„ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობაო, მოვთხოვეთ კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდითო, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნაო,“ – გვიყვება ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ირანში გააქტიურებულ საომარ მოქმედებებზე ვესაუბრეთ.
ირანისტის დაკვირვებით, ირანის ხელისუფლებაში ერთი ფრთა აშშ-თან დიალოგის მომხრეა, მეორე – ომის გაგრძელებას ითხოვს. ვასილ ღლონტის აზრით, არც ის გამორიცხული, ირანი ხელოვნურად აჩენდეს ასეთ დაჯგუფებებს და ამ ვითარებაში ირანის პრეზიდენტი, მაგალითად, ამბობდეს, რომ ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს „რადიკალებმა დაარტყეს“.
„ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ამერიკაც გაიჭედა: ვის ელაპარაკოს? ყალიბაფის და ფეზეშქიანს ელაპარაკოს, თუ მეორე ძალას?
ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი გაგრძელდება. შეიძლება, დროებით, გარკვეულ მომენტში დაკონსერვდეს, გაიყინოს, შეჩერდეს, მაგრამ ამას არ ექნება მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. ფაქტობრივად, არასტაბილურობის სარტყელი ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში. კონფლიქტები იქნება და იქნება, რაღაც გაიყინება და ხელახლა განახლდება. ამის დასასრული ჯერჯერობით არ ჩანს, მე ვერ ვხედავ,“ – ამბობს ირანისტი.
„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ირანისტია, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.
- ბატონო ვასილ, მას შემდეგ, რაც ირანელებმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტეს და ერთ-ერთ გემს დაარტყეს, დღეს აშშ-მ ირანს ისევ შეუტია. რა ხდება თქვენი ინფორმაციით? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ომის განახლებაზე?
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ერთმანეთისგან მოშორებით, ანუ დაუსწრებლად მოაწერეს ამ „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ ხელი. ბევრს გაუჩნდა ილუზია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა და იქნებ საომარი მოქმედებები სამუდამოდ შეწყვეტილიყო. მე ვამბობდი თქვენთან ინტერვიუებში, რომ ამის არ მჯეროდა. რაც მნიშვნელოვანი იყო: ბირთვული პროგრამის განვითარება – იქ ხელშესახები წინსვლა არ გამოიკვეთა.
- ამბობდით, რომ ირანი დიპლომატიური სვლებით ცდილობს დროის გაყვანას. რას მიაღწია ამით ირანმა?
ირანი ცდილობს დროის გაჭიანურებას და თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას. იგი არ აპირებს არანაირ სერიოზულ, მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას, არადა, ეს ხელშეკრულება ირანელებისათვის იყო საკმაოდ მომგებიანი. იყო ისეთი პუნქტები: 24 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების გალღობა და ირანისთვის გადაცემა, ასევე, დონალდ ტრამპმა 300-მილიარდიანი ფონდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, ირანში ინფრასტრუქტურას აღვადგენთო.
ირანმა რატომღაც იფიქრა, რომ ამერიკა თავის ჭკუაზე გადაიყვანა და დათმობები აიძულა. რაც მნიშვნელოვანი იყო: ბირთვული პროგრამის განვითარება – იქ ხელშესახები წინსვლა არ გამოიკვეთა.
60 დღე უნდა ყოფილიყო ცეცხლის შეწყვეტა, 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოაწერეს ხელი, ამ დროს ერთ თვეში დაირღვა. 8 ივლისს მხარეებმა ერთმანეთის დაბომბვა დაიწყეს.

ვასილ ღლონტი
- რა არის ცნობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე? ირანელებმა დაარტყეს კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს. მანამდე ირანელებმა თქვეს, რომ აშშ-მ მათ ახალი სანქციები დაუწესა და ეს უსამართლოა…
ამერიკელები ამბობენ, ჩვენ იმიტომ განვაახლეთ საომარი მოქმედებები, რომ ირანმა კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაბომბეს ჰორმუზის გასასვლელის მიდამოებშიო. ირანელებმა კი, თავის მხრივ თქვეს, რომ კვიპროსული გემი დადიოდა გაურკვეველი მარშრუტით და პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა მისი მოძრაობა. მოვთხოვეთო კონტაქტი და კონტაქტზე არ გამოვიდნენ, ჰოდა, იძულებული გავხდით, რომ საომარი ცეცხლი გაგვეხსნა და მწყობრიდან გამოგვეყვანა ეს გემიო.
დეტალურად დადგენა რთულია, ვინ იყო ამ გემზე, მაგრამ ფაქტია, რომ ირანმა ჰორმუზის გასასვლელი ბერმუდის სამკუთხედად აქცია, სადაც გემის გასვლა, მშვიდობიანი ცურვა გამორიცხულია: ვერ გაიგებ, ვინ რას იზამს.
ამერიკულ წყაროში ისიც კი ვნახე, ფეზეშქიანმა [ირანის პრეზიდენტი] ამერიკულ მხარეს განუცხადა: ეს გემები რადიკალებმა დაბომბესო. ირანში შეიძლება არის ხალხი, რომელიც არ ეთანხმება ფეზეშქიანის პოზიციას, რაც სინამდვილეში არ არის გამორიცხული.
„გუშაგთა კორპუსშიც“ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. მაგალითად, „გუშაგთა კორპუსის“ გენერალია იგივე ახლანდელი პარლამენტის, ანუ მეჯლისის თავმჯდომარე, ირანის მთავარი მომლაპარაკებელი – მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი. ყალიბაფის გუნდის წევრებმა გააჟღერეს: ყველა არ ეთანხმება ყალიბაფის ამერიკასთან ურთიერთობის ფორმატსო.
იკვეთება, რომ ირანში არიან რადიკალები, რომლებიც ამერიკასა და ისრაელთან ომის გაგრძელებას აანონსებენ და საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრეები არიან. ეს ის ხალხია, რომლებსაც ახლობლები დაუხოცეს. მოგეხსენებათ, ისრაელმა და ამერიკამ „გუშაგთა კორპუსის“ ბევრი მაღალჩინოსანი გაუყენა იმ ქვეყანას.
ყალიბაფი ცდილობს დიალოგამდე მიიყვანოს საქმე. იკვეთება, რომ ფეზეშქიანი და ყალიბაფი ერთ მხარეს არიან, მეორე მხარეს კი „გუშაგთა კორპუსის“ ის ფენა, რომელსაც აიათოლების გარკვეული კატეგორია მხარს უჭერს და ამერიკასთან დიალოგის მომხრე არ არის.
თავის დროზე, მასუდ ფეზეშქიანი როცა გახდა ირანის პრეზიდენტი, მას ყალიბაფმა დაუჭირა მხარი. ესენი დიდი ხნის მეგობრები არიან – ფეზეშქიანი და ყალიბაფი.
აი, ასეთი სურათი იკვეთება და ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ამერიკაც გაიჭედა: ვის ელაპარაკოს? ყალიბაფის და ფეზეშქიანს ელაპარაკოს, თუ მეორე ძალას?
- ამის მიუხედავად, მოლაპარაკება გრძელდება. რა რესურსი რჩება აშშ-ს და ირანს, რომ ახალი შეთანხმება შედგეს?
დღეს ტრამპი გამოვიდა და განაცხადა, ესენი სულელები არიანო. პირდაპირ ეს ტერმინი გამოიყენა, მე ისეთი კარგი პაკეტი შევთავაზე მოლაპარაკებებზე და ყველაფერს ფეხი ჰკრესო.
დღეს ამერიკამ დაბომბა ირანის რამდენიმე სამხედრო ბაზა. თავის მხრივ, ირანელებმა დაბომბეს ამერიკის სამხედრო ბაზები ომანში, ქუვეითში, ბაჰრეინში. ფაქტობრივად, საკმაოდ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ხელახლა.
ტრამპი ამბობს, მე მაინც მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თან ერთხელ თქვა, ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო, მერე მოაყოლა: ბოლოს მაინც დიალოგია საჭიროო.
ვფიქრობ, ირანის ახლანდელ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი სერიოზულად პრობლემაა. ირანელები რეალურ კომპრომისზე არ მიდიან, დროის გაჭიანურების პოლიტიკას აქტიურად იყენებენ. საბოლოოდ გადის დრო და ხვდები, რომ ირანული მხარე რაღაცას გატყუებს.
- ეს ორი ბანაკი ირანის ხელისუფლებაში არ არის პრობლემა თავად ირანისთვის?
ერთია, რომ ეს მართლა ეგრე ჩამოყალიბდა, რომ აი, ორი ძალა გამოიკვეთა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ეს სპეციალურად გააკეთა ირანულმა მხარემ: იყოს ძალა, რომელიც დიალოგზე მიდის.
ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი გაგრძელდება. შეიძლება, დროებით, გარკვეულ მომენტში დაკონსერვდეს, გაიყინოს, შეჩერდეს, მაგრამ ამას არ ექნება მუდმივი და ხანგრძლივი ხასიათი. ფაქტობრივად, არასტაბილურობის სარტყელი ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში. ამის საბოლოო დასრულება, ჯერჯერობით არ ჩანს, მე ვერ ვხედავ.
- ხომ არ იზრდება იმის ალბათობა, რომ ამერიკა უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაზე გადავიდეს, რომ ეს კონფლიქტი ამოიწუროს?
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ტრამპი მაგისთვის არ არის მზად. სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ირანის წინააღმდეგ არ არის სპეცოპერაციის ჩატარება იგივე ვენესუელაში – ვენესუელა ზეპირად აქვთ ამერიკელებს შესწავლილი. ირანი საერთოდ სხვა სამყაროა, სხვა ცივილიზაცია, სხვა კულტურა, რელიგიური ფანატიკოსებით დასახლებული, ხალხმრავალი ქვეყანა. თუ ნახეთ ხამენეის გასვენება, რამდენი ხალხი იყო გამოსული – თითოეულთან მოუწევს ამ შემთხვევაში ამერიკას ბრძოლა.
ტრამპს ახლა სახმელეთო ოპერაციის ჩატარების ეშინია, თუმცა მაინც შეეცდება, რომ ირანი ცოტა დააშინოს. ვფიქრობ, ტრამპი გააგრძელებს საჰაერო დაბომბვებს და ამას კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის, რომ იქნებ დაითანხმოს რამენაირად ირანი და კომპრომისზე წამოიყვანოს. ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებმა ირანელები იოლად დაითანხმონ.
ისრაელი მაქსიმალურად ცდილობს ირანის პრობლემა სამუდამოდ გადაწყვიტოს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჯერ ეს ომი და არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში შენარჩუნდება.
- ამ ვითარებაში ლოგიკურია მოლოდინი, რომ ამერიკა შეინარჩუნებს, გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას?
ტრამპი მართავს მსოფლიოში უდიდეს, ყველაზე დიდი ეკონომიკისა და ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალის ქვეყანას – აშშ მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფოა. ჩემი აზრით, ტრამპი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ რაც არ უნდა დიდი პოტენციალი გქონდეს, ყველა ფრონტზე ვერ იბრძოლებ. ამ რეალობაში ტრამპიც გაჭედილია: აქეთ რუსეთს ეომოს, იქეთ – ირანს.
ტრამპმა ჯერ სამხედრო კოლეჯი დაამთავრა და შემდეგ წავიდა ბიზნესში. ის სამხედრო ტიპაჟია და ამავდროულად, სარგებლის მაძიებელი კაცია – ყველაფერში ფინანსურ სარგებელს ეძებს. მგონია, ტრამპი მაქსიმალურად ეცდება, ნაკლები ზარალის და ნაკლები ხარჯის ფონზე სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკის და ფინანსების სფეროებში.
- ამ ეტაპზე როგორ გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ომს – ისევ გაიზრდება, მაგალითად, საწვავის ფასი?
ფასები გაძვირდება, რა თქმა უნდა, ბენზინზე. ეს გამოიწვევს სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას გლობალური მასშტაბით. ეს ბევრ ქვეყანაში გამოიწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას. კონფლიქტი უშუალოდ აისახება მსოფლიოს დიდ ფინანსურ ინსტიტუტებზე.
ჰორმუზის გასასვლელი არის ირანისათვის ბერკეტი დაატეროროს მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა და ზოგადად ცივილიზებული სამყარო.
კიდევ ერთი სიახლეა: ირანმა ამ ყველაფერს ახლა მიაბა ბაბ-ელ-მანდების სრუტე, იემენთან, რომელსაც ირანელები აკონტროლებენ. ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ფაქტობრივად, სუეცის არხის მიმართულება თუ ჩაკეტა ანსარულაჰმა ირანის წაქეზებით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს მსოფლიოს გლობალურ კრიზისს: მეორე წერტილი გაჩნდება, რომელიც ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს მსოფლიო გლობალურ ეკონომიკაზე და ფინანსურ ინსტიტუციურ საქმიანობაზე.
ფაქტობრივად, ირანი გადავიდა გლობალურ შანტაჟზე, სანამ გასდის და ვიდრე ტრამპი გაჭედილია.






