ბათუმში, 26 მაისის #70-ში, მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 13 ივლისს.
აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას კომპანია „გეო 2020“ გეგმავს. ადგილზეა პოლიციაც, რომელსაც მოქალაქეების თქმით, სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა. მოქალაქეების თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა მერიისგან უკვე მიღებული აქვს. ახალი, 26-სართულიანი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს.
„ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი არის ამ ახალი მშენებლობის გვერდით. ისე ახლოსაა, აქ რომ მშენებლობა დაიწყება, შესაძლოა ჩვენი კორპუსი დაიშალოს. საფრთხეს უქმნის ეს მშენებლობა ჩვენს საცხოვრებელს.
მარტო ჩვენსას არა, აი, გვერდით რომ კორპუსია, იმასაც საფრთხეს უქმნის, დაბზარულია უკვე შენობა და შესაძლოა ჩამოინგრეს“, – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.
„ვინ მაძლევს გარანტიას, რომ ჩემი სახლი არ დაზიანდება? მოვიდეს მშენებელი და დაგვიწეროს, რომ თუ რაიმე დაინგრევა, პასუხი აგოს და მიხედოს საქმეს. გადავყევი ჩემ ბინას, 5 წელია ვაკეთებ და ახლა უნდათ, რომ დამიზიანონ“, – ამბობს შოთა ცინცაძე.

მოსახლეობა ეზოში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სადაც მშენებელმა პოლიცია გამოიძახაკორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი მშენებლობით, საჭიროების შემთხვევაში ეზოში სახანძროც ვერ შევა, რაც სერიოზული პრობლემაა.
„17 მეტრო აქვთ ეზოს ნაწილი მითვისებული. ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოდიან და გვიმცირებენ. სამშენებლო ღობის ფარგლებში მიაქვთ ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, შემდეგაც მიითვისებენ. ჩვენ ვდავობთ სასამართლოშიც, ვეუბნებით კომპანიას, რომ სერვიტუტით დაგვიმტკიცონ ეს ადგილი და შემდეგ გააგრძელონ მუშაობა. 110 ოჯახი ცხოვრობს ამ ეზოში“, – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე.
კიდევ ერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წერილი გაგზავნილი აქვთ ზურაბ პატარაძესთანაც და ელოდებიან პასუხს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალი მშენებლობა ისე ხერგავს ეზოში შესასვლელს, რომ ვერც სახანძროს შეიყვან, ვერც სასწრაფოს და ვერც ავტომობილს.
„ვერც მშენებლობის პროცესში შემოვა და ვერც მერე, რადგან გადმოაქვს საზღვარი და ცენტრალური შემოსასვლელი ვიწროვდება, რომელიც საერთოა ყველასთვის“, – ამბობს მოქალაქე.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს შესყიდული. „თუკი რაიმე არასწორად მაქვს ნაყიდი, დამიმტკიცონ სასამართლოში. მე მერიაში შევიტანე პროექტი, ამიტომ მიმართონ მერიას – გეოლოგიური დასკვნაც, არქიტექტურულიც და ავიღე მშენებლობის ნებართვა. დანარჩენი გაარკვიონ. თუ გინდათ მედავეთ“, – უთხრა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მოქალაქეებს.
მოქალაქეების თქმით, ბათუმის მერია მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს.






