მთავარი,სიახლეები

შსს 7,6 მილიონად და საიდუმლო წესით მანქანებს ყიდულობს

13.07.2026
შსს 7,6 მილიონად და საიდუმლო წესით მანქანებს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აგრძელებს. სამინისტრომ ასეთ შესყიდვაზე წელს 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7,6 მილიონი ლარია.

შსს-ს განცხადებებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის, თუმცა მათი დანიშნულება, ტიპი, მარკა, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები სრულად გასაიდუმლოებულია.

შსს ასეთ განცხადებებს სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე აქვეყნებს, თუმცა, ეს არ არის ასე ვთქვათ სტანდარტული, მაგალითად, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, არამედ ესაა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

განცხადებებში აღნიშნულია, რომ „პროცედურაში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე.“

ასეთ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.

პროცედურას თან ახლავს საიდუმლო შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „შესყიდვის დოკუმენტაცია შედგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების საფუძველზე.“

ამასთან, პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარადგინოს ალტერნატიული წინადადება, ხოლო განმარტებების მიღება შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში.

ყველა განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ უფლებამოსილ პირ(ებ)ს გადაეცემათ შესაბამისი მომართვის საფუძველზე.“

შსს საიდუმლო წესით არა მხოლოდ ტრანსპორტზე, არამედ სამშენებლო თუ სხვა მომსახურების შესყიდვაზეც ხშირად აქვეყნებს განცხადებებს. შესაბამისად უცნობია, სად და რას აშენებს სამინისტრო.

მაგალითად, ამ ბოლოს შსს-მ „მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების“ შესყიდვაზე განცხადება 33 772 974 ლარით გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ წინადადებების მიღებისა და მომსახურების ვადებია ცნობილი, დანარჩენი ყველაფერი გასაიდუმლოებულია. „შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა დაინტერესებულ პირს, დოკუმენტაციით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო შესყიდვებს რომ დავუბრუნდეთ:

  • 2026 წლის 20 ივლისს დასრულდება წინადადებების მიღება საიდუმლო წესით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 387 ათას 500 ლარია.
  • წინადადებების მიღება 2026 წლის 5 მარტს დამთავრდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 767 797 ლარი იყო. ამ შემთხვევაში შსს-ს ზუსტად აღნიშნული თანხით შესთავაზა მომსახურება შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“. სხვა მონაცემები შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.

შესყიდვების პორტალზე შსს-ს არათუ საიდუმლო წესით გაფორმებული ხელშეკრულებები, არამედ 2019 წლიდან საჯარო ხელშეკრულებები და გადახდილი თანხების შესახებ მონაცემებიც არ იძებნება [კონკრეტულ CMR მოდულში].

2024 წელს „ბათუმელებმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა. სააგენტომ კი იმავე წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში [CMR] გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს“.

ეს „ხანგრძლივი დროის პერიოდი“ კი მეშვიდე წელია, ანუ დღემდე გრძელდება.

  • შსს-ს 2026 წლის თებერვალში კიდევ ერთი განცხადება ჰქონდა გამოქვეყნებული 4,5 მილიონი ლარით ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო წესით შესყიდვაზე. ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 27 თებერვალს დასრულდა. მომსახურება კი შსს-ს კვლავ შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ შესთავაზა ზუსტად 4,5 მილიონ ლარად.

__

ამ საიდუმლო შესყიდვაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: