მთავარი,სიახლეები

გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა

11.07.2026
გაუპატიურება, ყაჩაღობა, არასრულწლოვნების დაჭრა – კვირის კრიმინალური ქრონიკა

დღეს, 11 ივლისს, 21 წლის აზერბაიჯანელი ქალის – ფატიმა კარიმოვას მკვლელობაში ბრალდებულ ნათესავი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 30 წლის ემინ ელიევმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ გაგუდა 21 წლის ფატიმა კარიმოვა, რომლის ბიძაშვილიცაა.

„ბათუმელებმა“ გადახედა კვირის განმავლობაში გავრცელებულ სიახლეებს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულს ასახავს. ჩვენ კვირის განმავლობაში ასევე ვაგროვებდით მონაცემებს პროცესების შესახებ, რომელიც მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. ამ მონაცემების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე კვირის 5 სამუშაო დღეში განიხილეს:

» ყაჩაღობის 3 საქმე;

» ქურდობის 11 საქმე;

» ძარცვის 1 საქმე;

» გაუპატიურების 2 საქმე;

» მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის 5 საქმე;

» „ქურდული სამყაროს“ წევრობის – 2 საქმე.

ყაჩაღობის ერთ-ერთი საქმე ასეთია: ბრალდებულებმა ბათუმში მყოფი ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღეს: ღამის საათებში, კობალაძის ქუჩაზე, ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, შემდეგ კი, სასიგნალო და ხმოვანი პისტოლეტები შუბლზე მიადეს და დაემუქრნენ, ფული უნდა მოგვცეო. ავტომანქანაში მყოფმა დაზარალებულმა თავის მეგობარ სთხოვა 1000 ლარის ჩარიცხვა, შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული ბანკომატთან გადმოსვეს, თანხის მიღების შემდეგ კი, ინდოელი სტუდენტი გაუშვეს.

ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

» პარასკევს – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა გაუპატიურების საქმე, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმე. ამ დღეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველთან განიხილებოდა ქურდობის შემთხვევა, ასევე „გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ“. პარასკევს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა მკვლელობის მცდელობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის საქმე.

» ხუთშაბათს – მოსამართლე ნინო სახელაშვილმა იმ პოლიციელის საქმე განიხილა, რომელმაც გამოძიების ვერსიით ბათუმში, სუპერმარკეტი დააყაჩაღა. „ქურდული სამყაროს“ საქმე ამ დღესაც განიხილებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ეს ის საქმეა ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 72 პირი ერთდროულად რომ დააკავეს სპეცოპერაციით. ამ დღეს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა მკვლელობის მცდელობის საქმე, ასევე ძარცვა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი, ქურდობის 2 საქმე.

» ოთხშაბათს – მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა გაუპატიურების საქმე, ასევე დაყაჩაღების საქმე – ხუთივე ბრალდებული სკოლის მოსწავლეა. ამ დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა ქურდობის შემთხვევა, სადაც ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოა. იმავე მოსამართლემ ოთხშაბათს მკვლელობის მცდელობის საქმეც განიხილა. ოთხშაბათს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავდა „პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეს“.

» სამშაბათს – მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავდა მკვლელობის მცდელობის შემთხვევას, სადაც ბრალდებული არასრულწლოვანია, ასევე ქურდობის საქმეს, მოსამართლე ლევან ყოლბაიასთან კი, იყო ოჯახში ძალადობის საქმე განიხილებოდა.

» ორშაბათს – მხოლოდ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა განიხილა ქურდობის 3 სხვადასხვა საქმე. ამავე დღეს ქურდობის ერთი შემთხვევა ნინო სახელაშვილმა განიხილა, კიდევ ერთი – ლევან ყოლბაიამ. მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ დღეს ჰქონდა ძარცვის საქმეც, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი კი, ამ დღეს ინდოელი სტუდენტის დაყაჩაღების საქმის განხილვით დაკავდა.

არ ჩათვალოთ, რომ მოსამართლეები მხოლოდ სისხლის სამართლის ამ საქმეების განხილვით იყვნენ მიმდინარე კვირას დაკავებულები. მოსამართლეების გადატვირთულობის შესახებ დეტალური მონაცემები და არსებული მდგომარეობის ანალიზი, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახლა გადავხედოთ კრიმინალურ ამბებს, რაზეც „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გასულ კვირას წერდა, მათ შორის, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით:

11 ივლისი – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ელექტრონული სამაჯური შეაბეს, თანამდებობა დატოვა. მას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ, 4 ივლისს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა. „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი – სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალის თქმით, იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუმცა ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

თელავში არასრულწლოვანი დაჭრეს, ფიზიკურად იძალადეს მისი ოჯახის წევრზეც.

10 ივლისი – თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

9 ივლისი – 8 წელი მიუსაჯეს ორ პირს, რომელთაც მიწის ნაკვეთი მიითვისეს.

8 ივლისი – შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავესკანონიერ ქურდ“ ბესიკ ჯაფარიძესთან კავშირში მყოფი 29 პირი.

7 ივლისი –  შსს-მ გავრცელა სტატისტიკური მონაცემი, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეებში საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს.

6 ივლისი – ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ დღეს ასევე დააკავეს პირი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც, შსს-ს ცნობით,  თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: