მთავარი,სიახლეები

როცა მოსამართლე დღეში 12 საქმეს განიხილავს, რას ასწრებს? – როგორი სასამართლო გვაქვს

10.07.2026
როცა მოსამართლე დღეში 12 საქმეს განიხილავს, რას ასწრებს? – როგორი სასამართლო გვაქვს

როგორ უნდა ჩაატაროს მოსამართლემ 11, ან 12 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 1 დღეში? ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ამ რეჟიმში მოსამართლე საქმის რეალურად გამოკვლევის და შესწავლის შემდეგ იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას?

მაგალითად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 30 ივნისს 11 საქმე განიხილა, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს კი, 3 ივლისს 12 სხდომა ჩაუტარებია… ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები: მოსამართლეები და განსაკუთრებით სისხლის სამართლის მოსამართლეები დიდი ქალაქების სასამართლოებში დღეში 10, ან უფრო მეტ საქმეს განიხილავენ.

„იქმნება აღქმა, რომ განაჩენი დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს“, – ამბობდა, მაგალითად, ადვოკატი მაია მწარიაშვილი, როცა იგი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს გაეცნო. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – განაჩენი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

„ეს უკვე მართლმსაჯულება არ არის, როცა უკვე ამას მოსამართლე დაუშვებს, როცა მოსამართლე კონვეიერულად ჩათვლის, რომ აქ არის ერთი და იგივე სამართლებრივი პრობლემა, არ სჭირდება მოსმენა, მთავარია, მე ფორმალურად ჩავატარო პროცესი, ფორმალურად მოვუსმინო ადამიანებს, რადგან დროში მოსასწრებია, ეს არ არის მართლმსაჯულება.

ამას როცა მოსამართლე აკეთებს, ის ამას აკეთებს არა როგორც მართლმსაჯულების განმხორციელებელი პირი, არამედ ჩვეულებრივი ფუნქციონერი – მიიღო დავალება, ან მთავარია დროზე მოასწროს, “ – კატეგორიულია შეფასებებში მოქმედი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.

  • ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. 

სასამართლოს გადატვირთულობაზე წლებია თავად სასამართლო კლანიც კი საუბრობს, თუმცა „ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა გადაჭრას. სისტემა მაქსიმალურად ცდილობს, ახალი მოსამართლე არ დაიმატოს და მურუსიძის კლანს მოსამართლეების მართვა არ გაურთულდეს. სისტემა არც მოსამართლეებისთვის განკუთვნილი ათეულობით ვაკანსიის შევსებას ცდილობს.

ამ მოცემულობაში თაროებზე წლობით შემოდებულია ასეულობით ადამიანის საქმე, ვინც სამართალს ეძებდა და ვისაც სწორედ სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა „ოცნება“.

თუმცა არსებობს საქმეები, სადაც სასამართლო ვადებს ვერ დაარღვევს, მაგალითად, როცა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია, მოსამართლემ 9 თვეში უნდა მიიღოს განაჩენი.

რას ასწრებს მოსამართლე, რომელიც დღეში ერთდროულად 12 საქმეს განიხილავს? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს ესაუბრა. რა ფორმულით მუშაობენ ბათუმელი მოსამართლეები ამ რეჟიმში? – ამ თემაზე საუბარი განსაკუთრებული დატვირთვის მქონე მოსამართლეებს – ნინო სახელაშვილს და ვიქტორ მეტრეველს შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც 8 სამუშაო საათში 10-12 საქმეს განიხილავენ

  • მოსამართლე: თუ ასეთ დატვირთვაზე გადავა მოსამართლე, ის უკვე გადავა საქმის ფორმალურ განხილვაზე

„დაფიქრება“ – ამ სიტყვას ახსენებს ყველაზე ხშირად მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მოსამართლეების გადატვირთულობაზე საუბრის დროს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სხდომის ჩატარება მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია იმის, რასაც მოსამართლე უნდა აკეთებდეს. თითოეულ სასამართლო სხდომამდე მოსამართლე საქმის მასალებს უნდა გაეცნოს, გაანალიზოს, სხდომაზე გაგონილს ჩანაწერებში ხელახლა მოუსმინოს და როგორც მოსამართლე გვიყვება – დაფიქრდეს.

„საქმე შეიძლება მოიცავდეს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რომ რამდენიმე დღე დაგჭირდეს ფიქრი იმისთვის, რომ მიხვიდე სწორ გადაწყვეტილებამდე… არ არის დასამალი, რომ მეც ვარღვევ საპროცესო ვადას, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია საპროცესო ვადის დაცვით განვიხილო საქმეები სამართლიანად და ობიექტურად.

როცა სხვადასხვა კატეგორიის საქმეს განიხილავ, რაც ადამიანურ ძალისხმევას აღემატება, შეუძლებელია, ის გავაკეთო… შეუძლებელია 24 საათი იმუშაო, ყველა ადამიანები ვართ, მე მთელ ძალისხმევას ვდებ იმაში, რომ არ დავუშვა შეცდომა და აღვასრულო სწორი მართლმსაჯულება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელიც მოსამართლეა თეთრიწყაროში.

იქ ბათუმთან შედარებით ნაკლები საქმეა, თუმცა ამ სასამართლოში სულ ორი მოსამართლე მუშაობს. მაგალითად, ვლადიმერ ხუჭუა ყველა კატეგორიის საქმეს განიხილავს: სისხლი, ადმინისტრაციული, სამოქალაქო. მოსამართლე, რომელიც კრიტიკულ პოზიციებს აჟღერებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანაშემწის გარეშე დატოვა.

„თანაშემწის შტატი არა გვაქვს და არის სხდომის მდივანი, რომელიც ასრულებს თანაშემწის მოვალეობას… უარი არავის უთქვამთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რეაგირება არ ხდება. არც არასდროს მყოლია თანაშემწე. არ მინდა ჩემს თავზე ვისაუბრო.

ჩვენ ვატარებთ სხდომას შაბათ-კვირასაც, თუ დაკავებულია პირი,“ – დასძინა ვლადიმერ ხუჭუამ.

ვლადიმერ ხუჭუა – მოსამართლე

ვლადიმერ ხუჭუას ვთხოვეთ მოეთხრო თავისი პრაქტიკა: რა ხდება, როცა ბევრი საქმე აქვს ერთად განსახილველი?

„ისეთი შემთხვევაც მქონია, მაგალითად, რომ ჩამინიშნავს პროცესი, ვყოფილვარ ამისთვის მომზადებული, მაგრამ რადგან ყველა კატეგორიის საქმეს განვიხილავ, უცებ შემოსულა საპატიმრო საქმე. სადაც ვადა განსაზღვრულია და აი, ვდგებოდი დილემის წინაშე… მაინც რაღაცნაირად ვახერხებთ, რომ ჩატარდეს პროცესები და მხარემ გულისტკივილი არ გამოთქვას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას აქვს თავისი ზღვარი.

მაგალითად, მე ვიხილავდი საარჩევნო დავას, ხომ? იმ დღეს, როცა 8 საათი განვიხილავდი ამ დავას, რომ შემოსულიყო საპატიმრო საქმე, მე უნდა განმეხილა.

თუ ასეთ დატვირთვაზე გადავა მოსამართლე, ის უკვე გადავა ფორმალურ განხილვაზე: მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ არ დაფიქრდება ამ ყველაფერზე.

მე ახლა აშშ-ში ვარ და შტატების ნებისმიერ მოსამართლეს რომ ჰკითხო, არ აქვს საკმარისი დრო. ეს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც შენ უკვე ფორმალურად, დაშტამპულად მიგყავს საქმეები, მართლმსაჯულებაზე უარს ამბობ, გადადიხარ ფორმატიზმზე და მართლმსაჯულებაზე უარს ამბობ, თანაც ამაზე არც არავინ გესაუბრება, ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც ვერ ხედავ, თუ მოსამართლე ხარ, ეს არ უნდა დაუშვა. თუ ამას დაუშვებ, მერე ამის პრობლემასაც ვერ დაინახავ.

ჩემი პრაქტიკა ასეთია: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მხარეთა პოზიციებს ვისმენ. არის საქმეები, სადაც თავად მხარე ამბობს, რომ გარკვეული საპროცესო მოქმედებები აქვს ჩასატარებელი და არ ჩქარობს. თუ მხარე ამას ითხოვს, რომ სურს სხდომის ჩატარება, მე აუცილებლად ვატარებ სხდომას.

ყოველთვის, როცა ვამჩნევდი, რომ უკვე იმ რაოდენობის საქმე მაქვს, რომ ეს ჩემს სამუშაო გრაფიკში ვერ ეტევა, ავიცილებდი საქმეს ამ მიზეზით და გადაეცემოდა სხვა მოსამართლეს, ნაკლებად დატვირთულს, ან სხვა რაიონულ სასამართლოს. მნიშვნელოვანია არა ვადის დარღვევა, არამედ ის, რომ სასამართლომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, სწორად წარმართოს მართლმსაჯულება.

არ ვიცი, სასამართლოებს აქვთ თუ არა ეს პრაქტიკა, რომ, მაგალითად, აიცილონ საქმე, თუმცა ესეც არაა გამოსავალი: ყველა სასამართლოში საქმეა, ყველგან პრობლემაა.

ყოველთვის იდგა ეს საკითხი, თუ რატომ არ გვარდება ეს პრობლემა. ეს საუბრები ხან აქტიურია, ხან – ნელდება. ფაქტია, რომ რა ვაკანსიებიც არსებობს, ისიც არაა შევსებული. როგორც უცხოელი დარგის სპეციალისტებისგან მაქვს ინფორმაცია, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 700-800 მოსამართლე.

ვერ იქნება მართლმსაჯულება ეფექტიანი, როცა წლების განმავლობაში არის საქმეები, სადაც სხდომა არ გახსნილა. როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არის ეფექტიანი, როცა არ ვმალავთ ამ ყველაფერს და არის ეს ფაქტები, რომ გავიდა ერთი, ორი, სამი წელი და პროცესი არ ჩანიშნულა,“ – აღნიშნა ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებთან“.

  • როგორ ასაბუთებდა ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომ მოსამართლე „მზია ამაღლობელის საქმის“ მასალებს არ გასცნობია? 

„განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, რაც მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არც გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა ან ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით,“ – ეს ჩაწერა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სააპელაციო საჩივარში, როცა მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მიღებული განაჩენი გაასაჩივრა.

მაგალითად, ვიდეო მტკიცებულებები, თავდაპირველად წინასასამართლო სხდომიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა, გასაჩივრების შემდეგ ეს ვიდეოები საქმეში დააბრუნეს, თუმცა საბოლოოდ, როცა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეს ვიდეო მტკიცებულებები უნდა შეეფასებინა დამოუკიდებლად და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მან – როგორც ამას ადვოკატები განმარტავენ – ეს ვიდეო მტკიცებულებები „საქმიდან გააქრო“.

დაცვის მხარის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო, მაგალითად, ვიდეო, სადაც ირაკლი დგებუაძე [ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელმაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეს პოსტი დატოვა] მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება.

დაცვის მხარე აპელირებდა დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებზესასამართლო მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავსრომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში აღნიშნული შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა“, – ჩაწერა განაჩენში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

„სასამართლომ ეს დაადგინა ისე, თითქოს სასამართლოსთვის არ წარგვედგინა ვიდეო მტკიცებულება #9, სადაც ვიზუალურად ჩანს, თუ როგორ მისდევს ი. დგებუაძე მ. ამაღლობელს ანგარიშსწორების მიზნით, როგორ იჭერს მას 2 პოლიციელი, რათა იქვე არ გაუსწორდეს მ. ამაღლობელს, როგორ ცდილობს ი. დგებუაძე მისწვდეს მხარში და ამავდროულად როგორ აგინებს და ემუქრება…“ – ვკითხულობთ სააპელაციო საჩივარში.

მაია მწარიაშვილი

ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სასამართლოს მიერ დაიგნორებული ვიდეო მტკიცებულებების ნამდვილობაზე პროკურორებსაც კი არ უდავიათ.

„განაჩენში სასამართლომ არსად არ მიუთითა, თუ რა მოვლენებს ასახავდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 19 ვიდეო ფაილიდან ერთ-ერთი მაინც. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სასამართლომ მხოლოდ მიუთითა 10 ვიდეო ფაილის ზომა და სახელწოდება. სასამართლომ საერთოდ გააქრო ყოველგვარი მსჯელობიდან ამ ვიდეო ფაილების შინაარსი,“ – წერია სააპელაციო საჩივარში.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე: ეს კონსტიტუციურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

„სამართლიანი სასამართლო“ – კონსტიტუციით და ევროკონვენციით დაცულ უმნიშვნელოვანეს უფლებაზე მიუთითებს იურისტი მაია კოპალეიშვილი, როცა მას ვკითხეთ მოსამართლეებზე დღეში 10 და 12 სასამართლო სხდომით. მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი.

მაია კოპალეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში შეუძლებელია მოსამართლემ საფუძვლიანად გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დგას საერთო სასამართლოების წინაშე და ეს საკითხი თავის მხრივ უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს უფლებას – კონსტიტუციურ უფლებას, იმ თვალსაზრისით, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში მოიცავს შინაარსობრივად ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიც არის საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა და ეფექტიანობა.

როდესაც აი, ამდენი საქმე აქვს მოსამართლეს და იძულებულია, დღეში რამდენიმე საქმე ჩანიშნოს, ეს რამდენიმე საქმის ჩანიშვნა დღეში ხომ იმას უკავშირდება, რომ თითოეულ მოსამართლეს ძალიან ბევრი საქმე აწერია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ კონსტიტუციურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, გონივრული ეჭვის საფუძველი ჩნდება იმისთვის, რომ რამდენად ეფექტიანია ასეთი საქმის განხილვა.

რამდენად ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოიკვლია მოსამართლემ აღნიშნული საქმე და რამდენად აქვთ მხარეებს იმის განცდა, რომ აი ეს მოსამართლე სრულყოფილად არის ჩახედული მისი საქმის ყველა ნიუანსში?“ – კითხვა აქვს მაია კოპალეიშვილს.

მაია კოპალეიშვილი

მაია კოპალეიშვილი მიუთითებს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 727 მოსამართლე. საქართველოში კი, 350-მდე მოსამართლეა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით.

ყოფილი მოსამართლე ხაზს უსვამს იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, საქართველოში 440 მოსამართლე უნდა გვყავდეს, მაგრამ სასამართლო კლანს 100-მდე ვაკანსიის შევსებაც კი, არ სურთ.

„მოსამართლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველთვის უნდა აქვეყნებდეს შესაბამის დოკუმენტებს, მაგრამ ბოლო ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დახურული აქვს ამ მიმართულებით ინფორმაცია. სადღაც ორი წლის წინანდელი კვლევის შესაბამისად შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსაზღვრული ჰქონდა მოსამართლეთა რაოდენობა – 440  საერთო სასამართლოების სისტემაში. დაახლოებით ათვისებულია 350-მდე.

შესაბამისად, ამ მოცემულობაში მოსამართლე იძულებულია, დღეში რამდენიმე საქმე ჩანიშნოს სწორედ იმიტომ, რომ ამ საქმეებზე არის ასევე ვადები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული. მოსამართლეები ცდილობენ, ეს ვადები არ დაირღვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იძლევა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ვთქვათ, ვადებში რამდენი საქმე შესრულდა სტატისტიკურად? არც ამ კუთხით ხდება ინფორმაციის განახლება და მოწოდება“, – აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.

რატომ აშინებს „ოცნებას“ ახალი მოსამართლეები? – მაია კოპალეიშვილი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან გვაქვს და ეს ბოლო პერიოდში, სინდისის პატიმრების საქმეებზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოჩნდა. პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში კი, კლანის ამოცანაა, კონტროლს ექვემდებარებოდეს მოსამართლე, რომელთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, რომ საქმე არ გართულდეს.

„ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც ვხედავთ და ეს ფაქტები ზედაპირზეა, სურვილი აქვს, ყველა მოსამართლე ემორჩილებოდეს – სისტემაში არ ჰყავდეს ისეთი მოსამართლე, რომელიც შეეწინააღმდეგება „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დადგენილ მოთხოვნებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმესთან მიმართებით.

მათი მიზანია, უფრო ნაკლები იყოს მოსამართლეების რაოდენობა. როგორც ჩანს, ასე მოსამართლეთა მართვა უფრო უადვილდება სისტემას,“ – გვიყვება მაია კოპალეიშვილი და მოსამართლე ნინო გიორგაძის შემთხვევას გვახსენებს, რომელმაც სისტემა გააკრიტიკა და გამოსაცდელი, სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უვადო მოსამართლედ 2023 წელს აღარ გაამწესეს.

„ეს მიანიშნებს, რომ მათ ისინი შერჩევის დროს მთავარ კრიტერიუმად იღებენ, რამდენად ლოიალურია ესა თუ ის პირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. მათ არ აინტერესებთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, კვალიფიციური მოსამართლეები, არამედ აინტერესებთ მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური იდეის გამტარებლები მართლმსაჯულების განხორციელების დროსაც.

მოსამართლეც უნდა იყოს შინაგანი თავისუფლების მატარებელი. მოსამართლე თუ თავად არ არის შინაგანი თავისუფლების მატარებელი, მას ვერ დაიცავს ვერც კონსტიტუცია და ვერც ვერავინ. მოსამართლეს კონსტიტუცია ეუბნება, რომ შენ უნდა იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, თავისუფალი, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს ვიღებთ მოსამართლეებისაგან.

მოსამართლეობა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ მანტიის ტარება ან მხოლოდ მოსამართლის სტატუსის ტარება, მოსამართლეობა იმაზე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეს, იმიტომ რომ პირველ რიგში, როგორც მოსამართლის მიმართ, უნდა არსებობდეს ნდობა. ამ ნდობას კი ვერ აჩენს განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები,“ – მიიჩნევს მაია კოპალეიშვილი.

„მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა“ – რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის განაჩენში?

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: