მთავარი,სიახლეები

„ხელის გაწვდენაზე კორპუსს გვიშენებენ, ჩვენს სახლზე ბზარები გაჩნდა“ – ოჯახი, სადაც 9 ადამიანი ცხოვრობს

10.07.2026
„ხელის გაწვდენაზე  კორპუსს გვიშენებენ, ჩვენს სახლზე ბზარები გაჩნდა“ – ოჯახი, სადაც 9 ადამიანი ცხოვრობს

„მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა და მძიმე ტექნიკა ამოქმედდა, ჩვენს სახლში გაჩნდა ახალი ბზარები, სამუშაოების დროს სახლი საგრძნობლად ზანზარებს… მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ გამოკვლევა არ ჩატარებულა,“ – ამბობს მოქალაქე მარიამ გოგუაძე „ბათუმელებთან“.

მისი ოჯახი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს ორსართულიან სახლში, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ წინ აშენდა.

ამ სახლის ფანჯრიდან ხელის გაწვდენაზეა სამშენებლო მოედანი, სადაც წლების წინ ბარაკები იყო, ახლა კი, სამშენებლო მოედანია: მძიმე ტექნიკა მუშაობს და 12-სართულიანი, ახალი კორპუსი შენდება.

მარიამ გოგუაძემ გვაჩვენა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2026 წლის 23 აპრილს მომზადდა და სადაც აღნიშნულია: „სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და მისი არსებული სახით ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია“

„ამ სახლში ცხოვრობს 9 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. ერთ-ერთ ოთახში, სადაც კედლებსა და ჭერზე უკვე ბზარებია, 10 წლის ბავშვს სძინავს და არსებული მდგომარეობის გამო საკუთარ ოთახში დაძინებისაც კი ეშინია,“ – ამბობს მარიამ გოგუაძე. მისი მტკიცებით, სახლს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა ამ კუთხით: ბზარები გოგუაძეების სახლში გამოიწვია ახალმა მშენებლობამ?

მოქალაქე მარიამ გოგუაძე სასამართლოში ბათუმის მერიას უჩივის და სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვს. მოქალაქე ამბობს, რომ მეზობლად კორპუსის აშენების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მერიას არ უნდა გაეცა ნებართვა მშენებლობის მომიჯნავე სახლების შესაბამისი, მათ შორის, გეოლოგიური კვლევის გარეშე.

„ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2022 წლის 27 მაისის Nბ14.142214710 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც მოქალაქეებმა სასამართლოს მიმართეს ბათუმის მერიის წინააღმდეგ.

საქმე უკვე დაეწერა მოსამართლე მარიანა ფომაევას ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. სამშენებლო კომპანია კი კორპუსს აშენებს. მოქალაქე ამბობს, რომ მერიამ დაუცველი დატოვა სახლში, სადაც ის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს, სადაც ბზარები იზრდება და ფართოვდება.

სახლის პირველი სართულზე კი, საგრძნობლად ჩაწეულია ის მხარე, სადაც 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ბზარები გოგუაძეების სახლში

მარიამ გოგუაძის თქმით, ახალი კორპუსის აშენებაზე საუბარი დაიწყო ჯერ კიდევ 2015 წელს, მაშინდელი გათვლებით, სამშენებლო კომპანიას გოგუაძეების და ჩანტლაძეების სახლიც უნდა დაეშალა და ეს ადგილიც გამოეყენებინა მშენებლობისთვის. გოგუაძეები ამის წინააღმდეგი არ იყვნენ, თუმცა შემდეგ პროექტიდან ეს სახლი ამოიღეს.

„2022 წელს ჩვენი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამოყენებულია 2015 წელს მომზადებული გეოლოგიური დასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შეიცვალა და წლების განმავლობაში გარემოებებიც შეიცვალა.

ახლა კიდევ ერთხელ დავუკავშირდი ახალი ბზარების თაობაზე მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე, მერიის ურბანული განვითარების სამსახურს. პასუხი ერთი აქვთ, რომ ხელმძღვანელობენ უკვე გაცემული ნებართვით. სახლი რომც დაინგრეს, უნდა მივმართოთ სასამართლოს.

მშენებლობის ნებართვის გაცემით საფრთხე ექმნება ჩემს საკუთრებაში არსებულ სახლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და გააჩნია ბზარები. ჩემი საცხოვრებელი სახლი 130 წლისაა და, ფაქტობრივად, ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტში კი, ცვლილებები ისე დამტკიცდა, რომ არ შესწავლილა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ზემოქმედების ფაქტი. ასევე, დაირღვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრები, ინსოლაციისა და ვენტილაციის პრობლემა,“ – ამბობს მარიამ გოგუაძე.

რატომ გაიცა ნებართვა შესაბამისი კვლევების გარეშე, თანაც შეღავათებით, რასაც ბარაკული ტიპის დასახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს? – „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას შეკითხვებით მიმართა, თუმცა 10 ივლისის სამუშაო დღის დასრულებამდე კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

ახალი კორპუსის მშენებლობა ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე

ახალ კორპუსს ბათუმში, იმედაშვილის ქუჩა # 25-ში კომპანია „ჯნ“ აშენებს. კომპანიის დირექტორი სულხან ტარიელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად მოქალაქემ უნდა მიმართოს საკუთარი ხარჯით ექსპერტიზას, თუ მიიჩნევს, რომ ბზარები საკუთარი კედლებზე მეზობლად მიმდინარე კორპუსების მშენებლობას უკავშირდება.

„ჩვენ რატომ უნდა დავინტერესდეთ? თუ მას აქვს ინტერესი, თვითონ უნდა დაწეროს განცხადება და მოიყვანოს ექსპერტი,“ – მიიჩნევს მშენებელი, რომელსაც ვკითხეთ შესაბამისი ექსპერტიზის მომზადებაზე. მას შევახსენეთ, რომ მისმა სამშენებლო კომპანიამ შეუკვეთა ექსპერტიზა მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე სახლთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტიზას შეკითხვა დაუსვეს სახლის ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და არა ეს: ბზარები უკავშირდება სამშენებლო პროცესს?

„როცა სადემონტაჟო სამუშაოები დავიწყეთ და შევიყვანეთ ტექნიკა სამუშაოდ, გამოითქვა პრეტენზია, რომ სახლს აქვს ვიბრაცია ტექნიკის მუშაობის დროსო, გავაჩერეთ ტექნიკის მუშაობა და სპეციალურად მოვიყვანეთ ჯგუფი, რომელმაც ხელით განაგრძო დაშლა… ზუსტად მაგ მიზეზის გამო, რომ არ ყოფილიყო უსიამოვნება მეზობელთან და არ ყოფილიყო რამე საფრთხე.

ექსპერტიზას ჩვენ მივმართეთ გოგუაძის თხოვნით. როცა დავიწყეთ სახლის დემონტაჟი, ოჯახის თხოვნით გავაკეთეთ განცხადება სამხარაულში, რომ გაგვეკეთებინა სახლის ვიზუალური დათვალიერება. შეფასდა და დაიწერა, რომ სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში… ჩვენ სანამ სადემონტაჟო სამუშაოებს დავიწყებდით, ექსპერტიზა ჩატარდა მანამდე,“ – ამბობს სულხან ტარიელაძე.

სამშენებლო კომპანიამ ექსპერტიზის ბიუროს 2025 წლის დეკემბერში მიმართა, სამუშაოები თავად კომპანიის დირექტორის თქმით, დაიწყო 2026 წლის დასაწყისში, ექსპერტიზა კი, გამოქვეყნდა 2026 წლის აპრილში.

სამშენებლო კომპანიის დირექტორს ასევე ვკითხეთ: ჩატარდა თუ არა გეოლოგიური კვლევები, ვიდრე იგი ბათუმის მერიისგან სამშენებლო ნებართვას მიიღებდა?

„გეოლოგიური კვლევა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, განახლებული უნდა იყოს… ზუსტად არ მახსოვს,“ – გვიპასუხა სულხან ტარიელაძემ.

მშენებელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გოგუაძეებთანაც ჰქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე, ასევე მიეცა კომპენსაცია ოჯახისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ ამაზე უარი მიიღო.

„ამასთან, თუ დადგებოდა ფაქტი, რომ ეს სახლი საცხოვრებლად უვარგისი იქნებოდა და დადგინდებოდა ჩვენი ბრალეულობა, ვალდებულებას ვიღებდით, აგვეშენებინა მათთვის ახალი სახლი, ამ დროს თავისთავად ქირის თანხა გაგრძელდებოდა. გვითხრეს, რომ ჩვენთვის ეს წინადადება არ არის საინტერესო. ისინი დაინტერესებული არიან იმით, რომ მათი მიწა გამოვისყიდოთ.

ჩვენ 19 ოჯახი გავიყვანეთ ქირით იმ ადგილიდან, სადაც ახლა კორპუსი შენდება. ეს ადამიანები ელოდებიან ბინებს. მშენებლობა 2028 წელს უნდა დასრულდეს,“ – გვითხრა სულხან ტარიელაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: