ხვალ, 13 ივლისს, გაზი 5 დღით გაითიშება ბათუმში, ზუსტად 39 ქუჩაზე და კიდევ 3 სოფელში, რომელიც ბათუმის საზღვრებშია. მიზეზი გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ხიდის ასაშენებლად გაზსადენის მილების გადატანა გახდა საჭირო. ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტში მილების გადატანას გაზაფხულის დასრულების შემდეგ – ზაფხულის შუა სეზონზე იწყება.
ბათუმის მერია გაზის გათიშვაზე ინფორმაციას ავრცელებს: „ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის…“
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება 17 854 აბონენტს, თუმცა კომპანია „სოკარის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ 10 ივლისს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაზი ბათუმში არ ექნება 19 037 აბონენტს.
რაც შეეხება ხიდს, რომლის მშენებლობასაც უკავშირდება გაზსადენი მილების გადატანა:
ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. ამ მონაკვეთზე ავტომანქანით გადადგილება უკვე წელიწადზე მეტია შეზღუდულია.

ხიდი ბათუმში ნიჟარაძის ქუჩაზე – ფოტო გადაღებულია 2026 წლის 12 ივლისს

ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 მილიონ 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა.
„ბათუმელები“ ამ ხიდის მშენებლობაზე 2026 წლის თებერვალში წერდა. მაშინ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტეს, რომ სამუშაოების ვერდაწყების მიზეზი ხიდის ორივე მხარეს გამავალი გაზსადენი მილებია, რომელთა გადატანაც აუცილებელია.
„სოკარ ჯორჯია გაზიდან“ მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, მილსადენის გადატანის სამუშაოები გაზაფხულის სეზონზე დაიგეგმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ხიდის სამშენებლო პროცესის დაწყება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის დასრულების ვადა შესაბამისად გადაიწევს,“ – უპასუხეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში 2026 წლის 11 თებერვალს.
ირკვევა, რომ გაზის მილები არც გაზაფხულზე გადაუტანიათ და ამ სამუშაოების შესრულება იწყება ხვალ, 13 ივლისს.
რამ შეუშალა ხელი გაზის მილების გაზაფხულზე გადატანას? – „ბათუმელებმა“ ამჯერად ამის გარკვევა სცადა.

კომპანია, რომელმაც ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შეასრულოს, „Construction Service“-ია. ამ კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 9 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ 8 ივნისს ბათუმის მერიისთვის კომპანიას უთხოვია: სამუშაოს დასრულების ვადა ამჯერად 2026 წლის 30 სექტემბრამდე გადაგვივადეთო.
მხარეთა შორის 2026 წლის 8 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაში აღნიშნულია:
„კომუნიკაციების მფლობელმა [შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“] უკვე შეასრულა პირველადი სამუშაოები მილსადენების მიწიდან გაშიშვლების კუთხით. მიმწოდებლის მიერ დამუშავდა და მხარეებს შორის თანხმდება ახალი პროექტი, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე მიმწოდებლის მხრიდან არ არის წარმოდგენილი ახალი საპროექტო გადაწყვეტის შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ დაწყებულა,“ – ვკითხულობთ შეთანხმებაში.
„მიმწოდებელი“ კომპანია „Construction Service“-ია. გამოდის, რომ „სოკარს“ არ შეეძლო გაზის მილების გადატანა. „ახალი საპროექტო გადაწყვეტის“ გარეშე.
- ამავე შეთანხმებით ირკვევა ისიც, რომ კომპანიას ისე დაუწყია ხიდზე მუშაობა, რომ შემდეგ აღმოუჩენია, ხიდთან გაზის მილები რომ გადიოდა:
„აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების ეტაპზევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, კერძოდ, ხიდის საპროექტო არეალში აღმოჩნდა მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციები [ელექტროენერგია, გაზი, ინტერნეტი, სასმელი წყალი და წყალარინების ქსელი], მათ შორის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „დელტა გაზის“ საკუთრებაში არსებული მაღალი წნევის გაზსადენები.
ზამთრის პერიოდში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის მიზანშეუწონლობის გამო, კომუნიკაციების დემონტაჟი და გადატანა შეუძლებელი გახდა. აღნიშნული ფორსმაჟორული ხასიათის გარემოებების გამო, 2026 წლის 13 თებერვლის №1 მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 09 ივნისის ჩათვლით. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ადგილზე დამატებით ჩატარებული კვლევებისა და გეოდეზიური აზომვების შედეგად, ასევე კომუნიკაციების მფლობელებთან გამართული ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა ახალი საპროექტო გადაწყვეტის შემუშავების აუცილებლობა,“ – აღნიშნულია შეთანხმებაში.

გაზსადენის მილები, რომელიც ხიდის რეაბილიტაციით დაკავებულმა კომპანიამ სამუშაოების დაწყების შემდეგ აღმოაჩინა
რამ შეუშალა რეალურად ხელი გაზის მილების გადატანას? რა „ახალ საპროექტო გადაწყვეტაზე“ საუბრობს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია? ვინ აფინანსებს მილების გადატანას, როცა ირკვევა, რომ კომპანიას სამუშაოები ისე დაუწყია, რომ არ იცოდა, იქ მაღალი წნევის გაზსადენი რომ გადიოდა? – შეკითხვებით მივმართეთ კომპანია „Construction Service“-ს. აქ გვიპასუხეს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე წერილობით უნდა მივმართეთ. კომპანიას შეკითხვა გავუგზავნეთ და მიღების შემთხვევაში, მას აქვე გაგაცნობთ.
რაც შეეხება მერიას. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ „ხიდის მილების ჩამოსხმა უკვე მიმდინარეობს და ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობის დაწყება შესაძლებელია.
„სოკარი 13-დან 17-მდე გადაიტანს ამ მილებს, ჩვენ განვახორციელებთ ხიდის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას. დემონტაჟი მანამდე არ განხორციელებულა იმიტომ, რომ ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებოდნენ,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესცენტრში.
რამ შეუშალა ხელი გაზაფხულზე მილების გადატანას, როგორც ეს იყო დადგეგმილი და რატომ დაემთხვა სამუშაო ტურისტულ სეზონს? – ბათუმის მერიის პრესცენტრში ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

ხიდი ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე – 2026 წლის 12 ივლისი
—————-
ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფგორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და უბნებში:• ჯავახიშვილის ქუჩა-პუშკინის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე;
• ლერმონტოვის ქუჩა-ჩაიკოვსკის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის №141-ის ჩათვლით;
• ბაგრატიონის ქუჩა №156-მდე;
• სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა;
• მელიქიშვილის ქუჩა-ბაგრატიონის ქუჩიდან შესახვევებით;
• დავით გურამიშვილის ქუჩა;
• სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №56-დან მთისძირის ქუჩამდე;
• გონიოს ქუჩა;
• მამია ვარშანიძის პირველი შესახვევი;
• ქობულეთის ქუჩა;
• ქედის ქუჩა;
• ანდრონიკაშვილის ქუჩა;
• თაბუკაშვილის ქუჩა;
• შავშეთის ქუჩა;
• აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი;
• ბერიძის ქუჩა, თავისი შესახვევებით;
• ბესიკის ქუჩა;
• ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
• გიორგი სააკაძის ქუჩა;
• სულაბერიძის ქუჩა;
• იმედაშვილის ქუჩა;
• სვიშევსკის ქუჩა;
• მაიაკოვსკის ქუჩა;
• გიორგი წერეთლის ქუჩა;
• ვლადიმერ ვოლსკის ქუჩა;
• ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა;
• გოგიტიძის ქუჩა;
• დადიანის ქუჩა;
• სოხუმის ქუჩა;
• სერგი მესხის ქუჩა;
• პუშკინის ქუჩა ლერმონტოვის ქუჩამდე;
• გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;
• დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
• ვაჟა-ფშაველას ქუჩა ნაწილობრივ;
• 26 მაისის ქუჩა ნაწილობრივ;
• მამია კომახიძის ქუჩა;
• გრიბოედოვის ქუჩა ნაწილობრივ;
• ლადო ასათიანის ქუჩა;
• მთისძირის ქუჩა თავდადებულის ქუჩამდე;
• სოფელი ფერია;
• სოფელი მნათობი;
• სოფელი სალიბაური.
მთავარი ფოტო: ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე
___
ამ თემაზე:






