„ესტონეთი მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს ღმერთსა და კრემლს შორის არჩევანის გასაკეთებლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სტატია ეხმიანება ესტონეთის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ესტონეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ შეიძლება ჰქონდეთ ადმინისტრაციული ან სხვა, დაქვემდებარებული კავშირები საზღვარგარეთ მდებარე რელიგიურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ამართლებენ ან მხარს უჭერენ ომს, აგრესიას ან ტერორიზმს და საფრთხეს უქმნიან ესტონეთის უსაფრთხოებას.
ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთანაა დაკავშირებული, ექვსთვიანი ვადა მისცა ახალი მიტროპოლიტის დასანიშნად და რუსეთის პატრიარქ კირილთან კავშირის გასაწყვეტად.
სტატიაში ნათქვამია, რომ ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა რელიგიურ გაერთიანებას წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ მათ ექვსი თვე აქვთ, რათა თავიანთი საქმიანობა ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია რელიგიური გაერთიანების დაშლის პროცესი დაიწყოს.
შს სამინისტროს განცხადების საპასუხოდ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა დანიელმა მოკლე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეკლესია გეგმავს გარკვევას, თუ როგორ განხორციელდება ახალი კანონი და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ წარმართოს საეკლესიო ცხოვრება.
სტატიის თანახმად, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ილმო აუმ განაცხადა, რომ ესტონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველ რიგში ახალი მიტროპოლიტი უნდა დანიშნოს, ვინაიდან კანონმდებლობაში ცვლილების თანახმად არცერთი სასულიერო პირი ან ეკლესიის მმართველი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ბინადრობის ნებართვა არ გაუგრძელდა, ესტონეთის ეკლესიის წინამძღოლს, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტ ევგენის კი ესტონეთის დატოვება 2024 წლის დასაწყისში მოუწია მას შემდეგ, რაც ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურმა დაასკვნა, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ტალინისა და ესტონეთის მიტროპოლიტი ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეა.
სპეციალისტების თქმით, საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან ესტონეთის ეკლესიის მოქმედი წესების მიხედვით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკუთარი ხელმოწერით უნდა დაამტკიცოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კრების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ყოველწლიური ანგარიში, ბიუჯეტი და საეკლესიო ადმინისტრაციის წევრების არჩევა.
„აქაურმა მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, ვის ემსახურება: ღმერთს თუ კრემლსა და მოსკოვის პატრიარქს“, — ციტირებს ესტონური მედია შს სამინისტროს მრჩეველს, ილმო აუს.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ საკუთარი წესდების გარდა, ესტონეთის ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს პატრიარქ ალექსი II-ის მიერ 1993 წელს გამოცემული ტომოსით. სწორედ ეს საეკლესიო დოკუმენტი განსაზღვრავს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებელ უფლებებს და მის ადგილს მოსკოვის საპატრიარქოს იერარქიაში. მაგალითად, ტომოსშია გაწერილი, რომ ესტონეთის ეკლესიის მეთაურის, მიტროპოლიტის კანდიდატურას წარადგენს და ამტკიცებს მოსკოვის პატრიარქი.
სპეციალისტების თქმით, ეს პროცესი რთული იქნება და ექვი თვის შემდეგ, 2026 წლის ზამთარში გამოიწვევს სამართლებრივ დავებს, სადაც სასამართლოს მოუწევს გადაწყვეტა, რეალურად გაწყვიტა თუ არა ესტონეთის ეკლესიამ კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ტარტუს უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიის ასოცირებული პროფესორი, პრიიტ როჰტმეტსმი მიიჩნევს, რომ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია სავარაუდოდ შეეცდება საკუთარ წესდებაში მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის შემცირებას, თუმცა რამდენად შეძლებს ამის სრულყოფილად გაკეთებას, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.






