განათლება,მთავარი,სიახლეები

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“

14.07.2026
რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“.

მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“.

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა, ქართველი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან გვიხარია, რომ უკვე პირველი წელი არ არის, რაც ქართველი ახალგაზრდები ჩვენთან ერთად არიან „მეხსიერების მატარებელში“. ის ბავშვები, რომლებმაც ეს მარშრუტი გაიარეს, კეთილი ნების ელჩები ხდებიან“, – ნათქვამია ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

„ბათუმელებმა“ რუსეთის ინტერესების სექციას ფეისბუქზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა. ვთხოვეთ ინფორმაციის დაზუსტება, რომელი საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ამ პროექტში, რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და ამ პროექტის შესახებ თუ არის ინფორმირებული საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო?

ასევე მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ ქალაქების შესახებ, სადაც ქართველი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ამ ვიზიტის ფარგლებში. რუსეთის ინტერესების სექცია ამ საკითხზე ჯერ არ გამოგვხმაურებია.

 

რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფეისბუქზე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს შეკითხვით – თუ იცის სამინისტრომ ამ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის შესახებ და თუ ინფორმაცია რეალურია, ვისი ორგანიზებით მოხდა ქართველი მოსწავლეების ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი; ასევე, რამდენი მოსწავლე გაიყვანეს და რომელი სკოლებიდან?

საქართველოს განათლების სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „აღნიშნულ პროექტში არც ერთი სკოლა არ არის ჩართული“ და ამ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას სამინისტრო არ ფლობს.

„აღნიშნულ პროექტში სამინისტროს და სკოლების  ჩართულობით ბავშვებს მონაწილეობა არ მიუღიათ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

რამდენად რეალურია რუსულ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა, მით უფრო იმ პირობებში, როცა რუსეთში უკრაინული დრონები დაფრინავენ, საწვავის კრიზისია და ბავშვების სამოგზაუროდ ხელსაყრელი პირობი არ არის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ვალერი, თქვენ ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამ რუსული ბანაკის შესახებ და რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ პირობებში, მოზარდების მშობლებს რუსეთსა და ბელარუსში შეიძლება სურდეთ შვილების გაყვანა?

ზოგადად, რუსული საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც საერთოდ რუსული პოლიტიკა, დიდწილად აგებულია ტყუილზე. თუ ადრე მეტ-ნაკლებად იცავდნენ ამ პროპორციებს და სიმართლის მარცვალზე აშენებდნენ ტყუილს, ახლა იმ ვითარების გამო, რაც რუსეთშია და რუსეთის ირგვლივ, იძულებულები არიან ეს პროპორცია უფრო და უფრო დაარღვიონ ტყუილის სასარგებლოდ.

მაგალითად, მთელმა მსოფლიომ იცის იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც შექმნილია ახლა რუსეთში ბენზინის დეფიციტის გამო, მაგრამ რუსეთის ახალ ამბებს რომ ვუყუროთ, არაფერი არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ რაღაც-რაღაც პატარა გართულებებია ადგილებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან წარმატებით ართმევს თურმე თავს.

შესაბამისად, ის ამოცანები, რომელიც რუსეთშია ჩამოყალიბებული ჰიბრიდული ომის და ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, კარგად არის ცნობილი.

მაგრამ საქართველოში ამის განხორციელების კონტექსტი საკმაოდ შეზღუდული აქვს რუსეთის ინტერესების სექციას. ამის მიუხედავად, ყველანაირად სარგებლობენ ნებისმიერი შემთხვევით ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება იცვლება დადებითისკენ, რომ ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ინტერესდებიან რუსეთში განათლების მიღებით და ასე შემდეგ.

ჩემი შეფასებით, ეს ინფორმაცია ქართველ ბავშვებთან დაკავშირებით, ისეთი ფორმით და მეთოდით არის მიწოდებული საზოგადოებისთვის – სახელების, გვარების, სკოლების დასახელების გარეშე, არც ის უწერიათ, რომელ 13 რეგიონში იმყოფებოდნენ და ასე შემდეგ, არის მანიპულაციური. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკუთარი სოფლის მეურნეობის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ ბენზინით, მოსავალს ვერ იღებენ და ამის ფონზე ჩაატარეს ეს პროგრამა?!

მარტო საქართველოდან ხომ არ იქნებოდნენ იქ ბავშვები, ძალიან დიდი პროგრამა უნდა ყოფილიყო. თანაც რუსეთის არცერთ არხზე არ შემხვედრია ინფორმაცია ამ ბანაკის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს საინფორმაციო მანიპულაციასთან.

მით უმეტეს, რომ განათლების სამინისტროს არ ადასტურებს ამ ინფორმაციას თქვენთან. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს სიცრუე.

  • რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსები ყოფილიყვნენ ჩართული და ისე წარმოაჩინეს ეს ამბავი, თითქოს ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ?

შეიძლება ასეთ იყოს, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი მკვიდრი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თუ აქ მცხოვრები ადამიანი, დღეს არსებულ პირობებში, რაც არის რუსეთში, რაც საკმაოდ სახიფათოა უკრაინული დრონების შეტევების გამო და თუნდაც 1-2%-იანი იყოს ეს რისკი, რატომ გარისკავს საკუთარი შვილის სიცოცხლით და გაუშვებს ამ არასტაბილურ ქვეყანაში თავის შვილს?

გამახსენდა ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი [არგენტინასა და ბრიტანეთს შორის] და წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს ვიღაცას არგენტინაში ბავშვების მოგზაურობა შემოეთავაზებინა. ან კოსოვოში რომ ხდებოდა რაღაც და მაშინ ადგილობრივ ადმინისტრაციას გამოეცხადებინა მსგავსი პროგრამა.

ვის მოუვა თავში და ვინ დათანხმდება სარისკო ზონაში საკუთარი შვილის გაგზავნას? – ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.

ბევრი გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ინფორმაციით მანიპულირება და პროპაგანდა.

  • რადგან საუბარია ოკუპანტ რუსეთზე უსაფრთხოების სამსახურს ხომ უნდა ჰქონდეთ ამაზე ინფორმაცია, თუ ვის გაჰყავს ბავშვები უცხო ქვეყანაში და რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება?

თეორიულად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არ იცოდეს, რადგან, როგორც ჩემი გამოცდილება მკარნახობს, არასრულწლოვანის ქვეყნიდან გასვლა დაკავშირებულია ორივე მშობლის მიერ ოფიციალურად, ნოტარიულად დადასტურებულ თანხმობასთან.

თანაც, თუ საუბარია პატარა ჯგუფზე, მაგალითად 5-7 ბავშვი გაჰყავთ, შესაძლოა ინდივიდუალურად გაიყვანოს რუსეთის ინტერესების სექციამ. მით უმეტეს, თუ ისინი არიან ეთნიკური რუსები ან დიასპორის წარმომადგენლები.

  • „ოცნების ხელისუფლება“ დასავლეთიდან დაფინანსებულ პროექტებს ებრძვის და ლამის ყველა „აგენტად“ გამოაცხადოს, ვინც დასავლეთთან თანამშრომლობს. რატომ არ აკონტროლებს რუსულ პროექტებს და დაფინანსებას?

თუ ამ ყველაფერს სისტემური სახე აქვს და დიდი ჯგუფების გაყვანაზეა საუბარი, ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების.

მაგრამ, მე მაინც პროპაგანდის ნაწილი მგონია ეს ამბავი, რადგან ეს იყო ცალკე აღებული ამბავი და სისტემატური სახე არ ჰქონია ასეთი ინფორმაციის გავრცელებას რუსული ინტერესების სექციის მხრიდან.

გვახსოვს, როგორ სთავაზობდნენ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლას, მაგრამ მას შემდეგ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, ისარგებლა თუ არა ვინმემ ამ შეთავაზებით და რამდენმა ახალგაზრდამ. თუ ისარგებლეს, მათ შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, რომ ჩვენც ვნახოთ.

ეს რომ ყოფილიყო წარმატებული პროგრამა, იტყოდნენ აუცილებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაციაც არის მანიპულაციური და გავრცელებული პროპაგანდისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: