ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით.
„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – წერს მერია შესყიდვების სააგენტოს.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტი ურეკში 2026 წლის 15 ივლისს უნდა ჩატარდეს.
ოზურგეთის მერია ურეკში დიჯეი ალეკა სამუშიასაც იწვევს.
„სოფ. ნაგომარში დოღი „ოზურგეთის თასი 2026“-სა და დაბა ურეკში, ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიებების ფარგლებში გასამართ კონცერტებთან დაკავშირებით“ კი მერია დიჯეი ალეკა სამუშიას 6 ათას ლარს გადაუხდის.

ურეკი / 5.07.2026
„ურსა“ ხშირად მონაწილეობს ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
ამ ბოლოს „ურსას“ 30 ათასი ლარი გადაუხადეს ბათუმშიც – ზაფხულის სეზონის გახსნაში მონაწილეობისთვის.






