Critical Broadcaster Formula TV Loses Defamation Case Brought by Georgian Dream Propagandist

Tbilisi City Court Judge Liana Kajashvili has fully upheld the civil lawsuit filed by Georgian Dream propagandist film director Goga Khaindrava against the critical TV broadcaster Formula TV.

The court ordered “Shabatis Formula” to retract the “materially false statements containing information damaging to the claimant’s reputation, honour and dignity” broadcast in its report. It also ordered the broadcaster to pay GEL 10,000 in compensation for non-pecuniary (moral) damages.

“What happened is, in principle, exactly what we had expected. The court fully upheld Goga Khaindrava’s claim and ordered us to pay compensation for moral damages. Under the current circumstances in this judicial system, this was certainly not surprising, given the situation that has been created,” said Formula’s lawyer, Eto Katamadze.

According to Katamadze, the broadcaster will exhaust all available domestic legal remedies and will most likely continue the case before the European Court of Human Rights in Strasbourg.

The lawyer also said that the judge provided no explanation during the hearing as to what the ruling was based on.

In addition to the civil proceedings, the Prosecutor’s Office is also investigating the case involving Formula TV. According to the lawyer, the Tbilisi City Court’s ruling serves as an incentive for the Prosecutor’s Office to ensure “this case does not end here” and to continue the investigation.

The Prosecutor’s Office has said it launched an investigation into the possible commission of a crime by Formula TV against Goga Khaindrava under Article 373, Part 1 of the Criminal Code, which concerns false denunciation. According to the prosecution, the investigation was initiated following a complaint filed by Khaindrava’s lawyers.

The case stems from a “Shabatis Formula” report based on a confidential source, which alleged that “in 2016–2017, Goga Khaindrava, in coordination with the State Security Service, brought citizens of India and Pakistan into Georgia in exchange for payment.”

Both Khaindrava and the Prosecutor’s Office maintain that the journalistic report is sufficient grounds to initiate criminal proceedings for “false denunciation.”

 

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“.

მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“.

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა, ქართველი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან გვიხარია, რომ უკვე პირველი წელი არ არის, რაც ქართველი ახალგაზრდები ჩვენთან ერთად არიან „მეხსიერების მატარებელში“. ის ბავშვები, რომლებმაც ეს მარშრუტი გაიარეს, კეთილი ნების ელჩები ხდებიან“, – ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

„ბათუმელებმა“ რუსეთის ინტერესების სექციას ფეისბუქზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა. ვთხოვეთ ინფორმაციის დაზუსტება, რომელი საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და ამ პროექტის შესახებ თუ არის ინფორმირებული საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო?

ასევე, სექციას ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ ქალაქების შესახებ, სადაც ქართველი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ამ ვიზიტის ფარგლებში. რუსეთის ინტერესების სექცია ამ საკითხზე ჯერ არ გამოგვხმაურებია. პასუხის მირების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

 

რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეისბუქზე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს შეკითხვით – თუ იცის სამინისტრომ ამ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის შესახებ და თუ ინფორმაცია რეალურია, ვისი ორგანიზებით მოხდა ქართველი მოსწავლეების ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი; ასევე, რამდენი მოსწავლე გაიყვანეს და რომელი სკოლებიდან?

საქართველოს განათლების სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „აღნიშნულ პროექტში არც ერთი სკოლა არ არის ჩართული“ და ამ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას სამინისტრო არ ფლობს.

„აღნიშნულ პროექტში სამინისტროს და სკოლების  ჩართულობით ბავშვებს მონაწილეობა არ მიუღიათ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

რამდენად რეალურია რუსულ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა, მით უფრო იმ პირობებში, როცა რუსეთში უკრაინული დრონები დაფრინავენ, საწვავის კრიზისია და ბავშვების სამოგზაუროდ ხელსაყრელი პირობი არ არის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ვალერი, თქვენ ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამ რუსული ბანაკის შესახებ და რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ პირობებში, მოზარდების მშობლებს რუსეთსა და ბელარუსში შეიძლება სურდეთ შვილების გაყვანა?

ზოგადად, რუსული საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც საერთოდ რუსული პოლიტიკა, დიდწილად აგებულია ტყუილზე. თუ ადრე მეტ-ნაკლებად იცავდნენ ამ პროპორციებს და სიმართლის მარცვალზე აშენებდნენ ტყუილს, ახლა იმ ვითარების გამო, რაც რუსეთშია და რუსეთის ირგვლივ, იძულებულები არიან ეს პროპორცია უფრო და უფრო დაარღვიონ ტყუილის სასარგებლოდ.

მაგალითად, მთელმა მსოფლიომ იცის იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც შექმნილია ახლა რუსეთში ბენზინის დეფიციტის გამო, მაგრამ რუსეთის ახალ ამბებს რომ ვუყუროთ, არაფერი არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ რაღაც-რაღაც პატარა გართულებებია ადგილებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან წარმატებით ართმევს თურმე თავს.

შესაბამისად, ის ამოცანები, რომელიც რუსეთშია ჩამოყალიბებული ჰიბრიდული ომის და ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, კარგად არის ცნობილი.

მაგრამ საქართველოში ამის განხორციელების კონტექსტი საკმაოდ შეზღუდული აქვს რუსეთის ინტერესების სექციას. ამის მიუხედავად, ყველანაირად სარგებლობენ ნებისმიერი შემთხვევით ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება იცვლება დადებითისკენ, რომ ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ინტერესდებიან რუსეთში განათლების მიღებით და ასე შემდეგ.

ჩემი შეფასებით, ეს ინფორმაცია ქართველ ბავშვებთან დაკავშირებით, ისეთი ფორმით და მეთოდით არის მიწოდებული საზოგადოებისთვის – სახელების, გვარების, სკოლების დასახელების გარეშე, არც ის უწერიათ, რომელ 13 რეგიონში იმყოფებოდნენ და ასე შემდეგ, არის მანიპულაციური. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკუთარი სოფლის მეურნეობის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ ბენზინით, მოსავალს ვერ იღებენ და ამის ფონზე ჩაატარეს ეს პროგრამა?!

მარტო საქართველოდან ხომ არ იქნებოდნენ იქ ბავშვები, ძალიან დიდი პროგრამა უნდა ყოფილიყო. თანაც რუსეთის არცერთ არხზე არ შემხვედრია ინფორმაცია ამ ბანაკის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს საინფორმაციო მანიპულაციასთან.

მით უმეტეს, რომ განათლების სამინისტროს არ ადასტურებს ამ ინფორმაციას თქვენთან. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს სიცრუე.

  • რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსები ყოფილიყვნენ ჩართული და ისე წარმოაჩინეს ეს ამბავი, თითქოს ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ?

შეიძლება ასეთ იყოს, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი მკვიდრი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თუ აქ მცხოვრები ადამიანი, დღეს არსებულ პირობებში, რაც არის რუსეთში, რაც საკმაოდ სახიფათოა უკრაინული დრონების შეტევების გამო და თუნდაც 1-2%-იანი იყოს ეს რისკი, რატომ გარისკავს საკუთარი შვილის სიცოცხლით და გაუშვებს ამ არასტაბილურ ქვეყანაში თავის შვილს?

გამახსენდა ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი [არგენტინასა და ბრიტანეთს შორის] და წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს ვიღაცას არგენტინაში ბავშვების მოგზაურობა შემოეთავაზებინა. ან კოსოვოში რომ ხდებოდა რაღაც და მაშინ ადგილობრივ ადმინისტრაციას გამოეცხადებინა მსგავსი პროგრამა.

ვის მოუვა თავში და ვინ დათანხმდება სარისკო ზონაში საკუთარი შვილის გაგზავნას? – ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.

ბევრი გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ინფორმაციით მანიპულირება და პროპაგანდა.

  • რადგან საუბარია ოკუპანტ რუსეთზე უსაფრთხოების სამსახურს ხომ უნდა ჰქონდეთ ამაზე ინფორმაცია, თუ ვის გაჰყავს ბავშვები უცხო ქვეყანაში და რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება?

თეორიულად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არ იცოდეს, რადგან, როგორც ჩემი გამოცდილება მკარნახობს, არასრულწლოვანის ქვეყნიდან გასვლა დაკავშირებულია ორივე მშობლის მიერ ოფიციალურად, ნოტარიულად დადასტურებულ თანხმობასთან.

თანაც, თუ საუბარია პატარა ჯგუფზე, მაგალითად 5-7 ბავშვი გაჰყავთ, შესაძლოა ინდივიდუალურად გაიყვანოს რუსეთის ინტერესების სექციამ. მით უმეტეს, თუ ისინი არიან ეთნიკური რუსები ან დიასპორის წარმომადგენლები.

  • „ოცნების ხელისუფლება“ დასავლეთიდან დაფინანსებულ პროექტებს ებრძვის და ლამის ყველა „აგენტად“ გამოაცხადოს, ვინც დასავლეთთან თანამშრომლობს. რატომ არ აკონტროლებს რუსულ პროექტებს და დაფინანსებას?

თუ ამ ყველაფერს სისტემური სახე აქვს და დიდი ჯგუფების გაყვანაზეა საუბარი, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების.

მაგრამ, მე მაინც პროპაგანდის ნაწილი მგონია ეს ამბავი, რადგან ეს იყო ცალკე აღებული ამბავი და სისტემატური სახე არ ჰქონია ასეთი ინფორმაციის გავრცელებას რუსული ინტერესების სექციის მხრიდან.

გვახსოვს, როგორ სთავაზობდნენ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლას, მაგრამ მას შემდეგ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, ისარგებლა თუ არა ვინმემ ამ შეთავაზებით და რამდენმა ახალგაზრდამ. თუ ისარგებლეს, მათ შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, რომ ჩვენც ვნახოთ.

ეს რომ ყოფილიყო წარმატებული პროგრამა, იტყოდნენ აუცილებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაციაც არის მანიპულაციური და გავრცელებული პროპაგანდისთვის.

ბათუმში მდებარე კორპუსში გაზის ბალონი აალდა – დაშავდა ორი ადამიანი

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ თხევადი გაზის ბალონი აალდა.

როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე გამოცემა „აჭარა თაიმსს“, რომელმაც ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, უთხრეს, რომ კორპუსი ჩაუბარებელია და იქ ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.

ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით დეპარტამენტი 17 ივნისს წერდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა. სწორედ ამ მონაკვეთის გახსნით ავტობანზე მოძრაობა ჯაპანადან სუფსამდე მონაკვეთში უწყვეტად იქნება შესაძლებელი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] მიმდინარეობდა. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

ლესა-ხაჯალიას მონაკვეთის გახსნის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დარჩება გაუხსნელი 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთი [სამტრედიიდან ჯაპანამდე]. ეს მონაკვეთი გადადის მდინარე რიონზე, სადაც ხიდი ჩაინგრა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული ხიდის დასრულება დაგეგმილია 2027 წელს.

შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილ 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მომავალ, 2027 წელს [წლის პირველ ნახევარში] არის დაგეგმილი.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი. სამტრედია-ჯაპანას მონაკვეთი გაიხსნება 2027 წელს [აღნიშნულია წითელი ფერით. ლურჯი წერტილით კი მონიშნულია ჩანგრეული ხიდი რიონზე] / ჯაპანა-ლესა – გახსნილია / ლესა-ხაჯალია – უნდა გაიხსნას უახლოეს პერიოდში [მონიშნულია ყვითელი ფერით] / ხაჯალია-გრიგოლეთი[სუფსა] – გახსნილია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიმდინარე, 2026 წელს არის დაგეგმილი ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაც. ეს მშენებარე მონაკვეთი გრიგოლეთთანაა და მდინარე სუფსას კვეთს.

ბოლო სამ წელში 300-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად საქართველოში

2026 წელს, საქართველოში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიაში 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 33 ადამიანი ავტომანქანაში არ ყოფილა, ისინი ქვეითები იყვნენ, თუმცა ავტოავარიის მსხვერპლები გახდნენ.

ეს შს სამინისტროს ოფიციალური, მხოლოდ 3 თვის სტატისტიკაა. გასული წლების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, თუ რა მაღალია საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად ქვეითთა დაღუპვის მაჩვენებელი.

მაგალითად, გასულ, 2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 469 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 164 ქვეითი იყო: 58 ქალი და 110 კაცი.

2024 წელს კი საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.

მხოლოდ ეს მონაცემები რომ დავაჯამოთ, გამოდის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მინიმუმ 298 ქვეითი დაიღუპა ავარიის შედეგად. ბოლო თვეების სტატისტიკა ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ბოლო თვეებში ინფორმაცია გავრცელდა ავტოავარიის შედეგად არაერთი ქვეითის დაღუპვის შესახებ – ბოლო ასეთი შემთხვევა 13 ივლისს მოხდა გორში, სადაც ქვეითად მიმავალ 44 წლისა ქალსა და 3 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. დედა-შვილი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებს შორისაა.

იგივე შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ავარიების ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია:

მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; შეჯახება დაბრკოლებაზე; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა და ა.შ.

ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე 

ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით.

„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – წერს მერია შესყიდვების სააგენტოს.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი ურეკში 2026 წლის 15 ივლისს უნდა ჩატარდეს.

ოზურგეთის მერია ურეკში დიჯეი ალეკა სამუშიასაც იწვევს.

„სოფ. ნაგომარში დოღი „ოზურგეთის თასი 2026“-სა და დაბა ურეკში, ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიებების ფარგლებში გასამართ კონცერტებთან დაკავშირებით“ კი მერია დიჯეი ალეკა სამუშიას 6 ათას ლარს გადაუხდის.

ურეკი / 5.07.2026

„ურსა“ ხშირად მონაწილეობს ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

ამ ბოლოს „ურსას“ 30 ათასი ლარი გადაუხადეს ბათუმშიც – ზაფხულის სეზონის გახსნაში მონაწილეობისთვის.

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

ტექსკოლა თიბისის ონლაინ განათლების ინიციატივაა, რომელიც უკვე სამი წელია უფროსკლასელებს თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნად პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს. 4 500-ზე მეტი მონაწილე მთელი საქართველოდან, მათგან 35% სხვადასხვა რეგიონიდან და 100-მდე ახალი კურსდამთავრებული ასეთია თიბისი ტექსკოლის სამი წლის შედეგი.

ტექსკოლის მიზანია ახალ თაობას შესძინოს ტექნოლოგიური უნარები, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და მომავლის პროფესიებისთვის საჭირო კომპეტენციები. ტექსკოლის გაკვეთილები, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ონლაინ შეხვედრების ფორმატში ტარდება, რაც პროგრამას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები უფროსკლასელისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

თიბისი ონლაინ მოდელის სწავლებით შლის გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს და ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობა სხვა შემთხვევაში ნაკლებად ექნებოდათ.

ტექსკოლის პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული. თიბისისა და მისი პარტნიორჯეოლაბისგამოცდილი ლექტორების ხელმძღვანელობით მონაწილეები სწავლობენ ვებპროგრამირებას, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX და გრაფიკულ დიზაინს, სოციალური მედიის მარკეტინგსა და სხვა მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებს. მიღებულ ცოდნას ისინი რეალურ პროექტებზე მუშაობით ამყარებენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისი ტექსკოლის ელჩებისპროგრამა, სადაც ტექსკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები. ტექსკოლის ელჩები თანატოლებისთვის რთული ტექნოლოგიური საკითხების პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში აზიარებენ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თიბისი, ტექსკოლის პროგრამებს, მუდმივად ავითარებს, რათა ის ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფ ცვლილებებსა და ახალი თაობის ინტერესებს პასუხობდეს. სწორედ ამიტომ, ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღება სექტემბრიდან განახლდება და მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს შესთავაზებს.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და იმის, რომ სწორედ შენ შეგიძლია შექმნა მომავლის ტექნოლოგიები.

უკრაინის დრონების სამიზნე „გაზპრომის“ ქარხანა გახდა ბაშკირეთში

14 ივლისს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს – ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს.

ტელეგრამ არხებზე, რომელიც, ძირითადად, მსგავს შეტევებზე ინფორმაციის პირველწყაროა, წერენ, რომ დარტყმის ქვეშ მოჰყვა ნავთობის პირველადი გადამუშავების AVT-6 დანადგარი და მე-20 საამქრო, რომელიც მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს აწარმოებს.

სპეციალისტების თქმით, აქამდე ეს ქარხანა რჩებოდა ბენზინის ერთადერთ მსხვილ მწარმოებლად, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები 2026 წლის განმავლობაში არ შეხებია.

ბაშკირეთის ხელმძღვანელმა, რადი ხაბიროვმა დაადასტურა „სალავატის სამრეწველო ზონაზე“ თავდასხმის ფაქტი, თუმცა მან განაცხადა, რომ დრონები ჩამოაგდეს, ხოლო კვამლი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ასევე, უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა კრასნოდარის მხარეში მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელზეც ხანძრის გაჩენის შესახებ ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა განაცხადა.

პლატფორმა „Крымский ветер“-ი წერს, რომ პირველი აფეთქებები შუაღამისას გაისმა, რის შემდეგაც ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, გაზის კონდენსატის დისტილატებს, მძიმე ნავთობის ნარჩენებსა და გოგირდს. წინა თავდასხმა ქარხანაზე 11 ივნისს ღამით განხორციელდა.

_____________

ფოტო: telegram

დაკავებული და პასუხისგებაში მიცეულია 28 პირი, ქრთამის აღების და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 28 პირი, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

„საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი.

სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.

„საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს.

ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის  გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები.

აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე,  7 პირს ბრალდება წარედგინა.

საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი, სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.

სამ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 196-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის IV ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სარფში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.

დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.

ფოტო: შსს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 421 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 131 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 932 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 45 911 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 931 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 491 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 407 201 ერთეული [+1 508]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 905 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 119 862 ერთეული [+330]
  • სპეცტექნიკა – 4 416 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 899 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შსს 7,6 მილიონად და საიდუმლო წესით მანქანებს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აგრძელებს. სამინისტრომ ასეთ შესყიდვაზე წელს 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7,6 მილიონი ლარია.

შსს-ს განცხადებებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის, თუმცა მათი დანიშნულება, ტიპი, მარკა, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები სრულად გასაიდუმლოებულია.

შსს ასეთ განცხადებებს სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე აქვეყნებს, თუმცა, ეს არ არის ასე ვთქვათ სტანდარტული, მაგალითად, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, არამედ ესაა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

განცხადებებში აღნიშნულია, რომ „პროცედურაში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე.“

ასეთ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.

პროცედურას თან ახლავს საიდუმლო შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „შესყიდვის დოკუმენტაცია შედგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების საფუძველზე.“

ამასთან, პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარადგინოს ალტერნატიული წინადადება, ხოლო განმარტებების მიღება შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში.

ყველა განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ უფლებამოსილ პირ(ებ)ს გადაეცემათ შესაბამისი მომართვის საფუძველზე.“

შსს საიდუმლო წესით არა მხოლოდ ტრანსპორტზე, არამედ სამშენებლო თუ სხვა მომსახურების შესყიდვაზეც ხშირად აქვეყნებს განცხადებებს. შესაბამისად უცნობია, სად და რას აშენებს სამინისტრო.

მაგალითად, ამ ბოლოს შსს-მ „მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების“ შესყიდვაზე განცხადება 33 772 974 ლარით გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ წინადადებების მიღებისა და მომსახურების ვადებია ცნობილი, დანარჩენი ყველაფერი გასაიდუმლოებულია. „შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა დაინტერესებულ პირს, დოკუმენტაციით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო შესყიდვებს რომ დავუბრუნდეთ:

  • 2026 წლის 20 ივლისს დასრულდება წინადადებების მიღება საიდუმლო წესით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 387 ათას 500 ლარია.
  • წინადადებების მიღება 2026 წლის 5 მარტს დამთავრდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 767 797 ლარი იყო. ამ შემთხვევაში შსს-ს ზუსტად აღნიშნული თანხით შესთავაზა მომსახურება შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“. სხვა მონაცემები შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.

შესყიდვების პორტალზე შსს-ს არათუ საიდუმლო წესით გაფორმებული ხელშეკრულებები, არამედ 2019 წლიდან საჯარო ხელშეკრულებები და გადახდილი თანხების შესახებ მონაცემებიც არ იძებნება [კონკრეტულ CMR მოდულში].

2024 წელს „ბათუმელებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ კი იმავე წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში [CMR] გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს“.

ეს „ხანგრძლივი დროის პერიოდი“ კი მეშვიდე წელია, ანუ დღემდე გრძელდება.

  • შსს-ს 2026 წლის თებერვალში კიდევ ერთი განცხადება ჰქონდა გამოქვეყნებული 4,5 მილიონი ლარით ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო წესით შესყიდვაზე. ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 27 თებერვალს დასრულდა. მომსახურება კი შსს-ს კვლავ შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ შესთავაზა ზუსტად 4,5 მილიონ ლარად.

__

ამ საიდუმლო შესყიდვაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია

 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ 2 855 000 ლარის ქონება იყიდა სახელმწიფოსგან

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, შოთა ფუტკარძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა.

საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს.

მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი შენობის ჯამური ფართობი – 417,72 კვადრატული მეტრი. შესყიდული ქონება ბაქოს ქუჩის #29-ში, ტურისტულ არეალში, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტების მიმდებარედაა. მაგალითად, ერთ მხარეს ხელოვნური კუნძული შენდება, მეორე მხარეს კი ბათუმის პორტი და საბაგიროა, ახლოსაა ბათუმის იახტკლუბიც.

ბაქოს ქუჩა #29

ამ მისამართზე, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ისინი შენობაში თვითნებურად შესახლდნენ. 2026 წლის 7 თებერვალს, გამთენიისას, ისინი შენობიდან გამოასახლეს და დროებით, ურეხის თავშესაფარში გადაიყვანეს.

უსახლკარო ოჯახების გამოსახლებიდან ერთი თვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ოფიციალური კომუნიკაცია ბათუმის მერიასთან შენობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ედნარ ნატარიძეს წერდა, რომ „მერია არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება“.

ამავე პერიოდში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურმა ბონი-გოროდოკის სერვისცენტრი-სერვისცენტრის მენეჯერთან, ანზორ დავითაძესთან დააზუსტა, რომ „აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რაიმე შეზღუდვა (თვითნებურად დაკავება ან/და სხვა) არ ფიქსირდება“.

მერიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს მიწის ნაკვეთი და შენობები აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 655 000 იყო და საბოლოოდ, შპს „იუან პროჯექტსმა“ 2 855 000 ლარად შეისყიდა. ვაჭრობის ბიჯი 40 000 ლარი იყო. აუქციონის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საყიდლად ერთმანეთთან კონკურენციაში 3 კომპანია შევიდა. გამარჯვებული, შპს „იუან პროჯექტსმა“ 15 მაისს გამოვლინდა.

კომპანიას ქონების საფასურის გადახდის ვალდებულება ორ ეტაპად აქვს – 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს თანხის 30%, ანუ დაახლოებით 856 500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა – პირველ დეკემბრამდე.

შესყიდვის პირობები მიხედვით, აქ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 2 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამ ვადაში უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, „სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადგენილი პირობის მიხედვით, დასაქმებულთა ეს თანაფარდობა უნდა შენარჩუნდეს ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წელი.

შოთა ფუტკარაძე (ფოტო მისი ფეისბუქ გვერდიდან)

კომპანია „უან პროჯექტსის“ დირექტორი შოთა ფუტკარაძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, თხილნარის თემის მაჟორიტარი.

კომპანია საჯარო რეესტრში 2024 წელის ივლისში დარეგისტრირდა. თავდაპირველად მისი ერთპიროვნული მფლობელი შოთა ფუტკარაძე იყო, რეგისტრაციიდან ორ თვეში კი მისი 50%-იანი წილის მფლობელი ლუკა გერეხელია გახდა.

შოთა ფუტკარაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2021 წლიდან. ის არაერთი კომპანიის დირექტორი და მფლობელია და ბიზნეს საქმიანობას საკრებულოში შესვლამდეც ეწეოდა. მაგალითად, მას ეკუთვნის შპს „გრანდ მაისონის“ 20%. ეს არის კომპანია, რომელმაც ააშენა საცხოვრებელი კომპლექსი „კალიგრაფ თაუერი“ ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს. კომპლექსი აშენდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2019 წელს, ბათუმის მერიის პირობიან აუქციონზე იყიდა შპს „ბონდი 2009-მ“ [შპს „გრანდ მაისონი“ ამ პროექტში ბონდი 2009-ის“ უფლებამონაცვლე იყო].

„ბონდი 2009-ის“ მეოთხედს ფლობს შოთა ფუტკარაძის მამა, ბიზნესმენი ოთარ ფუტკარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველია. 2023 წელს მას პარტიას  50 000 ლარი შესწირა. „ოცნების“ შემწირველები არიან ოთარ ფუტკარაძის ბიზნეს-პარტნიორები – ნუკრი დოლიძე და დავით დევაძეც. მეწილეების მიერ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვის პარალელურად, „ბონდი 2009“ ხშირად იღებს მაღალბიუჯეტიან  დაკვეთებს სახელმწიფოსგან.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად საჯარო მოხელეს ეკრძალება საწარმოს მართვა, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას აქვს უფლება ფლობდეს წილს, თუმცა არ აქვს უფლება იყოს კერძო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, შპს-ს დირექტორი. ასეთი საქმიანობის უფლება მას მაშინაც და დღესაც ეკრძალება.

რუსეთში თანამდებობის პირმა თავისსავე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო, ჩიტაში ოჯახის დღე აღნიშნეს 

ჩიტაში კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირმა მის მიერვე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხები წერენ.

8 ივლისს, ჩიტაში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე გაუმართიათ, სადაც მონაწილეებს შორის გათამაშდა Lada Granta. ეს გათამაშება იმით დასრულდა, რომ მანქანა კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლაი გურულევმა მოიგო.

თავდაპირველად, თანამშრომლის მიერ ავტომანქანის მოგების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომაც გაავრცელა.

„გათამაშების ყველა მონაწილის მსგავსად, ისიც მოქმედებდა დადგენილი წესების შესაბამისად: მან ბილეთი ჩვეულებრივი წესით წარადგინა და არანაირი პრივილეგია არ ჰქონდა, როდესაც გამარჯვებული ლატარიის აპარატის გამოყენებით გამოვლინდა. მეორე დღეს გამარჯვებულმა პირადად მომმართა ახალი გათამაშების ჩატარების შეთავაზებით. ის მზადაა, მანქანა ახალ მფლობელებს გადასცეს“, – განმარტავენ სამინისტროში.

მას შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმეორებითი გათამაშების ჩატარების პირობა დადო. ტრანსბაიკალის კულტურის მინისტრმა, ალენა იაჩმენევამ, იმის პირობაც დადო, რომ  მომავალ წელს ორგანიზატორებს ლატარიაში მონაწილეობა აეკრძალებათ.

„ექიმები საზღვრების გარეშე“: რუსეთი განზრახ ესხმის თავს საავადმყოფოებს უკრაინაში

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებს განზრახ ბომბავს.

დღეს,  13 ივლისს, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო პერსონალზე თავდასხმები „მიზნობრივი სტრატეგიის“ ნაწილია.

„ეს დარტყმები სისტემატური, ძალიან ხშირი და ძალიან ზუსტია, რომ შემთხვევითი იყოს“, – განაცხადა რობინ მელდრუმმა, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ კოორდინატორმა უკრაინაში.

ორგანიზაციის ანგარიშის – „განკურნებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არსებობს“ – თანახმად, 2022 წლის აპრილიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში რუსეთი უკრაინაში 20-ზე მეტ საავადმყოფოს დაესხა თავს, რომელსაც „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მხარს უჭერდა.

ოთხი საავადმყოფო, სადაც ორგანიზაცია მუშაობდა, განადგურდა და შვიდი სასწრაფო დახმარების განყოფილება დაიხურა. დარჩენილი დაწესებულებების უმეტესობა ამჟამად „კრიტიკულად არასაკმარისად არის დაკომპლექტებული“.

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები; რუსეთზე გავლენის მქონე სახელმწიფოებს – გამოიყენონ ეს ვალდებულება ჯანდაცვაზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნით და გაეროს უშიშროების საბჭომ სათანადოდ გამოიძიოს და საჯაროდ დაგმოს ჯანდაცვაზე თავდასხმები, როგორც 2286 რეზოლუციისადმი ერთგულების დემონსტრირების საშუალება.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

„სახანძრო და სასწრაფოც ვეღარ შემოვა“ – ბათუმში მოქალაქეები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმში, 26 მაისის #70-ში, მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 13 ივლისს.

აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას კომპანია „გეო 2020“ გეგმავს. ადგილზეა პოლიციაც, რომელსაც მოქალაქეების თქმით, სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა. მოქალაქეების თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა მერიისგან უკვე მიღებული აქვს. ახალი, 26-სართულიანი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს.

„ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი არის ამ ახალი მშენებლობის გვერდით. ისე ახლოსაა, აქ რომ მშენებლობა დაიწყება, შესაძლოა ჩვენი კორპუსი დაიშალოს. საფრთხეს უქმნის ეს მშენებლობა ჩვენს საცხოვრებელს.

მარტო ჩვენსას არა, აი, გვერდით რომ კორპუსია, იმასაც საფრთხეს უქმნის, დაბზარულია უკვე შენობა და შესაძლოა ჩამოინგრეს“, – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

„ვინ მაძლევს გარანტიას, რომ ჩემი სახლი არ დაზიანდება? მოვიდეს მშენებელი და დაგვიწეროს, რომ თუ რაიმე დაინგრევა, პასუხი აგოს და მიხედოს საქმეს. გადავყევი ჩემ ბინას, 5 წელია ვაკეთებ და ახლა უნდათ, რომ დამიზიანონ“, – ამბობს შოთა ცინცაძე.

მოსახლეობა ეზოში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სადაც მშენებელმა პოლიცია გამოიძახაკორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი მშენებლობით, საჭიროების შემთხვევაში ეზოში სახანძროც ვერ შევა, რაც სერიოზული პრობლემაა.

„17 მეტრო აქვთ ეზოს ნაწილი მითვისებული. ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოდიან და გვიმცირებენ. სამშენებლო ღობის ფარგლებში მიაქვთ ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, შემდეგაც მიითვისებენ. ჩვენ ვდავობთ სასამართლოშიც, ვეუბნებით კომპანიას, რომ სერვიტუტით დაგვიმტკიცონ ეს ადგილი და შემდეგ გააგრძელონ მუშაობა. 110 ოჯახი ცხოვრობს ამ ეზოში“, – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.

კიდევ ერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წერილი გაგზავნილი აქვთ ზურაბ პატარაძესთანაც და ელოდებიან პასუხს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალი მშენებლობა ისე ხერგავს ეზოში შესასვლელს, რომ ვერც სახანძროს შეიყვან, ვერც სასწრაფოს და ვერც ავტომობილს.

„ვერც მშენებლობის პროცესში შემოვა და ვერც მერე, რადგან გადმოაქვს საზღვარი და ცენტრალური შემოსასვლელი ვიწროვდება, რომელიც საერთოა ყველასთვის“, – ამბობს მოქალაქე.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს შესყიდული. „თუკი რაიმე არასწორად მაქვს ნაყიდი, დამიმტკიცონ სასამართლოში. მე მერიაში შევიტანე პროექტი, ამიტომ მიმართონ მერიას – გეოლოგიური დასკვნაც, არქიტექტურულიც და ავიღე მშენებლობის ნებართვა. დანარჩენი გაარკვიონ. თუ გინდათ მედავეთ“, – უთხრა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს.

მოქალაქეების თქმით, ბათუმის მერია მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს.

Kobakhidze Does Not Rule Out Refusing to Invite OSCE/ODIHR Election Observers for the 2028 Parliamentary Elections

Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze has not ruled out the possibility that the government may choose not to invite an OSCE/ODIHR election observation mission to monitor the 2028 parliamentary elections.

Asked whether the government would invite the mission, Kobakhidze said the decision would only be made in 2028.

“I can’t tell you anything about that today. The elections are still a long way off. They will be held on 28 October 2028, and decisions on inviting election observation missions are usually made at the beginning of the election year. Therefore, I would advise everyone to wait until 2028,” Kobakhidze said.

When asked whether this meant that Georgian Dream does not rule out not inviting an OSCE/ODIHR mission at all, Kobakhidze replied that “the decision could go either way,” adding that since it will be made in 2028 rather than today, “naturally, we cannot rule anything out.”

The remarks came during a press briefing on 13 July, convened by Kobakhidze to criticize a resolutionUpholding Election Integrity and Fundamental Freedoms in Georgia – adopted by the OSCE Parliamentary Assembly that was critical of developments in Georgia. During the briefing, he reiterated the ruling Georgian Dream party’s conspiracy theory about the so-called “deep state,” claiming it is working against the party founded by oligarch Bidzina Ivanishvili and linking the OSCE resolution to those alleged efforts.

“Like other European institutions operating under informal oligarchic influence, the OSCE has now also been openly drawn into a process aimed at changing the government in Georgia through unjust and disgraceful accusations, sanctions, and other instruments of pressure and blackmail, replacing it with agents obedient to the ‘deep state’,” Kobakhidze said.

Kobakhidze was also asked how the government intended to continue cooperating with the OSCE following the adoption of the critical resolution.

“Cooperation with the OSCE will continue. However, the quality of that cooperation will depend on how the OSCE Parliamentary Assembly conducts its work going forward — whether it remains at Joe Wilson’s level or rises above Joe Wilson’s level,” Kobakhidze said.

OSCE/ODIHR is the principal international election observation mission for OSCE participating states, including Georgia.

The organization did not observe Georgia’s 2025 local elections after the Georgian Dream government initially failed to invite the mission and, following mounting criticism, extended an invitation only four weeks before election day. OSCE/ODIHR had previously stated that, under normal circumstances, it should receive an invitation four to six months in advance. The organization ultimately announced that the invitation came too late to prepare and deploy a full observation mission and therefore did not monitor the elections.


Cover Photo: Irakli Kobakhidze voted in Georgia’s parliamentary elections, October 26, 2024; screenshot from video by party propagandist Imedi TV

ზოგან მოსალოდნელია სეტყვა – 14-16 ივლისს საქართველოში გაავდრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში: ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსს მიაღწევს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელია.

დრონები მოსკოვში, ხანძარი სტავროპოლის ქარხანაში და შეტევა ოდესაზე – ომის ქრონიკა დღეს

13 ივლისს, გამთენიიდან, რუსული და უკრიანული მედიები დრონების თავდასხმებზე წერენ როგორ რუსეთში, ისე – უკრაინაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთში 342 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ რუსეთის 123 დრონის გაუვნებელყოფა შეძლეს.

ოფიციალური ცნობების თანახმად, მოსკოვის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა დრონების თავდასხმის შედეგად და 5 დაიჭრა.

მოსკოვის დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა ფრენები შეზღუდეს.

13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა ასევე შეუტიეს რუსეთის რამდენიმე რეგიონს. დრონების თავდასხმის შედეგად სტავროპოლში მდებარე ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

13 ივლისის დილას კი რუსულმა დრონებმა ოდესას შეუტია. უკრაინული წყაროების ცნობით, დარტყმის სამიზნე სატრანსპორტო კომპანია იყო. შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსებსა და მსუბუქ ავტომობილებს და დაზიანდა ახლოს მდებარე სახლები და სანატორიუმის შენობა.

სტატია განახლდება. 

___________

ფოტოზე: ხანძარი ოდესაში, 13 ივლისი. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო აქვეყნებს.

უწყება აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს და სინჯები საანალიზოდ სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

„კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას“ – წერს სააგენტო.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 420 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 125 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 931 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 45 865 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 929 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 489 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 405 693 ერთეული [+1 734]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 894 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 119 532 ერთეული [+494]
  • სპეცტექნიკა – 4 412 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 896 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დრონები მოსკოვში, ხანძარი სტავროპოლის ქარხანაში და შეტევა ოდესაზე – ომის ქრონიკა დღეს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ირანი გადავიდა გლობალურ შანტაჟზე, სანამ გასდის და ვიდრე ტრამპი გაჭედილია“ – ინტერვიუ ირანისტთან

„ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობაო, მოვთხოვეთ კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდითო, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნაო,“ – გვიყვება ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ირანში გააქტიურებულ საომარ მოქმედებებზე ვესაუბრეთ.

ირანისტის დაკვირვებით, ირანის ხელისუფლებაში ერთი ფრთა აშშ-თან დიალოგის მომხრეა, მეორე – ომის გაგრძელებას ითხოვს. ვასილ ღლონტის აზრით, არც ის გამორიცხული, ირანი ხელოვნურად აჩენდეს ასეთ დაჯგუფებებს და ამ ვითარებაში ირანის პრეზიდენტი, მაგალითად, ამბობდეს, რომ ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს „რადიკალებმა დაარტყეს“.

„ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ამერიკაც გაიჭედა: ვის ელაპარაკოს? ყალიბაფის და ფეზეშქიანს ელაპარაკოს, თუ მეორე ძალას?

ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი გაგრძელდება. შეიძლება, დროებით, გარკვეულ მომენტში დაკონსერვდეს, გაიყინოს, შეჩერდეს, მაგრამ ამას არ ექნება მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. ფაქტობრივად, არასტაბილურობის სარტყელი ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში. კონფლიქტები იქნება და იქნება, რაღაც გაიყინება და ხელახლა განახლდება. ამის დასასრული ჯერჯერობით არ ჩანს, მე ვერ ვხედავ,“ – ამბობს ირანისტი.

„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ირანისტია, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.

  • ბატონო ვასილ, მას შემდეგ, რაც ირანელებმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტეს და ერთ-ერთ გემს დაარტყეს, დღეს აშშ-მ ირანს ისევ შეუტია. რა ხდება თქვენი ინფორმაციით? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ომის განახლებაზე? 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ერთმანეთისგან მოშორებით, ანუ დაუსწრებლად მოაწერეს ამ  „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ ხელი. ბევრს გაუჩნდა ილუზია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა და იქნებ საომარი მოქმედებები სამუდამოდ შეწყვეტილიყო. მე ვამბობდი თქვენთან ინტერვიუებში, რომ ამის არ მჯეროდა. რაც მნიშვნელოვანი იყო: ბირთვული პროგრამის განვითარება – იქ ხელშესახები წინსვლა არ გამოიკვეთა.

  • ამბობდით, რომ ირანი დიპლომატიური სვლებით ცდილობს დროის გაყვანას. რას მიაღწია ამით ირანმა? 

ირანი ცდილობს დროის გაჭიანურებას და თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას. იგი არ აპირებს არანაირ სერიოზულ, მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას, არადა, ეს ხელშეკრულება ირანელებისათვის იყო საკმაოდ მომგებიანი. იყო ისეთი პუნქტები: 24 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების გალღობა და ირანისთვის გადაცემა, ასევე, დონალდ ტრამპმა 300-მილიარდიანი ფონდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, ირანში ინფრასტრუქტურას აღვადგენთო.

ირანმა რატომღაც იფიქრა, რომ ამერიკა თავის ჭკუაზე გადაიყვანა და დათმობები აიძულა. რაც მნიშვნელოვანი იყო: ბირთვული პროგრამის განვითარება – იქ ხელშესახები წინსვლა არ გამოიკვეთა.

60 დღე უნდა ყოფილიყო ცეცხლის შეწყვეტა, 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოაწერეს ხელი, ამ დროს ერთ თვეში დაირღვა. 8 ივლისს მხარეებმა ერთმანეთის დაბომბვა დაიწყეს.

ვასილ ღლონტი
  • რა არის ცნობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე? ირანელებმა დაარტყეს კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს. მანამდე ირანელებმა თქვეს, რომ აშშ-მ მათ ახალი სანქციები დაუწესა და ეს უსამართლოა… 

ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობა. მოვთხოვეთო კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდით, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნა და მწყობრიდან გამოგვეყვანა ეს გემიო.

დეტალურად დადგენა რთულია, ვინ იყო ამ გემზე, მაგრამ ფაქტია, რომ ირანმა ჰორმუზის გასასვლელი ბერმუდის სამკუთხედად აქცია, სადაც გემის გასვლა, მშვიდობიანი ცურვა გამორიცხულია: ვერ გაიგებ, ვინ რას იზამს.

ამერიკულ წყაროში ისიც კი ვნახე, ფეზეშქიანმა [ირანის პრეზიდენტი] ამერიკულ მხარეს განუცხადა: ეს გემები რადიკალებმა დაბომბესო. ირანში შეიძლება არის ხალხი, რომელიც არ ეთანხმება ფეზეშქიანის პოზიციას, რაც სინამდვილეში არ არის გამორიცხული.

„გუშაგთა კორპუსშიც“ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. მაგალითად, „გუშაგთა კორპუსის“ გენერალია იგივე ახლანდელი პარლამენტის, ანუ მეჯლისის თავმჯდომარე, ირანის მთავარი მომლაპარაკებელი – მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი. ყალიბაფის გუნდის წევრებმა გააჟღერეს: ყველა არ ეთანხმება ყალიბაფის ამერიკასთან ურთიერთობის ფორმატსო.

იკვეთება, რომ ირანში არიან რადიკალები, რომლებიც ამერიკასა და ისრაელთან ომის გაგრძელებას აანონსებენ და საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრეები არიან. ეს ის ხალხია, რომლებსაც ახლობლები დაუხოცეს. მოგეხსენებათ, ისრაელმა და ამერიკამ „გუშაგთა კორპუსის“ ბევრი მაღალჩინოსანი გაუყენა იმ ქვეყანას.

ყალიბაფი ცდილობს დიალოგამდე მიიყვანოს საქმე. იკვეთება, რომ ფეზეშქიანი და ყალიბაფი ერთ მხარეს არიან, მეორე მხარეს კი „გუშაგთა კორპუსის“ ის ფენა, რომელსაც აიათოლების გარკვეული კატეგორია მხარს უჭერს და ამერიკასთან დიალოგის მომხრე არ არის.

თავის დროზე, მასუდ ფეზეშქიანი როცა გახდა ირანის პრეზიდენტი, მას ყალიბაფმა დაუჭირა მხარი. ესენი დიდი ხნის მეგობრები არიან – ფეზეშქიანი და ყალიბაფი.

აი, ასეთი სურათი იკვეთება და ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ამერიკაც გაიჭედა: ვის ელაპარაკოს? ყალიბაფის და ფეზეშქიანს ელაპარაკოს, თუ მეორე ძალას?

  • ამის მიუხედავად, მოლაპარაკება გრძელდება. რა რესურსი რჩება აშშ-ს და ირანს, რომ ახალი შეთანხმება შედგეს? 

დღეს ტრამპი გამოვიდა და განაცხადა, ესენი სულელები არიანო. პირდაპირ ეს ტერმინი გამოიყენა, მე ისეთი კარგი პაკეტი შევთავაზე მოლაპარაკებებზე და ყველაფერს ფეხი ჰკრესო.

დღეს ამერიკამ დაბომბა ირანის რამდენიმე სამხედრო ბაზა. თავის მხრივ, ირანელებმა დაბომბეს ამერიკის სამხედრო ბაზები ომანში, ქუვეითში, ბაჰრეინში. ფაქტობრივად, საკმაოდ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ხელახლა.

ტრამპი ამბობს, მე მაინც მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თან ერთხელ თქვა, ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო, მერე მოაყოლა: ბოლოს მაინც დიალოგია საჭიროო.

ვფიქრობ, ირანის ახლანდელ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი სერიოზულად პრობლემაა. ირანელები რეალურ კომპრომისზე არ მიდიან, დროის გაჭიანურების პოლიტიკას აქტიურად იყენებენ. საბოლოოდ გადის დრო და ხვდები, რომ ირანული მხარე რაღაცას გატყუებს.

  • ეს ორი ბანაკი ირანის ხელისუფლებაში არ არის პრობლემა თავად ირანისთვის? 

ერთია, რომ ეს მართლა ეგრე ჩამოყალიბდა, რომ აი, ორი ძალა გამოიკვეთა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ეს სპეციალურად გააკეთა ირანულმა მხარემ: იყოს ძალა, რომელიც დიალოგზე მიდის.

ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი გაგრძელდება. შეიძლება, დროებით, გარკვეულ მომენტში დაკონსერვდეს, გაიყინოს, შეჩერდეს, მაგრამ ამას არ ექნება მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. ფაქტობრივად, არასტაბილურობის სარტყელი ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში. ამის საბოლოო დასრულება, ჯერჯერობით არ ჩანს, მე ვერ ვხედავ.

  • ხომ არ იზრდება იმის ალბათობა, რომ ამერიკა უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაზე გადავიდეს, რომ ეს კონფლიქტი ამოიწუროს? 

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ტრამპი მაგისთვის არ არის მზად. სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ირანის წინააღმდეგ არ არის სპეცოპერაციის ჩატარება იგივე ვენესუელაში – ვენესუელა ზეპირად აქვთ ამერიკელებს შესწავლილი. ირანი საერთოდ სხვა სამყაროა, სხვა ცივილიზაცია, სხვა კულტურა, რელიგიური ფანატიკოსებით დასახლებული, ხალხმრავალი ქვეყანა. თუ ნახეთ ხამენეის გასვენება, რამდენი ხალხი იყო გამოსული – თითოეულთან მოუწევს ამ შემთხვევაში ამერიკას ბრძოლა.

ტრამპს ახლა სახმელეთო ოპერაციის ჩატარების ეშინია, თუმცა მაინც შეეცდება, რომ ირანი ცოტა დააშინოს. ვფიქრობ, ტრამპი გააგრძელებს საჰაერო დაბომბვებს და ამას კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის, რომ იქნებ დაითანხმოს რამენაირად ირანი და კომპრომისზე წამოიყვანოს. ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებმა ირანელები იოლად დაითანხმონ.

ისრაელი მაქსიმალურად ცდილობს ირანის პრობლემა სამუდამოდ გადაწყვიტოს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჯერ ეს ომი და არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში შენარჩუნდება.

  • ამ ვითარებაში ლოგიკურია მოლოდინი, რომ ამერიკა შეინარჩუნებს, გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას? 

ტრამპი მართავს მსოფლიოში უდიდეს, ყველაზე დიდი ეკონომიკისა და ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალის ქვეყანას – აშშ მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფოა. ჩემი აზრით, ტრამპი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ რაც არ უნდა დიდი პოტენციალი გქონდეს, ყველა ფრონტზე ვერ იბრძოლებ. ამ რეალობაში ტრამპიც გაჭედილია: აქეთ რუსეთს ეომოს, იქეთ – ირანს.

ტრამპმა ჯერ სამხედრო კოლეჯი დაამთავრა და შემდეგ წავიდა ბიზნესში. ის სამხედრო ტიპაჟია და ამავდროულად, სარგებლის მაძიებელი კაცია – ყველაფერში ფინანსურ სარგებელს ეძებს. მგონია, ტრამპი მაქსიმალურად ეცდება, ნაკლები ზარალის და ნაკლები ხარჯის ფონზე სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკის და ფინანსების სფეროებში.

  • ამ ეტაპზე როგორ გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ომს – ისევ გაიზრდება, მაგალითად, საწვავის ფასი? 

ფასები გაძვირდება, რა თქმა უნდა, ბენზინზე. ეს გამოიწვევს სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას გლობალური მასშტაბით. ეს ბევრ ქვეყანაში გამოიწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას. კონფლიქტი უშუალოდ აისახება მსოფლიოს დიდ ფინანსურ ინსტიტუტებზე.

ჰორმუზის გასასვლელი არის ირანისათვის ბერკეტი დაატეროროს მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა და ზოგადად ცივილიზებული სამყარო.

კიდევ ერთი სიახლეა: ირანმა ამ ყველაფერს ახლა მიაბა ბაბ-ელ-მანდების სრუტე, იემენთან, რომელსაც ირანელები აკონტროლებენ. ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ფაქტობრივად, სუეცის არხის მიმართულება თუ ჩაკეტა ანსარულაჰმა ირანის წაქეზებით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს მსოფლიოს გლობალურ კრიზისს: მეორე წერტილი გაჩნდება, რომელიც ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს მსოფლიო გლობალურ ეკონომიკაზე და ფინანსურ ინსტიტუციურ საქმიანობაზე.

ფაქტობრივად, ირანი გადავიდა გლობალურ შანტაჟზე, სანამ გასდის და ვიდრე ტრამპი გაჭედილია.

ბულვარში ჯიხური 81 ათას ლარად გასხვისდა, პლაჟები კი აუქციონზე ისევ გაიტანეს – ამჯერად ფასდაკლებით

ადგილების გადანაწილება ბათუმის ბულვარში ჯერ არ დასრულებულა. გარდა იმისა, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით გამოიტანა ადგილები, რომლებიც ვერ გასხვისეს, ზოგიერთ კომერციულ ობიექტზე 3 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებებიც გააფორმა.

მაგალითად, 3 წლის ვადით გაუსხვისებია ჯიხური ძველი ბულვარის ტერიტორიაზე გამაგრილებელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ. საწყისი ფასი 12 000 ლარი იყო, ელექტრონულ ვაჭრობაზე ფასი 81 840 ლარამდე გაიზარდა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია თავდადებულის ქუჩის გასწვრივ პლაჟზე 841 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს საიჯარო წესით ასხვისებს. ეს ადგილი განმეორებით აუქციონზე ფასდაკლებით გამოიტანეს და ამჯერად საწყისი ფასი 35 145 ლარია, წინა შემთხვევაში 50 208 ლარად ჰქონდათ გატანილი.

ვაჭრობის ბიჯი 1054 ლარია.

აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა სრული საიჯარო პერიოდის – 2026 წლის 01 ნოემბრამდე საფასურია.

მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.

ტერიტორიის იჯარით გადაცემის შემდეგ, მოიჯარეს უფლება ეძლევა განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა – შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი, სადაც ერთი ერთეული შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ერთეული ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.

გამარჯვების შემთხვევაში მოიჯარე ასევე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები [საბბორდები].

აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადეს და 13 ივლისს უნდა დასრულდეს.

იგივე პირობებით ბულვარის ადმინისტრაცია განმეორებითი აუქციონით ასხვისებს ასევე 2 მიწის ნაკვეთს, ჯამში 700 კვ მეტრს მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ. ქონების საწყისი ფასი 29 194 ლარია, წინა შემთხვევაში ეს ქონება გასასხვისებლად საწყისი ფასით 41 706 ლარად გაიტანეს.

ფასდაკლებით ასხვისებენ ასევე 1000 კვ.მეტრს არდაგანის ტბის გასწვრივ, მოცეკვავე შადრევნების წინ, ეს ქონება პირველ შემთხვევაში 26 380 ლარად ჰქონდათ გატანილი, ამჯერად საწყისი ფასი 18 566 ლარია, პირობები იგივეა.

საწყისი ფასით 55 049 ლარად ასხვისებენ ასევე 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, 26 მაისის ქუჩის გასწვრივ 931 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი კი 29 194 ლარია.

მახინჯაურში ათეულობით მცირე ზომის მიწის ნაკვეთი გაიტანეს აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად. მათი უმეტესობა იმის გამო ჩაშალა, რომ ინტერესი არავის გამოხატია. აქ განმეორებითი აუქციონები ჯერ არ გამოუცხადებიათ. იგივე შეიძლება ითქვას გონიოსთან დაკავშირებითაც, ათეულობით აუქციონი არ შედგა, თუმცა აქ ათეულობით ადგილი გასხვისდა კიდეც.

1,7 მილიონი ლარი ხულოში მერიის და სხვა ადმინისტრაციული შენობების ფასადებისთვის

ხულოში მერიის და დაბის ცენტრში მდებარე სხვა ადმინისტრაციული შენობების ფასადებისთვის 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში „დაბა ხულოში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სკვერების მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა 1 770 873 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები ეტაპობრივად 2026 და 2027 წელში უნდა ჩატარდეს, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება „2026 წელში შეასრულოს არანაკლებ მერიის ადმინისტრაციული შენობის და სოციალური და განათლების სამსახურების ადმინისტრაციული შენობის, როგორც დემონტაჟების, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები სრულად“.

პროექტში, რომელიც ტენდერს ახლავს, აღნიშნულია, რომ სამუშაოები ჩატარდება შემდეგ შენობებზე: მერიის ადმინისტრაციული შენობა, ხულოს დრამატული თეატრი, სოციალური და განათლების სამსახურების ადმინისტრაციული შენობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა და ხულოს კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის შენობა.

შენობებზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები [პროექტის მიხედვით]:

„მერიის ადმინისტრაციის შენობა – პროექტი ითვალისწინებს შენობის ცენტრალური კიბისა და შშმ პირის პანდუსის სრულ რეაბილიტაციას. მოპირკეთება მოხდება ბუნებრივი ბაზალტის დახერხილი ქვით. იგივე ქვით მოპირკეთდება ცოკოლი ცენტრალურ ნაწილზე. მოხდება ნალესის დაზიანებული ადგილების აღდგენა-რეაბილიტაცია.

შენობის ცენტრალური ნაწილის მოპირკეთება გადაწყვეტილია ვენტილირებადი საფასადე პანელებით. გათვალისწინებულია მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩანაცვლება ალუმინის ანოდირებული იზოპროფილის კარ-ფანჯრით. ასევე მოხდება სახურავის ფენილის სრული რეაბილიტაცია.

ხულოს დრამატული თეატრი – მოხდება შენობის ცოკოლის მოპირკეთება ბუნებრივი ბაზალტის ქვის დახერხილი ფილებით შენობის მთელს პერიმეტრზე. ნალესის დაზიანებული ადგილების აღდგენა რეაბილიტაცია. ოთხივე ფასადის სამღებრო სამუშაოები. ცენტრალური ფასადის მხრიდან არსებული კარები შეიცვლება ინდივიდუალურად ჭედური ლითონის კარებით.

ფასადის მხრიდან მოეწყობა ჭედური ლითონის მოაჯირი. შენობის მთელ პერიმეტრზე მოხდება მეტალპლასტმასის ფანჯრის ჩანაცვლება ალუმინის ანოდირებული იზოპროფილის ფანჯრებით. ასევე მოხდება სახურავის ფენილის სრული რეაბილიტაცია.

სოციალური და განათლების სამსახურების ადმინისტრაციული შენობა – ვინაიდან შენობა წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს მისი რესტავრაცია მოხდება მინიმალური ჩარევით.

არსებული ცენტრალური კიბე რეაბილიტირდება – მოპირკეთდება ბუნებრივი ბაზალტის დახერხილი ქვით, იგივე ქვით მოხდება ცოკოლის მოწყობა მთელ პერიმეტრზე. კიბის ცალ მხარეს მოეწყობა შშმ პირთათვის ასაწევი ლიფტი. ოთხივე ფასადზე მოხდება დაზიანებული ნალესის აღდგენა რესტავრაცია.

გათვალისწინებული იქნება ფასადის სრული სამღებრო სამუშაოები, ცენტრალური შესასვლელი კარი კი ჩანაცვლდება ინდივიდუალური ჭედური ლითონის კარით, ხოლო შენობის მთელ პერიმეტრზე მეტალპლასტმასის ფანჯრები ჩანაცვლდება ალუმინის ანოდირებული იზოპროფილის ფანჯრებით. ასევე მოხდება სახურავის ფენილის სრული რეაბილიტაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა – მუზეუმის მხრიდან კიბის რეაბილიტაცია-მოპირკეთება ბუნებრივი ბაზალტის დახერხილი ქვით, იგივე ქვით მოხდება ცოკოლის მოწყობა მთელ პერიმეტრზე. ოთხივე ფასადზე მოხდება დაზიანებული ნალესის აღდგენა რესტავრაცია, შეღებვა;

შენობის მთელ პერიმეტრზე მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრები ჩანაცვლდება ალუმინის ანოდირებული იზოპროფილის კარ-ფანჯრებთ. ასევე მოხდება სახურავის ფენილის სრული რეაბილიტაცია.

ხულოს კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის შენობა – პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური შესასვლელის კიბისა და საჩეხის რეკონსტრუქციას. კიბისა და ცოკოლის მოპირკეთება მოხდება დახერხილი ბაზალტის ბუნებრივი ქვით. ოთხივე ფასადზე მოხდება დაზიანებული ნალესის აღდგენა რესტავრაცია, შეღებვა. შენობის მთელ პერიმეტრზე მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრები ჩანაცვლდება ალუმინის ანოირებული იზოპროფილის კარ-ფანჯრებით.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.

რაც შეეხება დაბა ხულოს ცენტრში [აღნიშნული შენობების მიმდებარედ] არსებულ სკვერებს, მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდა.

შენობები ხულოში რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერები პროექტიდან / 1 – ხულოს მერიის ადმინისტრაციული შენობა. 2 – ხულოს დრამატული თეატრი. 3 – სოციალური და განათლების სამსახურების ადმინისტრაციული შენობა. 4 – ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა. 5 – კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა.

 

 

ბათუმში გაზი 39 ქუჩაზე ითიშება 5 დღით – მერიამ ხიდზე სამუშაოები ზღვის სეზონს დაამთხვია

ხვალ, 13 ივლისს, გაზი 5 დღით გაითიშება ბათუმში, ზუსტად 39 ქუჩაზე და კიდევ 3 სოფელში, რომელიც ბათუმის საზღვრებშია. მიზეზი გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ხიდის ასაშენებლად გაზსადენის მილების გადატანა გახდა საჭირო. ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტში მილების გადატანას გაზაფხულის დასრულების შემდეგ – ზაფხულის შუა სეზონზე იწყება.

ბათუმის მერია გაზის გათიშვაზე ინფორმაციას ავრცელებს: „ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის…“

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება 17 854 აბონენტს, თუმცა კომპანია „სოკარის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ 10 ივლისს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაზი ბათუმში არ ექნება 19 037 აბონენტს.

რაც შეეხება ხიდს, რომლის მშენებლობასაც უკავშირდება გაზსადენი მილების გადატანა:

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. ამ მონაკვეთზე ავტომანქანით გადადგილება უკვე წელიწადზე მეტია შეზღუდულია.

ხიდი ბათუმში ნიჟარაძის ქუჩაზე – ფოტო გადაღებულია 2026 წლის 12 ივლისს

ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 მილიონ 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Serviceთან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა.

„ბათუმელები“ ამ ხიდის მშენებლობაზე 2026 წლის თებერვალში წერდა. მაშინ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტეს, რომ სამუშაოების ვერდაწყების მიზეზი ხიდის ორივე მხარეს გამავალი გაზსადენი მილებია, რომელთა გადატანაც აუცილებელია.

„სოკარ ჯორჯია გაზიდან“ მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, მილსადენის გადატანის სამუშაოები გაზაფხულის სეზონზე დაიგეგმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ხიდის სამშენებლო პროცესის დაწყება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის დასრულების ვადა შესაბამისად გადაიწევს,“ – უპასუხეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში 2026 წლის 11 თებერვალს.

ირკვევა, რომ გაზის მილები არც გაზაფხულზე გადაუტანიათ და ამ სამუშაოების შესრულება იწყება ხვალ, 13 ივლისს.

რამ შეუშალა ხელი გაზის მილების გაზაფხულზე გადატანას? – „ბათუმელებმა“ ამჯერად ამის გარკვევა სცადა.

კომპანია, რომელმაც ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შეასრულოს, „Construction Service“-ია. ამ კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2026 წლის  9 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ 8 ივნისს ბათუმის მერიისთვის კომპანიას უთხოვია: სამუშაოს დასრულების ვადა ამჯერად 2026 წლის 30 სექტემბრამდე გადაგვივადეთო.

მხარეთა შორის 2026 წლის 8 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაში აღნიშნულია:

„კომუნიკაციების მფლობელმა [შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“] უკვე შეასრულა პირველადი სამუშაოები მილსადენების მიწიდან გაშიშვლების კუთხით. მიმწოდებლის მიერ დამუშავდა და მხარეებს შორის თანხმდება ახალი პროექტი, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე მიმწოდებლის მხრიდან არ არის წარმოდგენილი ახალი საპროექტო გადაწყვეტის შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ დაწყებულა,“ – ვკითხულობთ შეთანხმებაში.

„მიმწოდებელი“ კომპანია „Construction Service“-ია. გამოდის, რომ „სოკარს“ არ შეეძლო გაზის მილების გადატანა. „ახალი საპროექტო გადაწყვეტის“ გარეშე.

  • ამავე შეთანხმებით ირკვევა ისიც, რომ კომპანიას ისე დაუწყია ხიდზე მუშაობა, რომ შემდეგ აღმოუჩენია, ხიდთან გაზის მილები რომ გადიოდა:

„აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების ეტაპზევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, კერძოდ, ხიდის საპროექტო არეალში აღმოჩნდა მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციები [ელექტროენერგია, გაზი, ინტერნეტი, სასმელი წყალი და წყალარინების ქსელი], მათ შორის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „დელტა გაზის“ საკუთრებაში არსებული მაღალი წნევის გაზსადენები.

ზამთრის პერიოდში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის მიზანშეუწონლობის გამო, კომუნიკაციების დემონტაჟი და გადატანა შეუძლებელი გახდა. აღნიშნული ფორსმაჟორული ხასიათის გარემოებების გამო, 2026 წლის 13 თებერვლის №1 მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 09 ივნისის ჩათვლით. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ადგილზე დამატებით ჩატარებული კვლევებისა და გეოდეზიური აზომვების შედეგად, ასევე კომუნიკაციების მფლობელებთან გამართული ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა ახალი საპროექტო გადაწყვეტის შემუშავების აუცილებლობა,“ – აღნიშნულია შეთანხმებაში.

გაზსადენის მილები, რომელიც ხიდის რეაბილიტაციით დაკავებულმა კომპანიამ სამუშაოების დაწყების შემდეგ აღმოაჩინა

რამ შეუშალა რეალურად ხელი გაზის მილების გადატანას? რა „ახალ საპროექტო გადაწყვეტაზე“ საუბრობს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია? ვინ აფინანსებს მილების გადატანას, როცა ირკვევა, რომ კომპანიას სამუშაოები ისე დაუწყია, რომ არ იცოდა, იქ მაღალი წნევის გაზსადენი რომ გადიოდა? – შეკითხვებით მივმართეთ კომპანია „Construction Service“-ს. აქ გვიპასუხეს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე წერილობით უნდა მივმართეთ. კომპანიას შეკითხვა გავუგზავნეთ და მიღების შემთხვევაში, მას აქვე გაგაცნობთ.

რაც შეეხება მერიას. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ „ხიდის მილების ჩამოსხმა უკვე მიმდინარეობს და ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობის დაწყება შესაძლებელია.

„სოკარი 13-დან 17-მდე გადაიტანს ამ მილებს, ჩვენ განვახორციელებთ ხიდის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას. დემონტაჟი მანამდე არ განხორციელებულა იმიტომ, რომ ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებოდნენ,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესცენტრში.

რამ შეუშალა ხელი გაზაფხულზე მილების გადატანას, როგორც ეს იყო დადგეგმილი და რატომ დაემთხვა სამუშაო ტურისტულ სეზონს? – ბათუმის მერიის პრესცენტრში ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

ხიდი ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე – 2026 წლის 12 ივლისი

—————-

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფგორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და უბნებში:• ჯავახიშვილის ქუჩა-პუშკინის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე;
• ლერმონტოვის ქუჩა-ჩაიკოვსკის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის №141-ის ჩათვლით;
• ბაგრატიონის ქუჩა №156-მდე;
• სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა;
• მელიქიშვილის ქუჩა-ბაგრატიონის ქუჩიდან შესახვევებით;
• დავით გურამიშვილის ქუჩა;
• სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №56-დან მთისძირის ქუჩამდე;
• გონიოს ქუჩა;
• მამია ვარშანიძის პირველი შესახვევი;
• ქობულეთის ქუჩა;
• ქედის ქუჩა;
• ანდრონიკაშვილის ქუჩა;
• თაბუკაშვილის ქუჩა;
• შავშეთის ქუჩა;
• აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი;
• ბერიძის ქუჩა, თავისი შესახვევებით;
• ბესიკის ქუჩა;
• ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
• გიორგი სააკაძის ქუჩა;
• სულაბერიძის ქუჩა;
• იმედაშვილის ქუჩა;
• სვიშევსკის ქუჩა;
• მაიაკოვსკის ქუჩა;
• გიორგი წერეთლის ქუჩა;
• ვლადიმერ ვოლსკის ქუჩა;
• ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა;
• გოგიტიძის ქუჩა;
• დადიანის ქუჩა;
• სოხუმის ქუჩა;
• სერგი მესხის ქუჩა;
• პუშკინის ქუჩა ლერმონტოვის ქუჩამდე;
• გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;
• დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
• ვაჟა-ფშაველას ქუჩა ნაწილობრივ;
• 26 მაისის ქუჩა ნაწილობრივ;
• მამია კომახიძის ქუჩა;
• გრიბოედოვის ქუჩა ნაწილობრივ;
• ლადო ასათიანის ქუჩა;
• მთისძირის ქუჩა თავდადებულის ქუჩამდე;
• სოფელი ფერია;
• სოფელი მნათობი;
• სოფელი სალიბაური.

მთავარი ფოტო: ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე

___

ამ თემაზე:

ბათუმში 19 ათას აბონენტს 5 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება

არჩევანი ღმერთსა და კრემლს შორის – ესტონეთი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს

„ესტონეთი მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს ღმერთსა და კრემლს შორის არჩევანის გასაკეთებლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სტატია ეხმიანება ესტონეთის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ესტონეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ შეიძლება ჰქონდეთ ადმინისტრაციული ან სხვა, დაქვემდებარებული კავშირები საზღვარგარეთ მდებარე რელიგიურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ამართლებენ ან მხარს უჭერენ ომს, აგრესიას ან ტერორიზმს და საფრთხეს უქმნიან ესტონეთის უსაფრთხოებას.

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთანაა დაკავშირებული, ექვსთვიანი ვადა მისცა ახალი მიტროპოლიტის დასანიშნად და რუსეთის პატრიარქ კირილთან კავშირის გასაწყვეტად.

სტატიაში ნათქვამია, რომ ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა რელიგიურ გაერთიანებას წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ მათ ექვსი თვე აქვთ, რათა თავიანთი საქმიანობა ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია რელიგიური გაერთიანების დაშლის პროცესი დაიწყოს.

შს სამინისტროს განცხადების საპასუხოდ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა დანიელმა მოკლე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეკლესია გეგმავს გარკვევას, თუ როგორ განხორციელდება ახალი კანონი და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ წარმართოს საეკლესიო ცხოვრება.

სტატიის თანახმად, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ილმო აუმ განაცხადა, რომ ესტონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველ რიგში ახალი მიტროპოლიტი უნდა დანიშნოს, ვინაიდან კანონმდებლობაში ცვლილების თანახმად არცერთი სასულიერო პირი ან ეკლესიის მმართველი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ბინადრობის ნებართვა არ გაუგრძელდა, ესტონეთის ეკლესიის წინამძღოლს, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტ ევგენის კი  ესტონეთის დატოვება 2024 წლის დასაწყისში მოუწია მას შემდეგ, რაც ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურმა დაასკვნა, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ტალინისა და ესტონეთის მიტროპოლიტი ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეა.

სპეციალისტების თქმით, საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან ესტონეთის ეკლესიის მოქმედი წესების მიხედვით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკუთარი ხელმოწერით უნდა დაამტკიცოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კრების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ყოველწლიური ანგარიში, ბიუჯეტი და საეკლესიო ადმინისტრაციის წევრების არჩევა.

„აქაურმა მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, ვის ემსახურება: ღმერთს თუ კრემლსა და მოსკოვის პატრიარქს“, — ციტირებს ესტონური მედია შს სამინისტროს მრჩეველს, ილმო აუს. 

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ საკუთარი წესდების გარდა, ესტონეთის ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს პატრიარქ ალექსი II-ის მიერ 1993 წელს გამოცემული ტომოსით. სწორედ ეს საეკლესიო დოკუმენტი განსაზღვრავს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებელ უფლებებს და მის ადგილს მოსკოვის საპატრიარქოს იერარქიაში. მაგალითად, ტომოსშია გაწერილი, რომ ესტონეთის ეკლესიის მეთაურის, მიტროპოლიტის კანდიდატურას წარადგენს და ამტკიცებს მოსკოვის პატრიარქი.

სპეციალისტების თქმით, ეს პროცესი რთული იქნება და ექვი თვის შემდეგ, 2026 წლის ზამთარში გამოიწვევს სამართლებრივ დავებს, სადაც სასამართლოს მოუწევს გადაწყვეტა, რეალურად გაწყვიტა თუ არა ესტონეთის ეკლესიამ კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ტარტუს უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიის ასოცირებული პროფესორი, პრიიტ როჰტმეტსმი მიიჩნევს, რომ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია სავარაუდოდ შეეცდება საკუთარ წესდებაში მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის შემცირებას, თუმცა რამდენად შეძლებს ამის სრულყოფილად გაკეთებას, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის 21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20  – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 14 და 15 ივლისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

ბათუმში 2 ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმში, 13 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის და კლარა ცეტკინის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა უკავშირება „ქვაფენილიანი საფარის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს“.

ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 6 432 351 ლარით. ხელშეკრულება კი, ტენდერში გამარჯვებულ ბონდი-2009-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა 5 649 994 ლარზე.

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 419 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 120 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 928 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 45 807 ერთეული [+53]
  • MLRS – 1 928 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 485 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 403 959 ერთეული [+2 034]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 883 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 119 038 ერთეული [+428]
  • სპეცტექნიკა – 4 407 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 889 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა

დღეს, 11 ივლისს, 21 წლის აზერბაიჯანელი ქალის – ფატიმა კარიმოვას მკვლელობაში ბრალდებულ ნათესავი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 30 წლის ემინ ელიევმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ გაგუდა 21 წლის ფატიმა კარიმოვა, რომლის ბიძაშვილიცაა.

„ბათუმელებმა“ გადახედა კვირის განმავლობაში გავრცელებულ სიახლეებს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულს ასახავს. ჩვენ კვირის განმავლობაში ასევე ვაგროვებდით მონაცემებს პროცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. ამ მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე კვირის 5 სამუშაო დღეში განიხილეს:

» ყაჩაღობის 3 საქმე;

» ქურდობის 11 საქმე;

» ძარცვის 1 საქმე;

» გაუპატიურების 2 საქმე;

» მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის 5 საქმე;

» „ქურდული სამყაროს“ წევრობის – 2 საქმე.

ყაჩაღობის ერთ-ერთი საქმე ასეთია: ბრალდებულებმა ბათუმში მყოფი ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღეს: ღამის საათებში, კობალაძის ქუჩაზე, ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, შემდეგ კი, სასიგნალო და ხმოვანი პისტოლეტები შუბლზე მიადეს და დაემუქრნენ, ფული უნდა მოგვცეო. ავტომანქანაში მყოფმა დაზარალებულმა თავის მეგობარ სთხოვა 1000 ლარის ჩარიცხვა, შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული ბანკომატთან გადმოსვეს, თანხის მიღების შემდეგ კი, ინდოელი სტუდენტი გაუშვეს.

ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

» პარასკევს – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა გაუპატიურების საქმე, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმე. ამ დღეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველთან განიხილებოდა ქურდობის შემთხვევა, ასევე „გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ“. პარასკევს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა მკვლელობის მცდელობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის საქმე.

» ხუთშაბათს – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა იმ პოლიციელის საქმე განიხილა, რომელმაც გამოძიების ვერსიით ბათუმში, სუპერმარკეტი დააყაჩაღა. „ქურდული სამყაროს“ საქმე ამ დღესაც განიხილებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ეს ის საქმეა ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 72 პირი ერთდროულად რომ დააკავეს სპეცოპერაციით. ამ დღეს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა მკვლელობის მცდელობის საქმე, ასევე ძარცვა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი, ქურდობის 2 საქმე.

» ოთხშაბათს – მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა გაუპატიურების საქმე, ასევე დაყაჩაღების საქმე – ხუთივე ბრალდებული სკოლის მოსწავლეა. ამ დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა ქურდობის შემთხვევა, სადაც ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოა. იმავე მოსამართლემ ოთხშაბათს მკვლელობის მცდელობის საქმეც განიხილა. ოთხშაბათს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავდა „პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეს“.

» სამშაბათს – მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავდა მკვლელობის მცდელობის შემთხვევას, სადაც ბრალდებული არასრულწლოვანია, ასევე ქურდობის საქმეს, მოსამართლე ლევან ყოლბაიასთან კი, იყო ოჯახში ძალადობის საქმე განიხილებოდა.

» ორშაბათს – მხოლოდ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა განიხილა ქურდობის 3 სხვადასხვა საქმე. ამავე დღეს ქურდობის ერთი შემთხვევა ნინო სახელაშვილმა განიხილა, კიდევ ერთი – ლევან ყოლბაიამ. მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ დღეს ჰქონდა ძარცვის საქმეც, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი კი, ამ დღეს ინდოელი სტუდენტის დაყაჩაღების საქმის განხილვით დაკავდა.

არ ჩათვალოთ, რომ მოსამართლეები მხოლოდ სისხლის სამართლის ამ საქმეების განხილვით იყვნენ მიმდინარე კვირას დაკავებულები. მოსამართლეების გადატვირთულობის შესახებ დეტალური მონაცემები და არსებული მდგომარეობის ანალიზი, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახლა გადავხედოთ კრიმინალურ ამბებს, რაზეც „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გასულ კვირას წერდა, მათ შორის, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით:

11 ივლისი – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ელექტრონული სამაჯური შეაბეს, თანამდებობა დატოვა. მას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ, 4 ივლისს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა. „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი – სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალის თქმით, იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუმცა ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

თელავში არასრულწლოვანი დაჭრეს, ფიზიკურად იძალადეს მისი ოჯახის წევრზეც.

10 ივლისი – თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

9 ივლისი – 8 წელი მიუსაჯეს ორ პირს, რომელთაც მიწის ნაკვეთი მიითვისეს.

8 ივლისი – შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავესკანონიერ ქურდ“ ბესიკ ჯაფარიძესთან კავშირში მყოფი 29 პირი.

7 ივლისი –  შსს-მ გავრცელა სტატისტიკური მონაცემი, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეებში საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს.

6 ივლისი – ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ დღეს ასევე დააკავეს პირი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც, შსს-ს ცნობით,  თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

მაღალი კონკურენცია საპირფარეშობისთვის ბულვარში

ელექტრონულ აუქციონებზე დაფიქსირებული კონკურენციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საპირფარეშო ბულვარში ერთ-ერთი სერიოზული შემოსავლის წყარო უნდა იყოს.

ბულვარის ადმინისტრაციამ 17.28 კვ.მეტრი საზოგადოებრივ საპირფარეშო ანბანის კოშკთან 309-ე ბიჯით გაასხვისა სამი წლით. ბიჯი 234 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობაში ორი კონკურენტი მონაწილეობდა და ფასი 7800 ლარიდან 80 000 ლარამდე  გაიზარდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, საპირფარეშოს სარგებლობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს.

კიდევ ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო, 121 კვ.მეტრზე განთავსებული 54.57 კვ.მეტრი შენობა 2026 წლის აპრილში ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე 6000 ლარად გაიტანა და 16 080 ლარად გაასხვისა. სარგებლობის ვადა ამ შემთხვევაშიც 3 წელია.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებული საპირფარეშო კი სამჯერ გაიტანეს აუქციონზე, რომ გაესხვისებინათ და მესამე ცდაზე 20 440 ლარად გაასხვისეს 3 წლის ვადით.

რაც შეეხება 80 000 ლარად გასხვისებულ საპირფარეშოს ბულვარში – აუქციონის პირობები გამარჯვებულს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას 7 სამუშაო დღის ვადაში ავალდებულებდა.

გამარჯვებული ინდირა სალაძე საჯარო რეესტრში მოიჯარედ უკვე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება გააფორმეს.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში კი უზრუნველყოს საპირფარეშოს ამოქმედება [საპირფარეშო მოქმედია].

მოიჯარე ასევე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად, უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება, საპირფარეშოს უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, ასევე ჰიგიენურ საშუალებებითა [საპონი, ხელსახოცი, ქაღალდი] და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ინვენტარი, დაზიანების შემთხვევაში, არაუმეტეს 5  დღის ვადაში უნდა აღადგინოს.

მოიჯარე ვალდებულია საპირფარეშოს ფუნქციონირების საათები შეათანხმოს სსიპ „ბათუმის ბულვართან“,  ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, „ბათუმის ბულვართან“ წინასწარი თანხმობის გარეშე.

მასვე ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის [მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი)] განთავსება, საპირფარეშოს მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტების განთავსება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 77 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოზე ელექტრონული აუქციონი 4 მაისს გამოაცხადა, ხოლო გამარჯვებული 11 მაისს გამოვლინდა.

ევროსაბჭოს კომისარი მესამე მხარედ ჩაერთო ე.წ. FARA-ს შესახებ სტრასბურგის საქმეში

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 11 ივლისს ავრცელებს.

კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის განხილვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროსაბჭოს კომისარს 2026 წლის 3 ივლისს მიუმართავს. სტრასბურგის სასამართლომ კომისრის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით. კომისრის თანახმად, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ საქმის წარმოება სტრასბურგის სასამართლოში საიამ დაიწყო 2025 წელს 6 მომჩივნის სახელით. მოსარჩელეები დავობენ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს აღნიშნული კანონი – უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი [ქართული FARA] სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
კერძოდ, საჩივარში საია აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

„ხაზგასასმელია, რომ კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმეში, რომელიც ეხება რუსულ კანონს. ამ საქმის ფარგლებში ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში კომისარმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ „უცხოეთის გავლენის გამჭირვალობის კანონზე”, არამედ სხვა კანონებზეც, მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზეც“ (FARA).

კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აიძულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“ ანდა „უცხოური პრინციპალის აგენტები“.

კომისრის შეფასებით, ეს ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით.

კომისრის თანახმად, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან – მათ შორის, მათი წარმოჩენით „სახელმწიფოს მტრებად“ (ან ქართველი ხალხის მტრებად) და მათი დაფინანსების წყაროებზე მუდმივი აპელირებით, როგორც დაბრკოლებაზე, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ საზოგადოებაში მიუკერძოებელი დამკვირვებლის (უშუალოდ სადარაჯო/საზედამხედველო ორგანიზაციის – watchdog) როლის შესრულებას,“ – აღნიშნავს საია.

ევროპულმა სასამართლომ კომისარს პოზიციის წარსადგენად ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.

___

ამ თემაზე:

„ეს ფარა კი არა, ახალი რუსული კანონია“- იურისტი

„დასანანია“ – ჰერჩინსკის თქმით, საქართველო აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც EU-ში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბათუმში ევროპის დღეების ღონისძიებას მასპინძლობს, სასტუმრო „ჰილტონში“ შეკრებილ არც თუ ისე მცირე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ელჩმა ჰერჩინსკიმ ქართულად ისაუბრა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო აღარაა იმ ქვეყნებს შორს, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე „წინ და წინ მიიწევენ“.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ… შავი ზღვის მარგალიტი ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ვინ თუ არა თქვენ ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი.

ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია.

მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც,  ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ ევროკავშირის გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის.

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.

30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენს გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად უცვლელია ჩვენი წესებიც: ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.

ახლა კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო წინ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის საელჩოს განცხადებით, წლევანდელი ევროპის დღეები ევროპულ გამოგონებებს ეძღვნება.

მკვლელობაში ბრალდებული ბათუმის აეროპორტში დააკავეს

თბილისში 27 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 11 ივლისს შსს ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

„ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 417 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 490. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 116 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 24 922 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 45 754 ერთეული [+74]
  • MLRS – 1 924 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 485 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 401 925 ერთეული [+1 294]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 868 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 118 610 ერთეული [+361]
  • სპეცტექნიკა – 4 402 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 887 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„არ გამოვრიცხავ უკრაინამ დარტყას რუსეთის თბოელექტროსადგურებს“ – ინტერვიუ გენერალთან

 

ფრონტზე რუსების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შემცირდა – სირსკი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ხელის გაწვდენაზე კორპუსს გვიშენებენ, ჩვენს სახლზე ბზარები გაჩნდა“ – ოჯახი, სადაც 9 ადამიანი ცხოვრობს

„მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა და მძიმე ტექნიკა ამოქმედდა, ჩვენს სახლში გაჩნდა ახალი ბზარები, სამუშაოების დროს სახლი საგრძნობლად ზანზარებს… მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ გამოკვლევა არ ჩატარებულა,“ – ამბობს მოქალაქე მარიამ გოგუაძე „ბათუმელებთან“.

მისი ოჯახი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს ორსართულიან სახლში, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ წინ აშენდა.

ამ სახლის ფანჯრიდან ხელის გაწვდენაზეა სამშენებლო მოედანი, სადაც წლების წინ ბარაკები იყო, ახლა კი, სამშენებლო მოედანია: მძიმე ტექნიკა მუშაობს და 12-სართულიანი, ახალი კორპუსი შენდება.

მარიამ გოგუაძემ გვაჩვენა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2026 წლის 23 აპრილს მომზადდა და სადაც აღნიშნულია: „სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და მისი არსებული სახით ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“

„ამ სახლში ცხოვრობს 9 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. ერთ-ერთ ოთახში, სადაც კედლებსა და ჭერზე უკვე ბზარებია, 10 წლის ბავშვს სძინავს და არსებული მდგომარეობის გამო საკუთარ ოთახში დაძინებისაც კი ეშინია,“ – ამბობს მარიამ გოგუაძე. მისი მტკიცებით, სახლს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა ამ კუთხით: ბზარები გოგუაძეების სახლში გამოიწვია ახალმა მშენებლობამ?

მოქალაქე მარიამ გოგუაძე სასამართლოში ბათუმის მერიას უჩივის და სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვს. მოქალაქე ამბობს, რომ მეზობლად კორპუსის აშენების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მერიას არ უნდა გაეცა ნებართვა მშენებლობის მომიჯნავე სახლების შესაბამისი, მათ შორის, გეოლოგიური კვლევის გარეშე.

„ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2022 წლის 27 მაისის Nბ14.142214710 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც მოქალაქეებმა სასამართლოს მიმართეს ბათუმის მერიის წინააღმდეგ.

საქმე უკვე დაეწერა მოსამართლე მარიანა ფომაევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. სამშენებლო კომპანია კი კორპუსს აშენებს. მოქალაქე ამბობს, რომ მერიამ დაუცველი დატოვა სახლში, სადაც ის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს, სადაც ბზარები იზრდება და ფართოვდება.

სახლის პირველი სართულზე კი, საგრძნობლად ჩაწეულია ის მხარე, სადაც 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ბზარები გოგუაძეების სახლში

მარიამ გოგუაძის თქმით, ახალი კორპუსის აშენებაზე საუბარი დაიწყო ჯერ კიდევ 2015 წელს, მაშინდელი გათვლებით, სამშენებლო კომპანიას გოგუაძეების და ჩანტლაძეების სახლიც უნდა დაეშალა და ეს ადგილიც გამოეყენებინა მშენებლობისთვის. გოგუაძეები ამის წინააღმდეგი არ იყვნენ, თუმცა შემდეგ პროექტიდან ეს სახლი ამოიღეს.

„2022 წელს ჩვენი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამოყენებულია 2015 წელს მომზადებული გეოლოგიური დასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შეიცვალა და წლების განმავლობაში გარემოებებიც შეიცვალა.

ახლა კიდევ ერთხელ დავუკავშირდი ახალი ბზარების თაობაზე მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე, მერიის ურბანული განვითარების სამსახურს. პასუხი ერთი აქვთ, რომ ხელმძღვანელობენ უკვე გაცემული ნებართვით. სახლი რომც დაინგრეს, უნდა მივმართოთ სასამართლოს.

მშენებლობის ნებართვის გაცემით საფრთხე ექმნება ჩემს საკუთრებაში არსებულ სახლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და გააჩნია ბზარები. ჩემი საცხოვრებელი სახლი 130 წლისაა და, ფაქტობრივად, ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტში კი, ცვლილებები ისე დამტკიცდა, რომ არ შესწავლილა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ზემოქმედების ფაქტი. ასევე, დაირღვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრები, ინსოლაციისა და ვენტილაციის პრობლემა,“ – ამბობს მარიამ გოგუაძე.

რატომ გაიცა ნებართვა შესაბამისი კვლევების გარეშე, თანაც შეღავათებით, რასაც ბარაკული ტიპის დასახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს? – „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას შეკითხვებით მიმართა, თუმცა 10 ივლისის სამუშაო დღის დასრულებამდე კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

ახალი კორპუსის მშენებლობა ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე

ახალ კორპუსს ბათუმში, იმედაშვილის ქუჩა # 25-ში კომპანია „ჯნ“ აშენებს. კომპანიის დირექტორი სულხან ტარიელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად მოქალაქემ უნდა მიმართოს საკუთარი ხარჯით ექსპერტიზას, თუ მიიჩნევს, რომ ბზარები საკუთარი კედლებზე მეზობლად მიმდინარე კორპუსების მშენებლობას უკავშირდება.

„ჩვენ რატომ უნდა დავინტერესდეთ? თუ მას აქვს ინტერესი, თვითონ უნდა დაწეროს განცხადება და მოიყვანოს ექსპერტი,“ – მიიჩნევს მშენებელი, რომელსაც ვკითხეთ შესაბამისი ექსპერტიზის მომზადებაზე. მას შევახსენეთ, რომ მისმა სამშენებლო კომპანიამ შეუკვეთა ექსპერტიზა მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე სახლთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტიზას შეკითხვა დაუსვეს სახლის ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და არა ეს: ბზარები უკავშირდება სამშენებლო პროცესს?

„როცა სადემონტაჟო სამუშაოები დავიწყეთ და შევიყვანეთ ტექნიკა სამუშაოდ, გამოითქვა პრეტენზია, რომ სახლს აქვს ვიბრაცია ტექნიკის მუშაობის დროსო, გავაჩერეთ ტექნიკის მუშაობა და სპეციალურად მოვიყვანეთ ჯგუფი, რომელმაც ხელით განაგრძო დაშლა… ზუსტად მაგ მიზეზის გამო, რომ არ ყოფილიყო უსიამოვნება მეზობელთან და არ ყოფილიყო რამე საფრთხე.

ექსპერტიზას ჩვენ მივმართეთ გოგუაძის თხოვნით. როცა დავიწყეთ სახლის დემონტაჟი, ოჯახის თხოვნით გავაკეთეთ განცხადება სამხარაულში, რომ გაგვეკეთებინა სახლის ვიზუალური დათვალიერება. შეფასდა და დაიწერა, რომ სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში… ჩვენ სანამ სადემონტაჟო სამუშაოებს დავიწყებდით, ექსპერტიზა ჩატარდა მანამდე,“ – ამბობს სულხან ტარიელაძე.

სამშენებლო კომპანიამ ექსპერტიზის ბიუროს 2025 წლის დეკემბერში მიმართა, სამუშაოები თავად კომპანიის დირექტორის თქმით, დაიწყო 2026 წლის დასაწყისში, ექსპერტიზა კი, გამოქვეყნდა 2026 წლის აპრილში.

სამშენებლო კომპანიის დირექტორს ასევე ვკითხეთ: ჩატარდა თუ არა გეოლოგიური კვლევები, ვიდრე იგი ბათუმის მერიისგან სამშენებლო ნებართვას მიიღებდა?

„გეოლოგიური კვლევა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, განახლებული უნდა იყოს… ზუსტად არ მახსოვს,“ – გვიპასუხა სულხან ტარიელაძემ.

მშენებელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გოგუაძეებთანაც ჰქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე, ასევე მიეცა კომპენსაცია ოჯახისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ ამაზე უარი მიიღო.

„ამასთან, თუ დადგებოდა ფაქტი, რომ ეს სახლი საცხოვრებლად უვარგისი იქნებოდა და დადგინდებოდა ჩვენი ბრალეულობა, ვალდებულებას ვიღებდით, აგვეშენებინა მათთვის ახალი სახლი, ამ დროს თავისთავად ქირის თანხა გაგრძელდებოდა. გვითხრეს, რომ ჩვენთვის ეს წინადადება არ არის საინტერესო. ისინი დაინტერესებული არიან იმით, რომ მათი მიწა გამოვისყიდოთ.

ჩვენ 19 ოჯახი გავიყვანეთ ქირით იმ ადგილიდან, სადაც ახლა კორპუსი შენდება. ეს ადამიანები ელოდებიან ბინებს. მშენებლობა 2028 წელს უნდა დასრულდეს,“ – გვითხრა სულხან ტარიელაძემ.

Exit mobile version