მთავარი,სიახლეები

ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

14.07.2026
ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით დეპარტამენტი 17 ივნისს წერდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა. სწორედ ამ მონაკვეთის გახსნით ავტობანზე მოძრაობა ჯაპანადან სუფსამდე მონაკვეთში უწყვეტად იქნება შესაძლებელი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] მიმდინარეობდა. აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.

ლესა-ხაჯალიას მონაკვეთის გახსნის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დარჩება გაუხსნელი 9,5 კილომეტრიანი მონაკვეთი [სამტრედიიდან ჯაპანამდე]. ეს მონაკვეთი გადადის მდინარე რიონზე, სადაც ხიდი ჩაინგრა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული ხიდის დასრულება დაგეგმილია 2027 წელს.

შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილ 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მომავალ, 2027 წელს [წლის პირველ ნახევარში] არის დაგეგმილი.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანი. სამტრედია-ჯაპანას მონაკვეთი გაიხსნება 2027 წელს [აღნიშნულია წითელი ფერით. ლურჯი წერტილით კი მონიშნულია ჩანგრეული ხიდი რიონზე] / ჯაპანა-ლესა – გახსნილია / ლესა-ხაჯალია – უნდა გაიხსნას უახლოეს პერიოდში [მონიშნულია ყვითელი ფერით] / ხაჯალია-გრიგოლეთი[სუფსა] – გახსნილია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიმდინარე, 2026 წელს არის დაგეგმილი ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაც. ეს მშენებარე მონაკვეთი გრიგოლეთთანაა და მდინარე სუფსას კვეთს.

განახლება: ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 18 ივლისს გაიხსნა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: