მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ 2 855 000 ლარის ქონება იყიდა სახელმწიფოსგან

13.07.2026
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ 2 855 000 ლარის ქონება იყიდა სახელმწიფოსგან

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, შოთა ფუტკარძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა.

საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს.

მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი შენობის ჯამური ფართობი – 417,72 კვადრატული მეტრი. შესყიდული ქონება ბაქოს ქუჩის #29-ში, ტურისტულ არეალში, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტების მიმდებარედაა. მაგალითად, ერთ მხარეს ხელოვნური კუნძული შენდება, მეორე მხარეს კი ბათუმის პორტი და საბაგიროა, ახლოსაა ბათუმის იახტკლუბიც.

ბაქოს ქუჩა #29

ამ მისამართზე, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ისინი შენობაში თვითნებურად შესახლდნენ. 2026 წლის 7 თებერვალს, გამთენიისას, ისინი შენობიდან გამოასახლეს და დროებით, ურეხის თავშესაფარში გადაიყვანეს.

უსახლკარო ოჯახების გამოსახლებიდან ერთი თვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ოფიციალური კომუნიკაცია ბათუმის მერიასთან შენობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ედნარ ნატარიძეს წერდა, რომ „მერია არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება“.

ამავე პერიოდში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურმა ბონი-გოროდოკის სერვისცენტრი-სერვისცენტრის მენეჯერთან, ანზორ დავითაძესთან დააზუსტა, რომ „აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რაიმე შეზღუდვა (თვითნებურად დაკავება ან/და სხვა) არ ფიქსირდება“.

მერიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს მიწის ნაკვეთი და შენობები აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 655 000 იყო და საბოლოოდ, შპს „იუან პროჯექტსმა“ 2 855 000 ლარად შეისყიდა. ვაჭრობის ბიჯი 40 000 ლარი იყო. აუქციონის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საყიდლად ერთმანეთთან კონკურენციაში 3 კომპანია შევიდა. გამარჯვებული, შპს „იუან პროჯექტსმა“ 15 მაისს გამოვლინდა.

კომპანიას ქონების საფასურის გადახდის ვალდებულება ორ ეტაპად აქვს – 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს თანხის 30%, ანუ დაახლოებით 856 500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა – პირველ დეკემბრამდე.

შესყიდვის პირობები მიხედვით, აქ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 2 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამ ვადაში უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, „სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადგენილი პირობის მიხედვით, დასაქმებულთა ეს თანაფარდობა უნდა შენარჩუნდეს ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წელი.

შოთა ფუტკარაძე (ფოტო მისი ფეისბუქ გვერდიდან)

კომპანია „უან პროჯექტსის“ დირექტორი შოთა ფუტკარაძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, თხილნარის თემის მაჟორიტარი.

კომპანია საჯარო რეესტრში 2024 წელის ივლისში დარეგისტრირდა. თავდაპირველად მისი ერთპიროვნული მფლობელი შოთა ფუტკარაძე იყო, რეგისტრაციიდან ორ თვეში კი მისი 50%-იანი წილის მფლობელი ლუკა გერეხელია გახდა.

შოთა ფუტკარაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2021 წლიდან. ის არაერთი კომპანიის დირექტორი და მფლობელია და ბიზნეს საქმიანობას საკრებულოში შესვლამდეც ეწეოდა. მაგალითად, მას ეკუთვნის შპს „გრანდ მაისონის“ 20%. ეს არის კომპანია, რომელმაც ააშენა საცხოვრებელი კომპლექსი „კალიგრაფ თაუერი“ ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს. კომპლექსი აშენდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2019 წელს, ბათუმის მერიის პირობიან აუქციონზე იყიდა შპს „ბონდი 2009-მ“ [შპს „გრანდ მაისონი“ ამ პროექტში ბონდი 2009-ის“ უფლებამონაცვლე იყო].

„ბონდი 2009-ის“ მეოთხედს ფლობს შოთა ფუტკარაძის მამა, ბიზნესმენი ოთარ ფუტკარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველია. 2023 წელს მას პარტიას  50 000 ლარი შესწირა. „ოცნების“ შემწირველები არიან ოთარ ფუტკარაძის ბიზნეს-პარტნიორები – ნუკრი დოლიძე და დავით დევაძეც. მეწილეების მიერ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვის პარალელურად, „ბონდი 2009“ ხშირად იღებს მაღალბიუჯეტიან  დაკვეთებს სახელმწიფოსგან.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად საჯარო მოხელეს ეკრძალება საწარმოს მართვა, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას აქვს უფლება ფლობდეს წილს, თუმცა არ აქვს უფლება იყოს კერძო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, შპს-ს დირექტორი. ასეთი საქმიანობის უფლება მას მაშინაც და დღესაც ეკრძალება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: