი, კაფელი, საღებავის
არსებული ფენა] და ახლის მოწყობას. პროექტით არსებულ დამხმარე ფართში ეწყობა სველი წერტილი შშმს-ის.

შენობის ბრტყელი გადახურვის ფენილს საფუძვლითურთ უტარდება დემონტაჟი და ეწყობა ახალი რბილი სახურავი [სახურავის ზემოდან განთავსებული ხე-მცენარის განშტოებების გამო, საჭიროა სახურავის სისტემატური დასუფთავება]…“ – აღნიშნულია პროექტში.

სარემონტო შენობა / ფოტო ტენდერიდან

გაარემონტებენ ამ შენობასაც, რომელიც ცენტრალურ პარკში ტბის პირას, უნივერსიტეტის მხარესდგას.

პროექტში აღნიშნულია, რომ „ამჟამად შენობას ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია და უმოქმედოა. მოქმედების პერიოდში შენობა გააჩნდა კაფეს ფუნქცია.

რიგი მიზეზების გამო პროექტირებისას ვერ მოვახერხეთ შენობის შიგა სივრცეში შეღწევა. ასევე გადმოცემით გავიგეთ, რომ შენობაში განთავსებულია შადრევნის სისტემის მართვის პანელი და ელექტროკარადები.

დამკვეთის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე ვახდენთ აღნიშნული მართვის პანელისა და ელექტროკარადების დემონტაჟს დასაწყობებით, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია ხელახალი მონტაჟის ხარჯები…“

შენობის ესკიზი [საზოგადოებრივი სივრცე], რომლის მსგავსიც ცენტრალურ პარკში ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა ააშენონ / ფოტო ტენდერიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 982 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
  • ტანკი – 10 860 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 642 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 28 337 ერთეული [+17]
  • MLRS – 1 397 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 171 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 853 ერთეული [+222]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 265 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 907 ერთეული [+64]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 59 856 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 565 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 044 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შსს ამბობს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით

26 მაისს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული მუხლებით დააკავეს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ლუკა ნაცვლიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით.

ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ იღებს, ისე აიძულებენ მას პოლიციის მანქანაში ჩაჯდომას.

ამჟამად ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან, სადაც ლუკა ნაცვლიშვილია გადაყვანილი, აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი. პოლიციის შენობაში იმყოფება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

___________

ფოტოზე: ვითარება ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან. ფოტო: „ბათუმელები“

 

„რის გამო მაკავებთ?“ – ბათუმში აქციაზე ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს

26 მაისს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა.

მისი დაკავების ვიდეოკადრები აქციაზე მყოფმა მოქალაქემ გადაიღო. „რის გამო მაკავებთ?“ – კადრებში ჩანს, როგორ ეკითხება დაკავებისას ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს, თუმცა იგი პასუხს ვერ იღებს, ისე აიძულებენ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომას.

„ბათუმელები“ შს სამინისტროდან ელოდება ინფორმაციას, რის საფუძველზეა დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი.

ამჟამად ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებასთან, სადაც ნაცვლიშვილია გადაყვანილი, აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი და ცდილობენ მისი დაკავების მიზეზის გარკვევას.

სტუდენტი, აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი 2025 წლის იანვარშიც დააკავეს საპროტესტო აქციაზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ადმინისტრაციული მუხლით.

 

 

„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ყველა მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან… ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რეალურად როგორ უქმნის „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას.

„ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, რომ ეს ავტოკრატიაში გადადის და ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის დემოკრატიას მხოლოდ ნიღბის ფორმა აქვს. ნიღბის, რომელსაც გარკვეულ მომენტში მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ მთლად მარიონეტი არ ვართ და რაღაც ლეგიტიმურობა გაგვაჩნია,“- მიიჩნევს ლაშა ძებისაშვილი.

„ბათუმელებმა“ ლაშა ძებისაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია.

  • ბატონო ლაშა, დღეს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არისო. თქვენთვის როგორ ჟღერს ეს განაცხადი დღევანდელ კონტექსტში? 

ამ განცხადებას შეიძლება იუმორითაც მივუდგეთ და სერიოზულადაც. თუ იუმორით მივუდგებით: ნამდვილად „დამოუკიდებლები“ ვართ – პრაქტიკულად არავინ გვყავს მეგობარი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების კონტექსტში, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, მზად არის ჩვენთვის დახმარების აღმოსაჩენად.

საუბარია დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს დახმარებას გვიწევდნენ უსაფრთხოების, ტექნიკა-აღჭურვილობის, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით.

ყველა ეს მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან. ხშირ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ოკუპანტი ქვეყანა პირიქით, კარგ შუქზე გამოჰყავს ხოლმე. ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ,  ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ.

ეს იუმორით.

ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ, „ქართული ოცნება“ შეიძლება გულისხმობს იმას, რომ მას აბსოლუტურად არაფერი აინტერესებს მსოფლიოში, თავისთვის, ცალკე დგას, რომ ეს აბსოლუტურად ნეიტრალობისკენ მიმავალი ქვეყანაა.

  • ნიშნავს ეს პირდაპირ საფრთხის შექმნას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როცა მეგობრების გარეშე რჩები აგრესორი რუსეთის პირისპირ? 

რა თქმა უნდა. ეს რეალობა ძალიან მწარეა, მით უფრო დღევანდელ მსოფლიოში, სადაც დასრულდა ილუზიები კეთილ სურვილებსა და იმაზე, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით შეიძლება აგვარებდნენ სახელმწიფოები ურთიერთობებს ერთმანეთს შორის. გამოჩნდა, რომ სამხედრო ძალა და სამხედრო რესურსი არის მთავარი ბერკეტი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში.

  • გამოჩნდა ისიც, რომ ნეიტრალიტეტის იდეა აბსურდია და ამ დროს რუსეთისთვის კიდევ უფრო მარტივად ხელში ჩასაგდები ხდები? 

ნეიტრალიტეტის თემა მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც ნეიტრალიტეტს აღირებს შენს გარშემო მყოფი სახელმწიფოები, ოღონდ ისე კი არ აღირებს, მეორე დღეს რომ თავს გესხმის – გაღიარებს და ნეიტრალიტეტის დამცველი მექანიზმებიც არსებობს. საქართველოში კი, არც ერთი არსებობს და არც მეორე.

შესაბამისად, ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია – ტყუილი.

ჩვენს გარშემო სახელმწიფო საკითხებს წყვეტენ სამხედრო ძალით და საქართველო ყველაზე სუსტი წერტილია, როგორც სამხედრო, ისე ფინანსურ-ეკონომიკური, ადამიანური თვალსაზრისით რეგიონში, სომხეთს თუ არ შევედრებით, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით სომხეთი საგრძნობლად გვჯობნის.

ამ ვითარებაში ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო უნდა ვიყოთ, მეგობრებს ვიმდურებთ და ვდისტანცირდებით.

  • დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა ძლიერი და დემოკრატიული მოკავშირეების ყოლაა? 

ცხადია ასეა, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, რაშიც ახლა ვიმყოფებით. დემოკრატიის არარსებობას საქართველოში პირდაპირ უკავშირდება დასავლეთის ინტერესის გაქრობას საქართველოს მიმართ. ეს ნიშნავს დასავლეთის მხარდაჭერის გაქრობას საქართველოს მიმართ. თვისებრივად, რამდენჯერმე იზრდება საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ფორმალურად შეიძლება საქართველო იყოს დამოუკიდებელი, როგორც გარკვეული ტერიტორიული წარმონაქმნი, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს – საქართველოს კავშირიდან გამოყოფის უფლებაც კი ჰქონდა, მაგრამ ეს კავშირი არ წარმოადგენდა დემოკრატიულ კონფედერაციას. ამაზე საუბარი აბსურდიც კია.

  • გაზრდილი საფრთხეების პირობებში „ოცნების“ ხელისუფლება აუქმებს, მაგალითად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონს, რომელიც ამერიკელებთან თანამშრომლებით შეიქმნა. მსგავსი გადაწყვეტილებები რას აჩვენებს თქვენთვის?

ჯერ კიდევ არ ვიცით, „ოცნება“ არ საუბრობს დეტალებზე: რამდენად შეიზღუდება სამხედრო ბაზის ფუნქციონირება, კონკრეტული ელემენტები გაქრება თუ არა, თუ მთლიანად ბაზა უნდა გაუქმდეს, თუმცა როცა სამხედრო თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, მკაფიოდ ჩანს, რამდენად შემცირებული და შეკვეცილია თანამშრომლობის სპექტრი ჩვენს პარტნიორებთან იქნება ეს ნატოს, თუ ევროკავშირის ფარგლებში.

  • „ოცნება“ ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს ამბებშიო… 

რეალურად ვერცერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ იღებს სრულიად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რეგიონული და გლობალური ძალის მქონე სახელმწიფოები – ისინი არ იღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს კონსულტაციების გარეშე.

ასე რომ, „ოცნების“ ეს განცხადება, რომ თითქოს დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, თეორიულადაც კი, აბსურდია, მით უმეტეს ქართული პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს განცხადებები არის მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

  • როგორ უქმნის საფრთხეს დემოკრატიის დასუსტება დამოუკიდებლობას? 

„ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, ან არ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს სუვერენიტეტი. ყველაზე ტრაფარეტული განმარტება რომ ავიღოთ, სუვერენიტეტი არის სახელმწიფოს უნარი – ნება და რესურსი – მიიღოს გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნება“ არ იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – საქართველოში პრაქტიკულად დემოკრატიამ დაასრულა არსებობა და ლეგიტიმურობა, რასაც სახელმწიფოს და ხელისუფლებას ანიჭებს ხალხი, მომსპარია ეს მექანიზმი. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ იქნება სუვერენული.

  • არსებობს საფრთხე, რომ ფორმალურ დონეზე გვქონდეს დამოუკიდებლობა, როგორც, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაშია? 

რა თქმა უნდა. ეს საფრთხე უფრო და უფრო იზრდება. ერთია, რომ ჩვენ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ არეალში, სადაც ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნებიდან დემოკრატიული გავლენა ვერ ვრცელდება. ჩვენ გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეორეს მხრივ კი, არსებობს საფრთხე ძლიერი ქვეყნიდან, ამ შემთხვევაში – რუსეთიდან, რომელიც სუსტ ქვეყანაში მარიონეტულ რეჟიმს ამყარებს. მარიონეტული რეჟიმისთვის დემოკრატია არაა მნიშვნელოვანი, პირიქით – დემოკრატია მსგავს რეჟიმების წასვლას შესაძლებელს ხდის.

ამიტომაც, ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, რომ ეს ავტოკრატიაში გადადის და ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის დემოკრატიას მხოლოდ ნიღბის ფორმა აქვს, ნიღბის, რომელსაც გარკვეულ მომენტში მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ მთლად მარიონეტი არ ვართ და რაღაც ლეგიტიმურობა გაგვაჩნია.

ახლა ეს წარმოადგენს „ოცნების“ ამოცანას, რომ დემოკრატიული სისტემა, როგორც მთავარი ელემენტი, საერთოდ გაქრეს. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგება.

  • რა შეგვიძლია მოქალაქეებს ამ პროცესში დამოუკიდებლობის და შესაბამისად ამ ქვეყნის გადასარჩენად? 

ეს ძალიან რთული პროცესია – დამოუკიდებლობის შენარჩუნება ავტორიტარიზმთან ბრძოლის კონტექსტში.

დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია არ ჰგავს შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როცა სახელმწიფო პრაქტიკულად ქაღალდზე არსებობდა მხოლოდ. სააკაშვილის დროს კი, მიუხედავად ავტორიტარული ნიშნებისა, იგრძნობოდა ანგარიშვალდებულება დასავლელი მეგობრების წინაშე. ახლა უკვე უფრო ღრმად შევედით ავტორიტარიზმის განვითარებაში, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.

წინააღმდეგობა, ჩემი აზრით, მოიცავს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ჯგუფების ძალიან სწრაფ კონსოლიდირებას და გაერთიანებას ერთი ქოლგის ქვეშ. ეს მოითხოვს პოლიტიკური სისტემის გონზე მოსვლას. საუბარია პოლიტიკურ პარტიებზე – შეძლებენ თუ არა საზოგადოებას შორის დანგრეული ხიდის აღდგენას. ეს შესაძლებელია, თუ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორი ქმედებები დაიწყეს და კოორდინაცია შეძლეს, სწორი მესიჯებითა და მიზნებით დაიწყეს მოქმედება. ნდობის აღდგენის შემთხვევაში კი, შესაძლებელი გახდება საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ისევ ერთმანეთთან დაკავშირება.

თუ ეს ვერ მოხდება, პოლიტიკური პარტიები მოკლე ხანში გადავლენ პოლიტიკური სცენიდან და საზოგადოებას მოუწევს თავისი სიღრმიდან ალტერნატიული პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთა.

თუ გავიჭედეთ და გაიწელა ეს პროცესი, ავტორიტარული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად გადმოვა შეტევაზე – ვხედავთ, რომ საზოგადოების ყველა ფენას რეპრესიული მექანიზმებით სჯიან. თუ გაიწელა ეს პროცესი, გაცილებით გაგვიჭირდება და მეტი დანაკარგებით მოგვიწევს ამ სიტუაციიდან გამოსვლა.

ამიტომაც, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს კონსოლიდაცია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს შორის.

რეალურად ანტიქართული პოლიტიკის გატარება ხდება „ქართული ოცნების“ პირობებში ნებისმიერი მიმართულებით, პოლიტიკა იქნება, კულტურა თუ ეკონომიკა – მნიშვნელოვანია ამის დროულად გაცნობიერება.

ყველა მიმართულებით ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი ხდება ისეთი, რაც საქართველოს ეროვნულ, ანუ ქართულ ინტერესებს ემსახურება. ანტიქართული პოლიტიკა ხორციელდება, რომლის შედეგადაც წლიდან – წლამდე ასეულობით ათასი ქართველი იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს და ქართველების ჩანაცვლება ხდება უცხოელებით საქართველოში.

ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან.

ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი.

„წერილი მზიას“ – თბილისში მზია ამაღლობელისათვის წერილებს აგროვებენ

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ცისფერი გალერეის წინ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ინიციატივით წარსდგა.

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი კუთხე მოაწყო, სადაც მოქალაქეები მზია ამაღლობელისათვის გასაგზავნ წერილებს წერენ.

დღეს, 26 მაისს, გაზეთი „ბათუმელები“ 24 წლის გახდა. „ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა. გამოცემა დააარსა ორმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ.

მზია ამაღლობელი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელის ინტერვიუ „ლე მონდთან“: „სილის გაწვნისათვის“ 7 წელი რომ მომისაჯონ, მოულოდნელი არ იქნება

 

როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი მერცის, მაკრონისა და ტუსკის განცხადებას

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას „სამარცხვინო თავდასხმას“ უწოდებს.

„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“ – წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ გვსურს ქართველ ხალხს გადავცეთ გზავნილი, რომელიც შეიცავს მეგობრობასა და სოლიდარობას და კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს.

ამიტომაც, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

ცნობები გადაჭარბებული ძალადობის შესახებ უნდა გამოიძიონ.

კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს. საჭირო რეფორმების პროცესი ახლიდან უნდა დაიწყოს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აღადგინონ დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საქალაქო ავტობუსების მარშრუტი ისევ შეიცვალა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის [მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე] გახსნის გამო, ავტობუსების: №1, №1ა, №7, №7ა, №10, №10ა, №11 და №15 მარშრუტი კვლავ შეიცვალა და აღნიშნულ მონაკვეთში იმოძრავებენ. კერძოდ:

№1 იმოძრავებს: ხიმშიაშვილის – გორგილაძის – მელიქიშვილის – რუსთაველის – გოგებაშვილის ქუჩები
№1ა: გოგებაშვილის – რუსთაველის – მელიქიშვილის – გორგილაძის – ხიმშიაშვილის ქუჩები
№7: გრიბოედოვის – გორგილაძის – მელიქიშვილის – რუსთაველის – თავდადებულის ქუჩები
№7ა: თავდადებულის – რუსთაველის – მელიქიშვილის – გორგილაძის – გრიბოედოვის ქუჩები
№10 და №10ა: ხიმშიაშვილის – გორგილაძის – მელიქიშვილის – რუსთაველის – გოგებაშვილის ქუჩები
უკუმიმართულება იგივე.

№11 და №15 სრულად უბრუნდებიან ძველ მარშრუტებს.

ამ ეტაპზე გადაკეტილი რჩება რუსთაველის ქუჩა [მელიქიშვილიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში]. ოფიციალური ინფორმაციით ეს მონაკვეთიც მაქსიმუმ 15 ივნისამდე უნდა გაიხსნას.

სამუშაოები, რომელიც ბაქოს ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, შემოდგომაზე გაგრძელდება.

სამუშაოებზე ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 981 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
  • ტანკი – 10 858 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 641 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 28 320 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 397 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 171 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 631 ერთეული [+264]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 256 ერთეული [+53]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 843 ერთეული [+92]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 59 652 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 594 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 564 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 306 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 36 001 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – 26 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

ხვალ საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქციები.

26 მაისთან დაკავშირებული აქტივობები დაგეგმილია ბათუმშიც.

3 საათზე (კარფურთან ხიდზე) გადმოიფინება ბანერი – „დაიცავი დამოუკიდებლობა“.

19:00 საათიდან დაიწყება შეკრება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 20:00 საათისთვის გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ისტორიულ ასპექტებზე.

დაგეგმილია ასევე მსვლელობა „ბათუმელების“ რედაქციისკენ, სადაც აქციის მონაწილეები გამოხატავენ სოლიდარობას „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის და სხვა 50-ზე მეტი სინდისის პატიმრის მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ რეპრესიული ხელისუფლების ტყვეობაში იმყოფებიან.

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება დღესაც ისევე დასაცავია რუსული რეჟიმისგან, როგორც წლების წინ, როცა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია მოხდა.

დღესაც, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, რუსული რეჟიმი საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას და ჰიბრიდული ომით ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა საქართველოს მოსახლეობამ. არჩევნები არც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა აღიარეს, რადგან მიიჩნევენ, რომ დაირღვა საყოველთაობის და ფარულობის პრინციპი.

არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მეშვიდე თვეა ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. „ოცნების“ ხელისუფლება პოლიციისა და შავნიღბიანების ძალით ცდილობს პროტესტის ჩახშობას, აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო აქტივისტებს, იღებენ რეპრესიულ კანონებს თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, თუმცა პროტესტი არ ჩერდება.

მთავარი მოთხოვნებია – დაინიშნოს ახალი არჩევნები სამართლიან და თანასწორ გარემოში, გათავისუფლდნენ  სინდისის პატიმრები.

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის“ – ინტერვიუ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლესთან

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის,“ – მკაფიო პოზიცია აქვს სილის გაწვნის თავდასხმად შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ბესიკ ლოლაძეს. ყოფილ მოსამართლეს მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

ყოფილი მოსამართლის აზრით, თუ მოსამართლემ მკაფიოდ ვერ დაინახა სილის გაწნა დანაშაულია თუ სამართალდარღვევა, მას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით უნდა მიემართა.

„უკვე ვთქვი, როგორც უნდა მოქცეულიყო აქამდე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მოსამართლე… ამგვარი ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის არაპროპორციული. „მზია ამაღლობელის საქმე“ გასულია საერთოდ სამართლებრივი სივრციდან,“ – მიიჩნევს ბესიკ ლოლაძე.

„ბათუმელებმა“ ბესიკ ლოლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.  ბესიკ ლოლაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო 2006-2010 წლებში. 2015-2016 წლებში ბესიკ ლოლაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ბესიკ ლოლაძე არის სამართლის დოქტორი [პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია, summa cum laude] და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდიატი.

  • ბატონო ბესიკ, თქვენთვის რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის ბრალდება, რომლის მიხედვითაც სილის გაწნა თავდასხმა გამოდის? 

ჩემი აზრით, მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის. მის მიერ ჩადენილი ქმედება საერთოდ არ შეიცავდა არანაირ საფრთხეს პოლიციელის ჯანმრთელობისთვის, რომ ის დაეკვალიფიცირებინათ პოლიციელზე თავდასხმად.

ეს იყო მაქსიმუმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 173-ე მუხლი, რომელიც მოიცავს პოლიციელის მიმართ „სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“.

პროკურორს თუ არა, მოსამართლეს მაინც უნდა მიექცია ყურადღება „სისხლის სამართლის კოდექსის“ მე-7 მუხლისთვის, რომელიც ამბობს, რომ ფორმალურად რომც შეიცავდეს ქმედება დანაშაულის ნიშნებს – ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფორმალურადაც არ შეიცავს ქალბატონი მზიას ქმედება დანაშაულის ნიშნებს – თუ ზიანი არ არის სახეზე, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ე.წ. ტელეოლოგიური რედუქციის მეთოდით და დანაშაულად არ შეიძლება ჩათვალო ამგვარი ქმედება.

აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი კონსტიტუციურ-სამართლებრივად: საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო ამბობს ასეთ რამეს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს გამიჯვნა სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის. თუ ეს სამართლებრივი ნორმები იმდენად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ ადამიანს, რომელმაც შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და სისხლის სამართლებრივი წესით დაემუქროს პასუხისმგებლობა, ამ დროს მოსამართლემ წარდგინებით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

  • თქვენ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მიგაჩნიათ, რომ თავდასხმის მუხლს აქვს განჭვრეტადობის პრობლემა? 

ჩემი აზრით, არ აქვს განჭვრეტადობის პრობლემა, მაგრამ თუ მოსამართლე ხედავს, რომ ასეთი ქმედებისთვის, რომლითაც არანაირი ზიანი არ დამდგარა – მაქსიმუმ შეიძლება მორალური ზიანი მიადგა პოლიციელს – ქმედება დაკვალიფიცირდეს თავდასხმად და ასეთი მკაცრი სასჯელი დაეკისროს ადამიანს, ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამგვარი ქმედებისთვის საერთოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არაპროპორციულია.

  • მოსამართლეს საერთოდ არ უნდა დაეწყო ამ საქმის არსებითი განხილვა? 

მოსამართლეს მინიმუმ უნდა შეეჩერებინა წარმოება და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

ჩემი აზრით, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ჩანს: პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით არანაირ სტანდარტში არ ჯდება. კანონმდებლობა ამბობს, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო. პატიმრობის დასაბუთება შაბლონური გადაწყვეტილებით დაუშვებელია. ამ კუთხით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი.

  • თავად მოსამართლემ თუ დაარღვია მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია? მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებაზე მითითებით მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი დანაშაულის ხელახლა ჩადენაზე, თუმცა ამ დროს სასამართლოს არ ჰქონდა დადასტურებული სამართალდარღვევის ჩადენა. 

დიახ, უდანაშაულობის პრეზუმფციას აქვს ფართო გაგება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლითაც მათ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზეწოლად, მითითებად სასამართლოსადმი, რომ აი, ასე უნდა იქნას გადაწყვეტილი ეს საქმე.

საერთოდ, ბრალდებულის პატიმრობის გამოყენებას აქვს ძალიან მკაცრი სტანდარტები. პირველ რიგში, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული. შემდეგია მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშლება თუ არა, არის თუ არა მტკიცებულებების განადგურების რისკი.

სასამართლოს ცალსახად კანონმდებლობით განსაზღვრული არცერთი საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ პატიმრობა გამოეყენებინა.

პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება თუ ცალკე გასაჩივრდება სასამართლოში, აუცილებლად დადგინდება მეხუთე მუხლის [თავისუფლების უფლება] დარღვევა.

  • რამდენად შეუძლია მოსამართლეს გვერდი აუაროს ამ კუთხით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მკაფიო პრაქტიკას? მაგალითად, ბათუმში პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყეს, ასევე დანით დაჭრეს პოლიციელი, კიდევ ერთ შემთხვევაში კი, პოლიციელს საზარდულში ფეხი ამოარტყეს – ამ შემთხვევებზე არ უთქვამს სასამართლოს, რომ ეს იყო თავდასხმა .

უკვე ვთქვი, როგორც უნდა მოქცეულიყო აქამდე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მოსამართლე. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების გამო, სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. მოსამართლემ შეიძლება ფორმალურად აღნიშნოს, რომ კი ბატონო, არსებობს უზენაესი სასამართლოს ეს პრაქტიკა, მაგრამ მე სხვაგვარად ჩავთვალე საჭიროდ და თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

ეს გადაწყვეტილებები მზია ამაღლობელის მიმართ არღვევს ყველა სტანდარტს: საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სტანდარტებს, ევროკონვენციით და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სტანდარტებს.

  • ამ სტანდარტების მიხედვით რა რეაგირება უნდა ჰქონოდა გამოძიებას, როცა დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი სილის გაწვნის შემდეგ ამბობს, ტკივილი განვიცადეო? 

ტკივილის განცდასთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტმა განაცხადა, რომ ტკივილის განცდას არანაირი ობიექტური გარემოება არ ადასტურებს.

საერთოდ, ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის სუბიექტურ განცდებსა და შეგრძნებებზე. ეს წარმოუდგენელი რამეა. სიწითლე ჰქონდა თუ არა, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს და ასე შემდეგ – აბსურდში შევდივართ საერთოდ.

  • სილის გაწვნამდე მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაარღვიეს პოლიციელებმა მზია ამაღლობელის გამოხატვის თავისუფლება? 

რა თქმა უნდა, დაარღვიეს. მზია ამაღლობელი მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებაც საქართველოს წინააღმდეგ აჩვენებს, რომ ძალიან ზედაპირულად ხდება საქართველოში ადამიანების დაკავება ადმინისტრაციული წესით – ფაქტობრივად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე.

როცა მზია ამაღლობელი დააკავეს სტიკერის მიკვრისთვის, ეს დაკავება დაუშვებელია, რადგან დაკავებას სჭირდება კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი. კონსტიტუცია გვეუბნება პირდაპირ, რომ მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ადამიანის დაკავება. დაკავება უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. მზია ამაღლობელის შემთხვევაში არც ერთი იყო, არც – მეორე.

  • უკვე ხელახლა ასამართლებენ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გრიგოლ ბესელიას ჩვენების მიხედვით, მზია ამაღლობელის მიმართ სტიკერის გაკვრის კუთხითაც არსებობს შედგენილი ოქმი, თუმცა მსგავსი ოქმი ბუნებაში არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსი ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სიცრუეში ამხილეს, 2 დღეში ახალი ოქმი შეადგინეს… რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი? 

რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რადგან არსებობს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი: დაუშვებელია ერთი და იგივე ქმედების გამო ადამიანს რამდენჯერმე დააკისრო პასუხისმგებლობა.

ასეთია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა: არსებითად იგივე ქმედებისთვის განმეორებით პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ მზია ამაღლობელი მოიგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმედი მაქვს, რომ მანამდე საქართველოს სასამართლოები იმოქმედებენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გაითვალისწინონ არამხოლოდ ევროპული სასამართლოს მიდგომები, არამედ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა.

ცხადია, რომ მზია ამაღლობელს დანაშაული არ ჩაუდენია და ასამართლებენ არაარსებული დანაშაულის ჩადენისთვის.

  • მიგაჩნიოთ, რომ მზია ამაღლობელს დევნიან, როგორც ჟურნალისტს?

სხვაგვარი დასკვნის გაკეთებას შესაძლებლობას ეს საქმე არ იძლევა. „მზია ამაღლობელის საქმე“ გასულია საერთოდ სამართლებრივი სივრციდან, იგი ვერანაირ სამართლებრივ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

  • მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია? 

დიახ, მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია.

ბათუმში მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბათუმში ერთი პირი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 2 ადამიანს, „რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.

მზია ამაღლობელის ინტერვიუ „ლე მონდთან“: „სილის გაწვნისათვის“ 7 წელი რომ მომისაჯონ, მოულოდნელი არ იქნება

„მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი პრესაზე რეჟიმის უპრეცენდენტო თავდასხმის სიმბოლოა,“ – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ვრცელ სტატიას, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს ეძღვნება.

სტატიაში აღწერილია მზია ამაღლობელის დაკავების და შემდგომ უკანონო პატიმრობის დეტალები.

„ლე მონდმა“ კითხვები ქალთა კოლონიაში გაუგზავნა პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს.

„მტრობა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი სიძულვილი. ასეთი რამ აქამდე არც ერთ მთავრობას არ გამოუვლენია.  დღეს ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიიღო აბსურდული კანონები, რაც დიქტატურისათვის დამახასიათებელი იყო.

ჩემი კოლეგების ცხოვრება თავგანწირვის სინონიმი გახდა. ვნანობ, რომ არა ვარ მათ გვერდით ამ რთულ დროს“, – წერს მზია ამაღლობელი “ლე მონდს”.

მზია ამაღლობელი „ლე მონდთან“ ასევე ეხმაურება მის მიმართ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ  წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უკანონო პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს მოიხსენიებენ „აგენტად“ და ამტკიცებენ, რომ მან „პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმა“.

მზია ამაღლობელი „ლე მონდის“ კითხვაზე პასუხად კი წერს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მოქნეული სილა „არც გააზრებული იყო და არც დაგეგმილი“.

„თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ. ჩემს ადვოკატებთან, თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ ეს სასამართლოს გზითაც დავამტკიცო. თუმცა, მოულოდნელი არ იქნება ჩემთვის დღევანდელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ 7 წელი რომ მომისაჯოს „სილის გაწვნისათვის“.

პატიმრობაში ვიქნები თუ პატიმრობის მიღმა შევეცდები კარგი მოქალაქე ვიყო. მოქალაქე, რომელიც თავისი უნარებით, პროფესიით, წინააღმდეგობით ყოველთვის იბრძოლებს სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის. იბრძოლებს რუსული გავლენების, ოლიგარქებისა და დიქტატორების წინააღმდეგ,“ – წერს მზია ამაღლობელი „ლე მონდს“ რუსთავის ქალთა კოლონიიდან.

მზია ამაღლობელის წერილის ფოტოსქრინი “ლე მონდში” გამოქვეყნებული სტატიიდან . ორიგინალი ფოტო: INÉS VERHEYLEWEGHEN FOR LE MONDE

,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 4-ზე მეტი თვე უკანონო პატიმრობაშია.

მას პროკურატურა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავება. სილის გაწვნისთვის ჟურნალისტს 4-დან 7-მდე წელი პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს გაიმართება.

„ივანიშვილს უნდა ახალგაზრდებმა შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა იქნება ბოლომდე“

„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ რადგან ხელი არავინ შეუშალოს ამ ქვეყნის იქეთ წაყვანისკენ, საითკენაც მიჰყავს“-ამბობს მოძრაობა „ახალგაზრდული ძალას“ ხელმძღვანელი, სტუდენტი თედო ზოიძე „ბათუმელებთან“.

ის ბათუმში შეხვედრებს მართავს პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან.

„ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება როგორც არასდროს, ისეა დასაცავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ თავისუფლებისთვის ბევრი სისხლი დაღვარეს.

ბევრი მსხვერპლის ფასად მოვიტანეთ ჩვენი დამოუკიდებლობა დღემდე, მაგრამ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ამაზე ზრუნვა და ამისთვის ფიქრი.

ჩვენს თავისუფლებას არავინ დაიცავს ჩვენს გარდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ახალგაზრდებმა ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ რადგან ხელი არავინ შეუშალოს ეს ქვეყანა წაიყვანოს იქ, საითკენაც მიჰყავს.

უნდა რომ გავჩერდეთ და ვთქვათ, – ბრძოლას აზრი აღარ აქვს, მაგრამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი და ხშირ შემთხვევაში შედეგის მიღწევას სჭირდება დრო.

სულ იმაზე მეფიქრება, რომ ჩვენი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ქალი პატიმარი მზია ამაღლობელი, რომლებიც არიან ტყვეობაში, გვაძლევენ მოტივაციას, რომ ვიბრძოლოთ.

ამიტომ არ უნდა მივცეთ თავს უფლება, დავნებდეთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე.

ჯერ ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ, რადგან ჩვენი პასუხიმსგებლობა და ვალია, რომ სოლიდარულები ვიყოთ მათ მიმართ, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო დღეს ციხეში. ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა გავისტუმროთ იქ, სადაც არის მათი ადგილი“-ამბობს თედო ზოიძე.

თედო, თანამოაზრეებთან ერთად რეგიონებში გეგმავს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ერთ-ერთი შეხვედრა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გუშინ, 24 მაისს გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წინააღმდეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესებში.

ამიტომ, ბათუმშიც პოლიტიკით დაინტერსებულ ახალგაზრდებს შევხვდი.

შევხვდებით ადამიანებს სოფლებშიც და ქალაქებშიც და მოვისმენთ მათ აზრს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმაზეც, როგორ ხედავენ პროტესტის გაგრძელების გზებს, რადგან ახალგაზრდები ვართ ამ პროტესტის წინა ხაზზე.

26 მაისს, ცხადია ვუერთდებით აქციას თბილისში და როგორც ვიცი, ბათუმშიც იგეგმება საპროტესტო აქცია და ჩემი თანამოაზრეები შეუერთდებიან ბათუმის პროტესტს“-ამბობს თედო ზოიძე.

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაფუჭდა

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სადგურ რიონთან გაჩერდა.

მგზავრების თქმით, თითქმის ერთი საათია ელოდებოდნენ მატარებლის დაძვრას.

„გაფუჭებულ მატარებელს სხვა ელმავალი ჩააბეს და ასე გაიყვანეს“- ეუბნება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

როგორი ამინდი იქნება 26 მაისს ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისის 21 საათიდან 26 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად  უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 1-2 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 მაისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

სად დადის, ვის ხვდება და რატომ არ ლაპარაკობს მედიასთან სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 4 აპრილს დასახელდა, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ფეისბუქით გადადგა თორნიკე რიჟვაძე.

თამაზაშვილი, რომელიც იქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 7 აპრილს დაამტკიცა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი მანამდე უჩინარი იყო სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი გვერდი 9 აპრილს გამოჩნდა – ჯერ პირადი ფოტოსურათით, შემდეგ კი 9 აპრილისადმი მიძღვნილი ქარდით. „მადლობა თავისუფლებისთვის“ – ასე მშრალად გამოეხმაურა რუსი სამხედროების მიერ თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას სულხან თამაზაშვილი.

ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, თამაზაშვილის პირველი შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრებით დაიწყო და სასულიერო პირებთან სტუმრობით გაგრძელდა.

სულხან თამაზაშვილი ჯერ ღიად პრორუს სასულიერო პირს, სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს შეხვდა. სპირიდონ აბულაძე უკვე წლებია ამბიონიდან ქადაგებს კრემლის პოლიტიკას და არ მალავს დასავლეთის მიმართ სიძულვილს.

სულხან თამაზაშვილის შეხვედრა სხალთის ეპისკოპოსთან

თამაზაშვილს შემდეგი შეხვედრა უკვე მუსლიმებთან ჰქონდა – იგი დასავლეთ საქართველოს მუფთს, ადამ შანთაძეს შეხვდა. ამ ვიზიტის შესახებ საზოგადოებამ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოებით გაიგო. უცნობია, ისაუბრეს თუ არა მუფთმა და თამაზაშვილმა მუსლიმთა პრობლემებზე რეგიონში, მაგალითად იმაზე, როგორ დაჰპირდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მუსლიმებს ახალი მეჩეთის მშენებლობაში დახმარებას, მაგრამ პირობა დაარღვია.

დახმარების ნაცვლად მუსლიმებმა მიიღეს ხელშეშლა, რადგან ბათუმის მერია მუსლიმებს უფლებას არ აძლევს თავიანთი ფულით შესყიდულ მიწაზე ააშენონ ახალი მეჩეთი. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები წლებია დავობენ სასამართლოში და ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლება, ბათუმის მერია მათ მშენებლობის ნებართვას არ აძლევს.

შეხვედრა მუფთთან

კიდევ ერთი ვიზიტი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, დიმიტრისთან შედგა. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

თამაზაშვილის შეხვედრა მიტროპოლიტ დიმიტრისთან

სულხან თამაზაშვილმა ახალ პოსტზე დანიშვნის პირველ დღეებში უცხოელი სტუმრებისთვისაც გამონახა დრო და პირველი სტუმარი, ფეისბუქის მიხედვით, უზბეკეთიდან მიიღო – სპორტის მინისტრი ადჰამ იკრამოვი. „ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რათა განგვეხილა სპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება“ – დაწერა თამაზაშვილმა ფეისბუქზე.

23 აპრილს სულხან თამაზაშვილმა, როგორც თავადვე წერს, „ქობულეთის უხუცესებთან და საპატიო ხინოწმინდელებთან ერთად“, ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი მოილოცა.

ფოტო: სულხან თამაზაშვილის გვერდი ფეისბუქზე

29 აპრილს, მან ბათუმში აწ უკვე ყოფილ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, პირველ მაისს კი – ახალი, მშენებარე სკვერი თამარის დასახლებაში. მის ფეისბუქის გვერდზე, სადაც მხოლოდ ფოტოებია გამოქვეყნებული, ვერ ვნახეთ ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები რუსთაველზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც თითქმის ოთხ თვეზე მეტია გადათხრილია.

სულხან თამაზაშვილი, ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა, თურქეთის კონსულს ბათუმში – ადნან ალთაი ალთინორს, და, ასევე, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს.

ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური შეხვედრების გარდა მემორიალების სტუმრობა სულხან თამაზაშვილის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა.

ის ყვავილებით და სანთლებით ხელში ჯერ ზურაბ გორგილაძის საფლავზე იყო, შემდეგ ანატოლი კაჭარავას საფლავი მოინახულა.

ასევე, დაესწრო შუახევში გამართულ სახალხო დღესასწაულ „მარეთობას“, სადაც გმირთა მემორიალი შეამკო ყვავილებით.

თუმცა სულხან თამაზაშვილმა გმირთა მემორიალთან მისვლა ვეღარ შეძლო ბათუმში 9 აპრილს, რადგან სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც მეექვსე თვეა ქვეყანაში „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პრორუსულ კურსსა და რეპრესიებს აპროტესტებენ, აჭარაში „ოცნების“ წევრებს უფლება არ მისცეს მისულიყვნენ იმ გმირების მემორიალთან, რომლებიც 9 აპრილს დაიღუპნენ, „ოცნების“ ხელისუფლება კი მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ფუჭს უწოდებს და აუფასურებს მათ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

შესაბამისად, გმირთა მემორიალთან სულხან თამაზაშვილი ყვავილებით ხელში არავის უნახავს.

სულხან თამაზაშვილის ფეისბუქ გვერდზე რელიგიური დღესასწაულების მოსალოც ბარათებს, შიგადაშიგ, სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენების ფოტოები ანაცვლებს.

მაგალითად, 11 მაისს სულხან თამაზაშვილმა სარაგბო კლუბ „ბათუმის“ საქართველოს ჩემპიონობა მოგვილოცა, 12 მაისს კი – „ღვთისმშობლის წილხვედრობა“.

14 მაისს  სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე წარადგინა. მას არ უთქვამს, რატომ გადადგა არჩეული მერი, რომელთან ერთადაც წინა დღეებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებდა და ფოტოებს იღებდა.

17 მაისს, სულხან თამაზაშვილმა „ოჯახის სიწმინდის დღე“ მოგვილოცა ფეისბუქზე. მისი აზრი არც ამ დღეს მოგვისმენია, მაგალითად, ოჯახში გახშირებული ძალადობის, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის, ქალთა მკვლელობების, ოჯახების სიღარიბის, გაზრდილი ემიგრაციისა და უმუშევრობის შესახებ.

ასევე, არ მოგვისმენია, რას ფიქრობს თამაზაშვილი ამ პრობლემებზე და როგორ წარმოუდგენია, მაგალითად, ქართული ოჯახების რეალური გაძლიერება და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების დახმარება.

როგორც ჩანს, სულხან თამაზაშვილს მედიასთან ურთიერთობა არ მოსწონს და არ სურს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნიდან დღემდე, თითქმის ორი თვე გავიდა და აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, რომელიც აჭარის მთავრობას აქტიურად აშუქებს, საძიებო ველით არ იძებნება სულხან თამაზაშვილის არც ერთი კომენტარი. „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე მხოლოდ კადრებში ჩანს, კომენტარებს კი სხვა ოფიციალური პირები აკეთებენ.

აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე სულხან თამაზაშვილზე გამოქვეყნებული ბოლო მასალა, რომელშიც თამაზაშვილი სკოლის დამთავრებას ულოცავს მე-12 კლასელებს, მის ფეისბუქპოსტზე დაყრდნობითაა  მომზადებული.

სულხან თამაზაშვილს რომ მედიასთან ურთიერთობა არ სურს, ეს ფაქტობრივად მისი დანიშვნის პირველსავე დღეს გახდა აშკარა, როცა აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა, რომელზეც იგი უნდა აერჩიათ, დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები და ასევე, სხდომა არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. პოლიციაში მუშაობის დროს, მან, როგორც პოლიციის უფროსმა, ვერ ან არ უზრუნველყო და დაიცვა ჟურნალისტები მოძალადეების თავდასხმებისგან.

მეტიც, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც რიგ შემთხვევებში მძიმე ფიზიკური დაზიანება და ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია. „მედიაკოალიციის“ ცნობით, მიზანმიმართული თავდასხმის და აქციის დარბევის შედეგად აღრიცხულია მედიის წარმომადგენლების ფიზიკურად დაზიანების 70-მდე შემთხვევა, სამუშაო აღჭურვილობის ჩამორთმევის 20-მდე ფაქტი და მედიის წარმომადგენელთა დაკავების 10-მდე შემთხვევა.

მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილი მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნა „ოცნებამ“, მან ერთხელაც კი არ გახსნა კარები ჟურნალისტებისთვის. ყველა სხდომა თუ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ტარდება.

„ბათუმელებმა“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ შეძლო მისგან კომენტარის მიღება პირდაპირ ჩართვაში. კითხვაზე სულხან თამაზაშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით გვიპასუხა – „მოგვიანებით“.

980 ათასი სამხედრო დაკარგა რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 980 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
  • ტანკი – 10 854 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 633 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 28 269 ერთეული [+68]
  • MLRS – 1 396 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 169 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 37 367 ერთეული [+190]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 203 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 751 ერთეული [+112]
  • სპეცტექნიკა – 3 902 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 58 984 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 607 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 487 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 195 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 831 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შედეგად, უკრაინაში უკვე დაბრუნდა 390 ადამიანი

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სასამართლოში არ მივალ, მათ სხვა ადგილზე დაველოდები“ – ნიკა მელია თავის დაკავებაზე

„ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით ამ კომისიაზე და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა“, – ამბობს პარტია „ახლის“ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გადახდას არ აპირებს.

22 მაისს ამავე ბრალდებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს სასამართლოში.

ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს. „მათ სხვა ადგილზე დაველოდები“, – ამბობს ის.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროტესტი, თუკი ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს დააკავებენ? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.

  • ბატონო ნიკა, 29 მაისს სასამართლოში ხართ დაბარებული გირაოს გადაუხდელობის საქმეზე. თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ სასამართლოში მისვლას, რატომ და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

ზურა გირჩი ჯაფარიძის ე.წ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დავინახე, რამდენად აბუჩად აიგდეს იქ მისული გულშემატკივრები, არ შეუშვეს არც ეზოში, არც შენობაში. არ შეუშვეს არც საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დარბაზში რაც ხდებოდა, ეს ჩემზე კარგად იხილეთ. აქედან გამომდინარე, იქვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ მინდა ეს ხალხი გაწვალდეს 29 მაისს.

ნამდვილად არ ღირს, რომ 4-5 საათი ქუჩაში ელოდო წინასწარპროგნოზირებად გადაწყვეტილებას.

ამიტომ გადავწყვიტე არ დავესწრო სასამართლოს. სად ვიქნები ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდები.

დაველოდები სხვა სივრცეში, გეოგრაფიულად სხვა ადგილზე.

  • ელოდებით დაკავებას იმავე დღეს?

29 მაისს გასდის ჩემთვის დაკისრებულ გირაოს გადახდას ვადა. ღამის 12 საათამდე მაქვს დრო, წესით და რიგით. გაცხადებული მაქვს და ცნობილია, რომ არ გადავიხდი გირაოს და არც სამი წლის წინ გადავიხადე.

ისინი ალბათ ჩათვლიან, რომ ჩემი არგამოცხადების შემთხვევაში (მათი გადმოსახედიდან), გირაოს პირობები დავარღვიე და რას მოიფიქრებენ ღმერთმა უწყის, მაგრამ მე უფრო მინდა ვიფიქრო იმაზე, ჩვენ რას გავაკეთებთ.

ვფიქრობ, ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, მორალურად, პოლიტიკურად, სამართლებრივადაც არის გამართლებული, რომ არ მიიღო ივანიშვილის ძალიან ბინძური თამაშის წესები. მორალური უპირატესობით ამ ბრძოლაში ყოფნა, მე პირადად, ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია.

წულუკიანს, უბრალოდ, სურვილი გაუჩნდა, აიღო ტელეფონი და დამიბარა. არ მივიღე მე ეს უსამართლო გამოძახება არალეგიტიმურ პარლამენტში და ამის გამო თუ ციხეში უნდა წავიდეს ხალხი, ვფიქრობ, ეს მხოლოდ გააძლიერებს პროტესტს, რომელშიც ვიმყოფებით თვეებია. ასევე გაზრდის ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას. ამაში ვარ დარწმუნებული.

ყასიდადაც ვერ იმართლებს თავს რეჟიმი, შეუძლებელია.

ეს ჩვენი მორალური, პოლიტიკური ვალდებულებაა, რადგან 50-ზე მეტი უკანონო პატიმარია და თითოეულ მათგანს თავისუფლად შეუძლია გირაოს გადახდის პირობებში გამოვიდეს იქიდან… თუ ისინი ითანამშრომლებენ „ოცნების“ ხელისუფლებასთან.

მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მე, პირადად, მოსმენილი მაქვს განცხადება „ოცნების“ მხრიდან, რომ „სულ ოდნავ მაინც მოინანიოს“. იგივე თქვეს სხვა სინდისის პატიმრებთან დაკავშირებითაც, მდინარაძის განცხადება მახსოვს, რომ „მოინანიოს და მე ჩავუდგები თავდებში“.

რა თქმა უნდა. როცა რეჟიმთან ხარ დაპირისპირებული, მორალურად თუ გატყდი, კომპრომისზე წახვედი, შენი მთავარი ძალა დაასუსტე. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ყველა ტიპის ორთაბრძოლას წააგებ.

  • როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით არჩევს წულუკიანი, ვინ უნდა დაიბაროს ე.წ. კომისიაზე. რატომ ჯაფარიძე ან თქვენ და არა ვთქვათ ის პირები, ვისაც შესაძლოა უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა წინა ხელისუფლების დროს?

ვერ გეტყვით. ალბათ იქიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, ვინც მიმდინარე პროცესშია აქტიური, ან მომავალში მეტი რესურსი აქვს აქტიურობის.

წარმოუდგენელია, ზურასთან ან ჩემთან დაკავშირებითაც, რადგან 2013 წლიდან გავხდი ოპოზიციური პარტიის წევრი (შევედი ენმ-ში). როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს დაურეკო, დაიბარო და დაუპირო გამოკითხვა 2004-2012 წლებთან დაკავშირებით.

ეს აბსურდია.

როგორც ჩანს, წულუკიანი ძალიან გაერთო და გადაამლაშა ამ სატელეფონო ზარებით, რადგან თუ დააკვირდებით, ბოლო დროს ისეთს არავის აღარ იბარებენ, ვინც შეიძლება თეორიულადაც კი უარი თქვას კომისიასთან გამოცხადებაზე.

მჯერა, რომ გზადაგზა იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. როცა, მაგალითად, მე 2021 წელს უკვე დაკისრებულ გირაოზე მეორე გირაო დამაკისრეს და როცა ვთქვი, რომ გირაოს არ გადავიხდიდი, გზადაგზა ფიქრობდნენ რა გაეკეთებინათ და მერე მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ. აქაც გზადაგზა მიიღეს გადაწყვეტილება.

უბრალოდ, ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა.

ალბათ ჩათვალეს, რომ დილემის წინაშე მდგომი სხვადასხვა ადამიანი მაინც თავისუფლებას არჩევდა და გამოცხადდებოდა წულუკიანთან აბსოლუტურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმურ კომისიაზე.

ასევე ჰქონდათ ბანალური მოტივაცია, რომ ჩვენი იქ მისვლით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მათი ლეგიტიმაცია მოხდებოდა, მაშინ, როცა დემოკრატიულმა მსოფლიომ ისინი არ აღიარა და ეს არის ფაქტი.

ამიტომ, რაღაც ხომ უნდა აკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან 26 ოქტომბერს, ვინც თუნდაც გულწრფელად მისცა მათ ხმა, 7-თვიანი კრიზისისთვის და 50-ზე მეტი პოლიტპატიმრისთვის ხომ არ მიუციათ ხმა? არც „ოცნებაა“ კომფორტულ მდგომარეობაში მათი ამომრჩევლის წინაშე – მათი ამომრჩევლის ნახევარი დასავლურად არის განწყობილი.

ისინი რატომღაც ისევ ელიან, რომ აშშ-სთან ურთიერთობა დარეგულირდება – ივანიშვილმა, კობახიძემ და სხვებმა უთხრეს, რომ დაარეგულირებენ.

მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება ბევრი, რომ ეს ფუჭი იმედია. შესაბამისად, რაღაც ხომ უნდა აკეთოს „ოცნებამ“, როცა თითქმის 200 დღეა უწყვეტი პროტესტია.

  • რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობიდან მოყოლებული საზოგადოება მათ ადანაშაულებდა სამშობლოს ინტერესების ღალატში და ძალიან ხშირად ესმოდათ მათ სიტყვა „მოღალატე“. როგორც ფიქრობთ, აქედან ყურადღების გადატანას ხომ არ ემსახურება ეს კომისია და რამდენად ახერხებენ ამას?

ისინი ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგი არ იყოს პროტესტის ხელში, რადგან ქვეყანაში დღის წესრიგი არის რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის ხელში.

ყველა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც წლებია საქართველოს საუკეთესო ქომაგები არიან, სულ უფრო მეტად ფხიზლდებიან.

ამიტომ, მათთვის ეს იყო მოჯადოებული წრე, რომელიც უნდა გაერღვიათ და ეს კომისია წესრიგს შექმნიდა – წარმოაჩენდნენ 20 წლის წინანდელ გადაცდომებს თუ დანაშაულებს.

მაგრამ 3 და 4 წლის წინ რომ დანაშაული მოხდა, საზოგადოებას ესეც აინტერესებს ხომ?

რამდენად დიდი ცინიზმია, როცა კომისიაზე მიჰყავთ ის ხალხი, ვინც სამართალი დღემდე ვერ იპოვა „ქართული ოცნების“ პირობებში და რამდენიმე მათგანმა ეს „ზეიმი“ წულუკიანს გაუფუჭა კიდეც პირდაპირ ეთერში.

ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე არის ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნის ძალიან უსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამში, ეს მათთვის შედეგის მომცემი არ იქნება.

მოხდა ის, რაც ამ ქვეყანაში არასდროს მომხდარა. თითქმის 200 დღეა ქვეყანაში პროტესტია და არ ჩერდება. სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა სიმძლავრის, მაგრამ პროტესტია ყველგან.

  • გუშინ პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ნოდია წერდა, რომ მართალია მორალური მხარე ხალხის და ოპოზიციისკენ არის, მაგრამ რესურსები მაინც რეჟიმის ხელშია. თქვენ როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას?

ეს პროტესტი და საერთაშორისო იზოლაცია უნდა გაძლიერდეს. აშშ-ს როლი, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებული, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ პროტესტს უნდა შევმატოთ თანმიმდევრულობა, დისციპლინირებული მოქმედება და მკაფიოობა. განსაკუთრებით პოლიტიკურმა პარტიებმა. სიცხადე ყველა საკითხში.

აი, მაგალითად, 26 მაისს, საზოგადოების საპროტესტო ნაწილმა, მთლიანად საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს, რომ ე.წ. არჩევნებად წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას არავინ არ იღებს.

საზოგადოებას აქვს გაორების განცდა. ის შენ გიყურებს, როგორც პოლიტიკურ ძალას, რომელიც უშვებს, რომ შენ შეიძლება შეხვიდე ივანიშვილის მიერ დანიშნულ, უთანასწორო, უსამართლო საარჩევნო პროცესში და ბოლომდე ვერ გენდობა, ეს ამუხრუჭებს საპროტესტო მოძრაობას.

ამიტომ ამ საკითხში უნდა იყოს სრული მკაფიოობა, სიცხადე.

როდესაც პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ „ოცნების“ პარლამენტში, ბოიკოტი გამოაცხადეს, განსხვავებით 2021 წლისგან, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ღირს ბრძოლა.

იზრდება საერთაშორისო მხარდაჭერაც, მაგრამ თუ შენ რეჟიმისთვის პროცესის ნორმალიზებას მოახდენ, რა თქმა უნდა, ის ბედნიერი იქნება. ამას დარდობს და განიცდის ბევრი ადამიანი.

ამ ეტაპზე არ წყდება ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის შეკეთების საკითხი, რაც არის თვითმმართველობის არჩევნების ბუნება, ზოგადად. ამ ქვეყანაში წყდება ეგზისტენციალური, ცივილიზაციური საკითხი – ჩვენ როგორც ქართველები, როგორც სახელმწიფო, ვიქნებით სუვერენული, თავისუფალი, დასავლური ორიენტაციის, ეროვნული, თუ ვიქნებით რუსული გავლენის ქვეშ.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშიც იგრძნობა, რომ ისინი დააკვირდებიან ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. პროტესტის გარდა რა არის გასაკეთებელი, საქართველო დასავლეთის მხედველობის არეალიდან რომ არ ამოვარდეს?

მუშაობაა საჭირო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაგრამ ამ მუშაობას ფასი არ ექნებოდა, რომ არა პროტესტი და არც რუბიო გააკეთებდა ამ განცხადება.

საბედნიეროდ, აღმოჩნდა ათასობით აქტიური ადამიანი, რომლებიც პრობლემის არსში ერკვევიან. არიან მეამბოხე ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიმართლეს იცავენ. ბევრისთვის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ასეთმა ადამიანებმა გაიყვანეს იმ ეტაპზე, როცა უკვე ხელშესახებია გამარჯვება.

ცხადია, ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება თბილისში. მე მჯერა, რომ ეს ხალხმა ირწმუნა.

თუ გინდა, რომ იყო ევროპული მისწრაფებების სახელმწიფო, შენ, როგორც ერთმა მოქალაქემ უნდა დაიბრუნო რწმენა, რომ შენი ერთი ხმა, ერთი ადამიანის პოზიცია, უმნიშვნელოვანესია.

ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს უნდა, რომ რუხ ფერებში იყოს ყველაფერი, რომ ადამიანმა თვითრწმენა დაკარგოს და პროცესში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდეს. სუვერენული სახელმწიფო რა არის, ეს მათ ვერ წარმოუდგენიათ. სუვერენიტეტად მიაჩნიათ ივანიშვილის კარზე მორჩილება.

ხშირად, წარუმატებლობის მაგალითები ადამიანებს დაუწერიათ ისეთ დროს, როდესაც გამარჯვება და წარმატება ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სულ ბოლო მომენტში დანებდნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ მაგალითის საესტაფეტო ჯოხი ავიღოთ.

ძალიან ახლოს ვართ წარმატებასთან. უბრალოდ, გამძლეობა და რწმენაა საჭირო, რომ შენ ხარ მთავარი – მოქალაქე. შენზეა დამოკიდებული ეს ქვეყანა როგორ გამოიჭედება. ამ ქვეყნის, სახელმწიფოს ბედის მჭრელი შენ ხარ და არა კობახიძე, ივანიშვილი და ზარქუა.

„პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში გავხდებით მეორე ჩეჩნეთი, არავითარი ბელარუსი“ – აქტივისტები თელავიდან

როგორც ბევრ სხვა პატარა ქალაქში, თელავშიც უწყვეტი პროევროპული აქციები აქვთ მოქალაქეებს. მოთხოვნები აქაც იგივე და უცვლელია – გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და სამართლიან გარემოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

როგორ აქ აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, თელავში უწყვეტი პროტესტი 30 ნოემბრის ღამეს დაიწყო, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, როცა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.

სამართალმცოდნე ბელა ბეჟანიშვილი ერთ-ერთია, ვინც ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს უერთდება თელავში. როგორც ბელასგან ვიგებთ, მოქალაქეებმა უწყვეტი პროტესტის თელავში 30 ნოემბერს დაიწყეს და დღემდე გრძელდება.

„ყოველ საღამოს გამოვდივართ ქალაქ თელავის მერიის შენობის წინ და ვაპროტესტებთ იმ უკანონობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, სოლიდარობა, პირველ რიგში, ჩვენს პოლიტპატიმრებს, საქართველოს მომავლისთვის შეწირულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაყარეს ციხეში. არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ჩვენს საპროტესტო ბანერებზე სწორედ ეს მოთხოვნები გვაქვს დატანილი. სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.

ერთობისკენ მოვუწოდებთ და ყოველთვის ვესაუბრებით. ზამთარი ისე გამოვიარეთ, ერთი დღე არ ჩაგვიგდია თელავში და არც ერთხელ გვქონია შიშის შეგრძნება, ფიქრი, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო შეგვეწყვიტა პროტესტი. ამდენი პოლიცია გვახვევია გარს, ყოველ საღამოს ფოტოებს გვიღებენ და კი ვართ საშიშროების წინაშე, ე.წ. ტიტუშკებიც კი მოგვიგზავნეს, საკმაოდ აგრესიულად შემოვიდნენ, მაგრამ… წავიდნენ. არ ვიცი რა იყო ეს, ალბათ მცდელობა, რომ შევჩერებულიყავით, შეგვშინებოდა, აღარ გამოვსულიყავით გასაპროტესტებლად, მაგრამ ეს ვერ მიიღეს. გუნდში ერთობაა და გვაქვს ერთი მიზანი – სამშობლოს სადარაჯოზე ბოლომდე, გამარჯვებამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ“, – გვეუბნება ბელა ბეჟანიშვილი.

ბელა ბეჟანიშვილი. ფოტო/ევა გაბეშიძე.

მოქალაქის თქმით, ყოველ ახალ დღეს, აქციაზე გასასვლელად ისე ემზადება, როგორც სამსახურში წასვლის წინ  – „უნდა მოვწესრიგდე, ჩავიცვა, წავიდე და შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა. აი, ეს შეგრძნება ჩამომიყალიბდა – უნდა მივიდე, არ უნდა გავჩერდე, ყველამ ერთად უნდა გავაჟღეროთ ის პრობლემები, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს ჩემთვის უკვე აუცილებელია, რომ ყოველ ახალ დღეს ისევ და ისევ შევუერთდე პროტესტს“, – გვიზიარებს ბელა ბეჟანიშვილი.

მისი თქმით, თბილისსა და ყველა სხვა რეგიონში, „პროტესტის გული ერთნაირად ცემს“ და განსხვავება მხოლოდ პროტესტში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობაა. „მცირე რაოდენობით ვიკრიბებით თელავში, თუმცა აქციების უწყვეტობას ვინარჩუნებთ, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ჩვენი აქ დგომა, ვფიქრობ, რომ ამ დიდ საქმეში ერთი აგურის დადებაა. აქცია არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, უნდა იყოს ყველგან, ყველა ქალაქში, რომ დაფიქსირდეს საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით – ქვეყნის ყველა რეგიონში ვართ უკმაყოფილო შექმნილი მდგომარეობით, ამიტომ ყველგან უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ ჩვენი სათქმელი.

მინდა ვუთხრა ყველა თანამებრძოლს, ვინც სხვა ქალაქებსა და რეგიონებში აპროტესტებს – გაუძელით! ბევრს ავიტანთ, ბევრს გავიტანთ ჩვენი სამშობლოს გულისთვის. არ შევშინდეთ, არ შევდრკეთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე ყველა ერთად და ერთი ყველასთვის“, –  ამბობს ბელა და ამ გზავნილით ასრულებს ჩვენთან საუბარს.

თელავში ყოველდღიურ საპროტესტო აქციაზე დგას ივანე დემინაშვილი. მან პროტესტი გასული წლის 27 ოქტომბერს, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს დაიწყო და აქედან მოყოლებული, ივანე დემინაშვილი პროტესტის ნიშნად არ იჭრის თმასა და წვერს.

ივანე დემინაშილი. ფოტო/ბელა ბეჟანიშვილი

„დამკვირვებელი ვიყავი საარჩევნო უბანზე და რაც ვნახე, ეს იყო ყველაფერი, გარდა არჩევნებისა და მით უმეტეს სამართლიანი არჩევნებისა.

50-100 ლარად გაიყიდა ხმები…

აუცილებელია პროტესტი, გინდაც ერთი კაცი იდგეს – ჩემთვის ეს იმედის მომცემია. მე პატარა ბავშვი არ ვარ, 59 წლის ვარ. ჩემს შვილებს ჰქვიათ ზვიადი და მერაბი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე რუსეთში? ეს არის ჩემთვის კატასტროფა, წითელი ხაზი. 2012 წელს რომ ვიძახდი, „ჩვენ უბედურებაში“ შევდივართ, არ დამიჯერეს სამწუხაროდ და აი, ამ უბედურებაში ამოვყავით თავი ყველამ ერთად.

პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში გავხდებით მეორე ჩეჩნეთის რესპუბლიკა. არავითარი ბელარუსი… რაც არის ჩეჩნეთში, როგორც მართავენ კრიმინალები, მაფიოზური კლანი [რესპუბლიკას], ანალოგიურად იქნება აქ.

მე ვიმალებოდი, როცა მხედრიონი დამდევდა, ტყეში, ღრეში… თუ აქამდე მალავდა [„ქართული ოცნება“] და შენიღბულად აკეთებდა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ რუსეთი კარგია თურმე…

„ყურძენი სად გავასაღოს“ იქეთ კაცს რომ არაფერი ეყურება, არ ფიქრობს სად მოხვდება იმისი შვილი და შვილიშვილი, არ ვიცი, რაღა უნდა ვთქვა“, – გვეუბნება ივანე დემინაშვილი.

კაცის თქმით, თელავის აქციებს სხვადასხვა დღეს სხვადასხვა რაოდენობის მოქალაქეები უერთდებიან და ამიტომ, რთულია თქვა „რამდენი?“ – „ზოგს ეშინია, ხელფასი რომ არ დაკარგოს და ამის გულისთვის არ გამოდის.

ახლა ენის მოჩლექით ვეღარავის დავუწყებ მე ლაპარაკს… ინააღმდეგობა თუ არ ვისწავლეთ, ჩვენ ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

მზია ამაღლობელის საქმე რომ ავიღოთ, როცა იქნება, [ირაკლი დგებუაძემ], როგორც პოლიციელმა კი არა, როგორც მოქალაქემ, როგორ უნდა იცხოვროს საქართველოში?

მე მრცხვენია მის მაგივრად, როგორც კაცს. წავა ეს ხელისუფლება, მოვა ახალი, მაგრამ თვითონ როგორ უნდა იცხოვროს აქ? ძალიან უხერხულია.

2024 წლის 26 ოქტომბერს ვთქვი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემს, ჩემს ოჯახში ვეღარ შემოვა. საკუთარი ძმაც რომ ყოფილიყო – გვეუბნება ივანე დემინაშვილი და ჩვენთან საუბრის ბოლოს თანამებრძოლებს მიმართავს საქართველოს სხვადასხვა წერტილში: „ყველა მეამაყებით. თქვენ ხართ პატრიოტი ადამიანები… ზეპირად ვიცი რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშია პროტესტი“.

ბელა ბეჟანიშვილი და ივანე დემინაშვილი თელავის საპროტესტო აქციაზე. ფოტო/ევა გაბეშიძე

თელავში პროტესტის მონაწილე მოქალაქეები ადგილობრივი პროტესტის შესახებ ინფორმაციას, ფოტოსა და ვიდეოს აზიარებენ ფეისბუქ ჯგუფში – თელავი დემოკრატიისთვის 

___

ამავე თემაზე:

„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

Exit mobile version