მთავარი,სიახლეები

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ

09.07.2026
ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი, ტარიელ რიჟვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.

დღეს, 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ საქმეზე მოწმეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 5 მოწმე, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ, დაცვის მხარეს სადავოდ აღარ მიაჩნია. შესაბამისად, მათი დაკითხვა მოსამართლეს აღარ შეუძლია.

ბრალდებული ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„ვადასტურებ აღნიშნულ გარემოებას“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ პროკურორის სიტყვის შემდეგ. პროკურორმა მოსამართლეს განუმარტა, რატომ აღარ მოიყვანა მოწმეები დღევანდელ პროცესზე.

მსგავსი ნაბიჯი დაცვის მხარეს ხშირად იმისთვის სჭირდება, რომ საპროცესოზე უფრო მარტივად გაურიგდეს პროკურატურას, თუმცა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება ჯერჯერობით არ განიხილება.

მოწმეები, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე აღარ დაკითხეს, გამომძიებლები არიან, ასევე იმ მარკეტის დაცვის სამსახური, სადაც ყაჩაღობის ეს შემთხვევა მოხდა.

„სხვა მოწმე დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი არ გვყავს“, – უთხრა მისამართლეს პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

ბრალდებულს დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს. სხდომა გადაიდო.

„2915 ლარი გასტაცა მაღაზიის მენეჯერს, აღნიშნული თანხის დაუფლების შემდეგ მან დატოვა მარკეტის ტერიტორია… მაღაზიის მენეჯერი იყო ადგილზე, რომელსაც ხელში ეჭირა თანხა, მას ნავაჭრი თანხა უნდა გადაერიცხა კომპანიის ანგარიშზე, როდესაც ის დახლთან მივიდა, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული თანნაქონი საკანცელარიო დანის გამოყენებით ახორციელებს თავდასხმას… დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

საქმეში მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი: თმაში ხელი მოკიდა და ამ გზით წაართვა აღნიშნული თანხა. ამან გამოიწვია ტკივილი, როგორც დაზარალებული განმარტავს…“ – აღნიშნა 15 აპრილს გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ „ბათუმელებთან“ პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

___

ამ თემაზე:

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: